Archive for October 2010
მოგზაური სიტყვები: ეგვიპტე

გადავწყვიტე ამინ მაალუფის ბლოგიდან “მოგზაური სიტყვების” რუბრიკა ვთარგმნო. ამჯერად გთავაზობთ ადაპტირებულ ტექსტს, “გაჯაზებას” ეგვიპტის თემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მათი ქვეყანა სხვა სახელითაა ცნობილი, რომელიც ბერძნული Αίγυπτος–იდან მომდინარეობს, თავად ეგვიპტელები საკუთარ სამშობლოს სხვა სახელით, مصر (მისრ)–ად მოიხსენიებენ, რომელიც ზოგ არაბულ ქვეყანაში მასრ–ადაც კი წარმოითქმის. მისრიდან ნაწარმოები ზედსართავი, “მასრი” კი მთელს არაბულ სამყაროში გავრცელდა როგორც ეგვიპტელთა პატრონიმი. მისრის ვარიაციებს ვხვდებით სპარსულში, ურდუში, ჰინდიზე, თურქულში, აზერბაიჯანულში, მალაურში და ივრითზეც კი ეგვიპტეს რაღაც მსგავსი “მიცრაიმ” ჰქვია. ეს უკანასკნელი კი ბიბლიის “დაბადებაშია” მოხსენიებული. აქ საქმე გვაქვს ამ რეგიონის უსათუოდ უძველეს სახელწოდებასთან, რომელიც თარგმანში “ორ სრუტეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ეს ორი სრუტე ზედა და ქვედა ეგვიპტეს უკავშირდება. არაბულში სიტყვა مصر (მისრ) გამოიყენება როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საერთო სახელი. თავად ეგვიპტელთა მეტყველებაში “მისრ” არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მათ დედაქალაქსაც აღნიშნავს. ხშირად გაიგონებთ ეგვიპტეში ფრაზას من مصر للاسكندريه (მისრიდან ალექსანდრიამდე), სადაც მისრ–ში სხვა არაფერი იგულისხმება თუ არა კაირო, რომლის არაბული სახელწოდება القاهر (ალ–კაჰირა) მხოლოდ წერილობით და ფორმალურ კონტექსტში გამოიყენება.
ფარაონების დროის ეგვიპტეში მას “ქემეთს” (შავ მიწას) უწოდებდნენ, რაც მის ნაყოფიერებაზე მიუთითებდა, რასაც კოპტურში კვლავაც შევხვდებით kimi–ს ფორმით. ძვ. ბერძნულ ტექსტებში კი მას Kemia–ად მოიხსენიებდნენ. საინტერესოა ისიც, რომ თავად ამ სიტყვამ ჯერ “ქიმია” შვა და შემდეგ “ალქიმიის” ფორმით უკან დაბრუნდა ეგვიპტეში. ფარაონთა ენაზე “ქემეთს”, ანუ შავ მიწას უპირისპირდებოდა “დეშრეთი”, ანუ წითელი მიწა, რომელშიც უდაბნო იგულისხმებოდა. უკვე მოგახსენეთ რომ Αίγυπτος (აიგიპტოს) ასე უწოდეს მისრს, ძვ. ქართულად მისრეთს და შემდეგ ეს სიტყვა, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. Αίγυπτος კი ქალაქ მემფისში ღმერთი პტას საპატივსაცემოდ აგებული ტაძრის, Hi-ku-Ptah–ას სახელს უკავშირდება. ამ სიტყვით შესაძლოა თავად ქალაქი მემფისი მოიხსენიებოდა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი მეტროპოლია იყო ძვ. ეგვიპტეში. Hi-ku-Ptah–იდან მრავალი სიტყვა იღებს სათავეს, მათ შორის ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანების, კოპტების სახელწოდება. ინგლისურში ბოშების აღმნიშვნელი სიტყვა (gypsy) და ა.შ. ლიბანში مصري (მისრი), ანუ მისრული, რომელიც მუდამ მრავლობით ფორმაში გამოიყენება შინაურულ მეტყველებაში ფულს აღნიშნავს, სიმდიდრის კონოტაციით. ეს სახელწოდება მე–19 საუკუნეში ეგვიპტის მიერ ლიბანის ოკუპაციას უკავშირდება, როდესაც ამინ მაალუფის სამშობლოში არამხოლოდ ეგვიპტური ჯარი, არამედ ეგვიპტური ფულიც დომინირებდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ეგვიპტეში “ხელის ჭუჭყს” სიტყვა فلوس (ფულუს)–ით გამოხატავენ, საიდანაც შემდგომში ქართული “ფული”, სომხური “ფოღ” და ფრანგულ არგოში სიტყვა “ფლუზ”–ი მივიღეთ.
Какая разница, бичо?!
ვაგრძელებ მამაჩემის ნოუთების ჩემს ბლოგზე გადმოლაგებას
ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ “ახრჩობენ” დღეს ქართულ ენას ინგლისური თოკით და მართლა რომ ახრჩობენ, ამის მაგალითებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით, თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ (ადრე ბერძნული, სპარსული თუ რუსული იყო, ახლა ინგლისურია…. какая разница, бичо?!). ერთხელ ირანში ერთი სპარსელი მიმტკიცებდა – ქართულში 25% ლექსიკისა სპარსულიაო; ასეთი დასკვნა, ალბათ მან მაშინ გამოიტანა, როცა ყური მიუგდო ქართველთა მეტყველებას, სრულიად ჩეულებრივსა და ყოველდღიურს, სადაც მოისმინა სიტყვები: ჩანგალი, ფანჯარა, ქუჩა. ხეივანი, მატრაბაზი, ჯამბაზი, საღი, ხილაბანდი, ვახშამი და ასე შემდეგ. იმ სპარსელს კი შევუსწორე – 25 კი არა და 10% იქნება–მეთქი, მაგრამ რა შეღავათი? აქ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ჩვენი დამოკიდებულებაა მთავარი ჩვენი ენისადმი. სპარსული (არაბული, თურქული….) ლექსიკის რაოდენობა ქართულ ენაში. მე მგონი, ჯერ არავის აღუნუსხავს, მაგრამ ჩვენი წინაპრებიც ისეთივე მიმბაძველები რომ ყოფილან, როგორც ახლა მათი შთამომავლები არიან (ვართ!), ეს ცხადია… უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ “სტრატეგიული პარტნიორი” მაშინ იყო ირანი, ახლა არის სხვა (ერთხელაც – какая разница, бичо?!).
შაჰ–აბასის ქუჩა მაშინ თბილისში არ არსებობდა (თუმცა ვინ იცის, იქნებ არსებობდა კიდეც), მაგრამ საქართველოს ისეთ ქართულ რეგიონშიც კი, როგორიცაა “მთა” (ზოგადად დავარქვათ), მავანთაგან მავანს “ირანის ლომის” პატივსაცემად სოფლისთვის და მდინარისთვისაც კი გადაურქმევია სახელები. დუშეთის რაიონში….. უკაცრავად – მუნიციპალიტეტში (ადრე მაზრა რომ ერქვა) არის სოფელი “საშაბურო” და იქვე მოედინება მდინარე “საშაბუროსხევი”, აქედან არის გვარი შაბურიშვილი: ახლა გავშიფროთ, რას ნიშნავს “შაბურ” – ეს გახლავთ “შაჰ–ფურ” ანუ შაჰის შვილი, ძე, მემკვიდრე (სხვათა შორის, ეს ამ 20–ოდე წლის წინ თავად ერთმა შაბურიშვილმა მითხრა სიამაყით). აი, დანარჩენი კი თავად გაიაზრეთ – რა სიყვარული უნდა ჰქონოდა მავან ქართველს შაჰისადმი, რომ საკუთარი თავისთვის შაჰის შთამომავალი ეწოდებინა, მშობლიური სამოსახლო “სა–შაჰ–ფურო”–დ მოეხსენიებინა და…. მდინარეს რაღას ერჩოდა ის მამაცხონებული?! ვინ იცის, რა კარგი ქართული სახელი ერქვა!
პოსტის ავტორი: მამაჩემი
საწყალი პარიკმახერი ოდნო–ცოლის ხელში
ვაგრძელებ მამაჩემის ნოუთების ჩემს ბლოგზე გადმოლაგებას
დღეს პარიკმახერთან დავჯექი თუ არა, მობილურზე დაურეკეს – ხარაშო აზიზ–ჯანო უთხრა ორ–სამჯერ, გათიშა მობილური და მე შემომჩივლა – “ამ ოდნოებმა ბანკროტი გამაკეთეს, რა…. ცოლი ყოველდღე მეუნება – ხუთი ლარი ჩარიცხე, სმაილიკები უნდა ვიყიდოო, ვაჰ….” ვუსმენდი მის მონოლოგს, თავს ვუქნევდი და ჩემთვის ვფიქრობდი – რა გარანტია აქვს ახლა ამ კაცს, რომ მე ვიცი, რა არის “ოდნოები”?! – და დასკვნაც მაშინვე გამოიკვანძა – ესე იგი ეს სოციალური ქსელები ისეთივე მასობრივ მოვლენადაა უკვე მიჩნეული, როგორც ბევრი სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი….
პარიკმახერმა მონოლოგიც და გაკრეჭაც ერთად დაამთავრა, გამომართვა ხუთი ლარი და მე კიდევ ერთხელ შევწირე მადლობა ღმერთს, რომ თმა ისევ იმ რაოდენობით მეზრდება, როგორც მთელ განვლილ ცხოვრებაში იყო!…. რომ არა ჩემი თმა, ვინ გადაუხდიდა “აზიზ–ჯანს” სმაილიკების ფულს?! დაბოლოს, ტრადიციული “იცით თუ არა რომ” – დიახ, “აზიზ” عزیز არაბული სიტყვაა და “ძვირფასს, სათნოს, სათუთს” ნიშნავს.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
პატრიოტული სიმღერა ბანჯგვლიან ბოზებზე
გუშინ ეკა კვესიტაძის “აქცენტებს” ვუყურე. შეკრებილი ბატონები ცდილობდნენ ერთმანეთი დაეწმუნებინათ, რომელი სჯობს, ჩვენს შვილებს ინგლისური ვასწავლოთ, რუსული, თუ საერთოდ სუაჰილი, ან არაბული. ამ პრობლემატიკაში ვიყავი ჩაძირული, რომ ერთი სიმღერა ამეკვიატა. თქვენც გექნებათ მოსმენილი. ბავშვები რომ დგანან ერთ მწკრივად და მხოლოდ “бляди, бляди, бляди” რომ ისმის და მეტი არაფერი. ჰოდა, ძალიან მოსაწყენი საუბარი რაიმე სახალისოთი რომ დამებალანსებინა ამ სიმღერის პირველწყაროს ძებნა დავიწყე. ასეთ სეანსებს გუგლთან ჭიდილს ვეძახი. თან თუ საძიებო მასალა არატრივიალურია, პროცესი ერთ სიამოვნებად იქცევა ხოლმე.
გამახსენდა, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ეჭვი მაქვს არაბულად მღერიანო, თუმცა რაღაც ჩემთვის უცნობ დიალექტზეო, მაგრამ ფაქტია, რომ მისამღერი არის بلادي بلادي يا بلادي (ბილადი, ბილადი, ია ბილადი), რაც არაბულიდან ითარგმნება, როგორც “ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ”. ამ თეორიის შემოწმება დავიწყე და როგორც მინიმუმ ათი სიმღერა ვიპოვე, რომელიც ასე იწყება, მათ შორის ერთ–ერთი ეგვიპტის ამჟამინდელი ჰიმნია. ბოლოს, როცა მივხვდი რომ ევროპულ ენებზე ძებნა უშედეგო იყო. ბრმად დავიწყე არაბულენოვან ინტერნეტში ხელის ცეცება.
ძებნა–ძიება წარმატებით დასრულდა და ისრაელის სუპერ–მეგა–პუპერ შოუ “არავიზია” ვიპოვე, რომელიც სინამდვილეში პოლიტკორექტულობისათვისაა შექმნილი და თელ–ავივის, ჰაიფას, ბეერშევას და კიდევ სხვა ქალაქების არაბულენოვანი მოსახლეობის წასახალისებლად გადის ეთერში. შოუში მონაწილეები ერთმანეთს არაბულად (ისრაელის ორიდან ერთ–ერთ სახელმწიფო ენაზე) ეჯიბრებიან, გადაცემას კი სუბტიტრები ახლავს თან ივრითზე. ერთი სიტყვით ვერც ერთი ინგლისურენოვანი საიტი ვერ ვიპოვე ამ შოუსი.
გუგლ–თრანსლეითისა და ჩემი მწირი არაბულის არცთუ სახარბიელო ცოდნის საშუალებით შემდეგი რამ გავარკვიე: პატრიოტული სიმღერის (بلادي – ბილადი) ტექსტი დიდ პალესტინელ პოეტს იბრაჰიმ ტუკანს დაუწერია, სადაც არაბული პოეზიისათვის დამახასიათებელი მეტაფორულობით ხოტბაა შესხმული პოეტის მშობლიური თვალწარმტაცი სანახებისადმი. ეს სიმღერა ჩვენებური “ჩემო კარგო ქვეყანის” არაბული ვარიანტია, რომელიც ზემოხსენებულ არავიზიაზე წარუდგენია მუსიკალურ კოლექტივს, “ფერასს”.
ვინ იფიქრებდა, რომ ეს ქმნილება ინტერნეტს დაიპყრობდა. მსგავსი კლიპები არასოდეს ხდება ხოლმე მილიონიანი პუბლიკის განსჯის საგანი. აი, ხომ წარმოუდგენელია ზუკაკო ამყოლაძის “დნნ–დშნ” მსოფლიო მეგა–ჰიტად რომ ქცეულიყო და youtube-ში რამდენიმემილიონიანი რეიტინგი რომ ჰქონოდა?! თუმცა, ჩვენი ჩრდილოელი “ძმები” უსაქმოდ არ დარჩნენ და ამ “бляди, бляди”–ის შესაბამისი ტექსტიც დაადეს. სწორად აქედან დაიწყო მსვლელობა რუსულენოვან ინტერნეტში კლიპმა “ბანჯგვლიანი ბოზების” (Мохнатые бляди) შესახებ.
თქვენ იკითხავთ კვესიტაძის “აქცენტები” რა შუაშიაო! – გიპასუხებთ. მანამ სანამ რიგით ქართველს ამ სიმღერის მოსმენისას “Мохнатые бляди” ჩაესმის, ამაოა ლაპარაკი ინგლისური ენის დომინანტობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არაბულს ვეჭიდავები წელიწადზე მეტია და ვიცი, რომ بلد (ბალად) ქვეყანაა და بلاد (ბილად) მისი მრავლობითი და ბოლოკიდურა ي (ი) კი პირველი პირის კუთვნილებითი ნაწილაკი, მაინც ეს “ბანჯგვლიანი ბოზები” ჩამესმის და ჩემდაუნებურად მეცინება. ჯერ–ჯერობით ვერ ვიპოვე ქართველი, რომელსაც ამ სიმღერის მოსმენისას სახეზე ღიმილი არ ეფინება, როცა ვიპოვი დავიჯერებ რომ ინგლისურმა ჩვენს თავებში რუსული დაამარცხა, მანამდე არა!
რიცხვი პი
ბოლო დროს ერთი უცნაური გასართობი მაქვს. ვიქაჩავ წიგნების არქივებს დიდი რაოდენობით და შემდეგ ვათვალიერებ. ეს ყველაფერი არქეოლოგის საქმიანობას მაგონებს, მიწას რომ ჩიჩქნის იმის იმედით, რომ რაიმე ღირებულს წააწყდება. მეც, როგორც წესი, არ მიცრუვდება ხოლმე იმედი და ამ ჩემი გასართობის წყალობით იმდენი “მარგალიტი” წიგნი ვიპოვე, რომ კვლავაც დიდი რუდუნებით ვაგრძელებ წიგნების არქივებში ქექვას. დღესაც ჩამოვქაჩე რამდენიმეათასიანი არქივი და თან გრიპი მაქვს, ცოტა სიცხეც, ჰოდა მშვენიერი გასართობი აღმოჩნდა. ძებნა–ძიების სეანსის დროს ერთ 20 კილობაიტიან წიგნს წავაწყდი, რომლის სათაურიც “რიცხვი პი” იყო, ჰოდა გამიხარდა, ვინმე ღვთისნიერმა მსუყე ფაქტები შეკრიბა ამ უჩვეულო რიცხვის შესახებ მეთქი და პირის წკლაპუნით დავიწყე წიგნის გახსნა, წიგნის შიგთავსი შემდეგი იყო:
პერიოდული შეკითხვა #27

დაასახელეთ XX საუკუნეში დაწერილი რომანი, რომლის ბეჭდური ვერსიის გარეკანიც წარმოდგენილია ამ სურათზე.
ახალი ლექსიკონის საწყისებთან
ეს ქალი, ერინ მაკკინი მგონი ჩემს აზრებს კითხულობს, უფრო სწორად შეიძლება მე წავიკითხე მისი აზრები სადღაც პარალელურ სამყაროში (ჩჟუანცზის და პეპლის ისტორია ხომ გახსოვთ?!), თუმცა ფაქტია რომ ის, რასაც იგი “ახალი იდეების” გრიფით აჟღერებს, ჩემთვის არ იყო ახალი და უკვე ნაფიქრი მქონდა, ან სადღაც წაკითხული და ამავდროულად მისი მანერა ლექსიკოგრაფთა ერთი შეხედვით მოსაწყენ და უინტერესო რუტინას შეხედოს როგორც თავშესაქცევ საქმიანობას, ძალიან მხიბლავს.
მეტაფორასაც არა უშავდა, თავის თავს რომ მებადურს უწოდებს, ყოველ დღე სიტყვების ზღვაში რომ გადის და თევზაობს. “ცუდი” სიტყვების რეაბილიტაციის მცდელობაც და ვიქტორიანული მორალის, რომელიც დღემდე შემორჩენილია თანამედროვე ინგლისურენოვან ლექსიკონებში, კრიტიკაც ერთობ სახალისო იყო. ერთი სიტყვით ამ ქალის ყურებითა და მოსმენით ძლიერ ვისიამოვნე, ჰოდა იდოს აქ ეს ბმული, კიდევ ვუყურებ ცუდ ხასიათზე როცა ვიქნები.
ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს
მამაჩემმა ბოლო დროს ფეისბუქზე ნოუთების წერას მიჰყო ხელი, ჰოდა სანამ საკუთარი ბლოგი გაუკეთებია, მის რჩეულ ნოუთებს, რომლებიც აქაურობის თემატიკას შეესაბამება, ნელ–ნელა შემოგთავაზებთ.
როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, “ვეფხისტყაოსანი” არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან “მოყვარე, მოყვრობა” გვხვდება…. ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით “მეგობრობა ვეფხისტყაოსანში” გაუმართლებელია (კინაღამ ვთქვია “არაადეკვატურია”–მეთქი), რადგან ამ პოემაში “მეგობრობა” არ არის!
….სამაგიეროდა არის “ამხანაგი, ამხანაგობა” და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:
- სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17)
- ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
- ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.
ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში: – همخانه (ჰამხანე) – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი “თანამოსახლე” (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც “ჰამ”–ის ნარჩენი “ამ” ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან “პოეტური” სიტყვაა სპარსულში “მეზობელი”, მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც “საიე” არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს…. (შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ “გამაზეს” ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!)
ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა “ამხანაგი” ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა “გააბანძეს” და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ (“მოკლეს” ჩასწორდა “შემოაკვდათ”–ი პოლემიკის შემდეგ).
პოსტის ავტორი: მამაჩემი
ლინგვისტუსი ლინგვისტუსის საფლავზე

ამასწინად ბაზას ვათვალიერებდი და შეკითხვა შემომხვდა, სადაც ეს პანორამა იყო წარმოდგენილი (ჩემს გარეშე) და მოაზროვნეებს ეკითხებოდნენ ვინ არის დასაფლავებულიო. დავღონდი, ამ სურათის მოტანას ვაპირებდი თსუ–ს ჩემპიონატის ფინალში (წარწერას ცხადია წავშლიდი), ჰოდა ვინაიდან ეს შეკითხვა გამიცუდდა იდოს ეს სურათი აქ, ნათელ მოგონებად. თან ბლოგის თემატიკასაც შეესაბამება…
P. S. ვარდი ჩემი მიტანილი არ არის. იქ დამხვდა :)
ადამ ჯეიქოთ დე ბოინოს წიგნები

ერთი ძალიან კარგი წიგნი ჩამივარდა ხელთ. უფრო სწორად სამი წიგნი ერთ დიდ ელექტრონულ წიგნად. მისი ავტორი ბრიტანელი ლინგვისტი ადამ ჯეიქოთ დე ბოინო გახლავთ. ეს ადამიანი ერთი უცნაური საქმიანობითაა დაკავებული – უცნაურ სიტყვებს აგროვებს. აი, დაახლოებით ისეთ სიტყვებს, რომელთა გაგებასაც მთელი კულტურის გააზრება სჭირდება. იმ კულტურის, რომლის წიაღშიც შეიქმნა ესა თუ ის სიტყვა. ჰოდა, ჩავუჯექი ამ წიგნებს. ამონარიდებს ნელ–ნელა შემოგთავაზებთ ხოლმე… ელექტრონულ წიგნს კი არ დავდებ :)
ალბათ

მამაჩემის wall-ზე არსებულ განხილვას ვაკოპირებ:
შეცდომაა – ალბად
სწორია – ალბათ
შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ალბ–ად არის ვითარებითი ბრუნვის ფორმა…. და თუ ასეა, უნდა გვქონდეს:
- სახ. ალბა
- მოთხ. ალბა–მ
- მიც. ალბა–ს
- ნათ. ალბ–ის
- მოქ. ალბ–ით
- ვით. ალბ–ად
- წოდ. ალბ–ავ
გინახავთ სადმე ასეთი სიტყვები? მიხვდით რაშიცაა საქმე?!
“ალბათ” არაბული წარმოშობის სიტყვაა და თუ ჩვენთან ვარაუდს გამოხატავს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – თავის “სამშობლოში” უთუობა–უეჭველობის აზრით გახლავთ შემოსილი.
ამის შემდეგ არაბულში ბევრი ვეძებე თუ ცოტა Andras Rajki–ის არაბული სიტყვების ეტიმოლოგიური ლექსიკონი ვიპოვე, სადაც წერია:
al-bata : certainly, surely, of course [al + bata] Aze elbette, Kyr alvette, Per albate, Taj albatta, Tur elbette borrowed from Ar
ბოლოს ლექსიკონშიც ვიპოვე და ამით “ალბათ”–ის ეტიმოლოგიის კვლევა დასრულებულად გამოვაცხადე :)

ჰალალ–ბურგერი vs. სამარხვო შაურმა
დღევანდელ სვეტსაც შეკითხვით დავიწყებ: თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა განსხვავებაა მოგზაურობასა და ტურიზმს შორის? ამ შეკითხვაზე პასუხი წითელ ავტობუსებში იმალება ევროპის ცენტრალურ ტურისტულ მექებში რომ დაჰქრიან. გადაიხდი დღეში ოც ევროს, ჩაჯდები ამ თავმოხდილ წითელ ავტობუსში და შინ დაბრუნებისას გრჩება ილუზია, რომ ამა და ამ ქალაქში იყავი. მაგალითად რომში ჩაუვლი კოლიზეუმს, პალატინუსის ბორცვს, პიაცა დელ პოპოლოს, ვილა ბორგეზეს, ვატიკანის კედლებს, ტრაიანეს ფორუმის ნანგრევებს… ვია დელ კორსოს გავლისას ექსკურსიამძღოლი თითით მიგანიშნებს, რომ აი, იქ არის ტრევის შადრევანიო… და საღამოს სასტუმროში რომ დაბრუნდები, კმაყოფილებისაგან ტკბილად გეძინება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ტურიზმი მოგზაურობისაგან ერთი მნიშვნელოვანი ელემენტით განსხვავდება. ის არ ითვალისწინებს კულტურულ შოკს. ტურისტი ვერასოდეს შენიშნავს კიოლნის ჰაუპტბანჰოფში მტლაშამტლუშით გართულ ლესბოსელებს (შემდეგ ამიხსნა ჩემმა მეგობარმა, რომ კიოლნი გერმანიის გეი/ლესბოსური დედაქალაქიაო), ვერასოდეს გადააწყდება მილან-გენუის მატარებელში ორ მონაზონს, რომლებმაც ჩემი ორი ბებია გამახსენა და ვერასოდეს შენიშნავს ალმა-ატაში ჯორჯიან ფასტფუდის ქსელს, სადაც შაურმის მაგივრად შეცხელებული ხინკლები, კუპატები და ხაჭაპურები იწონებენ თავს. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტურიზმი მოგზაურობაა პრეზერვატივით, სადაც პრეზერვატივის როლს ექსკურსიამძღოლი ასრულებს, რომელიც ტურისტებს სწორედ კულტურული შოკისგან იცავს და არა – ვენერიული დაავადებებისგან.
შაურმასთან დაკავშირებით ორჯერ განვიცადე კულტურული შოკი. პირველი თურქეთში და აზერბაიჯანში ყოფნისას მივიღე, სადაც ჩემთვის ნაცნობ შაურმას დონერად იხსენიებდნენ. მერე ვიკადრე, ჩავიხედე ლექსიკონში და აღმოჩნდა, რომ თურქულში dönmek და çevirmek – ორივე ტრიალს ნიშნავს და შედეგად მათგან ნაწარმოები döner თურქულში ეწოდა ამ ფენომენს, çevirme კი არაბულის გავლენით shawarma გახდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მეორე კულტურული შოკი პარიზში მეწვია, უცბად წახემსება და შაურმის დაგემოვნება რომ დავაპირე. სანდომიანი სახის არაბმა ფული რომ გამომართვა და რამდენიმე წუთში შაურმას გაახლებო რომ მითხრა. მეც ეს რამდენიმე წუთი რაიმეთი რომ შემევსო, გარშემო აბრებისა და წარწერების კითხვა დავიწყე. საშაურმეში გამოსაჩენ ადგილას რაღაც დოკუმენტი იყო გაკრული თავისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ახლოს რომ მივუახლოვდი თვალები გამიფართოვდა, ასეთი რამ პირველად ვიხილე – დოკუმენტი მყიდველებს არწმუნებდა, რომ ამ საშაურმეში გამოყენებული ხორცი “ჰალალი” იყო, რასაც ევრი-კურკურონის მეჩეთის სასულიერო პირი აწერდა ხელს და შესაბამისი ბეჭდითაც ამოწმებდა.
“ჰალალ”-ი განსხვავებით “ჰარამ”-ისგან არაბულად ნებადართულს ნიშნავს („ჰარამ” – აკრძალულია) და შაურმის შემთხვევაში იმ დიეტოლოგიურ წესზე მიუთითებს, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში საქონლის დაკვლას და მის შემდგომ დამუშავებას ითვალისწინებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიტყვებისგან ქართულში სიტყვები – ალალი და არამი – მივიღეთ და საშაურმეში გაკეთებული განცხადება თითქოს მეუბნებოდა – ალალი იყოს ეს შაურმა შენთვისო, თუმცა ჩემი განცვიფრება სულ სხვა რამემ გამოიწვია, თავად კულტურული შოკი ხომ პარალელურ კულტურებს შორის არათავსებადობის, ან მსგავსების გამოვლენაში მდგომარეობს?! სანამ აზრს გავაგრძელებ მანამდე იმასაც დავამატებ, რომ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ჰალალ-ბურგერების ქსელი გაიხსნა, სადაც თითოეულ ასეთ “ზავეძენიაში” ადგილობრივი მამაოს, უკაცრავად მუფთის ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება, მუსლიმთათვის ჰალალ-ბურგერის საკვებად ვარგისობის შესახებ. ზემოხსენებული კულტურული შოკი კი იმ ფაქტის გააზრებამ გამოიწვია, რომ ჩვენებური “სამარხვო შაურმა”, რომლის სამარხვოობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც ვერ იპოვით თბილისურ საშაურმეებში, თავისი არსით არაფრით განსხვავდება არც ჰალალ-შაურმისაგან და არც ჰალალ-ბურგერისაგან.
მოგზაურობა სკნელეთში
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერი ესკიმოსებზე მიდგა და ისინიც ეზიარნენ გლობალურ აბლაბუდას, დღის წესრიგში დადგა, თუ როგორ ეწოდებინათ ესკიმოსთა ენაზე, ინუკტიტუტზე ე.წ. “მეშვიდე კონტინენტისათვის”. ბანალური “ინტერნეტი” საამისოდ არ გამოდგებოდა, ვინაიდან ესკიმოსები საკუთარ ენას პატივს სცემენ, შესაბამისად, ბარბარიზმებისგანაც იცავენ. ერთმა ჭკვიანმა კაცმა, ევა აარიაკმა, მსოფლიო ესკიმოსურ საზოგადოებას სიტყვა ikiaqqivik შესთავაზა. ეს სიტყვა ინუიტთა მშობლიურ ენაზე, “შრეებში მოგზაურობას” ნიშნავს და მოდით აქვე აღვნიშნოთ, რომ ესკიმოსები საკუთარ თავს “ინუიტებს” უწოდებენ და არ უყვართ, როცა მათ „ესკიმოსებად” მოიხსენიებენ. ასე მათთვის კრის ტომის ინდიელებს შეურქმევიათ, რაც, ამ უკანასკნელთა განმარტებით, “უმი ხორცის მჭამელს” ნიშნავს თურმე. ჰოდა, აბა ვის მოეწონება ასეთი სახელი?!
შრეებში მოგზაურობა რაღა ჯანდაბააო, შეიძლება წამოსცდეს რომელიმე თქვენგანს. შრეებში მოგზაურებს ესკიმოსები საკუთარ შამანებს, ანუ მედიუმებს ეძახიან, რომლებიც გზად და ხიდად დამდგარან რუხი ყოველდღიურობისა და ღვთაებრივი მარადიულობის გზაზე, აკავშირებენ გარდაცვლილს ჯერარდაბადებულთან, ნუნავუტს – ინუიტთან, სნეულს – განკურნებასთან და უბრალო ადამიანს – ღმერთთან. ერთი ისტორიული ანეკდოტი არსებობს ამასთან დაკავშირებით: როდესაც ამერიკელთა მთვარეზე დაჯდომის ამბავი კანადის შორეულ ჩრდილოეთში ინუიტების ყურამდე მისულა, მათ მხრები აუჩეჩავთ და უთქვამთ – დიდი ამბავი, ჩვენი შამანები ყოველდღიურად აკეთებენ ამას, როდესაც შრეებში მოგზაურობენო!
ზუსტად ვიცი ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ რასაც განიცდით. ამას კულტურული შოკი ჰქვია. თქვენს გონებას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დამუშავება, თუმცა შრეებში მოგზაურობა კვლავაც ძალადობს თქვენს ცნობისმოყვარეობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ესკიმოსთა, უკაცრავად ინუიტთა, გულუბრყვილობაზე ჩუმად ხითხითებს, ზოგიერთი – ზედმეტად ჭკვიანი სახით კვლავაც აგრძელებს კითხვას. ზოგმა ამ წამს დააცემინა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, ცხვირ-პირი შეიმშრალა და კითხვა განაგრძო. ზოგს კაბინეტში ჩასთვლიმა და აღარასოდეს მოუბრუნდება ამ “ესკიმოსურ” ისტორიას შრეებში მოგზაურობის შესახებ. მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ განვჭოლავთ ერთმანეთის ყოველდღიურობას და ვმოგზაურობთ შრეებში… აი, კაბინეტში ჩაძინებულმა ბატონმაც გამოიღვიძა, მაგიდაზე ჩამოვარდნილი სათვალე გაიკეთა და განაგრძო კითხვა.
ამ ისტორიამ ძველი ქართული ზღაპრები გამახსენა, სადაც სივრცე სკნელური ტოპოლოგიითაა დაყოფილი: ზევით – ზესკნელია, ქვევით – ქვესკნელი. სადღაც გარდიგარდმო – გარესკნელი. ჯადოსნურ ხალიჩაზე ამხედრებული მეფის შვილები და ობოლი შარახვეტიები დევებს, ქაჯებს, ვირ-ეშმაკებს, გველეშაპებს ხოცავენ. სკნელების ფაქიზ და რთულ სტრუქტურას მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებით აკავშირებენ და ამ ზღაპრების მოსმენისას ჩვენი პატარებიც მათთან ერთად მოგზაურობენ, შემდეგ სიზმრებში საკუთარ სკნელეთში იძირებიან და ამბავიც თავიდან იწყება. ამბავი, რომლის ბოლოც აუცილებლად კეთილი უნდა იყოს.
აი, დღესაც ვიმოგზაურე ინტერნეტში: სალომეს ახალი “ძერსკი” მოთხრობა დაუწერია, ნი2-ნიუსი აკაკი წერეთლის კომენტარს გვთავაზობს მის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით, პარიზში ეიფელის კოშკი დაუნაღმავთ, თუ გაუნაღმავთ და ორი ათასამდე იაპონელი ტურისტი მარსის ველზე გამოუყრიათ ცხვრებივით, ქართულ ბლოგებზე კვლავ წიგნებით გარემოვაჭრეთა ბედ-იღბალი ადარდებთ, მარო მაყაშვილის დღიურების ბლოგად გარდაქმნა დაუწყიათ ჩვენებურ ghost-writer-ებს, მამაჩემი კვლავაც დაჟინებით აქვეყნებს თავის თარგმანებს ფეისბუქში, სადღაც რომელიღაც სკოლაში ფეისბუქელ პოეტთა პოეზიის საღამო იმართება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები კვლავაც გეებს დასდევენ, გეები კვლავაც ქამინგ-აუთს ერიდებიან და, ერთი სიტყვით, ძნელია მოიწყინო ინტერნეტში, რომელსაც, მე რომ მკითხო, სიტყვა “სკნელეთი” უფრო შეეფერება.
ჩვენ ყველანი ინუიტ შამანებს ვგავართ, ინფორმაციის შრეებში დაკარგულ მისნებს. ყოველი დილა ჩვენი პატარა “შრით” იწყება. შემდეგ მეზობლები იჭრებიან მასში, უდროო დროს ჩართული სიგნალიზაციით. საქალაქო ტრანსპორტი, მანქანების საცობი და სამსახურებისაკენ დაძრული ადამიანები თავიანთი პირადი პრობლემებით ეჯახებიან მას და მოქმედებაში მოჰყავთ. შემდეგ სამსახური. სამსახურში ინტერნეტი, თანამშრომლები. კვლავ ინტერნეტი. მერე მეგობრები, ოჯახი, კვლავ ინტერნეტი… შრეები, შრეები, შრეები… ჩვენ, ამ შრეებში მოგზაურობისაგან დაღლილი მგზავრები კი ვერ ვამჩნევთ, რომ ხანდახან გაჩერების და სულის მოთქმის დროა. ვჩერდებით და ცოტა ხანში ისევ უცნობ-ნაცნობი შრეებისაკენ მივემართებით, სადაც ზევით – ზესკნელია, ქვევით – ქვესკნელი, გარდიგარდმო – გარესკნელი და სიტყვა “უკანასკნელი” კი – უკანასკნელი.


