ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დემაგოგიის კლასიკური მაგალითი

with 23 comments

ნეტარი ავგუსტინეს ფიგურას ვფიქრობ, რომ წარდგენა არ სჭირდება. ამ მეტად ნიჭიერ და გონებამახვილ ადამიანს ერთხელ ღმერთის შესახებ წიგნის დაწერა განუზრახავს. მოკალათებულა, კალამისათვის წვერი წაუმახავს და სათაურიც წაუწერია: “ღმერთის შესახებ”, თუმცა ეს იყო ის ორი სიტყვა, რომლის დაწერაც მან შეძლო საერთოდ იმ დღეს. ბევრი უფიქრია, თუ როგორ მოეთხრო უბრალო მოკვდავთათვის ღმერთის რაობის შესახებ, ჰოდა ფიქრისგან გათანგულს ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე გასეირნება განუზრახავს.

პლაჟზე გზად ბავშვი შეხვედრია, რომელსაც ქვიშაში პატარა ორმო ჰქონდა ამოთხრილი. ქოთნით იღებდა ზღვის წყალს და ორმოში ასხამდა. რას აკეთებო, შვილო ჩემო? – უკითხავს ავგუსტინეს, რაზედაც ბავშვს მიუგია ზღვიდან მთელი წყლის ამ ორმოში გადმოსხმა მინდაო და გაუგრძელებია ფუსფუსი. ავგუსტინეს თავისთვის ჩასცინებია, რა მიამიტები არიან ეს ბავშვები, რა ცოტას ხვდებიან ამ ცხოვრებაში და რა ბედნიერები არიან ამავდროულადო… პატარა ქოთნით ზღვის ამოხაპვა სურს და იმას კი ვერ ხვდება, რომ ზღვა უსასრულოა და დაულეველიო…

სახლში დაბრუნებულს, ღმერთის შესახებ ფიქრი რომ გაუგრძელებია, შუა ფიქრში მის გონებაში ნაპერწკალი აკიაფებულა და გახარებულ ნეტარ ავგუსტინეს შეუყვირია: განა მეც იმ ბავშვს არ ვგავარ, რომელსაც ღმერთის უსასრულო არსების ახსნა სურს ამ პატარა ქაღალდზეო. განა, შესაძლებელია მცირედში უსასრულოს დატევა. განა, მცირესთვის საკმარისი არ არის დიადის წინაშე მუხლისმოყრა და მისთვის თაყვანის ცემა, რა საჭიროა მისი რაობის შეცნობაო…

პ. ს. დემაგოგია კი იმაშია, რომ ავგუსტინემ არასწორი შედარება გააკეთა და შესაბამისად მისი დასკვნა ჰაერში გამოეკიდა. ზღვა და ღმერთი არათანაზომადი რაობებია. ზღვა რომ ორმოში არ ჩაეტევა ამის დადგენა უმალვე შეიძლება, როგორც კი ორმო გაივსება, რასაც ღმერთის შესახებ მსჯელობის დროს ვერაფრით ვერ გავაკეთებთ, თუმცა ნეტარ ავგუსტინეს ეპატიება, იმდენად კარგი შედარება გამოუვიდა…

Written by linguistuss

February 5, 2010 at 12:39 pm

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მშვენიერი შედარებაა რას უწუნებ ლინგვისტუს?

    atila

    February 5, 2010 at 6:21 pm

  2. სად გამოქექავ ხოლმე ასეთ ამბებს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სახალისო და საინტერესოა…

    nino

    February 5, 2010 at 6:45 pm

  3. პლაჟზე არა სანაპიროზე :)))

    litterator

    February 5, 2010 at 7:46 pm

    • პლაჟის შესატყვისი ქართულში არ გვაქვს. პლაჟი ფრანგული სიტყვაა. სანაპირო ფრანგულად Rivage არის. აი, პლაჟი კი – Plage. ინგლისურშიც განასხვავებენ სანაპიროს და პლაჟს, ერთს Beach ჰქვია, მეორე – Shore.
      სანაპირო ადგილია ზოგადად ზღვისა და ხმელეთის შეერთების ადგილის გაყოლებაზე. პლაჟი კი სანაპიროს კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც გართობა–დასვენებისთვის გამოიყენება.

      linguistuss

      February 6, 2010 at 8:42 pm

      • და ქვიშაში მოთამაშე ბავშვს რაც შეეხება ამაზე შემდეგ რამეს ვკითხულობთ: ”ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა, რომელსაც სურდა, მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდა წმიდა სამების საიდუმლოს. ამ ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახა სასრულობა და უმწეობა ადამიანის გონებისა”.

  4. რატო პლაჟიც სწორი ფორმაა…

    nino

    February 5, 2010 at 8:36 pm

  5. “პლაჟი” და “სანაპირო” სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვებია

    akunina

    February 6, 2010 at 2:48 pm

    • არანაირად არ არის სხვადასხვა მნიშვნელობის პლაჟი რუსულია, კალკია :)

      • “პლაჟი” არ არის რუსული. გადაამოწმე–ხოლმე, სანამ აქ დაწერ.
        “პლაჟი” – მონახე უცხო სიტყვათა ლექსიკონში.
        “სანაპირო” – ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში.
        მერე შეადარე განმარტებები.
        მერე ლინგვისტუსს თხოვე, შენი და ჩემი ეს პოსტი მოშალოს. ან – ნიკი შეიცვალე.

        akunina

        February 6, 2010 at 7:58 pm

      • გეშლებათ, კალკი სულ სხვა რამეს ნიშნავს. მაგ.: სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც აგებულია სხვა ენის სიტყვის ან გამოთქმის მიხედვით. მაგ., “რაშია საქმე?” კალკია რუსული გამოთქმისა “в чëм дело?” პლაჟი კი კალკი არ არის, იგი ჩვეულებრივი უცხოური ლექსემაა, რომელიც ქართულში დამკვიდრდა. ვფიქრობ, გადამოწმება არ დაგეზარებათ. :)

        Pegi

        February 7, 2010 at 9:59 am

        • სანამ ”პლაჟი” ”დამკვიდრდებოდა” მანამდე რას იყენებდნენ? აბა ამაზე მიპასუხეთ. და ასევე მიპასუხეთ კითხვაზე ”პლაჟი” ქართული სიტყვაა? დიდი მადლობა წინასწარ

          • მურაბის, კომპიუტერის და ჯემის მაგივრად რას იყენებდნენ ქართველები? :)
            ცარიელი შეკითხვაა, პასუხი არ აქვს…

            linguistuss

            February 7, 2010 at 12:53 pm

  6. “Plage” ფრანგული სიტყვაა და წვრილი ქვიშით დაფარულ ზღვის სანაპიროს ნიშნავს. პოსტში სწორად არის გამოყენებული. ვერავინ ვერ შემედავებით, ფრანგული ჩემი თითქმის მშობლიური ენაა. რუსულს ფრანგულიდან აქვს წაღებული. “rivage” უფრო ზოგადია “le bord de la mer” ჯობს. ეს მეორე უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ზღვასთან.

    Pegi

    February 6, 2010 at 11:11 pm

  7. მართალია პეგი რუსულს ბევრი რამ აქვს აღებული ფრანგულიდან, არამარტო სიტყვები, ფრაზების პირდაპირი თარგმანებიც კი. იმაში ვერავინ შემედავება, რომ პლაჟი ქართული სიტყვა არ არის. ფრანგული სტატია რომ იყოს ცხადია იქნებოდა ”plage”. ზღვის სანაპირო რაიმე სხვას ნიშნავს? მე კარგად მაქვს გადამოწმებული ჩემო აკუნინა :))))))

  8. აკუნინას განმარტება უნდოდა? აი ისიც:
    პლაჟი
    სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზოლის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზვირთცემის მუდმივ ზემოქმედებას და აგებულია მუდმივად დეფორმირებადი სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობის ფხვიერი მასალით.
    წყარო: საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2

    • akunina–ს არ უნდოდა.
      თქვენ გინდოდათ, რომ განსხვავება გეგრძნოთ ;)

      განმარტება და წყარო მომეწონა ;)
      გმადლობთ :)

      akunina

      February 7, 2010 at 12:32 am

  9. Plage – Rivage de mer plat et découvert.

    Source: http://www.stars21.com/dictionary/French-French_dictionary.html

  10. არაფრის აკუნინაააა :)))) თუ რამემ დაგაინტერესა თქვენს სამსახურში მიგულეთ :)))))) kisses and hugs
    p.s. განმარტებაა მართლა ორიგინალური იყოო რააა :)))) სახალისო :))))

  11. პლაჟის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, უბრალოდ გააჩნია სად იყენებ და როგორ იყენებ, ეს სხვა სტილის ტექსტია, ადამიანი რომელიც დაიბადა 354 წელს და გარდაიცვალა 430 წელს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია რომ ამ პერიოდში მოღვაწე ადამიანის შესახებ რაიმეს თხრობისას მსგავსი სიტყვები გამოყენებოდეს ტექსტში, უბრალოდ საერთო სურათიდან ვარდება.

  12. ლინგვისტუსს იქნებ ცოტა კიდევ რომ გაიარა ფეხით, ნეტარი ავგუსტინე შეზლონგზე ხომ არ წამოწვა, აბა ნახე ეგეც სადმე შეიძლება იყოს :)))) შეზლონგზე Ipod-ით და ”ზაგარნი კრემით” :)))))))))))))))))))))))))

    • მშვენიერი გაგრძელებაა… :)

      linguistuss

      February 7, 2010 at 1:28 pm

  13. რატომ არ გვაქვს პლაჟის სესატყვისი ?
    ვის ეცალა ადრე სანაპიროს საპლაჟაოდ გამოსაყენებლად.
    აბა მაშ ადრე რას ეძახდნენ არასწორი ლოგიკაა,
    მაშინ ჩვენ შეგვიძლია
    აბა მაშინ ადრე ქართველები ნუდისტურ პლაჟს რას ეძახდნენ :)

    paatash

    February 10, 2010 at 5:56 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 65 other followers