ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფიანკეტო, ანუ “გაბლატავებული” კუ

with 25 comments

ხშირად ვფიქრდები ხოლმე სიტყვებზე, უფრო ხშირად კი იმაზე, რაზედაც ისინი მიუთითებენ. აღნიშნულ და აღნიშვნად რაობებს შორის არსებული სემიოტიკური კავშირების ნაირსახეობები კი ჩემში აზრთა კალეიდოსკოპს ბადებს. ჰოდა, მეც ავიღებ ხოლმე რომელიმე სიტყვას, გადავატრიალებ და შეიცვლება სურათი. კიდევ გადავატრიალებ და კიდევ შეიცვლება და ასე, მოკლედ ვერთობი… განსაკუთრებით რთული ბუნების რაობებზე მიმთითებელი სიტყვები მომწონს. მაგალითად გერმანული სიტყვა Drachenfutter ავიღოთ, რომელიც სიტყვასიტყვით “დრაკონის საჭმელს” ნიშნავს. ამ სიტყვით თურმე გერმანელები იმ საჩუქარს მოიხსენიებენ გაბრაზებულ ცოლებს დანაშაულის გრძნობით აღვსილი ქმრები რომ ჩუქნიან შემორიგების მიზნით. ხშირად დრაკონის საჭმელი ან ყვავილების თაიგულია, ან სუნამო, ან კიდევ… ან კიდევ რა ვიცი რა, ჯერ ცოლი არ მყავს, თუმცა ის კი ხშირად მინახავს როგორ კვებავენ დრაკონებს.

ერთხელ მეც მოვიგონე რთული რაობის აღმნიშვნელი სიტყვა. ამ სიტყვას “რხუმი” ერქვა და აღნიშნავდა ისეთ მდგომარეობას, როცა სიჩუმის შესავსებად ამბობს ადამიანი რაიმეს. “რხუმ”–ი აბრევიატურა იყო და “რაღაც ხომ უნდა მეთქვას” ნიშნავდა. აი, მაგალითად ხვდებიან ერთმანეთს წლების უნახავი ნაცნობები, რომლებსაც ცოტა რამ აკავშირებდათ ოდესღაც და ის, რაც აკავშირებდათ ისიც კი აღარ ახსოვთ, თუ რა აკავშირებდათ. ჰოდა, მიესალმნენ ერთმანეთს. გამოჰკითხეს ერთმანეთს როგორ ხარო და მერე ერთ–ერთი კითხულობს – “რაღაც დაიკარგე ამ ბოლო დროს” – მერე მეორე შეუბრუნებს, რომ ჰო, საქმეები, საქმეები. ერთმანეთს გამოემშვიდობებიან და წავლენ თავ–თავის გზაზე. მთელი ეს დიალოგი რხუმებითაა აგებული და საერთოდ უნდა ავღნიშნო, რომ არ მიყვარს როდესაც მერხუმებიან!

სამწუხაროდ ყოველთვის არ ხერხდება ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა და ამასთან არც ერთი ენა არ არის სრულყოფილი, სადაც ყველა შესაძლო ცნება, რაობა თუ მოვლენა იქნებოდა აღწერილი. ასე მაგალითად ბავშვობაში ჭადრაკზე რომ დავდიოდი ნერვებს მიშლიდა მხედრის წინ დაბუდებული კუ. ჰოდა, ერთხელაც დაამუღამეს ეს ჩემმა საჭადრაკო სპარინგ–პარტნიორებმა და დაიწყეს ჩემი მოთმინების გამოცდა მხედრის წინ ჩაბუდებული კუებით, რომლებსაც მე “გაბლატავებულ” კუებს ვეძახდი. ამიტომაც ხშირად ვერ ვუგებდი ხოლმე მათ და დავრჩი მესამე თანრიგის ამარა. მდგომარეობას კი, როცა კუ პაიკის წინ გაწევის ხარჯზე მხედრის წინ ბუდეს იკეთებს, უფრო კარგ შემთხვევაში კი როქგაკეთებული მეფის და ეტლის წინ, არ ვიცოდი რა მეწოდებინა. არადა ვინმეს რომ ეკითხა აქამდე რა არ მოგწონდა ბავშვობაში მე–6–7 კლასში, როცა ჭადრაკზე დადიოდიო, რამდენი სიტყვა უნდა წარმომეთქვა, რომ ამეხსნა თუ რას აღნიშნავდა ეს “გაბლატავებული” კუ.

ვენაცვალე იტალიელებს! დღეს იტალიურ ვიკიპედიაში ბოდიალის დროს სიტყვა “ფიანკეტოს” წავაწყდი, სიტყვასიტყვით “ფლანგუკას”, ან “გვერდულას”. თურმე ოფიციალური ტერმინი არსებობს “გაბლატავებული” კუების მოსახსენიებლად. არადა არ უსწავლებია არავის მაშინ ჩემთვის, ჰოდა ხან რა სიტყვაში ვფუთავდი ჩემს უკმაყოფილებას და ხან – რაში… ბავშვობისდროინდელი ბოღმა მქონია დაგროვილი და არ ვიცოდი!

ბოღმაზე გამახსენდა, ერთხელ ერთ მიტოვებულ ბლოგზე, (მოდით ვუწოდოთ ასეთ მიტოვებულ ბლოგებს “ნაბლოგარი”, ნასახლარის მსგავსად) ერთი კომენტარი დავტოვე:

ფანტასტიური აღმოჩენა გავაკეთე ახლა და რომ არა დოდკას ეს პოსტი, ბოღმის სტატუს–კვოს აღდგენის შესახებ, რა თქმა უნდა, არ მეცოდინებოდა რომ “ბოღმა” თურქული სიტყვაა. ამ ბოლო დროს ალგორითმი შევიმუშავე, როდესაც რაიმე ჩემთვის ნაცნობი “ქართული” სიტყვა არ აღმოჩნდება ხოლმე სულხან–საბასთან, უმალვე მიჩნდება ეჭვი რომ ეს სიტყვა ან სპარსულია, ან თურქული და ან არაბული, ჰოდა მივაკითხავ ხოლმე შესაბამის ლექსიკონებს. ახლაც ასე მოვიქეცი და გამიმართლა. თურქულ–რუსულ ლექსიკონში ვკითხულობთ:

boğmak – 1) душить; вызывать удушье; 2) топить; 3) окружать кого-то чем-то; 4) арго: надувать, обманывать

აქედან გამომდინარე ბოღმა ჩვენს შიგნით დაგროვებული ნეგატიური ემოციები კი არ ყოფილა, არამედ captivity of negativity და მისგან წარმოშობილი დახრჩობა, რის შემდეგაც შედეგი სახეზეა ხოლმე: ვინმეს სახეში გაქანებული უშვერი სიტყვები, ვინმეს სახეში გაქანებული მუშტი, ფორუმზე გაკეთებული პოსტი, ბლოგზე წუწუნი და ა.შ. საერთოდ კი ბოღმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვეთანხმები დოდის, რომ ბოღმა არამხოლოდ ბლოგერებს ამოძრავებთ, არამედ სრულიად კაცობრიობას :)

თურმე კი არა, ოდესღაც მართალი ვიყავი! ბოღმა მართლაც ამოძრავებს ბლოგერებს. აი, რომ არა ის ოდესღაც “გაბლატავებული” კუ, უკვე დიდი ხანია მეძინებოდა და აღარ ვიფიქრებდი მეფეებზე, კომბოსტოზე, ფეხსაცმელებზე, გემებზე, დრაკონის საჭმელზე და რხუმზე… ჰო, რხუმზე ეს პოსტიც ხომ რხუმი იყო და მეტი არაფერი :)

Advertisement

Written by linguistuss

June 11, 2010 at 3:41 am

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეც მქონდა ეგეთი სიტყვები, ოღონდ სემანტიკურად განსხვავებული, მაგ. “მდა” – “მაგას დუმილი აჯობებდა” და მისთ.

    ეს სურათი ტექსტთან მიმართებაში რამეს “აღნიშნავს” თუ არბიტრარულად შემოიყვანე?

    Ana Nia

    June 11, 2010 at 4:16 am

  2. ბოღმა არ არის ცუდი ვიდრე ის რაღაც სასარგებლოს გაკეთებინებს :) არა მარტო შენთვის, არამედ სხვისთვისაც.

    ბოღმით რაღაც პოსტი შეიძლება დაწერო, მაგრამ ვერ დაწერ ლექსს და მოთხრობას, ანუ პროდუქტიულობა არ ნიშნავს კრეატიულობას :)))

    ბოღმა არა მაგრამ ჯიბრით გამიკეთებია რაღაც-რაღაცეები და საკმაოდ წარმატებითაც :)

    მთავარია არ გაბოროტდე და ზიანი არ გამოიწვიოს შენმა ბოღმიანობამ თუ ჯიბრიანობამ :)

    ხოდა ეს რაც დავწერე რხუმი არ იყო ლინგვისტუსს :)))

    litterator

    June 11, 2010 at 10:03 am

  3. Drachenfutter მაგარი იყო

    dv0rsky

    June 11, 2010 at 10:07 am

  4. მე ასე დავყოფდი: არსებობს ზოგადად ბოღმა და არსებობს ქართველური ბოღმა, რომელიც ბოღმის ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება. ეს პოსტი კიდე რხუმი კი არ იყო, არამედ ბოღმის ერთერთი გამოხატულება :D ჯერ ცოლი არ ჰყავს და უკვე დაიბოღმა Drachenfutter-ის გაკეთება ისე არ ევასება და მერე რაღა იქნება… :)

