ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘ენები’ Category

აზროვნების განსხვავებულობისა და ენების სწავლის შესახებ

with 5 comments

abdindded

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მრავალი ენის შესწავლა ვცადე და თითოეული რაღაც დონეზე ვისწავლე. იაპონურში მხოლოდ ჰირაგანას და კატაკანას ასოები, რამდენიმე ათეული იეროგლიფი და რამდენიმე ფრაზა მახსოვს (აი, დაახლოებით ასეთი ცოდნა მაქვს თურქულში, სპარსულში, ესპერანტოში და სხვებში :დ). არაბულში შემიძლია ლექსიკონის დახმარებით უცნობი ტექსტის თარგმნა, რაღაც მარტივი ფრაზების გაგება და ვარ ბედნიერი. იტალიურში უფრო მეტი შემიძლია: ვრცელი ტექსტების კითხვა, მოსმენა და დამტვრეული საუბარი. ფრანგულში 2005 წელს DALF-ის დიპლომი ავიღე, რაც იმას ნიშნავს რომ ოდესღაც კარგად ვიცოდი და მერე რა, რომ ისე აღარ ვიცი როგორც ოდესღაც, ლიტერატურას ვკითხულობ და ფილმებს ვუყურებ, ჰოდა საკმარისია. ახლა კი გერმანულს ვსწავლობ, ვინაიდან მჭირდება და იმედი მაქვს მალე ვისწავლი…

წინა აბზაცში განზრახ გამოვტოვე რუსული და ინგლისური ენები, ვინაიდან ეს ორი ენა არც არასოდეს მისწავლია (ხანმოკლე ინტერვალებს თუ არ ჩავთვლით სკოლაში და უნივერსიტეტში) და არც არასოდეს მქონია პრეტენზია, რომ რომელიმე მათგანის გრამატიკა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მისაღებად და ადამიანებთან საკომუნიკაციოდ ბოლო ორი წელია ჩემთვის ეს ორი ენაა არსებითი. უფრო მეტიც ეს ენები ჩემთვის არალოგიკურ სისტემად რჩება და არ მესმის ამდენი გამონაკლისის პირობებში, როგორ არის შესაძლებელი ვინმემ ისინი გრამატიკის საშუალებით ისწავლოს. ჰოდა, რადგან არ მესმის, არც არასოდეს ვეცდები გაგებას. ამ ქვეყნად კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება, ამაზე დრო რომ არ დავხარჯო.

უცხო ენების შესასწავლად ჭკვიანმა ბიძიებმა და დეიდებმა მრავალი მეთოდოლოგია შექმნეს. საინტერესოა, რომ ორი ნებისმიერად აღებული მეთოდოლოგია როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისან: ზოგი დიალოგებზეა ჩაციკლული და აქცენტს კომუნიკაციაზე აკეთებს, ზოგი გრამატიკის სავარჯიშოებით ღუნავს ტვინს, ზოგი პატარ-პატარა ტექსტებით ცდილობს ფონს გასვლას… საერთო ჯამში თუ ადამიანი მოიწადინებს ენის ინდივიდუალურად შესწავლას ძალიან დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდება ვინაიდან ვერ გაიგებს რითი დაიწყოს, როგორ დაიწყოს და რა აკეთოს.

სწორად ამის გამო შევეცდები ოდნავ მაინც მოვფინო ნათელი იმ ქაოსს თუ რატომ არსებობს ამდენი მეთოდოლოგია და რატომ იჩემებს თითოეული ერთადერთი ჭეშმარიტი მეთოდოლოგიის შემქმნელობას. საქმე იმაშია, რომ სწავლა  არ არის სწორხაზოვანი პროცესი. ხელოვნური ნეირონული ქსელების სპეციალისტები ამბობენ, რომ რაღაცის სწავლის დროს სავარჯიშოების კეთებით, გრამატიკის წესების გააზრებით, დიალოგების ზუთხვით და ა.შ. ტვინის ნეირონები ისე იმუხტებიან, რომ როგორც კი უცნობი აზრის გამოთქმა მოგინდებათ ადეკვატური ინფორმაცია გამოდის სამეტყველო აპარატიდან, ან პირიქით შედის ტვინში ყურების გავლით.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ტვინის ნეირონული ქსელის ზედმიწევნით ზუსტი არქიტექტურა. ადამიანებმა ბოლო ორი ათას ექვსასი წლის განმავლობაში რაღაცის გაგება მაინც მოახერხეს იმ ფენომენის შესახებ რასაც აზროვნება ჰქვია და რასაც ძვ. ბერძნები „ლოგიკას“ ეძახდნენ. საინტერესო ისაა, რომ აზროვნების სხვადასხვა ტიპი არსებობს, სწორად ამან განაპირობა უცხო ენების შესასწავლი მეთოდოლოგიების ნაირგვარობა. თუმცა უხეშად რომ ვთქვათ აზროვნების და მსჯელობის ყველა ტიპი შეიძლება მოკლედ ასე განვიხილოთ: ჩვენ გვაქვს მოცემული ნაცნობი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც უნდა გავიგოთ უცნობი ინფორმაცია.

აზროვნების ტიპების განსხვავების დასანახად მოდით მაგალითები განვიხილოთ: 1) ჩვენ გვეუბნებიან, რომ მესამე რაიხში არის მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომლის თანახმადაც ყველა ებრაელს უნდა ეკეთოს დავითის ვარსკვლავი. შესაბამისად თუ ჩვენ ვიმყოფებით მესამე რაიხში და ვხედავთ დავითისვარსკვლავიან ადამიანს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ებრაელია 2) ჩვენ მოვხვდით მესამე რაიხში და ვხედავთ, რომ ზოგიერთ მაცხოვრებელს უკეთია დავითის ვარსკვლავი და მათ შორის ვისაც ვკითხეთ, გვითხრა რომ ებრაელია. ჩვენ ვასკვნით, რომ მესამე რაიხში დავითის ვარსკვლავი ებრაელებს უკეთიათ 3) ჩვენ მოვხვდით მესამე რაიხში და აღმოვაჩინეთ, რომ დავითის ვარსკვლავი უკეთიათ მხოლოდ ებრაელებს. ჩვენ გამოვთქვამთ ჰიპოთეზას, რომ ეს ნაციონალ-სოციალისტებმა იმიტომ გააკეთეს, რომ ებრაელები გამოერჩიათ ვიზუალურად და შესაბამისად დავითის ვარსკვლავის ტარება შემთხვევითი არ არის, შესაბამისად ყველას ვისაც უკეთია დავითის ვარსკვლავი არის ებრაელი, ჩვენი ჰიპოთეზის შესაბამისად.

ზემოთ განხილული სამ შემთხვევას ლოგიკაში: 1) დედუქცია 2) ინდუქცია 3) აბდუქცია ეწოდებათ. საინტერესოა, რომ სწორად მათ შორის განსხვავებები განსაზღვრავს უცხო ენების შემსწავლელი მეთოდოლოგიების რაობას. ასე მაგალითად წიგნები, სადაც ჯერ გრამატიკას გასწავლიან, წესს განგიმარტავენ და შემდეგ გაჩვენებენ, როგორ მოარგოთ ეს წესი კონკრეტულ შემთხვევას დედუქციურ მსჯელობაზე დგას. წიგნები, სადაც ბევრი დიალოგის ტექსტს გაზეპირებინებენ, წესების მინიმალურ რაოდენობას, ან საერთოდ არ გიხსნიან და სწავლის პროცესში თქვენ თავად ხვდებით ენის შინაგან სტრუქტურას, გრამატიკულ წესებს და თავისებურებებს – ეს ინდუქციაა. აბდუქციის შემთხვევაში კი გრამატიკა და ტექსტები პარალელურად მიდის, ოღონდ ისე რომ წესებს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გეუბნებიან პოსტ-ფაქტუმ, რათა ნათელი მოჰფინონ თუ რატომაა ეს ფრაზა ასე და არა ისე.

