Archive for February 2010
საქართველოს ბანკის ჩემპიონატი, ტური 4
დასრულდა საქართველოს ბანკის ჩემპიონატი. გთავაზობთ მეოთხე ტურის კითხვებს, რომლებიც მე პირადად ვთვლი, რომ არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა (ორი “გრობი” და ორი ტრივიალური კითხვა გამეპარა), რისი მიზეზიც მარათონია, თუმცა ტურნირი საერთო ჯამში ნორმალური გამოვიდა.
1. გასული საუკუნის 70–იან წლებში ამ ადამიანმა განაცხადა: “მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება. სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით, საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია. მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუბნებით, გიყვებით, გახსენებთ , როგორი იყო ეს სამყარო”. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.
პასუხი: პიერ–პაოლო პაზოლინი
კომენტარი: ციტატაში რეჟისორი საუბრობს თავის კრედოზე ხელოვნებაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
2. 1904 წლიდან მოყოლებული ეს თანამდებობა ეკავა სულ 8 ადამიანს, რომელთა შორის 3 ინგლისელია, 2 ფრანგი, 1 ბელგიელი, 1 ბრაზილიელი და 1 შვეიცარიელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ბრაზილიელის სახელი და გვარი.
პასუხი: ჟოაუ აველანჟი
კომენტარი: საუბარია ფიფას პრეზიდენტებზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
3. ისლამურ ფოლკლორში ვხვდებით კოლორიტულ ფიგურას, უკვდავ ალ–ხადირს, იგივე ალ–ხიზრს, რომელიც სიბრძნისა და სულიერი სრულყოფის სიმბოლოდაა მიჩნეული. ალ–ხიზრს ასევე „წინასწარმეტყველთა მასწავლებელს“–ს უწოდებენ, ვინაიდან მიჩნეულია, რომ იგი ყოველი წინასწარმეტყველის მასწავლებელი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთადერთი წინასწარმეტყველი, რომლის მასწავლებელიც არ ყოფილა ალ–ხიზრი და რომლის მოსწავლეც, პირიქით, აქეთ იყო იგი.
პასუხი: მუჰამედი
კომენტარი: ამგვარად ინახავს უკვდავი ალ–ხიზრი მუჰამედის სწავლებას მთელი ისტორიის მანძილზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
4. ლეონარდო და ვინჩის ერთ იგავ–არაკში ობობა თბილ და კომფორტულ ადგილს იპოვის. ბუდეს მოიწყობს და ფიქრობს, რომ ეს არის იდეალური ადგილი თავის მსხვერპლზე სათვალთვალოდ, საიდანაც ყველაფერი ჩანს და მას კი ვერ ამჩნევენ. ნაწარმოების ფინალში ობობას ესმის ჩხრიალის ხმა და ის ტრაგიკულად იღუპება. ყურადღება შეკითხვა: სად დაიდო ობობამ ბინა?
პასუხი: გასაღების ჭუჭრუტანაში
კომენტარი: ობობამ გასაღებების აცმის ჩხრიალის ხმა გაიგონა და რამდენიმე წამში ჭუჭრუტანაში მოთავსებულმა გასაღებმა ობობა გაჭყლიტა.
წყარო: 1. Леонардо да винчи, «Сказки, легенды, притчи», Амрита-Русь, 2007 г.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
5. გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჯერომ სელინჯერის ცხოვრების მეორე ნახევარზე საუბრის დროს ნათქვამია, რომ დიდი ამერიკელი მწერალი იყო „დიდი იქსი“. 1883 წელს გამოქვეყნდა პოეტური ნაწარმოები, რომელსაც ასევე ერქვა – იქსი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ერთი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით?
პასუხი: განდეგილი
კომენტარი: სელინჯერმა ცხოვრების მეორე ნახევარი განდეგილობაში გაატარა, 1883 წელს კი გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
6. თქვენს წინაშე წარმოდგენილი ფოტოები საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ ფიჟაკშია გადაღებული. ყურადღება შეკითხვა: ვისი სახლ–მუზეუმი მდებარეობს ამ ეზოში?

პასუხი: ჟან–ფრანსუა შამპოლიონის
კომენტარი: ეზოში როზეტის ქვის ანალოგია განთავსებული.
წყარო: 1. John Ray, “The Rosetta stone”, Editor “Profile Books”, 2007, p. 78
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
7. გვატემალისადმი მიძღვნილ ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თანამედროვე გვატემალელები აუღელვებლად ელიან მეცამეტე ბაქტუნის მორიგი ციკლის დასრულებას. ყურადღება შეკითხვა: რომელ წელს დასრულდება ბაქტუნის მორიგი ციკლი?
პასუხი: 2012
კომენტარი: გვატმალაში ცხოვრობენ მაიას ტომები. ბაქტუნი – მათი კალენდრის ციკლია, რომლის დასრულებისთანავე, ცრურწმენების თანახმად, უნდა დადგეს ქვეყნიერების აღსასრული.
წყარო: 1. „Вокруг Света“, 02. 2010
ავტორი: ლევან ჩხეიძე
8. კენიაში მოგზაურობის დროს შეიძლება შეგხვდეთ ასეთი ტიპის საგზაო აბრები. დარიგებულ სურათზე მე წავშალე ერთი სიტყვა. დაწერეთ ეს სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ეკვატორი
კომენტარი: ეს აბრები ეკვატორზეა განლაგებული, რაზედაც მიუთითებს სქელი ხაზი აფრიკის კონტინენტის შუაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
9. ერთ ფოტოზე, რომელსაც შეკითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა, სარკის წინ წყლიან ჭიქაში მოთავსებულია ყვავილი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ყვავილია გამოსახული ფოტოზე?
პასუხი: ნარგიზი
კომენტარი: სარკეში თავმომწონე ნარგიზი ალუზიაა ნარცისზე, რომელსაც შეუყვარდა თავისი ანარეკლი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
10. ანდრეი მაკარევიჩის ერთ სიმღერაში ვხვდებით ფრაზას: “იქსი სახეზე უხეში მამაკაცების სამკაულია, იქსი უკანალზე კი – ნაზი ქალბატონების”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1983 წელს ეკრანებზე გამოსული ჰოლივუდური ფილმი, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსი.
პასუხი: ნაიარევი სახე
კომენტარი: იქსი არის – ნაიარევი. საუბარია 1983 წელს ეკრანებზე გამოსულ ბრაიან დე პალმას ფილმზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
11. [დასარიგებელი მასალა: Hemos pasado] ფრაზა, რომელსაც თქვენ ხედავთ დარიგებულ ფურცლებზე წარმოთქმულ იქნა გასული საუკუნის 30–იან წლებში და ის ერთი სხვა ცნობილი ფრაზის ნიშნის მოგებას წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფრაზა, რომლის ნიშნის მოგებასაც წარმოადგენს ის.
პასუხი: No Pasaran
კომენტარი: ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ცნობილია დოლორეს იბარურის წარმოთქმული სიტყვები: “ნო პასარან” (ისინი ვერ გაივლიან), რაზედაც ფრანსისკო ფრანკომ მადრიდის აღების შემდეგ ნიშნის მოგებით უპასუხა: “ემოს პასადო” (ჩვენ გავიარეთ).
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
12. თავისი ცნობილი სიტყვის წარმოთქმისას, ამ ადამიანს გვერდით ედგა მომღერალი მაჰალია ჯექსონი. სწორედ ამ უკანასკნელის რჩევით ხსენებულმა ორატორმა ამცნო პუბლიკას თავისი სანუკვარი ოცნება. დაასახელეთ ორატორის სახელი და გვარი.
პასუხი: მარტინ ლუთერ კინგი
კომენტარი: მას ეკუთვნის სიტყვები I have a dream (მე მაქვს ოცნება).
წყარო: 1. Jeffrey M. Berry, Jerry Goldman, ” The Challenge of Democracy: Government in America “.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
13. შეკითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა განხილვას თემაზე ფინური სიტყვები ინგლისურ და რუსულ ენებში. განხილულ სიტყვებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სიტყვა, რომელმაც ჩვენამდეც კი მოაღწია. საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიტყვა ერთადერთია ქართულ ენაში, რომელიც ფინური წარმოშობისაა. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: საუნა
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
14. გასული საუკუნის დასაწყისში აშშ–ში არსებობდა ე.წ. იაფფასიანი კინოთეატრები, სადაც ბილეთი ხუთი ცენტი ღირდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ტელეარხი, რომელსაც სახელი ამ კინოთეატრების გამო ეწოდა.
პასუხი: ნიკოლედეონი
კომენტარი: ხუთცენტიან მონეტას ამერიკაში ნიკელს უწოდებენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე
15. მე–19 საუკუნის ტანზანიაში მათ დაბადებისთანავე კლავდნენ, მათ დედებს კი ტომიდან დევნიდნენ, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ისინი ევროპელებისგან იყვნენ ჩასახულნი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ერთი სიტყვით.
პასუხი: ალბინოსები
კომენტარი: ალბინოსები თეთრკანიანებისგან ჩასახული ბავშვები ეგონათ.
წყარო: 1. Вокруг света, 2010 # 01
ავტორი: ლევან ჩხეიძე
16. თანამედროვე ფოტოგრაფი ლორეტა ლუქსი არის ფოტოების ციკლის ავტორი. ციკლის გმირებს სკოლამდელი ასაკის გოგონები წარმოადგენენ. ვიკიპედიის სტატიაში, რომელიც ლუქსს ეძღვნება, ნათქვამია, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ერთმა ბრიტანელმა. დაასახელეთ ეს ბრიტანელი.
პასუხი: ლუის კეროლი
კომენტარი: ლუის კეროლი (რომელმაც აღწერა პატარა ალისას თავგადასავალი) გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და უღებდა სურათებს პატარა გოგოებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე
17. ერთ ქალაქში შეგვიძლია ვიხილოთ ცხენების სკულპტურები, რომლებიც დაძველებული ომეგებისგან არის გაკეთებული. ქალაქის მაცხოვრებლების აზრით, ეს სკულპტურები დაძველებული ომეგების უტილიტარიზაციის ესთეტიურ საშუალებას წარმოადგენს, ზოგიერთი კი თვლის, რომ ისინი ბედნიერების მომტანია. დაასახელეთ რა მოვიხსენიე შეკითხვაში, როგორც ომეგა?
პასუხი: ნალი
კომენტარი: ცხენის ნალებს ძვ. ბერძნული ომეგების ფორმა აქვთ და ისინი ზოგიერთის რწმენით, ბედნიერების მომტანია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე
18. რომის იმპერიის არსებობის პირველი სამი საუკუნის მანძილზე ქალაქ რომში იმდენად მომრავლდა მათი რაოდენობა, რომ ისტორიკოს გრეგოროვიუსის აზრით მარადიულ ქალაქში ლათინებთან ერთად პარალელურად სხვა “ხალხმა” დაიწყო ცხოვრება, რომელთა წარმომადგენლების ნახვაც დღესაც შეგვიძლია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს “ხალხი” ერთი სიტყვით.
პასუხი: ქანდაკებები
კომენტარი: რომში ქანდაკებების რაოდენობამ იმატა.
წყარო: 1. Фердинанд Грегоровиус, История города Рима в Средние века (от V до XVI столетия).
ავტორი: ლევან ჩხეიძე
19. ინგლისურ ენაში ამ იდიომატური ფრაზით 1940–იან წლებში მოიხსენიებდნენ ატომური ბომბის აფეთქების ადგილს. თანამედროვე სამყაროში ასე მოიხსენიებენ რაიმეს შესწავლის საწყის ეტაპს, თუმცა ამ ფრაზას ძველი მნიშვნელობა კვლავაც არ დაუკარგავს, ამის მაგალითი აშშ–ს ერთი ქალაქის სამწუხარო ღირსშესანიშნაობაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი ინგლისური სიტყვით ეს იდიომატური ფრაზა.
პასუხი: Ground Zero
კომენტარი: ნიუ–იორკში ტყუპების აფეთქების ადგილს ასევე მოიხსენიებენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
20. ამ რამდენიმე წლის წინ ამ კომპანიაში ჩატარდა რებრენდინგი. კომპანიის ახალ ლოგოს თქვენ ახლა დარიგებულ ფურცლებზე ხედავთ. დაასახელეთ კომპანიის სახელწოდება.

პასუხი: ქსეროქსი
კომენტარი: ლოგოზე გამოსახულია დიდი X.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე
ფრანგული Nevermore

კუნძულ სიტედან არკოლის ხიდზე რომ გადახვალთ და კუნძულ სენ–ლუის მიმართულებით სენას რომ ჩაუყვებით, ძვ. რომში იმპერატორ ნერონის დროს წამებული წმინდანების, გერვასისა და პროტასის სახელობის ეკლესიას მიადგებით, რომელსაც პარიზელები შემოკლებით სენ–ჟერვეს უწოდებენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ეკლესიაა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა, ვერაფრით გამორჩეული… დახუნძლული პატარ–პატარა ქანდაკებებითა და ნაირ–ნაირი გოთიკური ზიზილ–პიპილოებით. ამ ეკლესიის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა პარიზში ერთ–ერთი უძველესი ორგანი ყოფილა, რომელიც მე არ მინახავს, ვინაიდან ეკლესიაში არ შევსულვარ, მხოლოდ იმ ხედით შემოვიფარგლე, რომელიც ვიკიპედიიდან აღებულ სურათზეა დაფიქსირებული. ფასადის თვალიერებისას, ხემ, მთლიანად რომ ფარავს მის ცენტრალურ ნაწილს, ნერვები მომიშალა და ჩემთვის ვიფიქრე, აქამდე პატრონი როგორ არ გამოუჩნდა, რომ მოეჭრა და ფასადიც მთლიანობაში გამოჩნდებოდა მეთქი?! ამის შემდეგ გავაგრძელე ჩემი გზა და სენ–ჟერვეს ეკლესია არც კი გამხსენებია.
დღეს ფრანგულ გამოთქმებსა და ხატოვან ფრაზებს ვათვალიერებდი. ერთ–ერთი მათგანი ასე ჟღერდა: Attendez-moi sous l’orme, რომელიც თარგმანში “თელის ქვეშ დამელოდეს” ნიშნავს. იმწამსვე თელების ქუჩაზე მოსიარულე კოშმარი გამახსენდა და დალასში თელების ქუჩაზე მოკლული კენედი. მეტი ამ ხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, შესაბამისად დამაინტერესა ნეტა რას უნდა ნიშნავდეს თელის ქვეშ დალოდება მეთქი და გუგლვა დავიწყე. ბევრი ვგუგლე თუ ცოტა, 1868 წელს გამოცემული ფრანცისკ მიშელის 60 გვერდიანი ნაშრომი ვიპოვე, რომელიც კონკრეტულად ამ ფრაზას ეძღვნება, სადაც ძალიან ბევრი უინტერესო და მოსაწყენი გვერდი აღმოჩნდა, თუმცა ის მაინც გავიგე, რომ “თელის ქვეშ დამელოდეთ” ნიშნავს დაპირებას, რომელსაც არასოდეს შეასრულებენ.
ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზის ეტიმოლოგია აღმოჩნდა, რომელიც სენ–ჟერვეს ეკლესიის წინ თავმომწონე ხეს უკავშირდება. ეს ხე ამ ადგილას თურმე მეათე საუკუნიდან არსებობს. ის ჯერ კიდევ მაშინ ხარობდა, სანამ სენ–ჟერვეს ეკლესიას ააშენებდნენ პარიზის ძველი ეკლესიის ადგილას. არავინ იცის ეს ხე მერამდენე თაობაა, არც ის თუ მერამდენედ გაახარეს ყლორტი ბებერი წინაპრის ფესვებზე, თუმცა უკვე ტრადიციად ქცეულა, რომ ეს ხე აქ უნდა იყოს და უნდა ფარავდეს სენ–ჟერვეს ეკლესიის ფასადს. მარეს კვარტლის მაცხოვრებლებს შუა საუკუნეების პარიზში ერთი ჩვეულება ჰქონიათ: ამ ხის ქვეშ მევალე და მოვალე იკრიბებოდნენ თურმე და ყველას დასანახად ხდებოდა ვალების გასტუმრება. ვალის გასტუმრება კი ადამიანებს როგორ უყვართ მოგეხსენებათ, ჰოდა შესაბამისად უკვე გასაგები ხდება თუ რატომ ნიშნავს “თელის ქვეშ დამელოდე” ედგარ ალან პოს ყორანისეულ Nevermore-ს.
ეშმაკური გარიგება

გუშინ სიზმარი ვნახე. ჯოჯოხეთში მოვხვდი, სადაც ეშმაკების უსტაბაშმა მკითხა – ინგლისური და კომპიუტერი იციო?! – კი მეთქი. ეშმაკს თვალებმა ციმციმი დაუწყო და თავისთვის ჩაილაპარაკა – ახლავე შევამოწმებთო. მოიტანა რაღაც ჯართი კომპიუტერი. კლავიატურაზე ყველა ასო წაშლილი იყო, ერთადერთი ასო C ბზინავდა ხელუხლებლად. მომიტრიალდა და ასეთი რამ შემომთავაზა – გახსენი ტექსტური რედაქტორი და დაიწყე თვლა ინგლისურადო, როგორც კი ასო C–ის გამოიყენებ იმწამსვე სამოთხეში მოხვდები და თუ მანამდე შეწყვეტ აკრეფას, მაშინ ჯოჯოხეთში გელის საუკუნოდ ყოფნაო. მე გახარებული დავთანხმდი და დავიწყე კრეფა: one, two, three, four, five, six, seven, eight, nine, ten… ეშმაკს ვუთხარი ფრანგული რომ იყოს ან იტალიური, რა მოხდება მეთქი?! – ეშმაკმა ჩაიცინა და მითხრა, ჩვენ ინგლისურზე შევთანხმდითო… არადა ფრანგულად – un, deux, trois, quatre, cinq – და ეგრევე სამოთხის ვიზა მექნებოდა გამოწერილი… გავაგრძელე კრეფა – eleven, twelve, thirteen, fourteen, fifteen, sixteen, seventeen, eighteen, nineteen… რაც უფრო იზრდებოდა რიცხვი, მით უფრო დიდი ხანი ვუნდებოდი კრეფას, რომ გამეღვიძა სადღაც მილიონამდე ვიყავი ასული, მთელი დარჩენილი სიზმარი ვკრეფდი და რომ გავიღვიძე აღმოვაჩინე, რომ პირველი რიცხვი, რომელშიც C გვხვდება არის… რომელია აბა?!
პერიოდული შეკითხვა #21

თქვენს წინაშეა სარეკლამო პოსტერი, რომელიც ერთ ამერიკულ პროდუქციას უკეთებს რეკლამას. პროდუქციის სახელწოდება ინგლისურ ენაზე შედგება რვა ასოსაგან. რა ეწოდება ამ პროდუქციას?
დემაგოგიის კლასიკური მაგალითი
ნეტარი ავგუსტინეს ფიგურას ვფიქრობ, რომ წარდგენა არ სჭირდება. ამ მეტად ნიჭიერ და გონებამახვილ ადამიანს ერთხელ ღმერთის შესახებ წიგნის დაწერა განუზრახავს. მოკალათებულა, კალამისათვის წვერი წაუმახავს და სათაურიც წაუწერია: “ღმერთის შესახებ”, თუმცა ეს იყო ის ორი სიტყვა, რომლის დაწერაც მან შეძლო საერთოდ იმ დღეს. ბევრი უფიქრია, თუ როგორ მოეთხრო უბრალო მოკვდავთათვის ღმერთის რაობის შესახებ, ჰოდა ფიქრისგან გათანგულს ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე გასეირნება განუზრახავს.
პლაჟზე გზად ბავშვი შეხვედრია, რომელსაც ქვიშაში პატარა ორმო ჰქონდა ამოთხრილი. ქოთნით იღებდა ზღვის წყალს და ორმოში ასხამდა. რას აკეთებო, შვილო ჩემო? – უკითხავს ავგუსტინეს, რაზედაც ბავშვს მიუგია ზღვიდან მთელი წყლის ამ ორმოში გადმოსხმა მინდაო და გაუგრძელებია ფუსფუსი. ავგუსტინეს თავისთვის ჩასცინებია, რა მიამიტები არიან ეს ბავშვები, რა ცოტას ხვდებიან ამ ცხოვრებაში და რა ბედნიერები არიან ამავდროულადო… პატარა ქოთნით ზღვის ამოხაპვა სურს და იმას კი ვერ ხვდება, რომ ზღვა უსასრულოა და დაულეველიო…
სახლში დაბრუნებულს, ღმერთის შესახებ ფიქრი რომ გაუგრძელებია, შუა ფიქრში მის გონებაში ნაპერწკალი აკიაფებულა და გახარებულ ნეტარ ავგუსტინეს შეუყვირია: განა მეც იმ ბავშვს არ ვგავარ, რომელსაც ღმერთის უსასრულო არსების ახსნა სურს ამ პატარა ქაღალდზეო. განა, შესაძლებელია მცირედში უსასრულოს დატევა. განა, მცირესთვის საკმარისი არ არის დიადის წინაშე მუხლისმოყრა და მისთვის თაყვანის ცემა, რა საჭიროა მისი რაობის შეცნობაო…
პ. ს. დემაგოგია კი იმაშია, რომ ავგუსტინემ არასწორი შედარება გააკეთა და შესაბამისად მისი დასკვნა ჰაერში გამოეკიდა. ზღვა და ღმერთი არათანაზომადი რაობებია. ზღვა რომ ორმოში არ ჩაეტევა ამის დადგენა უმალვე შეიძლება, როგორც კი ორმო გაივსება, რასაც ღმერთის შესახებ მსჯელობის დროს ვერაფრით ვერ გავაკეთებთ, თუმცა ნეტარ ავგუსტინეს ეპატიება, იმდენად კარგი შედარება გამოუვიდა…
დენ ბრაუნის უსაზღვრო ფანტაზია

ამას წინათ გავიგე, რომ საათის მაღაზიებში გასაყიდ საათებზე სულ მუდამ ერთი და იგივე დრო არის დაფიქსირებული: ათი საათი და ათი წუთი. მივგუგლ–მოვგუგლე და სიმართლეს ჰგავს, სიღრმეებში არ ჩავსულვარ. ერთ–ერთ საიტზე ამ ფენომენს პრაქტიკულობით ხსნიან, თითქოს ეს იმიტომაა გაკეთებული რომ დაბლითა ნაწილში დამატებითი ფუნქციები ჩანდეს. მეორე ვერსიით ეს ღიმილს გამოხატავს და პოზიტიურობით მუხტავს პოტენციურ მყიდველს (PR Bullshit!) და ა.შ. ყველაზე საინტერესო ვერსია მწერალ დენ ბრაუნს ეკუთვნის:
იგი, როგორც მას სჩვევია ხოლმე, აქაც შეთქმულების თეორიას ხედავს. მწერლის აზრით საათის ისრების ამდაგვარი ურთიერთგანლაგება ერთ–ერთი უძველესი ანტიფაშისტური ორგანიზაციიდან მომდინარეობს. 10 საათი და 10 წუთი თავის თავში იტევს შეტყობინებას, რომ ბრძოლა გრძელდება… ბრძოლა ფაშისტების წინააღმდეგ. ამ შეტყობინების არსს მწერალი ასე ხსნის: საათის ისრებს შორის შექმნილი კუთხე 115 გრადუსს შეადგენს. ცელსიუსის შკალაზე 115 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზედაც დუღს ანტიფრიზი. ანტიფრიზი რა შუაშიაო იკითხავთ თქვენ! – რა შუაშია და “ანტიფრიზ”–ი თანაჟღერადია “ანტიფრიც”–ისა, რაც არც მეტი და არც ნაკლები იმ უძველესი ფაშისტური ორგანიზაციის სახელწოდება ყოფილა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად ებრძოდა მესამე რაიხს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და რომელშიც უმეტესწილად ევროპელი მესაათები ყოფილან გაერთიანებულნი, რომლებიც ასაფეთქებელ მოწყობილობებზე საათის მექანიზმებს ამონტაჟებდნენ და ადოლფ ჰიტლერს ნერვებს უშლიდნენ…
პ. ს. ამ კაცის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს…

