ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 27th, 2009

დიგიტუს იმპუდიკუს

with 3 comments

finger

ამასწინათ არისტოფანეს კომედიები ჩამოვქაჩე ლევან ბერძენიშვილის თარგმანში და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ორი მათგანი – “ღრუბლები” და “მხედრები”. ძველი ბერძნული არ ვიცი და ორიგინალთან სიახლოვეს ვერ შევაფასებ, თუმცა ქართულად წყალივით იკითხება, რაც პირველ რიგში მთარგმნელის ოსტატობაზე მიანიშნებს. დიდი სიამოვნება მივიღე, განსაკუთრებით “ღრუბლებმა” ჩამითრია, სადაც ჩემთვის მარად და ყოველთვის ოდიოზური ფიგურა, სოკრატე მშვენივრადაა გაშარჟებული. თარგმანის უმეტესი ნაწილი დაქტილითაა შესრულებული და მასში რითმები არ არის, არადა ვისურვებდი რომ ყოფილიყო. სხვისი არ ვიცი და დაქტილით დაწერილი ქართული კონვენციური ლექსები ძალიან მხიბლავს, როცა ერთი გრძელი და ორი მოკლე ხმოვნის კაკუნი გატყვევებს და ზოგჯერ საკუთარ თავს იჭერ იმაში, რომ სადღაც შინაარსი ბუნდოვანდება…

არისტოფანეს კომედიაში “ღრუბლები” მოკლე შინაარსი ასეთია: სტრეფსიადეს ვაჟი მთელ ქონებას დოღზე გაფლანგავს და უბრალო სოფლელი სტრეფსიადე გვერდზე მეზობლად სოფისტების საფიქრალეთს მიადგება, სადაც სოკრატეს სთხოვს დაეხმაროს და რიტორიკის ხელოვნება ასწავლოს აბაზერი მევალეების მოსაშორებლად, რაზედაც სოკრატე თანხმდება და მერე იწყება ყველაზე საინტერესო, კერძოდ სოკრატეს “პიზდეცინტელექტუალური” (ტერმინია ასეთი) მონოლოგების შერკინება სტეფსიადეს ალალ და ბრიყვულ რემარკებთან. პირველ ეპისოდიონში არის შემდეგი ნაწყვეტი:

შემოდის სოკრატე, უკან მოჰყვება სტრეფსიადე:
სოკრატე
ვფიცავ ამოსუნთქვას, ქაოსს და ჰაერსაც,
ასეთი ტეტია კაცი არ მინახავს,
არც – ასე უვიცი, ბრიყვი, გულმავიწყი!
რაღაც ეშმაკობას სწავლობდა, მეგონა
და სულ დაივიწყა, სანამ დაისწავლა.
გარეთ გამოვუხმობ ახლა სინათლეზე.
სად ხარ, სტრეფსიადე? ლოგინით გამოდი.
სტრეფსიადე
ლოგინს არ მითმობენ ეს ბაღლინჯოები
სოკრატე
იჩქარე, გამოდი, მისმინე
სტრეფსიადე
მოვედი
სოკრატე
მითხარი, რა გინდა ახლა აითვისო
ისეთი, რაც დღემდე არ შეგისწავლია?
რა გინდა, მეტრი თუ რიტმი და სიტყვები?
სტრეფსიადე
მეტრი შემასწავლე, თორემ მეალაფემ
ორიოდ ქენიკით მაინც მომატყუა.
სოკრატე
მე ეგ არ მიკითხავს. რომელი საზომი
მოგწონს, ტეტრამეტრი თუ გიჯობს ტრიმეტრი?
სტრეფსიადე
მე მგონი, ჩარექი სუყველას სჯობია.
სოკრატე
მიჰქარავ!
სტრეფსიადე
თუ გინდა, დავდოთ სანაძლეო,
ჩარექი სწორედ რომ გახლავს ტეტრამეტრი
სოკრატე
ყორნებს წაუღიხარ, ჩლუნგო უსწავლელო!
ეგებ აჯობოს, რომ რიტმი შეისწავლო?
სტრეფსიადე
მერედა, რა თავში ვიხალო ეგ რიტმი?
სოკრატე
ეს დაგეხმარება ურთიერთობაში,
იმწუთას გაიგებ, რომელი რიტმია,
ენოპლიისა თუ დაქტილის მიხედვით.
სტრეფსიადე
დაქტილის მიხედვით? – ეგ ვიცი.
სოკრატე
გვიბრძანე
სტრეფსიადე
დაქტილი რა არის, თითი არ ბრძანდება?
თითი კი ვიცოდი უკვე ჩვილობაშიც.

საინტერესო ის არის, რომ ამ სცენის შემდეგ ძველბერძნულ ამფითეატრებში ერთი საშინელი ხორხოცი იდგა თურმე, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სტრეფსიადე იმ მომენტში როცა ეუბნება სოკრატეს, დაქტილი ვიცი რაც არისო, შუა თითს აჩვენებს მას, ზუსტად იმ გავრცელებული ვულგარული ფორმით, რასაც ძველ რომში digitus impudicus–ს, ანუ “გარყვნილ თითს” ეძახდნენ, რაც იან ჯონსტონის ინგლისურ თარგმანში ამოვიკითხე, სადაც ასეთი რამ არის ჩამატებული სტრეფსიადეს სიტყვებს შორის:

[Strepsiades sticks his middle finger straight up under Socrates’ nose]

არისტოფანეს ამ კომედიას, “ღრუბლებს” კი ზოგი მკვლევარი პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებად ასახელებს, სადაც ეს უხამსი ჟესტი გვხვდება, რომელიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული ძველ რომში და ჩვენს ეპოქამდეც მოუღწევია…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 172 other followers