ერთი კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: ყველას ვისაც გერმანულის ანა-ბანის სწავლა განუზრახავს აუცილებლად ისწავლიდა მისალმებებს: Guten Morgen, Guten Abend, Guten Tag და (!) Gute Nacht. ეს უკანასკნელი რატომაა Gute და არა Guten თავიდან არავინ გვეუბნება და ოდესმე, როცა ზედსართავების ბრუნებას და არსებითი და ზედსართავი სახელების შეწყობის წესებს ვსწავლობთ, მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები (ეს აბდუქციაა). ინდუქციის შემთხვევაში არავინ არაფერს გვეუბნება, ვიზეპირებთ ყველა შემხვედრ ზედსართავს და არსებითს მოცემულ დიალოგებში და ერთ მშვენიერ დღეს შვილებსაც ასე ვასწავლით: „Gute Nacht-ში ბოლოში “n” არ უნდა მეთქი და მორჩა!“ – დედუქციის შემთხვევაში კი ჯერ წესებს ვსწავლობთ და მერე ყველაფერი მარტივია.

ჰოდა, ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ ადამიანებს ებადებათ კითხვა: რომელი მიდგომაა უკეთესი? – პასუხი ამ შემთხვევაში არის შემდეგი: გააჩნია ვისთვის! – ზოგი ადამიანისათვის აზროვნების ბუნებრივი ფორმა ინდუქციაა, ზოგისთვის აბდუქცია და ზოგისთვის კი – დედუქცია (ამ უკანასკნელებზე ამბობენ, რომ ფორმულებით და სქემებით აზროვნებს :დ), შესაბამისად მეთოდოლოგია ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული და ერთი მარტივი რაღაც უნდა გვახსოვდეს: ყველა მეთოდოლოგია ყველა ადამიანზე არ მუშაობს და სანამ ენის შესწავლას დააპირებთ ჯერ ის დაადგინეთ აზროვნების რომელი სახესხვაობაა თქვენთვის ყველაზე ახლობელი და ამის შემდეგ შეარჩიეთ სახელმძღვანელო.

პატრიოტული სიმღერა ბანჯგვლიან ბოზებზე

with 7 comments

გუშინ ეკა კვესიტაძის “აქცენტებს” ვუყურე. შეკრებილი ბატონები ცდილობდნენ ერთმანეთი დაეწმუნებინათ, რომელი სჯობს, ჩვენს შვილებს ინგლისური ვასწავლოთ, რუსული, თუ საერთოდ სუაჰილი, ან არაბული. ამ პრობლემატიკაში ვიყავი ჩაძირული, რომ ერთი სიმღერა ამეკვიატა. თქვენც გექნებათ მოსმენილი. ბავშვები რომ დგანან ერთ მწკრივად და მხოლოდ “бляди, бляди, бляди” რომ ისმის და მეტი არაფერი. ჰოდა, ძალიან მოსაწყენი საუბარი რაიმე სახალისოთი რომ დამებალანსებინა ამ სიმღერის პირველწყაროს ძებნა დავიწყე. ასეთ სეანსებს გუგლთან ჭიდილს ვეძახი. თან თუ საძიებო მასალა არატრივიალურია, პროცესი ერთ სიამოვნებად იქცევა ხოლმე.

გამახსენდა, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ეჭვი მაქვს არაბულად მღერიანო, თუმცა რაღაც ჩემთვის უცნობ დიალექტზეო, მაგრამ ფაქტია, რომ მისამღერი არის بلادي بلادي يا بلادي (ბილადი, ბილადი, ია ბილადი), რაც არაბულიდან ითარგმნება, როგორც “ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ”. ამ თეორიის შემოწმება დავიწყე და როგორც მინიმუმ ათი სიმღერა ვიპოვე, რომელიც ასე იწყება, მათ შორის ერთ–ერთი ეგვიპტის ამჟამინდელი ჰიმნია. ბოლოს, როცა მივხვდი რომ ევროპულ ენებზე ძებნა უშედეგო იყო. ბრმად დავიწყე არაბულენოვან ინტერნეტში ხელის ცეცება.

ძებნა–ძიება წარმატებით დასრულდა და ისრაელის სუპერ–მეგა–პუპერ შოუ “არავიზია” ვიპოვე, რომელიც სინამდვილეში პოლიტკორექტულობისათვისაა შექმნილი და თელ–ავივის, ჰაიფას, ბეერშევას და კიდევ სხვა ქალაქების არაბულენოვანი მოსახლეობის წასახალისებლად გადის ეთერში. შოუში მონაწილეები ერთმანეთს არაბულად (ისრაელის ორიდან ერთ–ერთ სახელმწიფო ენაზე) ეჯიბრებიან, გადაცემას კი სუბტიტრები ახლავს თან ივრითზე. ერთი სიტყვით ვერც ერთი ინგლისურენოვანი საიტი ვერ ვიპოვე ამ შოუსი.

გუგლ–თრანსლეითისა და ჩემი მწირი არაბულის არცთუ სახარბიელო ცოდნის საშუალებით შემდეგი რამ გავარკვიე: პატრიოტული სიმღერის (بلادي – ბილადი) ტექსტი დიდ პალესტინელ პოეტს იბრაჰიმ ტუკანს დაუწერია, სადაც არაბული პოეზიისათვის დამახასიათებელი მეტაფორულობით ხოტბაა შესხმული პოეტის მშობლიური თვალწარმტაცი სანახებისადმი. ეს სიმღერა ჩვენებური “ჩემო კარგო ქვეყანის” არაბული ვარიანტია, რომელიც ზემოხსენებულ არავიზიაზე წარუდგენია მუსიკალურ კოლექტივს, “ფერასს”.

ვინ იფიქრებდა, რომ ეს ქმნილება ინტერნეტს დაიპყრობდა. მსგავსი კლიპები არასოდეს ხდება ხოლმე მილიონიანი პუბლიკის განსჯის საგანი. აი, ხომ წარმოუდგენელია ზუკაკო ამყოლაძის “დნნ–დშნ” მსოფლიო მეგა–ჰიტად რომ ქცეულიყო და youtube-ში რამდენიმემილიონიანი რეიტინგი რომ ჰქონოდა?! თუმცა, ჩვენი ჩრდილოელი “ძმები” უსაქმოდ არ დარჩნენ და ამ “бляди, бляди”–ის შესაბამისი ტექსტიც დაადეს. სწორად აქედან დაიწყო მსვლელობა რუსულენოვან ინტერნეტში  კლიპმა “ბანჯგვლიანი ბოზების” (Мохнатые бляди) შესახებ.

თქვენ იკითხავთ კვესიტაძის “აქცენტები” რა შუაშიაო! – გიპასუხებთ. მანამ სანამ რიგით ქართველს ამ სიმღერის მოსმენისას “Мохнатые бляди” ჩაესმის, ამაოა ლაპარაკი ინგლისური ენის დომინანტობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არაბულს ვეჭიდავები წელიწადზე მეტია და ვიცი, რომ بلد (ბალად) ქვეყანაა და بلاد (ბილად) მისი მრავლობითი და ბოლოკიდურა ي (ი) კი პირველი პირის კუთვნილებითი ნაწილაკი, მაინც ეს “ბანჯგვლიანი ბოზები” ჩამესმის და ჩემდაუნებურად მეცინება. ჯერ–ჯერობით ვერ ვიპოვე ქართველი, რომელსაც ამ სიმღერის მოსმენისას სახეზე ღიმილი არ ეფინება, როცა ვიპოვი დავიჯერებ რომ ინგლისურმა ჩვენს თავებში რუსული დაამარცხა, მანამდე არა!

Written by linguistuss

October 25, 2010 at 2:26 pm

ადამ ჯეიქოთ დე ბოინოს წიგნები

with 15 comments


ერთი ძალიან კარგი წიგნი ჩამივარდა ხელთ. უფრო სწორად სამი წიგნი ერთ დიდ ელექტრონულ წიგნად. მისი ავტორი ბრიტანელი ლინგვისტი ადამ ჯეიქოთ დე ბოინო გახლავთ. ეს ადამიანი ერთი უცნაური საქმიანობითაა დაკავებული – უცნაურ სიტყვებს აგროვებს. აი, დაახლოებით ისეთ სიტყვებს, რომელთა გაგებასაც მთელი კულტურის გააზრება სჭირდება. იმ კულტურის, რომლის წიაღშიც შეიქმნა ესა თუ ის სიტყვა. ჰოდა, ჩავუჯექი ამ წიგნებს. ამონარიდებს ნელ–ნელა შემოგთავაზებთ ხოლმე… ელექტრონულ წიგნს კი არ დავდებ :)

Written by linguistuss

October 17, 2010 at 3:08 am

იაპონური იეროგლიფების ანაბანა

with 17 comments


ამ ათიოდე წლის წინ, უფრო ზუსტად 8 წლის წინ განვიზრახე იაპონურის შესწავლა. დიდი შემართებით შევუტიე და… შედეგად 80 იეროგლიფი, კატაკანა, ჰირაგანა და რამდენიმე ასეული სიტყვა ვისწავლე ცოტა გრამატიკასთან ერთად. ვინც არ იცის იმის გასაგონად ვიტყვი, რომ იაპონური დამწერლობა შედგება საკუთრივ იეროგლიფებისაგან, რომელსაც იაპონელები კანძის უწოდებენ და ორი მარცვლოვანი ანბანისაგან, ჰირაგანასგან და კატაკანასგან, რომელსაც ერთად კანას უწოდებენ. თითოეულს ამ სამიდან თავისი დანიშნულება აქვს: იეროგლიფებს სიტყვების ფუძეების ჩასაწერად იყენებენ, ჰირაგანას ფლექსიების (თავსართ–ბოლოსართების) და სხვადასხვა ნაწილაკების დასაწერად და კატაკანას კი უპირატესად ევროპული წარმოშობის სიტყვების გამოსახატავად ხმარობენ.

ჰირაგანა და კატაკანა, ჩინეთიდან შესული იეროგლიფების გამარტივებული ნაირსახეობებია, ამიტომაც ჰქვია იეროგლიფებს კანძი, ანუ ჩინური სიმბოლოები იაპონიაში, ვინაიდან ისინი მათი არ არის. აი, ჰირაგანა და კატაკანა კი მათი საკუთარი გამოგონებაა და სწორად ეს ორი ანბანი მატებს იაპონურ დამწერლობას იმ ეშხს, რომელიც ჩინურს არ გააჩნია (ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა). სრული ორი წელიწადი მეყენა ვოლპეიპერად (რა საშინელი სიტყვაა!) ეს 80 იეროგლიფი, ჰოდა დღეს ძველი ნაცნობების გახსენება მოვისურვე და თითოეულ მათგანს როგორც ძველ მივიწყებულ ახლობელს ისე შევხვდი, ამიტომაც იყოს აქ… შემოვალ ხოლმე თვალს შევავლებ. ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ჩემი ბლოგია?!

Written by linguistuss

July 13, 2010 at 10:00 pm

I love this game!

with 6 comments

1994 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ლინგვისტმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, სტივენ პინკერმა დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი “ენის ინსტინქტი” (The Language Instinct), რომელსაც ახლა ვკითხულობ და გზადაგზა საინტერესო ამონარიდებს დავდებ ხოლმე:

ლინგვისტმა ჯოან ბრესნანმა ამასწინათ დაწერა სტატია, რომელიც ბანტუს ჯგუფში შემავალი ენის, კივუნჯოს კონსტრუქციებს შეეხებოდა. ამ ენაზე კილიმანჯაროს მთის ფერდობზე დასახლებული ადამიანები საუბრობენ ტანზანიაში. სტატიაში ავტორი შეეცადა შეედარებინა კივუნჯოს ენობრივი კონსტრუქციები ინგლისური ენის კონსტრუქციებისათვის. ნიმუშად მან მიცემითი ბრუნვა, ანუ დატივი აიღო. მიუხედავად იმისა, რომ მიცემითი ბრუნვა ინგლისურ ენაში არ გვხვდება ნატურალური ფორმით, როგორიც ეს ლათინურში, ან გერმანულშია მისი დამზერა მაგალითად შესაძლებელია ფრაზებში: She baked me a brownie და He promised her Arpège (მან გამომიცხო შოკოლადის ღვეზელი და იგი დაჰპირდა მას დაეკრა პიანინოზე), სადაც ირიბი დამატება, როგორიცაა me და her მოსდევს ზმნას და მიუთითებს რაზე, ან ვიზეა მიმართული მოქმედება. შესატყვისი კონსტრუქცია კივუნჯოს ენაზე გადმოიცემა ე.წ. “აპლიკატივით”, რომელსაც ინგლისურის მიცემით ბრუნვასთან ჯოან ბრესნანის აზრით იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც ჭადრაკს აქვს შაშთან. ეს კონსტრუქცია კივუნჯოს ენაში მთლიანად ეტევა ზმნის შიგნით და გააჩნია შვიდი წინსართი და სუფიქსი, ორი გვარი და თოთხმეტი დრო. შემასმენელი ეთანხმება ქვემდებარეს და დამატებას და იმ არსებით სახელებს, რომლებზეც ვრცელდება მოქმედება, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს თექსვსმეტი სქესის… თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვა, თუ საიდან მოვიდა თექვსმეტი სქესი, განვმარტავ, რომ ამ სიტყვას, სქესს (sex) არანაირი კავშირი არ აქვს ტრანსვესტიტებთან, ტრანსსექსუალებთან, ჰერმაფროდიტებთან და არც იმ ორი სქესიდან ერთ–ერთთან, რომელსაც მიეკუთვნება ამ წიგნის მკითხველი. ლინგვისტისათვის სიტყვა “სქესი” თავისი პირვანდელი მნიშვნელობით აღნიშნავს უფრო ზოგად კატეგორიას, ტიპს და ბანტუს ჯგუფის ენებში ისინი გამოიყენება ადამიანის ტიპის ობიექტების, ცხოველების, დაშორებული ობიექტების, ნივთების ჯგუფში შემავალი ობიექტების და სხეულის ნაწილების მიმართების დასახასიათებლად. უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ მრავალ ევროპულ ენაში გრამატიკული “სქესი” შეესაბამება სქესს, რის გამოც ლინგვისტური ტერმინი “სქესი” მოხერხებული საშუალება გახდა ენათმეცნიერთათვის ენაში სექსუალური ვარიაციულობის აღსანიშნავად, ხოლო უფრო კონკრეტული ტერმინი, “sex” (სექსი), დღესდღეობით იხმარება სქესობრივი კავშირის დელიკატურ ევფემიზმად. სხვა საინტერესო ენობრივ კონსტრუქციებს შორის, რომელიც მე შევნიშნე ე.წ. პრიმიტიული ხალხების ენების გრამატიკებში, ძალიან მოხერხებულად მეჩვენება ჩეროკის ინდიელთა ენაში ნაცვალსახელების რთული სისტემა, სადაც ხდება გამორჩევა “შენ და მეს”, “სხვა ადამიანს და მეს”, “რამდენიმე სხვა ადამიანს და მეს” და “თქვენ ერთ, ან რამდენიმე სხვა ადამიანს და მეს” შორის, რომლებსაც ინგლისურ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაცვალსახელი – We (ჩვენ) შეესაბამება.

აი, ამ კონსტრუქციების მრავალფეროვნების გამო მომწონს უცხო ენები. ყოველ ასეთ ფაქტთან წაწყდომა ჩემთვის ჯერ აღმოჩენად იქცევა ხოლმე და შემდეგ მასთან შეჩვევა და მისი შესაძლო გამოყენება ჩემს თვალსაწიერს აფართოებს. მაგალითად არაბულ ორობით ბრუნვას ახლაც ვერ მივეჩვიე მთელი არსებით და როცა მინდა ვთარგმნო “ორი მეგობარი წავიდა” ყოველთვის მრავლობით რიცხვს ვიყენებ, მერე მახსენდება რომ “მეგობარი” უნდა იყოს ორობით რიცხვში და “წავიდაც” ორობით რიცხვში, ამასთან “ორი” არ გამოიყენება, ორობითის სუფიქსი განსაზღვრავს მათ რაოდენობას! I love this game!

Written by linguistuss

April 7, 2010 at 2:30 am

Perfectionnement Italien

with 4 comments


მსურს გაგიზიაროთ გამომცემლობა Assimil-ის იტალიურის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე საშუალო დონეზე ფლობს იტალიურს. წიგნს მოყვება აუდიო მასალა. ყველაფერი ერთ ფაილშია დაარქივებული და ატვირთულია ქართულ სერვერზე.

გამომცემლობა  Assimil-ის შესახებაც ვიტყვი ორ სიტყვას. ამ გამომცემლობას უამრავი ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო აქვს გამოცემული, ლათინურიდან დაწყებული სუაჰილით დამთავრებული. ეს სერია გამოირჩევა თავისებური მეთოდით და მიდგომით, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს.

ამ გამომცემლობის წიგნებს თარგმნიან მრავალ ენაზე. მაგალითისთვის ნანახი მაქვს ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად და რუსულად. შესაბამისად ვინმე თუ ითავებს და ქართულადაც დაიწყებს ამ წიგნების თარგმნას ურიგო არ იქნება, ვინაიდან ფრანგული ყველამ არ იცის…

ეს წიგნი იდეალური შემთხვევაა მათთვის, ვინც ორივე ენა იცის, ფრანგულიც და იტალიურიც და სურს გაიღრმავოს ცოდნა, ან აღიდგინოს წარსულში შეძენილი ცოდნა. დიალოგები იმდენად ცოცხალი და თვითმყოფადია, დატვირთული იდიომებითა და ფრაზეოლოგიზმებით, რომ მხოლოდ მათი მოსასმენა ღირს ერთ რამედ…

გადმოწერა (allshares.ge)
გადმოწერა (up.jeje.ge)

Written by linguistuss

November 25, 2009 at 11:47 am

არაბულის ფაქიზი შარმი

with 7 comments

arab
არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც არაბულით დავინტერესდი. ვინც ჩემს ბლოგს თვალყურს ადევნებს ემახსოვრება ჩემი ადრეული პოსტები, სადაც ჯერ კიდევ კითხვას ვსწავლობდი. ბოლო დროს ახალი გასართობი მაქვს – არაბული კლავიატურა ვისწავლე, როგორც იქნა, და უკვე შემიძლია სავარჯიშოების გაკეთება და მარტივი ტექსტების წარმოება არაბულ ენაზე, რაც ტექსტებში მოცემული თარგმანებით შემოიფარგლება. აღმოვაჩინე, რომ გამიათკეცდა ამ ენით დაინტერესება, არადა, კაცმა რომ თქვას, რა მოხდა, აკრეფა ვისწავლე, მეტი ხომ არაფერი?! რათა ზედმეტი შეკითხვები არ დარჩეს, აქვე განვმარტავ, რაც მოხდა ერთი მაგალითის ფონზე… ერთ–ერთ ტექსტში მოცემული იყო სავარჯიშოები, სადაც  ახალი სიტყვები უნდა ჩამესვა და მერე წერილობით პასუხი გამეცა. ძირითადად, როცა რაიმე ახალი სიტყვა მხვდება ბარანოვის ლექსიკონში, ან lessan.org-ზე ვნახულობ ხოლმე, თუმცა ერთმა ტექსტმა ნერვები მომიშალა:

arab2

ზემოხსენებულ ტექსტზე ჩემს მუდარისას, ანუ არაბულის მასწავლებელს განვუცხადე ჩემით გავარჩევ და რასაც მთხოვენ თავად გავართმევ თავს მეთქი და დაიწყო! თან პრობლემა ის არის, რომ ყველა სიტყვა, რაც გავიარეთ ასე თუ ისე მახსოვს და თუ არადა ვიხსენებ, მაგრამ როცა ტექსტში პირველად მხვდება საეჭვო წარმომავლობის სიტყვა, ან ფრაზა მაშინ იწყება თავის ტკივილი. თან პრობლემას ის ქმნის, რომ მოკლე ხმოვნები არ წერია და გიწევს მარჩიელობა. პირველ ხაზგასმულ ფრაზაში იმან მიშველა, რომ სახელი “რალფი” ამოვიკითხე და მერე ვიკიპედიაში მოვძებნე, ვიღაც რალფ ნადერი ყოფილა არაბული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკოსი. უფრო ქვემოთ “შუქულათა” მივხვდი, რომ შოკოლადი იყო, მაგრამ მის გვერდით ხაზგასმული “ალ–ბითიზაა” კარგა ხანს ვეძებე ლექსიკონებში. ვერსად რომ ვერ ვნახე, მერე გუგლში ჩავწერე და მადისმომგვრელი პიცა რომ შემეფეთა პირველივე სურათში, მივხვდი რომ “ალ–ბითიზაა” არაბულად “პიცა” ყოფილა! ძალიან სახალისო იყო “ბინაია იმბაირ სთაით”–იც. თუმცა ეს არსად არ მიძებნია, უმალვე მივხვდი, რომ “ემპაია სთეით ბილდინგ”–ზე იყო საუბარი, სულ ქვემოთ ხაზგასმული “ფლურიდაა”–ც ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ სულ ბოლო ხაზზე ბოლო ორი სიტყვა, რომლის ხაზგასმაც დამავიწყდა – “ალ–ვილაიაათ–ულ–მუთთაჰიდა” იყო საბოლოო აკორდი. ბოლოს ამაშიც ვიკიპედიამ მიშველა და, როგორც აღმოჩნდა, “შეერთებული შტატები” ყოფილა ეს “ვილაიათ მუთთაჰიდა”!

ყოველ ახალ ტექსტზე სულ ვიძახი, რომ ვა, ეს რა საინტერესოა, აი ამაზე უნდა გავბლოგო და მერე მავიწყდება ხოლმე. დღესაც ასე დამემართა, როცა აღმოვაჩინე, რომ ქართული მივიწყებული სიტყვა “ხასა”, რომელსაც საყვარლის მნიშვნელობით ხმარობდნენ ჩვენი მამა–პაპანი და სიტყვა “ხასიათი” ორივე არაბული წარმომავლობისაა და ერთი ძირიდან მომდინარეობს. პირველი არაბულში ზედსართავია და “პირადულს” ნიშნავს, მეორე კი – “გამორჩეულობას”… მსგავსი მაგალითები ბევრია, თუმცა მათზე შემდეგ პოსტებში, სხვა დროს ვისაუბრებ…

Written by linguistuss

October 4, 2009 at 1:13 am

ჰაფანანა

with 10 comments

უკანასკნელ ხანს ჯონ მაქსველ კუტზეეს პროზით დავინტერესდი. ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი, რომ იგი სამხრ. აფრიკელია, თუმცა ამჟამად ავსტრალიის მოქალაქეა. გამოირჩევა პოსტ–აპარტეიდის ეპოქის სამხრ. აფრიკის მწვავე პრობლემების გაშუქებით, რაც 2003 წელს დაუფასეს კიდეც ნობელის პრემიით. სულ ორი წიგნი წავიკითხე ჯერ მისი შემოქმედებიდან. კითხვის პროცესში უცნაურ და უცნობ სამყაროში ჩავიძირე, სადაც ფულს რანდა ჰქვია, შავკანიანები უცნაურ ენებზე საუბრობენ და თეთრკანიანებს მორალს უკითხავენ, სადაც რამდენი ადამიანიცაა იმდენი წეს–ჩვეულებაა და ა.შ. ერთი სიტყვით ძალიან გამიტაცა კუტზეემ. მისი ერთ–ერთი რომანის ეკრანიზაციის, Disgrace–ის (ქართულად “პატივის აყრა”) ნახვის შემდეგ ასეთი რამ დავწერე ერთ–ერთ ფორუმზე, სადაც ირმა იანტბელიძეს ვუხდიდი მადლობას ამ ფილმის რჩევისათვის:

ახლა ვუყურე Disgrace-ს. ტყუილად არ მიუციათ ჯონ მაქსველ კუტსისთვის ნობელი 2003–ში. ძალიან ღრმა მწერალი ჩანს. მისი ეს სიღრმისეულობა ფილმში ესთეტიური ხერხებითაა გადმოცემული და ზედაპირზე ერთი შეხედვით არ ჩანს. გამიკვირდა როგორ მოახერხა მწერალმა რამდენიმე ეთიკური საკითხის ორი მხარის ჩვენება, სადაც მოქმედება კარგის და ცუდის მიღმა ხდება, როცა ერთს აკვირდები მეორე არ ჩანს, როცა მეორეს უყურებ – პირველს ვერ აცნობიერებ. მიყვარს მწერლები, რომლებიც შეკითხვებს სვამენ და თავად არ პასუხობენ მათზე, უფრო მეტიც არ ცდილობენ ამის გაკეთებას. რომელი უფრო ეთიკურია ძაღლის მკვლელობა მხოლოდ იმის გულისათვის, რომ მას პატრონი არ ჰყავს, თუ საკუთარი შვილისთვის შეთავაზება აბორტი გაიკეთოს, მხოლოდ იმისათვის რომ მისი გოგოს მომავალი ბავშვის მამამ მისი გოგო გააუპატიურა. რომელი უფრო ეთიკურია ოლიმპიური სიმშვიდით გააუპატიურო შენი სტუდენტი და არ გრძნობდე დანაშაულის გრძნობას და ამ საქციელს ეროტის სამსახურს უწოდებდე, თუ უყურო როგორ აუპატიურებენ შენს საკუთარ შვილს, რომელსაც პირველი ქორწინების ნარჩენს უწოდებ და ამავდროულად არაფრის გაკეთება არ შეგეძლოს და როცა რაღაცის გაკეთება შეგიძლია იძულებული ხარ დათანხმდე იმას, რომ ეს გაუპატიურება კი არა – ვალის გადახდა იყო, იმ ვალისა რაც თეთრკანიანებს სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებისა მართებთ… რაღაც ძალიან ჩახლართული ისტორიაა ადამიანის შესახებ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მაინც არ დაკარგა უმთავრესი თავისუფლება, ამ სიტყვის ყველაზე ეგზისტენციალური გაგებით, როცა საკუთარი თავის ბატონ–პატრონი ხარ და ღირსებააყრილ მდგომარეობაში შეგიძლია უყურო ადამიანებს, რომლებსაც ეს ღირსება არასოდეს ჰქონიათ… ჰო, მძიმე მაგრამ ძალია სასარგებლო ფილმი იყო, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი წიგნს თუკი ასეთს სადმე მივაკვლიე. დიდი მადლობა ირმა კიდევ ერთხელ!

შავკანიანებისა და თეთრკანიანების ურთიერთობის თემა ლაიტმოტივად გასდევს კუტზეეს შემოქმედებას, სწორად ამ ურთიერთობაზე მსურს დღეს საუბარი ერთი კონკრეტული სიმღერის ფონზე, ამიტომ კუტზეეს მოვეშვები, თუმცა მის მშობლიურ მიწას, სადაც იგი შვეს, გაზარდეს და ისრები ასროლინეს, არ მივატოვებ…

სამხრეთ აფრიკა ისეთივე შეკოწიწებული სახელმწიფოა, როგორც მრავალი სხვა ჩვენს ცისფერ პლანეტაზე. შავი კონტინენტის სამხრეთში დასახლებულ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებს დღესდღეობით ინგლისური აკავშირებს, უწინ კი თეთრკანიანი კოლონიზატორები აერთიანებდათ. ეთნიკური სიჭრელე ენების ხვავრიელობასაც გულისხმობს, ამიტომაც არცაა გასაკვირი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 11 სახელმწიფო ენა რომ არის, რამე რომ არ შემეშალოს მათ დასახელებებს ლათინურ ანბანზე ჩამოვწერ: Pedi, Sotho, Tswana, Swazi, Venda, Tsonga, Afrikaans, English, Ndebele, Xhosa, Zulu. ერთ–ერთის შესახებ ოდესღაც დავწერე კიდეც, მირიამ მაკებაზე და წკლაპუნა თანხმოვნებზე რომ მქონდა საუბარი.

დღეს მეორე მათგანზე ცონგაზე, იგივე შანგაანზე ვისაუბროთ. გარდა სამხრ. აფრიკისა ცონგაზე საუბრობენ მოზამბიკში და სვაზილენდში. სულ ჯამში სამი მილიონი ადამიანი მოიძებნება ასეთი. ძალიან ბევრი ვეძებე და ინტერნეტში ამ ენის შესახებ ვერც ლექსიკონი მოვიძიე და ვერც თვითმასწავლებელი, ან გრამატიკის სახელმძღვანელო, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველი ჩვენთაგანი იცნობს რამდენიმე სიტყვას ამ ენაზე, რაც წარსულში ცნობილი მოზამბიკელი მომღერლის, აფრიკ სიმონის დამსახურებაა, რომლის მშობლიური ენაც გახლავთ ჩვენთვის საინტერესო შანგაანი. მის ჰიტს გაგახსენებთ, რომელსაც ჩვენთან უბანში ბიჭები “შალაკუკარელას” ეძახიან, სიმღერას კი ორიგინალში “ჰაფანანა” ჰქვია. ასეთ რამეს პირველად წავაწყდი სიმღერის ტექსტის თარგმანი ვერ მოვიძიე ვერსად. ზოგი ვერსიით “ჰაფანანა” მეთევზის მშვენიერი სატრფოა, რომელიც კონტრაბანტისტებმა კუნძულ მადაგასკარზე მოიტაცეს და მონად გაყიდეს, მეორე ვერსიით ეს სიმღერა რასობრივ თანასწორობაზეა. მიხვდებით, ალბათ, რომ მსგავსი ვერსიები მრავლადაა, რამდენიმე საიტზე ძებნაც კი გამოაცხადეს აფრიკ სიმონის მშობლიური ენის, ცონგას მცოდნესი, იქნება გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი კაცი და გვითარგმნოსო, მაგრამ დღემდე ელიან…

ვინ იცის ამასობაში, სანამ მე ამ პოსტს ვწერ, ერთი მოზამბიკელი ყმაწვილი თავის ბლოგზე წერს, იუთუბში suliko-ს მოვუსმინე ახლა და იქნება ვინმემ მითარგმნოს რა ენაზე მღერიან ეს დალოცვილები და ეს სულიკო რა არისო!

Written by linguistuss

September 26, 2009 at 3:42 am

ჩეროკების ანბანი

with 14 comments

Sequoyah

1819 წელს “მოლაპარაკე ფოთლებით”, ანუ ნაწერი ქაღალდებით შთაგონებულმა სექვოიამ ჩეროკების ტომის ინდიელებს ანბანი შეუქმნა, რომელიც მარცვლოვანი ანბანი გახლავთ. ანბანის შემადგენელი 85 გრაფიკული სიმბოლო წააგავს, ბერძნულ, ლათინურ და სლავურ დამწელობებს, თუმცა მარცვლები, რომლებსაც ისინი აღნიშნავენ სრულიად განსხვავებულია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ანბანი დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება ჩეროკის ინდიელთა ენის მატარებელთა შორის, რაც ქუჩებში აბრებზე გაკეთებულ წარწერებშიც აისახება. ქვემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს.

dddd

ტრანსლიტერაცია: Nigada aniyvwi nigeguda’lvna ale unihloyi unadehna duyukdv gesv’i. Gejinela unadanvtehdi ale unohlisdi ale sagwu gesv junilvwisdanedi anahldinvdlv adanvdo gvhdi.

თარგმანი: ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

დანარჩენი იხილეთ შესაბამის ბმულზე.

[შეკითხვა წავშალე და პასუხი ინფორმატიული პოსტის ფორმით ჩამოვაყალიბე]

Written by linguistuss

August 2, 2009 at 8:07 pm

პოდკასტი იტალიურის შემსწავლელთათვის

with one comment

it

ერთ საინტერესო რესურს–ბლოგს გადავაწყდი, რომელიც იტალიური ენის შესწავლას ეძღვნება. ბლოგზე პოდკასტის სტილში განთავსებულია აუდიო ჩანაწერები ტრანსკრიპტებით, რომელთა მოსმენა და წაკითხვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ამ ჩინებული ენის შესწავლით. საკმაოდ ბევრი აუდიო ჩანაწერი დევს და რაც ყველაზე მთავარია ტრივიალური დიალოგები არ არის, ანუ ამ დიალოგების მოსმენით არის დიდი შანსი, რომ თქვენ გაიმრავალფეროვნებთ არამხოლოდ სიტყვების მარაგს, არამედ მიაჩვევთ ყურს ბუნებრივ იტალიურს.

ბლოგი lingq.com პროექტის ერთ–ერთი ნაწილია და რაც ყველაზე ძალიან გამიხარდა ის იყო, რომ ეს პროექტი მხოლოდ იტალიურით არ შემოიფარგლება, ანუ თუ იტალიური დიალოგების მოსმენა ეგრევე intermediate დონიდან დავიწყე, იაპონურის მოსმენა საბაზისო კურსიდან მომიწევს (ისევე როგორც სხვა ენების, რომელთა “გარტყმაში” არ ვარ), რაც თავისთავად გულისხმობს მრავალ საინტერესო და სასიამოვნო საათის ენების შესწავლაზე დახარჯვას, უცხო კულტურის გაცნობას და ჩვენთვის არაბუნებრივ ხმოვან სამყაროში ჩაძირვას.

Written by linguistuss

July 29, 2009 at 11:44 am

“წმინდა” ენა არ არსებობს

with 4 comments

linguasan
ზემოთ მოტანილი ციტატა www.nplg.gov.ge–ზე ელექტრონული ძველი წიგნების თვალიერებისას შემომხვდა. ეს ამონარიდი გაკეთებულია შემდეგი წიგნიდან: ენათმეცნიერების პროპედევტიკა და ზოგადი ფონეტიკა / გ.ახვლედიანი, არნ. ჩიქობავა: სსსრ განათლ. სახ. კომისარიატი, დაუსწრ. პედინ-ტი, ენისა და ლიტ-რის განყ. I კურსი -მეცნიერული გრამატიკის (ენათმეცნიერების) დარგები. მეცნიერული და სასკოლო პრაქტიკული გრამატიკა განაკვეთი I-II. ტფ. -38გვ.

ნაშრომის სრულად სანახავად დააჭირეთ ბმულს.

ენების შესწავლის ხელოვნება

with 5 comments

artdisco
ერთი საინტერესო წიგნი შემომხვდა, რომლის ავტორიც შვედი პოლიგლოტი ლინგვისტი ერიკ გუნემარკია. წიგნში ავტორი ენების შესწავლის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და საკითხისადმი “არაზუბრიაჩკულ” სტრუქტურულ მიდგომას გვთავაზობს. თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ გადაიწეროთ.

გადმოწერა (djvu, bin.ge)
გადმოწერა (djvu, allshares.ge)
წაკითხვა (online)

მე ვიცი, რა არის “სტრია”!

with 25 comments


მახსოვს, თუ როგორ მიჭირდა უცხო ენების შესწავლა სკოლაში. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ სკოლაში არსებული მეთოდოლოგია არ მაკმაყოფილებდა. დაგიდებდნენ რაღაც სიტყვას და გეუბნებოდნენ, აჰა ამას ნიშნავს და გადაიღეო, არადა ასე არ იყო საინტერესო. სულ მაინტერესებდა, რატომ ემთხვეოდა ინგლისური bottle და ქართული “ბოთლი”, შეკითხვებს რომ ვსვამდი დაბალ კლასებში ყურს არავინ იპარტყუნებდა, მაშინდელი პროგრესული თაობა დაზუთხვის მეთოდოლოგიას მისდევდა და არსებული პარადიგმების გადამეორება იყო ყოველდღიური პური ჩვენი არსობისა. თსუ–ში რომ ჩავაბარე, მეორადი მოვინდომე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სახით და იქაც იგივე პრობლემა იყო, მასწავლებელს ედო რაღაც პროგრამა და მისდევდა, ზედმეტი შეკითხვების დასმა არ იყო საჭირო, ენა როგორც პრაქტიკული დანიშნულების ობიექტი მაქსიმალურად მცირე დროში უნდა ყოფილიყო ათვისებული და საიდან მოდის მაგალითისთვის გამოთქმა “I know the ropes” და არსებობს თუ არა რაიმე კანონზომიერება ცხოველების ნაშიერების სახელწოდებების დამახსოვრებისას, ეს არავის აღელვებდა…

ერთი სიტყვით სკოლა ისე დავამთავრე, რომ რუსული არ ვიცოდი ნორმალურად და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე რუსული კარგად ვიცოდი და ინგლისური კი – საშუალოდ. საბოლოო ჯამში კი ვიპოვე ის არიადნას ძაფი, რომელიც ჩემი შემეცნების სამყაროს ლაბირინთიდან გზას გამაგნებინებდა. ყველაზე უკეთ ეს ფრანგულზე გამოჩნდა, რომლის წყალობითაც პარალელურად ინგლისური ვისწავლე კარგად. შემეცნების ჩემეული მეთოდი კი – ყოველი სიტყვის ძირისძირობამდე მიდევნება და ენის როგორც სტრუქტურის აღქმა იყო. არავის სურდა ასე დაენახა ჩემს უთვალავ მასწავლებელს შორის. მათთვის ენა ჩანგალი იყო, რომელიც უნდა გამოიყენო კონკრეტული მიზნისთვის და ამავდროულად ჩანგლის ფორმებს, ესთეტიურ ღირებულებებს, გემოსა თუ ჩანგლის შეხებით მიღებულ სიამოვნებას მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდა. ყოველგვარი პოეტური აქტი ენის შესწავლასთან მიმართებაში ჩაკლული იყო ჩანასახშივე და ასე მეგონა, ახლა რომ ვიხსენებ, რომ მკვდარ და უგემურ მასას მირიგებდნენ და მეუბნებოდნენ ღეჭეო…

არსებულ ყოფასთან ამბოხმა თავისი შედეგი გამოიღო. ვისწავლე ჩემს ახალ პედაგოგებთან  ურთიერთობა, ვიღებდი იმას, რასაც ისინი აუცილებლად თვლიდნენ საჭიროდ და დანარჩენს ჩემთვის, ჩემს ოთახში და ლეპ–ტოპში გამოკეტილი, მე თვითონ ვარკვევდი. ახლაც კარგად მახსოვს, როცა იტალიური იმ დონეზე ვისწავლე, რომ შემეძლო ენები, ფრანგული და იტალიური ერთმანეთისთვის შემედარებინა, ჩემი ასოციაციები მათთან დაკავშირებით შემდეგი იყო: ფრანგული ბუნჩულა, ხმის ამოუღებელ გოგოდ მეჩვენებოდა, პატიოსნება და წესიერება რომ თავს აქვს მოხვეული, რომლისთვისაც სიტკბოება და აუმღვრევლობაა უმთავრესი მაცოცხლებელი იმპერატივები. იტალიური პირიქით – ახტაჯანა გოგო იყო, პირველადი და ახლანდელი ასოციაციითაც, რომელიც სულ მზად არის გიჩქმიტოს, გაგაკრიტიკოს, თვალებში თითები ჩაგჩაროს და ისე გაგრძნობინოს მისი არსებობა, რომელიც ხმაურითა და წვეტიანობით გამახსოვრებს თავს, განსხვავებით ფრანგულისგან, რომელიც გლუვია და ნაღებივით ჰაეროვანი…

არადა უცხო ენების შესწავლა ჩემთვის არაპრაგმატული პროცესია, რომელშიც მთავარი შედეგი არ არის და ენის შესწავლისას გამოყოფილ თითოეულ წუთს დიდი სიამოვნება მოაქვს, განსხვავებით პროგრამირების ენების შესწავლისგან, რომელსაც უკანასკნელი წლებია მხოლოდ მატერიალური ბაზისის შექმნის მიზნით ვსწავლობ. ყოველთვის არ მესმის როდესაც ისმის შეკითხვა: “…და ეს რაში გჭირდება?” – არ ვიცი ხოლმე რა ვუპასუხო. არადა სულ ყოველთვის პატარა და მცირე დროში გაწერილი მიზნები მაქვს, არასოდეს ვგეგმავ მთვარეზე გაფრენას. მაგალითად მინდოდა არაბული და სპარსული ტექსტების წაკითხვა შემძლებოდა, ანუ კითხვა მცოდნოდა და ამ ენებში ზედაპირულ დონეზე გავრკვეულიყავი. როცა მეკითხებოდნენ – რატომო – პასუხი არ მქონდა. ახლა ლათინური მაქვს აკვიატებული, ძალიან გემრიელი ორტომეული სახელმძღვანელო ვიპოვე თავისი აუდიო ფაილებით, მე რომ მიყვარს ისეთი, გზადაგზა გაუგებარ ადგილებს რომ არ გიტოვებს და ნელ–ნელა მარტივიდან რთულისკენ რომ მიდის. ჰოდა ახლა ამ ლათინურზე დამაყარეს შეკითხვები, არადა ჩემთვის ვზივარ და ვარჩევ, ხომ შეიძლება რომ ზედმეტი შეკითხვები არ დამისვან?! ამ ჩემი მეცადინეობების წყალობით უკვე ვიცი, რომ Osculum ანუ კოცნა ლათინურად “ძვლების მიდებას” ნიშნავს სიტყვასიტყვით, Tertium non datur არის სწორი ფორმა და არა datum (სულ datum მეგონა) და უკვე შემიძლია ლათინური ტექსტის ანალიზი ლექსიკონის დახმარებით, რაც მე ვთვლი რომ უკვე მიღწევაა…

უფრო გასაგები რომ გავხადო ჩემი ენებისადმი მიმართება, დღევანდელ მაგალითს მოვიყვან:

დღეს სვითის ბლოგზე მარიმ ახალი პოსტი გამოაცხო სახელწოდებით – სტრიების საწინააღმდეგო საშუალება. ჩემდა გასაკვირად ყველა ჩემთვის ნაცნობმა მდედრმა, ვისაც ეს შეკითხვა დავუსვი, “იცი თუ არა, რა არის სტრია?”, ყველამ მიპასუხა კი, როგორ არა ნაკეცებია მუცელზეო. ჩავთვალე, რომ მხოლოდ მე ვარ ასეთი ბნელი და კარგი ჯანდაბას, ოღონდ ასე მშრალად ამ კერძს ვერ შევჭამ, სახელად “სტრიას” მეთქი. მეუცნაურა! ქართულ სიტყვას არ ჰგავდა, არადა ინგლისურად stretchmark ჰქვია და ფრანგულად vergetures, ბოლოს არ დამეზარა და რუსულ სამედიცინო საიტებს მივაშურე, სადაც ამ ნაკეცებს ასევე “стрия” ჰქვიათ. ჩემმა ინტუიციამ მიკარნახა ლათინური ძირები მოძებნეო, ჰოდა გავშალე ჩემი Oxford latin dictionary და აღმოვაჩინე, რომ ლათინურში stria არის კვალი, ანუ გუთნის მიერ სახნისით მიწაში დატოვებული ზოლი. შუა საუკუნეების ლათინურში stria ყველანაირ ნაკეცს, თუ გავლებულ ზოლს დარქმევია და შესაბამისად ამ ფენომენის სახელწოდება ლათინურში ისეთივე ადეკვატურია, როგორიც ინგლისურში და ფრანგულში, თუმცა რუსულში ტერმინის პირდაპირ გადმოღებით და ერთი ადგილის განძრევის უუნარობით, რომ შესაბამისი ტერმინი მოეფიქრებინათ, მოხდა ის, რომ ჩვენშიც პირდაპირ გადმოალათინურეს ეს სტრია და დღეს აღმოვაჩინე, რომ არც ერთ ჩემს მიერ გამოკითხულ მდედრს ყურს არ სჭრის ამ სტრიის არაქართულობა, უფრო მეტიც ისინი ამ სიტყვას ბუნებრივად აღიქვამენ და სრულებით არ აინტერესებთ “სტრია” ლათინური კვალია თუ ძვ. ბერძნული დანების საფხეკი… ამ სიტყვის ფესვების გაცნობამ უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა, პოეტური აქტიც შედგა, დავუფასე ძვ. რომაულ ნათესებში კვლებისა და მუცელზე ნაკეცებს შორის მეტონიმიის აღმოჩენა “სტრიას” ტერმინის ავტორ კოსმეტოლოგს და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ: მე ვიცი რა არის “სტრია”!

Written by linguistuss

July 7, 2009 at 2:41 am

ჩინური ლომების პარადი

with 10 comments

lions


ჩინეთის ტერიტორიაზე ლომები არასოდეს ბინადრობდნენ, შესაბამისად არავის უკვირს ძველ ჩინურ ხელოვნების ნიმუშებზე ლომები ძაღლებს რომ ჰგვანან. განსაკუთრებული პოპულარობით ამ მხრივ პეკინესი და ჩაუ ჩაუ სარგებლობენ. ამასწინათ ერთი რუსი ბლოგერი ჩიოდა, ვერ გამიგია ეს ჩინელები და კორეელები ტაძრებისა და პაგოდების შესასვლელში განთავსებულ ძაღლებს ლომებს რატომ ეძახიანო. მართლაცდა, ლომებს ძნელად დაარქმევ მათ, თუმცა თუ სიტყვაზე ვენდობით და ამ არსებების ლომობას დავიჯერებთ, აღმოვაჩენთ, რომ ლომები ძველ და თანამედროვე ჩინეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ყველაზე ხშირად მათ ჩინური პაგოდების შესასვლელში შეხვდებით, ამასთან ისინი ყოველთვის წყვილად დარაჯობენ ჩინელი დიდებულების სასახლეებს. ერთი ძუა, მეორე – ხვადი. ძუ თათით ლომის ბოკვერს ეფერება, ხვადი კი – სურათზე წარმოდგენილ ბურთზეა დაბჯენილი.

ლომების თემას სანამ გავაგრძელებდე, ორიოდ სიტყვა მინდა ამ ბურთზეც ვთქვა. ეს ბურთი განსაკუთრებული გეომეტრიული ფიგურებით, სიცოცხლის ყვავილებითაა გაფორმებული, რომელსაც თურმე არამხოლოდ ჩინელები მიაწერენ სასწაულმოქმედ და საკრალურ მნიშვნელობებს. ბავშვობაში, საკრალური გეომეტრიის “გაგებაში” რომ არ ვიყავი, ძალიან მიყვარდა ამ ფიგურის ხაზვა ფარგლის საშუალებით. ფიგურა ძალიან მარტივად იხაზებოდა: დახაზავდი წრეწირს, შემდეგ ამ წრეწირზე ერთ წერტილს აიღებდი ცენტრად და იმავე რადიუსიან წრეწირს გამოსახავდი, ორი წრეწირის გადაკვეთის წერტილებზე – ასეთივე წრეწირებს და ასე შემდეგ სანამ მომწყინდებოდა… საბოლოო ჯამში ყვავილები იხატებოდა და მიხაროდა, არადა რა ვიცოდი, რომ ეს ფიგურა რამდენიმე ათას წლეულს ითვლის და არ დარჩენილა მისტიური მოძღვრება, მას განსაკუთრებულ საკრალურ თვისებებს რომ არ მიაწერდეს, პითაგორადან ლეონარდო და ვინჩიმდე ყველა მოხიბლული ყოფილა ჩემი ბავშვობის გასართობით…

ჩინური ენის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რაც წამიკითხავს სხვადასხვა ენციკლოპედიებში მის შესახებ, აღწერილობას ვგულისხმობ. ამასთანავე ვიცი, რომ მაგალითად ქართულისაგან განსხვავებით, ჩინურში ბგერის წარმოთქმის ტონალობა სიტყვის შინაარსს განსაზღვრავს და ასეთი ტონი სულ ჩინურში ოთხია. ამ ოთხიდან ერთ–ერთი ტონით წარმოთქმული “ში” კი ჩინურში ლომს აღნიშნავს, რაც თავის მხრივ ინდოეთში გავრცელებული ენებიდან, ჰინდიდან და გუჯარათიდან, მომდინარეობს. ეს სიტყვა გაგებული გექნებათ ინდურ კინოებში – “სინგჰ”, ანუ ლომი. ვინაიდან პაგოდის შესასვლელში ორი ქვის ლომი დგას, შესაბამისად ჩინურში ამ ლომებს “შიში” ეწოდებათ, თუმცა ამით არ სრულდება ჩვენი ჩინური ლომების პარადი…

1930 წელს ჩინელი ლინგვისტი და პოეტი იუენ რენ ჩაო უცნაური ლექსის წერას შეუდგა. ეს ენის გასატეხი უფრო იყო, სადაც ჩინური ენის უმთავრეს დიალექტზე, მანდარინზე წარმოდგენილი ბგერები სხვადასხვა ტონალობაში ომოფონიას ქმნიდნენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 92 ჩინური იეროგლიფისაგან ჩაწერილი ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ “ში”–ს შეიცავს სხვადასხვა ტონალობაში.

shishishi

ლექსი ლომიჭამია პოეტზე მოგვითხრობს, აი დაახლოებითი თარგმანი:

« ლომიჭამია პოეტი ქვის ბუნაგში»
ლომების მოყვარული პოეტი ში ქვის ბუნაგში გახლდათ და გადაწყვტილი ჰქონდა მათი შეჭმა.
იგი ხშირად დადიოდა ბაზარში ლომების საყურებლად.
ათ საათზე ათი ლომი ყველა ერთად მოვიდა ბაზარში.
იმ დროს, როცა შიც მივიდა ბაზარში.
მან დაინახა ათი ლომი და ათი ისრის საშუალებით დახოცა ისინი.
მან დახოცილი ლომები ქვის ბუნაგში წაიღო.
ქვის ბუნაგი სველი იყო. მან თავის მსახურებს დაავალა ბუნაგის გაშრობა.
მას შემდეგ, რაც მსახურებმა ბუნაგი გააშრეს, მან სცადა დახოცილი ლომების შეჭმა.
როცა ტრაპეზა დაასრულა, მან აღმოაჩნა, რომ ეს ათი ლომი ათი ქვის ლომის გვამი იყო.
სცადეთ ამ ჩახლართული ისტორიის მიხვედრა.

პ. ს. თუ ოდესმე მანდარინის შესწავლას დავაპირებ, უკვე ვიცი რატომ უნდა გავაკეთო ეს, დიდი სიამოვნებით გავარჩევდი ამ ლექსს ასო–ასო კი არადა იეროგლიფ–იეროგლიფად!

Written by linguistuss

June 19, 2009 at 3:09 am

კოკა–კოლა და ისლამი

with 14 comments

356958421

მრავალ ისლამურ ქვეყანაში კოკა–კოლას ეშმაკის სასმელად მიიჩნევენ, ის გაიგივებულია ისლამის ყველაზე ვერაგ მტერთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რაღა გასაკვირია, რომ ჯეიმზ სტიტ პემბერტონის ამ ქმნილების ხსენებაზე მუსლიმანურ სამყაროში პირზე ყველას იბლისი აკერია. ამ ჰიპერირაციონალური ზიზღის დასასაბუთებლად ზოგი რას იგონებს და ზოგი რას, ამიტომ მე პირადად არ გამკვირვებია, როდესაც ინტერნეტში ბოდიალისას შემდეგი რამ ამოვიკითხე, რასაც ქვემოთ გიამბობთ…

ამერიკელ აფთიაქართან, ჯეიმზ სტიტ პემბერტონთან, რომელიც კოკა–კოლას შემქმნელი გახლავთ, ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რომ ოდესღაც კოკა–კოლა პოზიციონირებული იყო როგორც მედიკამენტი და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც თავის ტკივილის მოსახსნელი საშუალება, ოდესღაც მუშაობდა ერთი უწყინარი კაცი ფრენკ მეისონ რობინსონი. სწორად მას უნდა ვუმადლოდეთ, თუმცა ჩვენ რას უნდა ვუმადლოდეთ, ამერიკელები უნდა უმადლოდნენ, კოკა–კოლას ლოგოს წარმოშობას. ლოგოს წარმოშობის ისტორია მარტივია, რობინსონმა აიღო იმ დროს მეტად გავრცელებული შრიფტი (Spencerian script) და ამ შრიფტის სტილის წაბაძვით კოკა–კოლა დაწერა იმ ფორმით, რომელსაც დღესდღეობით ყველა კონტინენტზე ცნობენ…

მუსლიმანურ სამყაროში კი ამტკიცებენ, რომ კოკა–კოლას ლოგო შემქმნელის საგანგებო ჩანაფიქრით თავის თავში საკრალური ხასიათის “მესიჯს” ატარებს, რომელიც რაღა თქმა უნდა დაფარულია და იმისთვის, რომ ეს “მესიჯი” წავიკითხოთ კოკა–კოლას ლოგოს სარკული ანარეკლი უნდა მივიღოთ. მავანნი ამტკიცებენ, რომ შედეგად ვღებულობთ არაბული დამწერლობით ჩაწერილ ტექსტს, რომელიც ასე ითარგმნება: “No Muhhamad, No Mecca”. დიდი ხანი ვიმტვრევდი თავს როგორ მეთარგმნა ეს ინგლისური ტექსტი, თუმცა ისევ უთარგმნელობა ვარჩიე ვინაიდან ქართულად გადმოტანის დროს რაღაც იკარგება. კერძოდ კი ის, რომ ეს ტექსტი მუჰამედისა და მექის უარყოფისკენ და დაგმობისკენ მოგვიწოდებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისურ ენაზე მიღებული ტექსტი ტიპიური სარეკლამო სლოგანია, რაშიც ბადალი არ ჰყავთ ამერიკელებს.

ვინაიდან ასეთი რაღაცეების კითხვის დროს მხოლოდ წაკითხული არ მაკმაყოფილებს ხოლმე, გადავწყვიტე შემემოწმებინა, რამდენად იყო მიახლოებული სიმართლესთან ზემოხსენებული. გავხსენი ტექსტური რედაქტორი და არაბულად ჩავწერე მუჰამედისა და მექის უარმყოფელი ფრაზა, რომელიც ასე გამოიყურება:

muhammad

ამ ფრაზის კონსტრუქცია ძალიან მარტივია, მუჰამედის და მექას წინ უარმყოფელი ნაწილაკი “ლი” არის მოთავსებული, რომელსაც არაბულში უარყოფის ფუნქცია აქვს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილაკს ძალიან მრავალი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, შესაბამისად ეს ტექსტი ასეც შეიძლება ითარგმნოს: “მუჰამედისათვის, მექისათვის”, თუმცა მოდით ეს ვერსია გვერდზე გადავდოთ, ვინაიდან არ არის საინტერესო…

ახლა კოკა–კოლას ავიღებ, მის ლოგოს სარკულად შევაბრუნებ. აი, რა მივიღე:

koka

ძალიან დიდი ხანი ვეცადე კოკა–კოლის ამ სარკულ ანარეკლში ზემოთ დაწერილი არაბული ტექსტი ამომეკითხა, თუმცა თუ ძალიან დავძაბავთ გონებას, წარმოსახვას და ფანტაზიას, შეიძლება მიმგვანება. მიმგვანება კი შეიძლება, მაგრამ ჩემი წარმოსახვა აქამდე ვერ ქაჩავს… უფრო სწორად კონტურებს ვამსგავსებ ასოების რაოდენობაც ემთხვევა, შუა დეფისს თუ არ ჩავთვლით და დავუშვებთ, რომ ბოლო ასოზე ორი წერტილი იგულისხმება… ერთი სიტყვით იმ ადამიანმა, ვინც პირველმა შობა ეს ბოდვა, ამ ისტორიის სახით, ხოტბა–დიდება და დითირამბები ჩემგან. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ასეთი იდეა მოგივიდეს, ეს ძალიან მონდომება კი ყველას არ შეუძლია…

Written by linguistuss

May 31, 2009 at 9:20 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers