ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პირველი მოგზაურობა

with 11 comments

* * *

ეს სიბნელე მაგიჟებს. ნეტავი შევძლო და გავარკვიო სად ვარ. გარშემო ვერც სილუეტების დალანდვას ვახერხებ და ვერც სუნის გარჩევას. რა სუნია, ღმერთო ჩემო, რა გულისამრევი სუნია! გარს მივლიან. აი, წრეც შემომარტყეს. რა მძაღე სუნია! ოფლის და საცვლების, ათობით, ასობით და ათასობით უსახლკაროს ფეხის სუნთან შერეული… და ეს სიმძიმე რა აუტანლად მექაჩება ძირს, როგორც გამობმული მყრალი ლოდი. მარტო არ ვარ, დღესავით ნათელია. გარშემო ჩემნაირების თანდასწრებას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ზოგიერთის მეშინია კიდეც… ზოგი კი ამრეზით მიყურებს. ვინმე რომ გამაგებინებდეს… ხმაური მაგიჟებს. ეს ყრუ და ჯიუტი ხმაური, რომელიც ყველაფერს ახშობს და აქრობს ჩამოწოლილი ნისლივით. ნეტა შემეძლოს, რომ ამ ყველაფრის მიმართ უგრძნობი ვიყო… ნეტა შემეძლოს შეგრძნებების გარეთ განდევნა… და ეს ძაღლები, ღმერთო ჩემო, ამ ძაღლებს რაღა აყეფებს… ოჰ, როგორ გაბმულად ყეფენ საათობით… მათი აყროლებული შარდის სუნი მცემს… მთელი არსებით ვერ ვიტან მათ! ცოტა შემცივდა კიდეც. სისველე ნელ–ნელა ჩემს შიგნით აღწევს. მეშინია!

* * *

აააააააააა…!!! ეს რაღაც თავზე დამეცა! ახლაც ზედ მაწევს, მფხაჭნის და არ მეშვება, ისევ ზედ მაწევს… ღმერთო ჩემო, რა მომდის! ეს ცივი სითხე რაღაა, თან ზეთოვანი… შიგნით შემდის! რა არის? რა მომდის?! ნეტა, იმან რაღას მიმაგდო აქ  და ვიღაცეების სათრევად გამხადა… შიგნით რომ ჩააგდებინა ჩემი თავი და ასე აცემინა?! ნაბიჭვარი! ალბათ, იმ ალქაჯმა გააკეთებინა ასე… ჩემზე პირველივე წამიდან ეჭვიანობდა, როგორც კი დამინახა. რა უთხრა ნეტავ ამისთანა? რამდენი ხანი უყურებდა იმ კაბას, ნეტა ჩემთვისაც ასეთი თვალით შემოეხედა, როგორც იმ კაბას უყურებდა… იმ წაკლას, იმას!

* * *

რაღაც შეირყა. ნამდვილად რაღაც ხდება. აი, კიდევ. აი, კიდევ უფრო მაგრად, რაღაცას ვეჯახებით… რაღაც რკინის ხმა ისმის, იმაზე უფრო ძლიერი და გამაყრუებელი, აქ შიგნით რომ გაისმის. ჩემნაირებიც შეშფოთებულები ჩანან. ნეტა სად მიგვათრევენ. რას გვიპირებენ? უნდა დამეჯერებინა იმისთვის, რასაც ფაბრიკაში მიყვებოდნენ, სანამ გარეთ გამომიშვებდნენ… და რაზე ლაპარაკობდნენ? კარგად არც მახსოვს ისე… პირველ მოგზაურობაზე… ჰო, ჰო, პირველ მოგზაურობაზე… და რას ამბობდნენ, ნეტა გამახსენდეს! ნეტა, ვინმე დამეხმარებოდეს! ღმერთო გპირდები, შემეწიე და აქედან გამაღწევინე, დამეხმარე რომ გავუძლო ამ განსაცდელს და შენს სახელს ვიწამებ სამარადჟამოდ… გემუდარები, მიხსენი!

* * *

აი, უფრო და უფრო ძლიერად ყანყალებს. ნამდვილად რაღაცა მოხდება, გული მიგრძნობს. ისევ ჩაკეტილები ვართ. ჩემნაირებს შორის ცვლილებას ვამჩნევ, რაღაცისთვის ემზადებიან… ამ წყეულმა ძაღლებმა ისევ მორთეს წკავწკავი… მთელი ძალით დაეხეთქა რაღაცა… ახლა კი, ნამდვილად რაღაც მოხდა. რაღაცის ღრჭიალის ხმა ისმის. ისევ ჩაკეტილები ვართ. ეს სიმძიმე აუტანელი გახდა. სიბინძურის შეგრძნება მაქვს, სიმყრალისაც და ეს ზეთოვანი სითხეც სულ შიგნით ჩამეღვარა. ნეტა რას იფიქრებენ ჩემზე, ასე რომ მნახავენ? მაგრამ აი ისიც – სინათლე! უფალო, გმადლობ რომ შეისმინე ჩემი ვედრება! აი, ადამიანებიც გამოჩნდნენ! გვეხმარებიან. გარეთ გასვლაში გვეხმარებიან! თავისუფლები ვართ! მალე მას ვიხილავ და ვთხოვ, რომ არასოდეს მიმაგდოს ასე. ვთხოვ, რომ მაპატიოს თუ რამე შემეშალა. ყველაფერს გავაკეთებ რასაც ისურვებს. არა, გთხოვ, არა!!! ნაბიჭვარო!!! ვიღაცის ხელების ფათურს ვგრძნობ ჩემს შიგნით. ამ ნაბიჭვარმა თავისი ოფლიანი თითები შიგნით შემიყო. უფალო, რად დაუშვი, რომ მე ეს დამმართნოდა!!! წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევ. ტირილი მაინც შემეძლოს… ნეტა კიდევ მოვუნდები იმას, მას შემდეგ რაც ამ ბინძურმა თითებმა მიქნეს? ალბათ, ამასაც მე დამაბრალებს, იფიქრებს რომ ჩემი ბრალია?! ო, როგორ გაუსაძლისად იღიმება. თან მე მიყურებს და ჩემზე ამბობს, რა ლამაზიაო… ჯერ კიდევ ლამაზიაო… ჩემი ნახევარ ხელფასს დავთმობდიო, ჩემი რომ გახდებოდესო და თითებს ისევ შიგნით მიყოფს ეს მოძალადე. რაღაცას ეძებს… ნეტა მისთვის ზიანის მიყენება შემეძლოს!

* * *

აი, როგორც იქნა გარეთ ვარ. რაღაც რკინაზე მიმანარცხეს. ახლა უკეთ ვხედავ, ჩემნაირები ასამდე იქნებიან, ერთიმეორეზე დაწყობილები. იმ ნაბიჭვარმა გამხსნა და მიმაგდო. თავზე მაწვიმს. წვიმა ჩემს გულ–მუცელში აღწევს და მყრალ სითხეს ერევა, რომლითაც მანამდე გავიჟღინთე. ვყარვარ. ოოო, როგორ ვყარვარ… არადა რა ლამაზი ვიყავი და რა ახალი, ახლა კი როგორ ვყარვარ! გამახსენდა პირველ მოგზაურობაზე მოყოლილი ზღაპრები. პირველი მგზავრობის რიტუალზე. ახლა ვიხსენებ. თითქოს მოგზაურობის ყველა დემონის წყევლამ ჩვენ გვიწიაო. ეს იმიტომ რომ ყველაზე ლამაზები და ყველაზე გახსნილები ვიყავით. არადა კარგად რომ ეზრუნა ჩემზე, რომ ჩავეკეტე, პატარა კლიტე მაინც დაედო სანამ ასე მიმაგდებდა, თითქოს რაღაც არარაობა ვყოფილიყავი. ცარიელი გადასაგდებად გამეტებული არარაობა… ახლა რაღაცას გვახვევენ, მაგრამ არა უშავს… აი, დავინახე!!! ის დავინახე!!! მანაც დამინახა, ხელი მომკიდა და მომეფერა, თითქოს ბოდიშს მიხდისო… აი, ისინიც, ღმერთო ჩემო. როგორ მინდოდა მისი ხელები შემეგრძნო, თუნდაც ჭუჭყიანი, მაგრამ მისი ხელები. ნეტა შემეძელოს რაიმენაირად ავუხსნა, რომ ვეცადე დამეცვა ის, რაც მომანდო, ვეცადე… შევეწინააღმდეგე… შეუძლებელია რომ შევძულდე… შეუძლებელია, რომ ვერ გამიგოს…

* * *

– შე წაკლა, ეს ხომ ჩემი ჩემოდანია?

– მმმმ, ჰო ჰგავს.

– ეს რა მოსვლია, ამის დედაც.

ბექამ თავის ლუი ვიტონის ჩემოდანს ხელი წაავლო. მებარგულზე ბრაზობდა. არა, რატომ უნდა ხდებოდეს, რომ როცა რაიმე კარგი და ლამაზი ხდება აუცილებლად უნდა ჩაგშხამდეს ადამიანს, ან თუ რაიმე ცუდი ხდება რატომ გვაყენებს ეს ცუდ ხასიათზე, იმის მაგივრად რომ ერთმანეთს მოვეფეროთ, ერთმანეთზე ვბრაზობთ ხოლმე.

ბექამ ჩემოდანი აიღო და გაბრაზებულმა მიწაზე დაახეთქა. შემდეგ აიღო და იქვე სკამზე შემოდო.

– ნაბიჭვრები, რატოა ღია… ბოზის გაზრდილები. ჩემი ჩემოდანი გაუხსნიათ!

– რამე ამოგაცალეს?

– არა, არა… აი, ბილეთები… ხო, უსაფრთხოების ზომები მიუღიათ. კაცმა არ იცის რას ეძებდნენ… კიდევ კაი კლიტე არ გავუკეთე… კლიტესაც ხომ გამიტეხავდნენ…

– ნაღდად, რაღაც ამოგვაცალეს: შეხედე, ეს რაღაა? ზეთის ლაქა? თან დაჩხაპნილია… ხომ გითხარი, რომ ეს შენი კოსმეტიკა და რაღაცეები არ წამოიღო მეთქი…

– რამე უკეთესი ჩემოდანი უნდა გვეყიდა, რკინის და არ გაიხსნებოდა ასე. არც არაფერი ჩაიღვრებოდა.

გაბრაზებულმა ბექამ ჩემოდანი დაკეტა, ბორბლები გაუკეთა, სახელურს ხელი წაავლო და გაქაჩა, მაგრამ რაღაცამ გააჩერა, ვერ მიდიოდა. ჩაიმუხლა. ფეხებში აბლანდული თავშალი აიღო და ჩემოდანს წმენდა დაუწყო, ეს ხომ მისი პირველი მოგზაურობა იყო.

About these ads

Written by linguistuss

December 9, 2010 at 4:52 am

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩემი ჩემოდანი გამახსენდა, პრიველივე მოგზაურობას (თბილისი-სტამბული-ჰანოვერი) რომ ემსხვერპლა-ადგილზე ჩასულს გორგოლაჭები და სახელური გატეხილი დამხვდა…:)

    Solveig

    December 9, 2010 at 9:24 am

  2. ვისი მოთხრობაა?

    litterator

    December 9, 2010 at 2:34 pm

    • რომელიღაცა იტალიური ბლოგ–პოსტის თარგმანია, ავტორი არ ვიცი ვინაა :)

      linguistuss

      December 9, 2010 at 2:54 pm

      • მე შენი დაწერილი მეგონა . . . თარგმანი არც მიგრძვნია :)

        litterator

        December 9, 2010 at 3:13 pm

        • მე აშკარად ვიგრძენი :)
          2 ვარიანტი იყო: ან თარგმნა, ან ვახოს ვკარგავდით :))

          p. s. იტალიაში ბექა? არ ველოდი.

          upiratesi

          December 9, 2010 at 6:37 pm

  3. მე მივხვდი თარგმანი რომ იყო . ქართულ პოსტს არ გავდა

    tornike12

    December 10, 2010 at 10:21 pm

  4. გადაუღე! ეს ვერ მივხვდი ოღონდ ახალი გაკეთებულია ამ საიტზე რა არის ?

    tornike12

    December 10, 2010 at 10:24 pm

    • ეგ არის ე.წ. qr code მობილური გჭირდება, რომელიც შიფრავს barcode-ს :) ისე გადაღებას აზრი არ აქვს :). Qr code რა არის ეგ გუგლში ნახე ))

      ლიბიკა სილვესტრის

      December 10, 2010 at 11:03 pm

  5. აა გადაუღეე მობილურით ? გასაგებიაა

    tornike12

    December 11, 2010 at 1:33 am

    • სკანირება უფროა ეგ, ვიდრე გადაღება :) ჩემს მობილში ასეა, ყოველ შემთხვევაში

      ლიბიკა სილვესტრის

      December 11, 2010 at 1:44 am

  6. სკანირება უფროა ეგ, ვიდრე გადაღება :) ჩემს მობილში ასეა, ყოველ შემთხვევაში

    Nona Mills

    December 22, 2010 at 10:31 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 169 other followers

%d bloggers like this: