ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მაგიური თარიღები

with 14 comments

ერთი თვის წინ დუბაიში მეტროპოლიტენი დიდი ზარზეიმით გახსნეს. ეს ფაქტი ერთი ჩვეულებრივი ხაბარი (ახალი ამბავი არაბულად) იქნებოდა, რომ არა გახსნის სპეციალურად შერჩეული თარიღი: 2009 წლის 9 სექტემბერი, 9 საათი, 9 წუთი და 9 წამი. რა ამბავი ცხრიანებია მეთქი გავიფიქრე უცებ და ჩემს მეხსიერებაში ცხრიანები სამარადჟამოდ დაუკავშირდა დუბაის მეტროპოლიტენს. არადა რომ გახსნილიყო 23 ოქტომბერს რა მოხდებოდა ვითომ? რატომ უყვართ ადამიანებს ასე სიმბოლოებით აზროვნება?!  ტყუილად არ უწოდებდა, როგორც ჩანს, ერნსტ კასირერი ადამიანებს “სიმბოლურ ცხოველებს”!

შარშან, როდესაც ჩემი კორპუსის თავზე Su-24–ების ზუზუნი მესმოდა ჩინელებმა რიცხვების სიმბოლური ორგია მოაწყეს. გახსოვთ ალბათ, ოლიმპიადის გახსნის თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო, 8 საათი 8 წუთი და 8 წამი იყო. ჩინელები ნუმეროლოგიაში უფრო შორს წავიდნენ და ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნეს. ჩვენს კულტურაში რვა ბედნიერების მომტანი რიცხვიაო, რაც თავის მხრივ იმით გამოიხატება, რომ ჩინურ ენაში კეთილდღეობისა და რვიანის (“ბა”) აღმნიშვნელი იეროგლიფები ერთნაირად იკითხებაო. სწორად იმავე მიზეზის გამო რიცხვი ოთხი (“ში”) მათთვის სიკვდილისა და უიღბლობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც განსაკუთრებული ფობიით ტეტრაფობიით გამოიხატება.

რვიანებისა და ჩინელების ურთიერთობის საკითხი იმდენად ვრცელია, რომ ილუსტრაციისათვის რამდენიმე ფაქტსაც მოვიყვან. მაგალითისთვის ჩინეთში, რაც უფრო მეტი რვიანი ურევია ტელეფონის ნომერს, მით უფრო ძვირია ასეთი ნომრის შეძენა. ყველასათვის ცნობილია ფაქტი, თუ როგორ გაიყიდა ტელეფონის ნომერი, რომელიც სულ რვიანებისაგან შედგებოდა 270 723 ამერიკულ დოლარად. ასევე თითქმის ყველა დიდ ქალაქში USSD კომბინაცია *888# ჩინელების მიერაა ათვისებული. ასე რომ, არ გამიკვირდება ახლო მომავალში ჯეოსელში და მაგთიშიც რომ დაარეზერვონ რვიანების შემცველი ნომრები ჩვენმა ახალჩამოსულმა ჩინელმა მეგობრებმა.

…და მაინც რა იწვევს ადამიანებში რიცხვებისადმი ასეთ ფანატურ ლტოლვას? კარგად მახსოვს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დეიდას გაოცებული სახე, მანქანას რომ ვყიდულობდი და რომ მკითხა რომელი ნომერი გინდაო, აირჩიეო და ჩემი პასუხი რომ მოისმინა, “სულ ერთია” მეთქი, ქალმა კულტურული შოკი მიიღო. ერთი გენიალური ინდოელი მათემატიკოსი, სრინივასა რამანუჯანი, გამახსენდა რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა კარგი და ცუდი რიცხვები არ არსებობს, მე ისინი ყველა თანაბრად მიყვარსო.

ხანდახან იმაზეც კი მიფიქრია, რომ რიცხვების ფსევდო–სიმბოლიკით ნებისმიერი ბოდვა მიზეზის მოგონება და შემთხვევითად შერჩეული თარიღის დასაბუთება შეიძლება. მაგალითად დღეს 2009 წლის 12 ოქტომბერია, ანუ 12.10.2009 – თარიღში შემავალი რიცხვების (12 + 10 + 9 + 2) ჯამი 33–ს შეადგენს, რაც თავის მხრივ საკრალური რიცხვია ქრისტიანობაში. ბაირონმა თავის ცხოვრებაში ამ საკრალური ასაკის დადგომა შემდეგი ლექსით აღნიშნა:

Through life’s road, so dim and dirty,
I have dragg’d to three and thirty.
What have these years left to me?
Nothing – except, thirty-three.

მე კი წელს 29–ის ვხდები, რომელიც ოთხით განსხვავდება 33–ისგან, ჩემს მიერ ზემოთ ციტირებული ლექსი კი ოთხი სტრიქონისაგან შედგება. ახლა მე უნდა დავასკვნა, რომ ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა და რომ ამაში ზებუნებრივი ძალების ხელი ურევია, ჰოდა ეს პოსტი არ უნდა გამოვაქვეყნო, ვინაიდან ჯერ–ჯერობით უცნობია ზებუნებრივი ძალების განწყობა, სიკეთით ხელმძღვანელობენ ისინი, თუ ბოროტებით. ვაითუ ამ რიცხვების ორგიამ ბლოგის ვიზიტორებს უბედურება მოუტანოს… მართლაცდა, მაინცდამაინც 33 წლის ასაკს რატომ მიუძღვნა ბაირონმა ლექსი, 27–ის, 28–ის, ან თუნდაც 19–ის რომ იყო რატომ არაფერი ეწერინებოდა ამ საკითხზე?!

P. S. პოსტის პათოსი ითხოვს, რომ ჩემი ეს დღევანდელი ქმნილება შევინახო და 2010 წლის 10 ოქტომბერს, დილის 10 საათზე და 10 წუთზე, მე–10 წამზე გამოვაქვეყნო, თუმცა ძლივს მუზა მომსვლია და დამიწერია რაღაც, ჰოდა ამიტომაც “დავაფაბლიშებ”, ვინაიდან მომავალი წლისთვის, მოიძებნებიან ისეთი სიმბოლური ცხოველები, რომლებიც სულ ათიანების დადგომით თავისი ახლად შექმნილი პროდუქტის დაბადებას გვამცნობენ…

Written by linguistuss

October 12, 2009 at 2:25 pm

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვაახ ვახო, ისიც მაგიაა შენი ეს სტატია ჩემი 33-ე დაბადების დღის დადგომამდე 3 დღით ადრე რომ წავიკითხე? :-))))

    Irina Pruidze

    October 12, 2009 at 2:47 pm

  2. ქრისტე იყო 33 წლის და იმიტომ უკავშირებენ ამ ასაკს ……..

    Nata Bagration Muxranski

    October 12, 2009 at 6:03 pm

    • ქრისტე კი იყო, მაგრამ მის ასაკში ორი სამიანი, ჩემი ღრმა რწმენით ებრაელებში ფეხგადგმული ნუმეროლოგიის ბრალია, ანუ იმის თქმა მსურს, რომ ქრისტეს ასაკიც ჩვეულებრივი დასმული რიცხვია და მეტი არაფერი. საუბარი იმაზეა, რომ რატომაა 33 კარგი რიცხვი და 34 – არა?!

      linguistuss

      October 12, 2009 at 11:04 pm

      • მაგაზე პასუხი არ მაქვს მაგრამ – ია ტაკ დუმაიუ – რომ ეს რიცხვებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური მომენტია -მაგალითად კარგად განეწყობი თუ ცუდად მერე ხომ საქმეზეც მოქმედებს ეგ ყველაფერი

        Nata Bagration Muxranski

        October 13, 2009 at 5:15 pm

  3. მაგია არა, მისტიკაა

    ereklius

    October 12, 2009 at 6:14 pm

  4. არ მეგონა ქართველების გარდა თუ კიდევ ვინმე იყო შეპყრობილი “ციფრომანიით”. მაგრამ ჩინელებს ეპატიებათ, თუკი მათ ენაში კეთილდღეობასა და რვიანის აღმნიშვნელ სიტყვას ფონეტიკური თანხვედრა აქვს. პარიზში რომ ჩავედი პირველად, არ დავაყოვნე, მსწრაფლ გავეშურე ტელეფონის ნომრის შსაძენად. თავაზიანად მიმიღეს “Orange”-ის ოფისში. ქვითრის შევსების პროცედურა რომ დასრულდა, გამყიდველმა კაცმა პირდაპირ სიმ ბარათი შემომაჩეჩა ხელში, მე კი ინსტიქტურად დავეკითხე: “კი მაგრამ ნომერი მე თვითონ არ უნდა ამერჩია?”. კაცმა ისეთი გაოგნებული სახით შემომხედა, რომ იმ მომენტში მერჩია მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე. მის მზერაში იკითხებოდა :”შვილო, შენ ცოტა ვერ ხარო”. ეგ რა ამის პასუხია და სადღაც მაქვს წაკითხული, რომ კაზინოს რულეტზე დატანილი ყველა ციფრის ჯამი 666-ს უდრის. მართალია?

    Pegi

    October 12, 2009 at 7:33 pm

  5. მე ვარ, შეპყრობილი მე!!
    მე 13 რიცხვი მიყვარს და თუ პარასკეს ემთხვევა ვსხივოსნდები ხოდა რა დამთხვევაა წელს ჩემი დაბადების დღე 13 რიცხვი პარასკევს ემთხვევა ისე როგორც 21 წლის წინ <3 რას უნდა ნიშნავდეს?:D მარა მაინც მიყვარს 13 :D თუნდაც იმიტომ რომ ბევრს არ უყვარს და სჯერა რომ ცუდია :D

    ლილიანი

    October 12, 2009 at 7:52 pm

    • მე 13–ში ვარ დაბადებული და პარასკევი დღე იყო – ნირვანას ველოდები ან კიდევ ეშვების ამოსვლას – შენადა ჩვენს შორის მისტიკური კავშირი ხომ არ არის? კისერზე ხალი ხომ არ გაქვს ან რამე მსგავსი? :D

      Nata Bagration Muxranski

      October 13, 2009 at 5:10 pm

  6. ეს პოსტი თავიდან ბოლომდე წავიკითხე და თუ უახლოეს მომავალში რაიმე უბედურება მომივა, თქვენ დაგაბრალებთ 13 რიცხვსა და პარასკევ დღეს დაბადებული (ეს მართლა ოღონდ) თქვენი მონა- მორჩილი:)

    sandro

    October 12, 2009 at 9:31 pm

  7. ჩინელებისგან არც გამკვირვებია, რადგან კონფუციმ ჯერ კიდევ როდის დამოძღვრა – ცისქვეშეთს იდეები კი არა, სიმბოლოები და ნიშნები მართავენო

    Koba

    October 13, 2009 at 11:24 pm

  8. 21 წლის ვარ, ანუ 33–დან ერთი 3–იანი უკვე ჩემია. ახლა ამაზე ვიმტვრევ თავს… :))

    zurriuss

    October 16, 2009 at 8:20 pm

  9. სიმბოლიზმი კარგია რამეა :) რაც უფრო ძველია მით უკეთესი. საინტერესოს ხდის რაღაცეებს

    precelsus

    October 19, 2009 at 1:36 pm

  10. მაგიური თარიღების გვერდით მაგიური თემებიც არ დაგვავიწყდეს.დღის განმავლობაში სრულიად განსხვავებულ გარემოში რამდენჯერმე რომ წამოიჭრება ხოლმე “თავისით” :)
    დილით ვსაუბრობდით 4 თანამშრომელი და ერთმა ბარბარობას ვარ დაბადებული და მაგარიაო, მეორემ ვალენტინობასო, მესამემ თარსი თვის თარს დღესო (13.03)და რაღაცაშია საქმეო და მეოთხემ იფიქრა, იფიქრა და რავი მე ნამეტანი უბრალო დღეს ვარ და რა ვთქვაო. ჩავეძიეთ და შემოდგომის მეორე თვის მეორე დღეს არ აღმოჩნდა დაბადებული?! :D

    NO-Spa

    November 3, 2009 at 1:43 pm


Leave a Reply