    Pegi (Karpenko)

    June 11, 2010 at 11:29 am

  5. “პოსტით იმდენამ მოვიხიბლე, კომენტარით ვერ აღვწერ”. (პიმკვა) :)

  6. მე უკვე ვიცი, რა არის “რხუმი” :))) მმმაგარი პოსტი იყო, ანუ :)

    mtsiri

    June 11, 2010 at 8:14 pm

  7. აუ,კარგია ,კარგია მართლა:))

    მწირი

    June 11, 2010 at 8:49 pm

  8. რშუეს?

  9. დრაკონზე გამახსენდა და.. მთვრალი რომ ჩამოიღჶბს კარს, ჟუჟუნააა, გამიღე ნახე რა მოგიტანე ჟუჟუნაა.. ხელში ასორტი.

    fiqro

    June 13, 2010 at 12:38 pm

  10. გაბლატავებული კუსი არ იყოს, ერთ ჩემ ნათესავ ქალს ძალიან უყვარს თვალში საცემი (თამამი)და ბრჭყვიალა ტანსაცმელები და აქსესუარები და მათ “გატრაკებულს” უძახის.

    “რხუმებს” კიდე პინგ–პონგსაც ეძახიან და მეც ძალიან არ მიყვარს :)

    ნინო

    June 13, 2010 at 6:59 pm

  11. მთლად რხუმი არ იყო, მამენტ : )
    ეს კომენტარიც რხუმია : )

    anina

    June 16, 2010 at 9:02 pm

  12. ადრე, ვახო ელერდაშვილის ონლაინზე დანახვისას მაშინვე, ცნობისმოყვარეობით, სასიამოვნო სიხლის მოლოდინით და
    ინტერესით linguistuss-ის ბლოგზე შევრბოდი და იქაურობაც ახალ-ახალი პოსტებით დატვირთული მხვდებოდა, მაგრამ ახლა უკვე რამდენიმე კვირაა, ჯერ იყო და პერუელი ლამას ქანდაკების, ახლა კი ფიანკეტო თუ ,,გაბლატავებული“ ბუს პოსტებს შევცქერით…
    ქართველი ინტერნეტმაძიებლები არ ვართ განებივრებულები მსგავსი საინტერსო და კრეატიული ბლოგებით და გვაინტერესებს, რაშია საქმე…ნუთუ ბლოგის ავტორმა მისი პატრონობის ინტერესი დაკარგა????????????????????

    saliome

    June 22, 2010 at 11:21 am

  13. დეპრესიაშია :))

  14. მერე რატო??????? :(

    saliome

    June 22, 2010 at 12:47 pm

  15. არ ვიცი ვერ გავარკვიე :(

  16. :(:(:(:( ეჰ ცუდია…. P.S. ვაიმე კიდევ ეს პოსტი ?!?!?!!?!?! :)))))))))))))))))

    saliome

    June 23, 2010 at 12:27 pm

  17. ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა :)))))))))) თუ სხვა რამე პრიჩინაა?:P

    ზურა

    June 24, 2010 at 12:03 am

  18. თავისი ცხოვრების femme fatale-ს შეხვდა :))))))))

  19. ეგ რაღა ოხრობაა :)))))))))))))))

    ზურა

    June 24, 2010 at 12:39 am

  20. დაადეს და დეპრესია დაეწყო? :))))))))))

    ზურა

    June 24, 2010 at 1:18 am

  21. :D:D:D:D:D ???????????? martlac saintersoa…:D:D:D:D:D

    saliome

    June 24, 2010 at 11:09 am

  22. რატომ აკავშირებთ დეპრესიას ქალთან და ქალს დეპრესიასთან????
    იქნებ შეხვდა და ცოლად მოყავს ვააა მოუცლელობა მაგან იცის თუ იცის

    :ფიანკეტო ვჭამოთ?:

    NO-Spa

    June 24, 2010 at 12:19 pm

  23. აქ რა ამბები ყოფილა და ჭურში ვზივარ.ლინგვისტუსი დეპრესიაშია? არ ვიცი, მაგრამ რაღაც საეჭვოდ დუმს. საინტერესოა…

    ნინო

    June 24, 2010 at 8:25 pm

  24. ვაიმე ეს პოსტი უკვე ნერვებს მიშლის…..:):):):):):):):)

    saliome

    June 25, 2010 at 2:03 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers