ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ანტონ ვაჭარაძის შეკითხვები

with 4 comments

დღეს კიდევ ერთ ახალგაზრდა ავტორს, ანტონ ვაჭარაძეს დავუთმობ ჩემს ბლოგს, კერძოდ მის შეკითხვებს, რომლებიც თბილისის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტურში იქნა დასმული.

1. ანტინობელის პრემია (ე.წ. “შნობელის პრემია) თავის სახელს 100 %–ით ამართლებს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც 2009 წელს ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკის დირექტორი, გიდეონ გონო ანტინობელის პრემიით დააჯილდოეს. ყურადღება შეკითხვა: რომელ დარგში გადაეცა მას ეს პრემია?

პასუხი: მათემატიკა
კომენტარი: გარდა იმისა, რომ ზიმბაბვურმა დოლარმა ჰიპერინფლაცია განიცადა, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ანტინობელის პრემია მათემატიკაშიც გადაეცემა, განსხვავებით ნობელის პრემიისაგან.
წყარო: 1. ბმული

2. არსებობს ჭადრაკის ვარიაცია, რომელსაც ორ დაფაზე ოთხი მოჭადრაკე თამაშობს, ორი ორის წინააღმდეგ. თამაშის არსი იგივეა, რაც ჭადრაკში და განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მოკლული ფიგურა მოწინააღმდეგე დაფაზე ცოცხლდება. მის სახელწოდებაში ერთი აზიური ქვეყნის ყოფილი სახელწოდება ფიგურირებს. დაასახელეთ ეს აზიური ქვეყანა.

პასუხი: ტაილანდი
კომენტარი: ამ ჭადრაკს ორი–ორზე თამაშობენ. ამიტომ მას “სიამის ჭადრაკსაც” უწოდებენ, ანუ სიამის ტყუპების სათამაშოს. სიამი ტაილანდს ერქვა 1932 წლამდე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

3. [შეკითხვაში არის ცვლილება] 2009 წლის 4 ნოემბერს ბარსელონასთან ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიაევმა განაცხადა: “თამაში დღეს უფრო რთული იყო, ვიდრე ბარსელონაში, ვინაიდან დღეს ჩვენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამოვდიოდით, რომელთაც სჯეროდათ, რომ შევძლებდით კარგად თამაშს და მადლობა ღმერთს, რომ მათ იხილეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აქ, ყაზანში!”. დაასახელეთ თუ რომელი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში და რა სიტყვით.

პასუხი: ღმერთი ალაჰითაა შეცვლილი
კომენტარი: ყურბან ბერდიაევი, ისევე როგორც ტატარსტანის მოსახლეობის უმეტესობა სუნიტი მუსლიმები არიან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

4. ჟურნალი „ვოკრუგ სვეტა“ იუწყება, რომ ეს კერძი სხვა კულინარიული ტიპის წიგნებთან ერთად გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, რადგან 1998 წელს ერთ–ერთმა რესტორანმა ის 1993 კგ. წონისა დაამზადა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ სახელი მან მიიღო ტიხუანელი პირველდამამზადებლისგან და არანაირი კავშირი XX საუკუნეზე მეტი ხნის წინ მცხოვრებ ადამიანთან არ გააჩნია. დაასახელეთ ეს კერძი.

პასუხი: სალათი ცეზარი
კომენტარი: კერძმა სახელი მიიღო ტიხუანელი რესტორნის მეპატრონის, ცეზარ კარდინისგან და არა გაიუს იულიუს კეისრისგან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5. ბიზანტიის იმპერატორს, ნიკიფორე II ფოკას სარკინოზთა „შავ ჭირს“ უწოდებდნენ. ასევე მოიხსენიებდნენ საბჭოელები 1939–1940 წლებში, ფინელ სნაიპერს, სიმო ჰაიჰასაც. თუ თქვენ მიხვდით რა სიტყვებია შეცვლილი შეკითხვაში “შავი ჭირით”, მაშინ დაასახელეთ რას ეძახიან “შავ ჭირს” შვეიცარიაში?

პასუხი: ზვავი
კომენტარი: აღნიშნულ პიროვნებებს “თეთრ სიკვდილს” უწოდებდნენ. შვეიცარიაში “თეთრ სიკვდილს” ეძახიან ზვავს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

6. 2009 წელს გადაღებულ ფილმში, მსახიობ კრისტოფ ვალცს თავისი როლის უბადლოდ შესრულებაში დაეხმარა ინგლისური, გერმანული, ფრანგული და იტალიური ენების ცოდნა. ამასთან ბედის ირონიით მისი ვაჟი ისრაელში რაბინია. დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.

პასუხი: ქვენტინ ტარანტინო
კომენტარი: 2009 წელს ტარანტინომ გადაიღო ფილმი “უსახელო ნაბიჭვრები”, რომლის მთავარი პერსონაჟი, გერმანული სს–ის ოფიცერი, მეტსახელად “ებრაელებზე მონადირე” უბადლოდ საუბრობს ოთხ ენაზე, რაც მთავარ პერსონაჟებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

7. ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი გამოეხმაურა 2004 წელს საფრანგეთში იქსის აკრძალვას და განაცხადამ რომ იქსი არის მახვილგონივრული გადაწყვეტილება საზოგადოების ეროტიზაციის წინააღმდეგ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი არაფრანგული სიტყვით.

პასუხი: ჰიჯვაბი (ბურქა, ან ჩადრი)
კომენტარი: ფრანგულ სკოლებსა და უნივერსტეტებში ისლამური თავსაბურავის აკრძალვამ უდიდესი პროსტესტი გამოიწვია მუსლიმურ მოსახლეობაში.
წყარო: 1. ბმული 2. фредерик бегбедер, жан-мишель ди фалько. „я верую – я тоже нет“ иностранка.

8. მილანის „ინტერის“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ერთ–ერთი უსუსური თამაშის შემდეგ გააკრიტიკა განელი ფეხბურთელი სულეი მუნტარი და მისი ცუდი სპორტული ფორმა დააბრალა იმას, რაც 2009 წელს 21 აგვისტოს დაიწყო. ყურადღება შეკითხვა: მაშ, რა დაიწყო 2009 წლის 21 აგვისტოს?

პასუხი: რამადანი
კომენტარი: მუნტარი ერთადერთი მუსლიმი ფეხბურთელია ინტერში. რამადანის დროს როგორც იცით არ შეიძლება საკვების მიღება მზის ჩასვლამდე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

9. იაპონიაში – იუბივა მონოგატარი, ფინეთში – ტარუ სორმუსტენ ჰერასტა, საბრძნეთში – არხონტას ტონ დახტილიდიონ, ლატვიაში – გრადჟენუ პაველნიეკს. მისი პირველი ქართული ვარიანტი 2009 წელს გამოჩნდა. დაასახელეთ ის ორი სიტყვით.

პასუხი: ბეჭდების მბრძანებელი
კომენტარი: საუბარი იყო ცნობილი ნაწარმოების „Lord of the Rings“ თარგმანებზე სხვადასხვა ენაზე. ქართული თარგმანი პირველად სწორედ წელს გამოჩნდა. მთარგმნელი ნიკა სამუშია.
წყარო: 1. ბმული

10. 1988 წელს ინდოელი მისტიკოსის, მეჰერ ბაბას ფრაზა პირველად მოისმინა ცნობილმა მუსიკოსმა და ჩაწერა სიმღერა, რომელიც 1989 წლის ჰიტი გახდა. თვით მუსიკოსი ამასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებდა: „როდესაც ხედავ მეჰერ ბაბას პოსტერს, ყოველთვის უფიქრდები უმშვენეირეს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, რომელიც გადმოცემულია ოთხ მარტივ სიტყვაში“. დაწერეთ ეს ოთხი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: don’t worry, be happy
კომენტარი: ბობი მაკფერინმა მეჰერ ბაბას ფრაზა ჰიტად აქცია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

11. იაპონური ტრადიციული სადილის „ბენტოს“ ერთ–ერთი სახეობაა „ჰინომარუ ბენტო“, რომელიც მზადდება მოხარშული ბრინჯისა და შუაში მრგვლად დაჭრილი სტაფილოსგან. მეორე მსოფლიო ომის დროს პატრიოტ იაპონელებს შორის ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ამის მიზეზი არამხოლოდ მისი სიიაფე იყო. დაასახელეთ ორი სიტყვით თუ რას აღნიშნავს სიტყვა „ჰინომარუ“ იაპონურ ენაში.

პასუხი: იაპონიის დროშას
კომენტარი: მრგვლად დაჭრილი სტაფილო ცენტრში და გარშემო ბრინჯი იაპონიის დროშის ასოციაციას იწვევდა და აძლიერებდა პატრიოტულ გრძნობებს უბრალო იაპონელებში.
წყარო: 1. ბმული

12. 2004 წელს ჟურნალმა „The Observer“, გამოაქვეყნა სტატია: „50 სპორტული მოვლენა, რომელსაც უნდა დესწრო სიკვდილამდე“. სტატიაში რჩევებს ცნობილი ადამიანები იძლეოდნენ. მაგალითად პირველ ადგილზე გავიდა ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დერბის ნახვა, მეოთხე ადგილზე უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე თამაშზე დასწრება და ა.შ. მე–19 ადგილზე გავიდა რჩევა, რომლის მიხედვითაც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იყიდო ბილეთი „სტეიპლს ცენტრის“ პირველ რიგში. დაასახალეთ ჰოლივუდელი მსახიობი, ვისი რჩევაც გახლდათ ეს.

პასუხი: ჯეკ ნიკოლსონი
კომენტარი: „სტეიპლს ცენტრი“ გახლავთ NBA–ს გუნდ ლეიკერსის საშინაო არენა, სადაც თითქმის ყოველ თამაშს პირველი რიგიდან უყურებს ეს მსახიობი.
წყარო: 1. ბმული

13. ყოველწლიურად ოქსფორდშირში ტარდება უცნაური ჩემპიონატი, სადაც მონაწილეები ხიდიდან ხის ჩხირებს ისვრიან მდინარეში და ელოდებიან, ვისი ჩხირი გადაკვეთს პირველი ფინიშის ხაზს. ამ თამაშის შესახებ მსოფლიომ პირველად გასული საუკუნის 20–იან წლებში შეიტყო. ყურადღება შეკითხვა: რომელი მწერლის ნაწარმოებში?

პასუხი: ალან–ალექსანდრე მილნის
კომენტარი: ეს არის თამაში ე.წ. Poohsticks, რომელიც რუსებმა თარგმნეს როგორც Пустяки.
წყარო: 1. ბმული

14. XIII საუკუნის ისტორიკოსი ჟან დე ჟუანვილი სარკინოზთა მორიგი შემოტევის შემდეგ ასეთ ცნობას გვაწვდის: „ის ზეციდან მოფრინავდა და დრაკონს წააგავდა, ხოლო მისი კუდი კი გიგანტურ შუბს. საშინელ ხმას გამოსცემდა და ჰქონდა ისეთი მკვეთრი ნათება და ბრწყინვალება, რომ გვეგონა თითქოს ბანაკის თავზე მზე ამოვიდა“. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რა აღწერა შემდეგნაირად ჟან დე ჟუანვილმა.

პასუხი: ბერძნული ცეცხლი
წყარო: 1. ბმული

15. დღესდღეობით X-ში ოთხი Y მდებარეობს. Y არ არის თბილისში, თუმცა სულ მცირე ხანში მას ვიხილავთ ბათუმში. დაასახელეთ 1981 წელს დაბადებული ქალბატონი, რომლის სახელია – X და გვარი –Y.

პასუხი: პარის ჰილტონი
კომენტარი: იქსი არის პარიზი, იგრეკი – “ჰილტონი” (სასტუმრო)
წყარო: 1. ბმული

About these ads

Written by linguistuss

December 20, 2009 at 8:48 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგი სათამაშო კითხვები იყო. ყველას ჯობდა შეკითხვა ბერძნულ ცეცხლზე. შეკითხვა ალაჰზე ვერ ავიღეთ. საინტერესო ის იყო, რომ შეკითხვა ბატონმა წამყვანმა ისე სწრაფად წაიკითხა, რომ გუნდის 6 წევრიდან ვერც ერთმა ვერ მოასწრო ,,მადლობა ღმერთს”–ის ჩაწერა.

    borbolia777

    December 20, 2009 at 9:45 pm

  2. basterd != bastard :) თუმცა უკეთესად თარგმნა ძნელია…

    ზაქრო

    December 21, 2009 at 1:59 pm

  3. ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ Christmas♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪…And A Happy New Year!♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪♥ ♥ ♥

    AnnA

    December 24, 2009 at 9:53 pm

  4. მე–15 კითხვაზე მცდარი ბმულია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 169 other followers

%d bloggers like this: