ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘ისტორიები’ Category

Much Vs. Many

with 6 comments

ინგლისურთან მიმართებაში ყოველთვის პასიური დამოკიდებულება მქონდა. ეს იყო ენა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად მჭირდებოდა და მას შემდეგ, რაც ინგლისური იმდენად კარგად (თუ ცუდად) ვისწავლე, რომ წიგნები და ვიკიპედია წამეკითხა, ინგლისური ენის გრამატიკა დავიწყებას მივეცი და არც არასოდეს მქონია სურვილი შესაბამის სახელმძღვანელოში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი ავტრიაში სწავლის დროს ინგლისურის აქტიურად გამოყენება დავიწყე გრამატიკული ნიუანსების დაზუსტება მომიხდა.

ერთ-ერთი ასეთი ნიუანსი შეეხება much-ის და many-ის შორის განსხვავებას. გრამატიკის  ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ პირველი არათვლადი ობიექტების მიმართ გამოიყენება, მეორე კი – თვლადი (ანალოგიური სიტუაციაა little-ის და few-ს და ა.შ. შემთხვევაში). ერთი სიტყვით ინგლისურში ყველაფერი იყოფა ორ კატეგორიად: ის, რაც ითვლება და ის, რაც არ ითვლება. საკმარისია გავიხსენოთ ის, რის შესახებაც ვსაუბრობთ ითვლება თუ არა, რომ ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება მკითხაობა, რომელია სწორი.

many-ის და much-ის შემთხვევა ზუსტად აღწერს იმ განსხვავებას, რაც განასხვავებს არითმეტიკას მათემატიკური ანალიზისგან. პირველ შემთხვევაში ჩვენ ნატურალური რიცხვები გვჭირდება, მეორეში კი – ნამდვილი რიცხვები. ნატურალურ რიცხვებით ვითვლით, ნამდვილი რიცხვებით კი − ვზომავთ. სწორად ეს პროცედურული დაყოფა თვლასა და გაზომვას შორის განასხვავებს ამ ორ სიტყვას ერთანეთისგან, თუმცა ყველაფერი ასე იდეალურად არ არის როგორც ჩვენ გვგონია და აქ იმალება ერთი პატარა „მაგრამ“…

ეს პატარა მაგრამ ეხება იმ შემთხვევებს, როცა მკაცრად განსაზღვრული არ არის ის, რაზეც ვსაუბრობთ ითვლება თუ იზომება. მაგალითად ინგლისურში ამბობენ many hours და much time, თუმცა მაგალითად რომელია სწორი many data, თუ much data ცოტა გაუგებარია, ვინაიდან ერთი შეხედვით მონაცემები (data) დისკრეტული ბუნებისაა, მაგრამ მისი მისამართით მაინც უპირატესად much გამოიყენება. ჯონი დერბიშირი ამ საკითხს თავის წიგნში უფრო ღრმად ჩაუღრმავდა, რამაც ახლიდან დამაფიქრა ერთ ჩემთვის უკვე გარკვეულ საკითხზე.

ყველას ახსოვს კამათი იმის შესახებ, თუ როდიდან იწყება საუკუნის ათვლა, როდის უნდა გვეზეიმა ახალი ათასწლეულის დადგომა: 2000 წელს, თუ 2001 წელს. როგორც აღმოჩნდა ამ კამათს საფუძვლად many-ის და much-ის, ანუ თვლისა და გაზომვის დაპირისპირება უდევს. ადამიანები, როგორც წესი საათებს, დღეებს და წლებს ითვლიან. რობინზონ კრუზო მაგალითად ხეზე ჭდეებს აკეთებდა, ზოგიერთი ჩვენგანი საამისოდ თითებს იყენებს. მთავარი აქ ის არ არის, თუ რითი ვითვლით, მთავარი ისაა, რომ ვითვლით და არ ვზომავთ.

ჯონი დერბიშირი ამბობს, რომ ნებისმიერი კალენდარი აგებულია თვლის ლოგიკაზე, სწორად ამის გამო არ არსებობს 0 წელიწადი. ბავშვების შესახებ ვამბობთ, რომ ისინი 1, 2, 3 წლის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება 9 თვის იყოს, არასოდეს ვიტყვით მის შესახებ, რომ ის 0.75 წლისაა. ჰოდა მივადექით ჩვენს შეკითხვას: როდის დგება ახალი საუკუნე − 2000 წელს, თუ 2001 წელს. სიმართლე გითხრათ მე სულ მუდამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი „2001“-ია, მაგრამ თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ საჭიროა იმის დაკონკრეტება, ათვლის ლოგიკას ვიყენებთ, თუ გაზომვის და ასევე იმისაც, საუკუნე სრული ასეული წელია გაზომვის დროს, თუ მეასე წელია ათვლის დროს…

თქვენი არ ვიცი და ყოველ ჯერზე, როცა ინგლისურად „ბევრის“ თქმა მსურს ყოველთვის მიწევს დაფიქრება და იმის გარკვევა, much უნდა ვთქვა თუ many…

Written by linguistuss

March 8, 2012 at 7:56 pm

მილიარდის ეპოქა

with 4 comments

გასულ კვირას, გაერომ დედამი­წაზე მეშვიდემი­ლიარდე ადამიანის დაბადების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. „გიხაროდენ, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ!” – წერდა მსოფლიო პრესა, თუმცა რიგითი მოკ­ვდავების ცხოვრება ამ ფაქტს არაფრით შეუცვლია – აღქმის თვალსაზრისით, ექ­ვსსა და შვიდ მილიარდს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა. ადამიანის ტვინს არ ძალუძს ასეთი დიდი რიცხვების ვიზუალიზაცია. ნაირ-ნაირი მაგალითების მოფიქრებაა საჭირო, რათა როგორ­ღაც აღვიქვათ ჩვენს ტვინში პლანეტის მოსახლეობის ერთმილიარდიანი ნამა­ტი.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენია შვიდი მილიარდი? ის ფაქტი, რომ სკო­ლაში გვასწავლეს დიდი რიცხვების ჩაწერის წესი, არ ნიშნავს იმას, რომ 7000000000-ის წარმოდგენა ადვილია. აი, მაგალითად, დაფიქრებულხართ იმა­ზე, რომ შვიდი მილიარდი წამის წინ, 1789 წელს საქართველოში გეორგიევ­სკის ტრაქტატი სულ რაღაც 6 წლის დადებული იყო, ოკეანის გადაღმა კი ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ის პირველ პრეზიდენტად „აკურთხეს”? შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ შვიდი მილიარდი წუთის წინ (დაახლ. 13300 წლის წინ), დე­დამიწაზე ზემო პალეოლითის ხანა იდგა და ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ პლანეტის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონები? და ბოლოს, შეგიძლიათ წარ­მოიდგინოთ, რომ შვიდი მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწა საერთოდ არ არსებობდა?!

ანტუან ფურეტიერის მიერ შედგენილ, 1701 წელს გამოცემულ ფრანგულ უნი­ვერსალურ ლექსიკონში სიტყვა „მილიარდი” ჯერ კიდევ არ არის, „ბევრის” სი­ნონიმად კი cent mille millions, ანუ „ასი ათასი მილიონი” სახელდება. „მილიარ­დი” მე-18 საუკუნის საფრანგეთში იშვა და ამ ქვეყნის საზღვრებს 1870 წელს გასცდა, როდესაც პრუსიელებმა დამარცხებულ ფრანგებს რეპარაციის სახით ხუთი მილიარდი ფრანკის გადახდა დააკისრეს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც „მილიარდი” თვლად მატერიას აღნიშნავდა და არა უბრალოდ სიტ­ყვა „ბევრს”.

თანამედროვე ქართულ მედიაში სიტყვა „მილიარდი” ყველაზე აქტიურად სამ შემთხვევაში გამოიყენება: დედამიწის მოსახლეობაზე საუბრისას, საქართვე­ლოს საგარეო ვალის დასათვლელად და ბიძინა ივანიშვილის ქონების შესაფა­სებლად. სამივე შემთხვევაში მილიარდი ყურისმომჭრელი სიტყვაა და ის ნაკ­ლებად აღნიშნავს რიცხვს. „მილიარდი” ჩვენში „ბევრის” სინონიმი უფროა, რომელსაც შთაბეჭდილების მოსახდენად ხმარობენ და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ იტყვის მილიარდში ექვსი ნულია, ცხრა თუ თორმეტი!

საინტერესოა ჩვენი წინაპრების დამოკიდებულება დიდ რიცხვებთან. „ვეფხის­ტყაოსანში” არაერთხელ ფიგურირებს სიტყვა ბევრი და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები: „ბევრის-ბევრი” და „ბევრ-ათასი”. მაგალითად, ავთანდილი ფრიდონს რომ ეწვევა, ნათქვამია: „შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა”. ამ უკანასკნელში „ბევრ-ათასი” ათ მილიონს აღნიშნავს, ბევრის-ბევ­რი კი ასი მილიონი გამოდის. შეიძლება იმის თქმაც, რომ „ბევრი” ძველ ქარ­თულში იყო ზღვარი თვლად და უთვლად სიდიდეებს შორის. ის ათი ათასს აღნიშნავდა და იმის ზემოთ ყველაფერი ბევრი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა.

„ქართლის ცხოვრებაში” ჟამთააღმწერელი წერს, რომ ჯალალედინმა თბილის­ში ათი ბევრი კაცი შეიწირაო. ათი ბევრი (ასი ათასი) მოწამის ხსენების დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე აღნიშნავს – მიუხედავად იმისა, რომ ასი ათასი ადამიანის სიკვდილით დასჯა ერთი დღის, თუნდაც ერთი კვი­რის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელია, იმ ფაქტორების გათვალისწი­ნებით, როგორც ეს მატიანეშია აღწერილი. სავარაუდოდ, როდესაც ჟამთააღ­მწერელი წერდა „ათნი ბევრნი მოწამენიო”, ამით რაოდენობას კი არა, ფაქტის სისასტიკეს უსვამდა ხაზს. მის სიტყვებში ის მხოლოდ უსასრულოდ დიდი რიცხვის მეტაფორაა.

ანტუან ფურეტიერის ლექსიკონში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია: მილიო­ნი ეს არის სიტყვა, რომლითაც მეფეთა ქონება აღიწერებაო. შეიძლება ითქვას, რომ XV-XVIII საუკუნეებში ადამიანის შემეცნების ფარგლები „მილიონებში” იზომებოდა, ჩვენ კი „მილიარდის” ეპოქაში ვცხოვრობთ. სწორედ „მილიარ­დია” დღესდღეობით კაცობრიობის შემეცნების საზომი: მისი საშუალებით ვზომავთ სამყაროს ასაკს, სამყაროს განფენილობას, ყველაზე მდიდარი ადამი­ანების ქონება ჩვენს წარმოდგენაში მილიარდებშია შეფასებული და უკანასკნე­ლად როდის დაგვჭირდა სიტყვა ტრილიონი, კვადრილიონი თუ კვინტილიო­ნი, არ გვახსოვს.

მსოფლიოს მოსახლეობის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, დედამიწის ბი­ნადრებმა ერთ მილიარდს 1800 წლისთვის მიაღწიეს, საუკუნეზე მეტი დას­ჭირდა, რომ მოსახლეობა გაორმაგებულიყო, მხოლოდ 1930 წელს ავიდა ორ მილიარდამდე. შემდეგ ყველაფერი აჩქარდა: ოცდაათ წელიწადში სამი მილი­არდი გახდა, თოთხმეტ წელიწადში – ოთხი მილიარდი, ცამეტ წელიწადში – ხუთი მილიარდი და თორმეტ-თორმეტ წელიწადში ექვსი და შვიდი მილიარ­დი.

ყოველი მილიარდიანი ნამატი კაცობრიობას დამატებით პრობლემებს უქმნის. ცივილიზაციის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზ­რდება ადამიანების მიერ წარმოებული და მოხმარებული პროდუქტების, ინ­ფორმაციის და ა.შ. რაოდენობა. ჩვენც უფრო დიდი რიცხვების შემოტანა გვი­წევს ყოფა-ცხოვრებაში და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, კი არ გაგვიხარ­დეს, არამედ დიდი მწუხარებით აღვნიშნოთ მორიგი მილიარდი ჰომო საპიენ­სი ჩვენ ირგვლივ. მანამდე კი, სანამ ეს დღე დამდგარა, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ, გიხაროდენ!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა” 

Written by linguistuss

November 13, 2011 at 3:18 am

ავსტრიული ლუდის დოზა

with 3 comments

ქალაქი ლინცი, რომლის მახლობლადაც უკვე ერთი თვეა ვცხოვრობ ერთი ნაკლოვანებით გამოირჩევა – 25 კილომეტრითაა დაშორებული ჰაგენბერგისგან, ანუ იმ პატარა სოფლისგან, თუ ძალით ქალაქისგან, სადაც მდებარეობს სოფტვეარპარკი, სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ინსტიტუტის, ე.წ. RISC-ის შტაბ-ბინა. ჰოდა, სწორად ამ ინსტიტუტთან არსებულ დორმითორიში დაბრუნების დროს პრობლემა ისაა ხოლმე, რომ უკანასკნელი ავტობუსი ლინციდან ჰაგენბერგის მიმართულებით საღამოს 10.42-ზე გადის…

ჰაგენბერგში არაფერი არ ხდება, აბსოლუტურად არაფერი. შესაბამისად საღამოობით გასართობად ლინცში გვიწევს ყოფნა, თუმცა იმის შიშით, რომ ბოლო ავტობუსი გაგვასწრებს, ყოველთვის ერთი ან ორი საათის გაყვანა გვიწევს ხოლმე სადგურზე. ჰოდა, ეს ისტორიაც, მე და ჩემს ჯგუფელ კახას, ბოლო ავტობუსის ლოდინში გადაგვხვდა თავს, როდესაც ლინცის ჰაუპტბანჰოფის ბარში შევბოდიალდით ლუდის დასალევად, უფრო ზუსტად კი დროის გასაყვანად.

ლინცში ახალი რამ დამჩემდა: ყველა წარწერას ვკითხულობ გარშემო იმის იმედით, რომ იქნებ როგორმე ვთარგმნო რა წერია, ან თუ ვერ ვიგებ მობილურის ლექსიკონში ვიხედები ხოლმე და შესაბამისად ასე ვცდილობ ჩემი მწირი გერმანულის სიტყვების მარაგის შევსებას. ბარში შევედით თუ არა ჩემი ყურადღება ლუდების ჩამონათვალმა მიიპყრო, სადაც ეწერა: Kaiser 0.5 L. Dose. ნაცნობი სიტყვა რომ შევნიშნე, კახას ვეუბნები ამათ უყურე ნახევარლიტრიან კათხას „დოზას“ ეძახიან მეთქი, როგორც ლიტრიანს უწოდებენ ოქტობერფესტზე „მასას“ მეთქი…

დავსხედით თუ არა მიმტანი მოვიდა. ეგრევე ეტყობოდა, რომ შანსი იმისა, რომ ჩვენ იმას ინგლისურად რამეს გავაგებინებდით ძალიან მცირე იყო, თუმცა მაინც ვცადე და Sprechen Sie Englisch? მეთქი ვკითხე. მან თავი როგორც კი გააქნ-გამოაქნია, მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე, თუმცა არ დავიბენი და ვეუბნები Wir wollen zwei Kaiser dose მეთქი (ჩემი ჭკუით ვუთხარი – ორი “დოზა” კაიზერი მინდა მეთქი). ბარმენმა თავი კიდევ ერთხელ გაიქნ-გამოიქნია და სულ ნაინ-ქაინ-ნიხთ იძახა.

გავიხედ-გამოვიხედე და ყველა მაგიდაზე ეს „დოზე“ რომ დავინახე, ვის ატყუებ მეთქი შენ ბიჭო გავიფიქრე და ცოტა ხმას ავუწიე, იქნებ ვერ გაიგონათქო და მკაფიოდ გამოვთქვი სიტყვა “დოზე”, მინდოდა რა ახლად ნასწავლი გერმანული სიტყვა დამეგემოვნებინა. კიდევ გაიქნ-გამოიქნია თავი ჩვენმა ძმამ და ბოლოს რაღაც წაილუღლუღა, სადაც სიტყვა „ფლაშე“ (ბოთლი) გავარჩიეთ და ბოლოს კონტაქტში შესვლის იმედი რომ გადაგვეწურა, (ჩვენი აზრით) ბოთლის ლუდზე დავთანხმდით…

რამდენიმე წუთში ორი ცივ-ცივი ნახევარლიტრიანი კათხით გამოგვეცხადა ბარმენი, სადაც ჩამოსასხმელი კაიზერი ესხა. ამაზე მთლად გავცხარდი და ბარმენს ვეკითხები “ist das dose?” მეთქი, რაზედაც ისევ გაუგებარი ტექსტი მივიღე პასუხად და რაღა გაეწყობოდა, მადლობა გადავუხადე და ისიც გაგვშორდა…

ლუდი რომ დავლიეთ და ავტობუსიც რომ მოვიდა, სავარძელში მოვკალათდი და მობილურის წვალება დავიწყე. სანამ ჰაგენბერგში ჩავიდოდით დრო რამენაირად რომ გამეყვანა, ჰოდა ჩემი ლექსიკონი გამახსენდა. ჩავრთე გერმანულ-რუსული ლექსიკონი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა წავიკითხე: Dose 1) (металлическая консервная) банка 2) доза.

Written by linguistuss

September 29, 2011 at 3:50 am

ერთი ტიპოგრაფიული შეცდომის ისტორია

with 12 comments

1903 წლის ოქტომბერში აშშ-ს მათემატიკური საზოგადოების წინაშე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ ნელსონ კოული წარსდგა. მათემატიკის ისტორიის წიგნებში წერია, რომ მან ლექცია ჩაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა მთელმა ლექციამ სამარისებურ სიჩუმეში ჩაიარა, მხოლოდ დაფაზე ცარცის კაკუნი ისმოდა აქა-იქ… პროფესორმა ჯერ 2 აიყვანა 67-ე ხარისხში ქვეშმიწერით, შემდეგ 1 დააკლო და მიღებული ოცდაერთნიშნა რიცხვი 147573952589676412927 დაფის მარჯვენა კუთხეში საგანგებოდ ამოწერა. ამის შემდგომ კი 193707721-ის 761838257287-ზე ქვეშმიწერით გადამრავლებას შეუდგა. ორსაათიანი მდუმარე ანგარიშის შემდეგ ფრენკ ნელსონ კოულმა, მას შემდეგ რაც ამ რიცხვების ნამრავლი საგანგებოდ ამოწერილ რიცხვს დაემთხვა, ცარცი დადო და დამსწრე საზოგადოებამ აღფრთოვანებისგან ოვაციები ვერ შეიკავა. დიდი ხნის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს… ისმის შეკითხვა, კი მაგრამ რა გაუხარდათ ასეთი?!

ამ ისტორიის სათავე ძველ საბერძნეთში უნდა ვეძებოთ, უფრო სწორად კი მათს წარმოადგენებში. ისინი რიცხვებს ორ ნაწილად ჰყოფდნენ: მარტივ და შედგენილ რიცხვებად. როგორც მოგეხსენებათ, მარტივი ეწოდება რიცხვს, რომელიც მხოლოდ 1-ზე და საკუთარ თავზე იყოფა. შედგენილ რიცხვებს კი ძვ. ბერძნები სამ ჯგუფში აერთიანებდნენ, რომელთაც შესაბამისად ნაკლული, სრულყოფილი და ჭარბი რიცხვები ეწოდებოდათ. მარტივი წესი არსებობს, თუ როგორ გავარკვიოთ შედგენილი რიცხვი, მაგალითად 30, რომელ კატეგორიას განეკუთვნება: უნდა ავიღოთ მისი ყველა გამყოფი (საკუთარი თავის გარდა) და შევკრიბოთ – 1+2+3+5+6+10+15 = 42 , თუ გამყოფების ჯამი რიცხვზე მეტი აღმოჩნდება ის ჭარბ რიცხვებში ჩაეწერება, თუ ნაკლები – ნაკლულებში და თუ გაუტოლდება მაშინ – სრულყოფილ რიცხვებში (შესაბამისად 30 ჭარბი რიცხვია). ძველმა ბერძნებმა მხოლოდ ოთხი სრულყოფილი რიცხვი იცოდნენ: 6, 28, 496, 8128 (მათ სრულყოფილებაში დარწმუნება ადვილია, შეგიძლიათ თავად სცადოთ: 1+2+3=6, 1+2+4+7+14=28 და ა.შ.).

არსებობს მოსაზრება, რომ სრულყოფილი რიცხვების იდეა ძველ ბერძნებამდე ძვ. შუმერებმა და შუამდინარელებმაც იცოდნენ. სწორად ამით ხსნიან ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს 6 დღეში შექმნის ფაქტს, თუმცა უმჯობესია თეოლოგიას შევეშვათ და მათემატიკას დავუბრუნდეთ… მე-16 საუკუნეში იტალიელმა პიეტრო კატალდიმ მეხუთე და მეექვსე სრულყოფილი რიცხვები (33550336 და 8589869056) აღმოაჩინა და რენესანსის ეპოქაში ამ რიცხვებზე სანადირო სეზონი გახსნა. რაც უფრო შორს მივდივართ მით უფრო რთულია რიცხვების მარტივ მამრავლებად დაშლა და შემდეგ გამყოფების პოვნა. არსებობს მეორე, შედარებით ადვილი გზა სრულყოფილი რიცხვების საპოვნელად, რომელიც ევკლიდეს სახელს უკავშირდება. დიდმა გეომეტრმა აღმოაჩინა, რომ თუკი p-ს და P-ს ისე შევარჩევთ, რომ ორივე მარტივი რიცხვი იყოს და ისინი აკმაყოფილებდნენ ფორმულას:

მაშინ სრულყოფილი რიცხვების მოძებნა შესაძლებელი გახდება ფორმულით: P (P+1) / 2. როდესაც პატარა p უდრის 2-ს, 3-ს, 5-ს და 7-ს  დიდი P უდრის 3-ს, 7-ს, 31-ს და 127-ს. შესაბამისად სრულყოფილი რიცხვები იქნება: 3*4/2 = 6, 7*8/2=28, 31*32/2=496, 127*128/2 = 8128… ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივად გამოიყურება: პრობლემა მხოლოდ დიდი და პატარა p-ების მოძებნაა, რომელიც ამავდროულად მარტივი რიცხვები უნდა იყოს. როგორც აღმოჩნდა ყველა მარტივი რიცხვი არ აკმაყოფილებს ამ ტოლობას, შესაბამისად მაშინდელი მათემატიკოსები პატარა  და დიდი p-ების ძებნას შეუდგნენ.

სწორად აქ მივადექით ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს ფრანცისკანელ ბერს, მარენ მერსენს, რომელიც პიერ ფერმას და რენე დეკარტის თანამედროვე და მეგობარი გახლდათ. მისი მთავარი გატაცება არითმეტიკა ყოფილა. უფრო კონკრეტულად კი მას ყველაზე მეტად ზემოხსენებული p და P-ები უჩქროლებდა გულს. დღესდღეობით ასეთ რიცხვებს მერსენის რიცხვები ჰქვია. თავის დროზე მარენ მერსენის ავტორიტეტი იმდენად მაღალი ყოფილა, რომ მარტივი რიცხვების შესახებ მისი აზრი ჭეშმარიტების ტოლფასი იყო. 1644 წელს მან გამოსცა წიგნი Cogitata Physico-Mathematica, სადაც დამტკიცების გარეშე ამცნო კოლეგებს, რომ როდესაც პატარა p ევკლიდეს ტოლობაში უდრის 2-ს, 3-ს, 5-ს, 7-ს, 13-ს, 17-ს, 19-ს, 31-ს, 67-ს, 127-ს და 257-ს დიდი P-ც მარტივი რიცხვიაო.

ამ წიგნმა დიდი თავსატეხი გაუჩინა მათემატიკოსებს. საიდან გამოთვალა მერსენმა  დიდი P-ები უცნობი იყო. ვერავინ შეძლო ორის 67-ე, 127-ე და 257-ე ხარისხებს დაკლებული ერთის გამყოფების პოვნა. მერსენის სიტყვაზე დაჯერებას კი მათემატიკოსთა შემდეგ თაობა არ აპირებდა (რომელთათვისაც ის ნამდვილად აღარ იყო ავტორიტეტი). საბოლოოდ გაირკვა, რომ იგი ცდებოდა, მან გამოტოვა 61-ე, 89-ე და 107-ე წევრები. ორ მარტივ რიცხვში კი შეცდა: 67-ე და 257-ე მარტივ რიცხვებს არ გვაძლევს. ორიდან ერთ-ერთი დაამტკიცა კიდეც ფრენკ ნელსონ კოულმა და ამის გამო უკრავდნენ მას ტაშს ლექციაზე შეკრებილი კოლეგები.

ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ მერსენის წიგნში,  Cogitata Physico-Mathematica, გაპარული იყო ტიპოგრაფიული შეცდომა: 67-ის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 61! ფრენკ ნელსონ კოულს კი ეს შეცდომა რომ ეპოვნა, იგი ოცი წლის (!) განმავლობაში ცდილობდა  147573952589676412927-ის მარტივ მამრავლებად დაშლას და დაშალა კიდეც, თუმცა რომ არ შეშლოდა იმ ოჯახაშენებულ ასოთამწყობს მე-17 საუკუნეში, ეს კაცი ამდენს ხომ არ იწვალებდა?!

დიოფანტე ალექსანდრიელის ალგებრა

with one comment

დიოფანტე ალექსანდრიელი ფართო მასისთვის ცნობილი პიერ ფერმას წყალობით გახდა. ამის შესახებ ამ პოსტში მქონდა საუბარი. კვლავ გავიხსენებ ამ ისტორიას:

ფრანგი იურისტი, პიერ ფერმა, რომლისთვისაც მათემატიკა მხოლოდ ჰობი იყო, ძვ. ბერძენი მათემატიკოსის, დიოფანტეს ნაშრომის, “არითმეტიკის” კითხვის დროს წააწყდა ფრაზას, სადაც ეწერა, რომ არ მოიძებნება ისეთი ორი მთელი დადებითი რიცხვი რომელთა კუბების ჯამი რომელიმე სხვა რიცხვის კუბის ტოლი იქნებაო. რაზედაც ფერმამ წიგნის არეზე მიაწერა, ეს ჭეშმარიტია არამხოლოდ კუბების, არამედ მეოთხე ხარისხების და საერთოდ ნებისმიერი ხარისხის შემთხვევაშიო, ამის დამტკიცება შემიძლია, თუმცა წიგნის მარგინალიაზე ადგილი არ მყოფნის და შესაბამისად ვერ დავამტკიცებო

დიოფანტეს “ალგებრის მამას” უწოდებენ. იგი იყო პირველი მათემატიკოსი, რომელმაც სისტემატიურად დაიწყო უცნობი სიდიდეების სიმბოლოებით გამოსახვა, თუმცა დღემდე გაუგებარი იყო ჩემთვის როგორ ახერხებდა დიოფანტე ამას იმის გათვალისწინებით, რომ არაბული ციფრები მე-11 საუკუნეში გამოჩნდა, ჩვენთვის ცნობილი x, y, z უცნობები კი მე-17 საუკუნეში შემოიღო რენე დეკარტმა. ტოლობის ნიშანიც არ იცოდა ალექსანდრიელმა, რომ არაფერი ვთქვათ იმ კანონიკურ ალგებრულ ჩანაწერზე, რომელიც ყველა ჩვენგანმა სკოლაში ისწავლა.

ჯონ დერბიშირის წიგნში, “Unknown Quantity” წავაწყდი გამოსახულებას, ძვ. ბერძნული და ლათინური ასოების ნარევს, რომელიც პირადად ჩემთვის არაფრით განსხვავდებოდა “ენიგმას” დაშიფრული ტექსტისგან. როგორც აღმოჩნდა ეს არის ჩანაწერი, რის გამოც დიოფანტეს “ალგებრის მამას” უწოდებენ. როგორც მოგახსენეთ დიოფანტემ არ იცოდა არაბული ციფრები, შესაბამისად იგი რიცხვების ჩასაწერად თავზე ხაზგასმულ ძვ. ბერძნულ ასოებს იყენებს (α, β, γ, δ, ε…), უცნობი სიდიდეების გამოსახატად კი – ბერძნულ ასოებს (K, M, ς, Δ ).

დიოფანტეს ჩანაწერი სამი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში თავმოყრილია დადებითი წევრები, ამოყირავებული სამკაპი მიუთითებს რომ, რაც შემდეგ მოდის ის აკლდება დადებითებს და ’íσ  კი იგივეა, რაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ტოლობის ნიშანი (სიტყვიდან  ’íσος “ჰისოს”, რაც ნიშნავს “უდრის”). უცნობები ოთხი ტიპისა აქვს: კუბური ხარისხის მქონე (K), კვადრატული (Δ), პირველი ხარისხის  (ς) და კონსტანტა (M). შესაბამისად დიოფანტეს ჩანაწერი თანამედროვე ალგებრის ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ მივიღებთ:

როგორც ხედავთ დიოფანტე კოეფიციენტებს უცნობების შემდეგ წერს. დადებით და უარყოფით წევრებს ერთად აჯგუფებს. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროს უარყოფითი რიცხვებიც არ იყო ცნობილი. შესაბამისად ამოყირავებული სამკაპას სიმბოლო მინუს ნიშანს კი არ ნიშნავს, არამედ გამოკლებას. უფრო გასაგებ ენაზე რომ გადავწეროთ ეს განტოლება, მივიღებთ:

დარწმუნებული ვარ ეს უკანასკნელი ყველას გეცნოთ. მათაც კი, ვინც სკოლაში ალგებრას ვერ იტანდა. საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ დიოფანტე საკუთარი გამოგონების ტყვეობაში აღმოჩნდა. მისი საშუალებით მხოლოდ ერთუცნობიანი განტოლებების ჩაწერაა შესაძლებელი, ამიტომაც დიოფანტეს “არითმეტიკაში” ვერც ერთ ამ განტოლების მსგავსს ვერ ნახავთ, როდესაც იგი ორუცნობიან ე.წ. “დიოფანტეს განტოლებებზე” საუბრობს და მხოლოდ სიტყვიერად აღწერს მათ.

ასეთივე სიმბოლიზმის ტყვეობაში აღმოჩნდნენ ძვ. ბაბილონელებიც, რომლებმაც თითქმის მიაგნეს კვადრატული განტოლების ამოხსნის ზოგად წესს, მაგრამ არასწორად შერჩეული “ლურსმნული” სიმბოლიზმის გამო 27 საუკუნეზე მეტი გახდა საჭირო, რომ ძვ. ბაბილონელების მიგნება ზოგადი ფორმულის სახით ჩაწერილიყო.

P. S. როგორც ჩანს მართალი იყო ცხონებული ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი, როდესაც ამბობდა “ენა, როგორც სიმბოლიზმი ციხეა და ადამიანის გონება მის ტყვეობაში იმყოფებაო”.

ჩვენი უბნის თოჯინა

with 2 comments

ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა (სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…

“არუს” არაბულად პატარძალია.

“არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა.

ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….

ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!

* * *

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?!

ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის?

გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

სტივ ჯობსი – ვაშლის გამყიდველი

with 6 comments

სტივ ჯობსის შესახებ პირველად უნივერსიტეტში გავიგე, ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, ინფორმატიკის ლექციებზე. ეს სახელი და გვარი მაშინ არაფერს მეუბნებოდა, არადა იმ დროს ჯობსი Apple Computer-ში ახალი დაბრუნებული იყო და დაღუპვას უნდა გადაერჩინა კომპანია, საიდანაც თორმეტი წლის წინ, დირექტორთა საბჭომ დაითხოვა და მერე რა, რომ ეს კომპანია მისი დაარსებული იყო! მაშინ არ ვიცოდი, რომ იგი ვაშლის გამყიდველი იყო და თანაც დამპალი ვაშლის, ისეთ დღეში იყო მაშინ Apple-ი ჩავარდნილი! თავად “ვაშლის გამყიდველი” კი ჩემთვის ზუმბას სიმღერასთან ასოცირდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებში რომ გაისმოდა იმ შავბნელ წლებში.

უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, რომ “სტივ ჯობსი” მხოლოდ სახელი და გვარი იყო ჩემთვის, საჯარო ბიბლიოთეკის რომელიღაც მტვრიან წიგნში ამოკითხული. მეტი ინფორმაცია მის შესახებ ჩემ გარშემო არ მოიძებნებოდა, ინტერნეტი კი ძალიან იშვიათი ფუფუნება იყო. სადღაც მაგ დროს ვიყიდე თავისუფლებაზე მიწისქვეშა გადასასვლელში ჯინ ლანდრამის წიგნი “13 მამაკაცი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”. წიგნის ცამეტ პერსონაჟს შორის სტივ ჯობსიც ერია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ეს ადამიანი ჩემთვის სახელი და გვარი აღარ იყო. მან ბიოგრაფიული შტრიხები შეიძინა და ვაშლის გამყიდველი გახდა, რომელიც სტივ ვოზნიაკთან ერთად, მშობლების გარაჟში პერსონალურ კომპიუტერს აწყობდა და ამგვარად აპირებდა მსოფლიოს შეცვლას.

2005 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების წინაშე წარდგა. იმ დროს სტივი უკვე ჩემი ძველი ნაცნობი იყო, მრავალი რამ მსმენოდა მის შესახებ, მისი როლიც გაცნობიერებული მქონდა ციფრულ ეპოქაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. კურსდამთავრებულის მანტიამოსხმული ჭაღარამორეული ჯობსი კათედრასთან მივიდა და იქ დამსწრე სტუდენტებს განუცხადა სამი ისტორია უნდა მოგითხროთო. პირველი წერტილების შეერთებაზე იყო, მეორე – სიყვარულზე და დანაკარგზე, მესამე კი – სიკვდილზე.

პირველ ისტორიაში მოთხრობილი იყო იმაზე, თუ როგორ არ დაამთავრა ჯობსმა კოლეჯი და უნივერსიტეტი, როგორ სწავლობდა ხან კალიგრაფიას, ხან აღმოსავლურ რელიგიებს, ხან – რას და ხან – რას და თუ როგორ შეერთდა წარსულის თითოეული წერტილი, ჯობსის სიტყვებით, “უმშვენიერეს ქმნილებაში”, მაკინტოშში. მეორე ისტორიაში ჯობსმა Apple-იდან წასვლაზე, Pixar-ის და Next-ის დაარსებაზე და კვლავ მშობლიურ კომპანიაში დაბრუნებაზე ისაუბრა, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს. მესამე ისტორიაში კი სტივმა სიკვდილზე და ადამიანის ცხოვრებაში მის მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება, მან თქვა:

“სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, სადაც ყველანი მოვხვდებით. არავის დაუღწევია თავი ამისგან და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ის ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელია. ის ძველს აცილებს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც გაგაცილებენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს ასეა. თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში – ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს, ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის უნარი. ამ ორმა უკანასკნელმა იცის, ჭეშმარიტად რა გსურთ, ყველაფერ დანარჩენს კი – არ აქვს მნიშვნელობა”.

პირველად მაშინ გაიგო ყველამ, რომ ჯობსი პანკრეასის სიმსივნით იყო დაავადებული, რის გამოც დროებით კომპანიიდან წასვლაც კი მოუწია ორჯერ, 2004 და 2009 წლებში, პირველად – როცა პანკრეასის სიმსივნე მოკვეთეს, მეორედ კი – ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა მაშინ ეს არ იყო მთავარი. ჯობსი იმ დღიდან მილიონების სულიერ ლიდერად იქცა, მის შესახებ შემდეგ დაწერენ, რომ იგი სეკულარული ხანის მოციქულიაო და მისი ევანგელე იმედის და ცხოვრების აზრის ახლებურ გააზრებას გვთავაზობსო. ჯობსი, ზუმბასი არ იყოს, თითქოს მთელი შინაგანი არსებით მოუწოდებდა სტუდენტებს: “ზოგჯერ უბრალოდ მოინდომეთ, ბოლოს აგისრულდებათო” – რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორად ასე იშიფრება აბრევიატურა “ზუმბა”.

ავადმყოფობასთან ბრძოლის პარალელურად ჯობსი ციფრული ეპოქის მთავარი ვიზიონერი გახდა, iPod-ებმა, iPhone-ებმა და iPad-ებმა კი ახალ რელიგიას დაუდეს დასაბამი. ჯობსის “ვაშლები” აღარ იყო “დამპალი”, როგორც უწინ, მისმა კომპანიამ მთავარ კონკურენტს, Microsoft-საც კი გაუსწრო თითქმის ყველა პარამეტრით. დღესდღეობით კი ჯობსის ახალ პრეზენტაციებს მილიონები გულისფანცქალით ელიან, სადაც ის ჯინსებში, გაუპარსავი და კეთილი ღიმილით დადგება სცენაზე და ახალ საოცრებას წარუდგენს სამყაროს.

სტივ ჯობსი გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებულ CEO-დ, ანუ გენერალურ დირექტორად დაასახელეს და მართლაც, ბოლო ათი წელიწადი მისი იყო, მან აჩვენა ბიუროკრატ ჰალსტუხიანებს, რომ ჯინსებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა. დაუმტკიცა ყველას, რომ ინდივიდუალიზმთან და ქარიზმასთან ერთად გუნდური მუშაობაც აუცილებელია, რისი მასტერკლასიც, მან კომპანია Apple-ის მაგალითზე აჩვენა და ბოლოს, არავინ რომ არ ელოდა, წერილი მისწერა თავის თანამშრომლებს, სადაც ეწერა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიდიოდა კომპანიიდან განუსაზღვრელი ვადით…

როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის სტივ ჯობსის ეპოქასაც. მრავალი მილიონი ადამიანი, მათი სულიერი ლიდერის ჯანმრთელობითაა შეწუხებული, იგი ხომ ის ვაშლის გამყიდველია, რომელიც არასოდეს იქნება მიწადასაყრელი!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

February 3, 2011 at 9:14 pm

ვიკიპედია ათი წლისაა

with 4 comments

ათი წლის წინ ჯიმი უელსმა ვიკიპედიაში პირველი სტატია დაწერა. ეს ის დრო იყო, Microsoft-ი მჭადებივით რომ აცხობდა ენციკლოპედია “ენკარტას” ნაირ-ნაირ ვერსიებს, 11 სექტემბერიც ჯერ არ დამდგარიყო, სოციალური მედია არავის გაეგო რა იყო და არც ზმნა “დაგუგლვა” არსებობდა. პირველ სტატიას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და სადღაც ექვს კვირაში 2500 სტატია დაგროვდა. საინტერესო ის არის, რომ იმდროინდელ ვიკიპედიაში პეტი სმიტის მუსიკალური ალბომის, “Horses” გვერდი უფრო გრძელი იყო, ვიდრე სტატია პარიზზე და მხოლოდ 56 მათგანი ეხებოდა აშშ-ს და მის სახელმწიფოებრივ მოწყობას. დანარჩენი სტატიები კი საშუალო სტატისტიკური კომპიუტერული გიკის გემოვნების შესაფერისი იყო: ფანტასტიკური ლიტერატურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები…

ათი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვიკიპედია ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე ვიკიპედია “ბრიტანიკას” გაეჯიბრება აკადემიურობის და ავტორიტეტულობის ხარისხშიო, ეს სასაცილოდ არ ეყოფოდა არავის, ვინაიდან სკეპტიკოსები ვიკიპედიას თავიდანვე მკვდრად შობილ პროექტად მოიხსენიებდნენ, ბაბილონის გოდოლის მაგალითი მოჰყავდათ, როცა არაორგანიზებულმა და ენააღრეულმა ადამიანებმა ვერაფერი ხეირიანის გაკეთება ვერ შეძლეს და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაიქსაქსნენ. ამის შესახებ ვიკიპედიელები შემდეგ იხუმრებენ, ბაბილონის გოდოლი იმიტომ ვერ ააშენეს, რომ მაშინდელი ადამიანები იდეოლოგიურად თავისუფლები არ იყვნენო, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვიკიპედიის ფარგლებში ადამიანებმა საერთო ენა იპოვეს, რეგულაციის მექანიზმები შეიმუშავეს და ახალი ტექნოლოგიები დანერგეს…

ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ ტექნოლოგიები კიბორჩხალის ნაბიჯებით, უკუმიმართულებით და სპირალურად ვითარდება, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია ძველის გადამღერება, ახლებური გააზრება და შემდეგი იტერაციაა… ვიკიპედიის შემთხვევაშიც ასეა: ოდესღაც ჩვენი წინაპრები ეტრატებზე წერდნენ. საწერი საშუალებები მაშინ იმდენად ძვირფასი და იშვიათი ფუფუნება იყო, რომ ახლის დაწერის სურვილით ძველ ტექსტს შლიდნენ და ზედ ახალს აწერდნენ, შემდეგ კვლავ შლიდნენ და აწერდნენ… ამგვარ ეტრატებს პალიმფსესტებს უწოდებენ და მათი კულტუროლოგიური მნიშვნელოვანება იმაშია, რომ ზედ დატანილი ტექსტის თითოეული პირის წაკითხვა და გარჩევაა შესაძლებელი, დაახლოებით ისევე, როგორც ვიკიპედიაში შეიძლება სტატიის რედაქტირების ისტორიის ნახვა. ანუ გამოდის, რომ ვიკიპედია ციფრული პალიმფსესტების საცავია, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი რამ წაშალოს, ჩაასწოროს და ჩაამატოს.

ვიკიპედიასთან დაკავშირებით ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან: პირველ ნაწილს ფანატურად უყვარს ვიკიპედია, მეორე ნაწილს სძაგს და არ ენდობა მას. ზიზღის და სიყვარულის საგანი ორივე შემთხვევაში ვიკიპედიის სტრუქტურაა, სადაც არ არსებობს ავტორიტეტული აზრი, არსებობს მხოლოდ ფაქტი და ნეიტრალური თვალსაზრისი, რომლის მიღწევაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მახსენდება ქართული ვიკიპედიის მაგალითი, როცა პირველი სტატიები იწერებოდა და ვარდების რევოლუციის დროს მიხეილ სააკაშვილს ახალი დალეული ჰქონდა შევარდნაძის ჩაი. მაშინ ერთდროულად ორი სტატია დაიწერა სახელწოდებით “ვარდების რევოლუცია”. პირველის ავტორი ახალი დროების მეხოტბე იუზერი გახლდათ, მეორისა კი – ძველის. თავისუფალ ენციკლოპედიაში ავტორები ვერა და ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ შეეფასებინათ ვარდების რევოლუცია – დადებითად თუ უარყოფითად, ამიტომაც კომპრომისი მოინახა და დროებით სტატიის ორი ვერსია დაიდო პარალელურ რეჟიმში. დღესდღეობით მხოლოდ ერთი სტატია არსებობს და იქ მოყვანილ ფაქტებს ნეიტრალურობაზე აქვთ პრეტენზია, მასში ვეღარ შეხვდებით ტერმინებს “ნომენკლატურული რევანში”, “სასახლის შინა კარის გადატრიალება” და „ნეოპუტჩისტური ძალაუფლება”, თუმცა არც ხელისუფლების ხოტბა-დიდება აღარ არის.

ვიკიპედია ყველა სხვა ენციკლოპედიისაგან განსხვავებით მუდმივად დამუშავების პროცესშია, ანუ ტყუილად არ შეუდარებიათ ის ბაბილონის გოდოლისათვის. ვერ იარსებებს მომენტი, როცა შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ვიკიპედია დასრულდა, ვინაიდან სტატიები ქრონოლოგიურად ასახავენ მიმდინარე მოვლენებს, არსებული რეალიების გადაფასებაც დროის დინების შესაბამისად მიმდინარეობს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამა თუ იმ სტატიის გადაწერის საჭიროება დგება, თუმცა მთავარი ვიკიპედიაში ისაა, რომ ყველა ჩანაწერი ინახება და სტატიის წინა რედაქციები ჩვენგან მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებაშია. ასე მაგალითად, ამას წინათ ინგლისურ ვიკიპედიაში არსებული სტატიის, “ერაყის ომის” მთელი ისტორია დაბეჭდეს და ნაბეჭდმა ტექსტმა თორმეტი საშუალო სისქის ტომი შეადგინა. ხუთი წლის განმავლობაში თორმეტიათასჯერ დარედაქტირებული თორმეტტომეულის წაკითხვის ნერვები თუ გაქვთ, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რას ფიქრობენ ამ ომის შესახებ სხვადასხვა თაობისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები.

გასულ კვირას ვიკიპედია ათი წლის გახდა. ამ მოვლენამ ვიკიპედიელთათვის უმნიშვნელოდ ჩაიარა. მხოლოდ წარწერა გაჩნდა ზედა მარცხენა კუთხეში – “ვიკიპედია ათი წლისაა”. დღესდღეობით ვიკიპედია პოპულარობის მიხედვით მე-5 საიტია ინტერნეტში, მათ შორის არაკომერციულ პროექტებს შორის კი – პირველი. 270 ენაზე დღესდღეობით 17 მილიონი სტატიაა შექმნილი. მუდმივი რედაქტორებისა და ადმინისტრატორების რიცხვი კი ასი ათასს აღწევს. მხოლოდ მშრალი რიცხვებით ძნელია აღიწეროს ვიკიპედიის მნიშვნელოვანება თანამედროვე სამყაროში, ამასთან, როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, ვიკიპედია საფრთხის წინაშე დგას, უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია ტექნიკურ მხარდაჭერას და სახსრებს საჭიროებს. ენციკლოპედიის პროექტის ბიზნესმოდელი კი რეკლამირებას და რაიმე სახით სუბსიდირებას გამორიცხავს და მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე არსებობს, რაც ყოველთვის არ არის საკმარისი.

ვიკიპედიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ვანდალიზმთან, სპამთან და უბრალოდ გართობის მოსურნე ინტერნეტ-ბოროტმოქმედებთან ბრძოლა. ვიკიპედია ერთ დიდ კედელს ჰგავს, სადაც ადვილია რაიმე უცენზურო სიტყვის მიწერა, თუმცა კედელს თავისი დამცველებიც ჰყავს, რომლებიც კედლის მხატვრობას და ფასეულ ინფორმაციას იცავენ, ენანებათ რა კედლის მოხატვაში დახარჯული დღეები. თუ მცველები დაცვას შეწყვეტენ, მიტოვებული ეკლესიისა არ იყოს, კედელს სპამერები, ვანდალები და ეშმაკები დაეპატრონებიან. ასე რომ, თუკი თქვენ კვლავაც შეგიძლიათ ვიკიპედიით სარგებლობა, იცოდეთ, რომ კედლის კეთილი მცველები ჯერჯერობით იმარჯვებენ.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

January 28, 2011 at 12:01 am

Posted in ისტორიები

Tagged with

აბა, მამი ზღვა?!

with 7 comments

ორი წლის წინ გერმანიაში ვიყავი სამსახურიდან ტრენინგზე, ქალაქ პადერბორნში. ტრენინგები ფართო საზოგადოებისათვის არც ისე საინტერესო საბილინგო სისტემას შეეხებოდა, ჩვენი მასპინძლები ძალიან კეთილგანწყობილები დაგვხვდნენ და საჭირო მასალა როგორც კი გავიარეთ გაგვაფრთხილეს უიქენდზე არაფერი დაგეგმოთ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები უნდა განახოთო, ჰოდა ჩვენც მოვემზადეთ… დადგა მეორე დღე. მოგვაკითხა მანქანამ და შემდეგ სრული ნახევარი საათი მიდიოდა პატარ–პატარა გერმანულ სოფლებში. ბოლოს ტყეში შევედით, არც ისე უღრანში. შუა ტყეში რამდენიმე ველოსიპედისტი შემოგვხვდა, რომლებიც ვარჯიშობდნენ მომავალი ველორბოლისთვის, რომელიც ახლო–მახლო სოფლებში მოსახლეებს შორის ტარდებოდა…

მთელი გზა ჩვენი მასპინძლები ვიღაც ჰერმანის სახელს იძახდნენ, ჰერმანი უნდა განახოთო. თან იმათი ინგლისური მხოლოდ ტექნიკურ ტერმინოლოგიას სწვდებოდა, ჩვენი გერმანული კი საერთოდ არ იყო მხედველობაში მისაღები, ამიტომაც ჩვენც მდუმარედ ველოდით ჰერმანთან შეხვედრას. ბოლოს როგორც იქნა მივედით და შუა ტყეში ამართული ეს გრანდიოზული მონუმენტი ვიხილეთ (სურათზე), იქვე ხის სახლი იყო, რომელშიც ამ ძეგლის ამგები, ერნსტ ფონ ბანდელი ცხოვრობდა თურმე განმარტოებით ოცი წლის განმავლობაში და ეს ძეგლიც ფრანკო–პრუსიულ ომში გამარჯვების და გერმანელი ხალხის გაერთიანების ნიშნად დაედგათ 1871 წელს.

პოსტამენტს რომ მივუახლოვდი იქვე წარწერა იყო გაკეთებული ძეგლის შესახებ რამდენიმე ენაზე, მათ შორის ინგლისურად, ჰოდა სახელი “არმინიუსი” რომ ამოვიკითხე გონება გამინათდა, გამახსენდა ოდესღაც ისტორიის წიგნებში ამოკითხული ბრძოლის შესახებ, სადაც ხერუსკების ბელადმა არმინიუსმა გერმანული ტომები გააერთიანა და ტევტობურგის ტყეში კუდით ქვა ასროლინა ძვ. რომაელებს, პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის ლეგიონებს. არმინიუსს გერმანელები თურმე ჰერმანს უწოდებენ, მე რა ვიცოდი… ჰოდა, გახარებულმა რომ არმინიუსი ვიცანი, ჩვენს გერმანელ ინსტრუქტორთან, მაღალ, შესახედაობით ცივსისხლიან და არიული ნაკვთების მქონე ეკჰარტთან მივედი და ვეკითხები ტევტობურგის ტყე სად არის მეთქი… ეკჰარტმა მხრები აიჩეჩა და მეუბნება აი, მიიხედ–მოიხედეო, შუა ტევტობურგის ტყეში ვართო და შემდეგ უხერხული დუმილი ჩამოწვა…

Written by linguistuss

January 15, 2011 at 12:33 pm

Prosit Neujahr

with 19 comments

დღეს მთელი დღე მეძინა. ბოლო ათწლეულის რაღაც უცნაური, შემაჯამებელი სიზმარი ვნახე. ხშირად მიფიქრია და ეს აზრიც არაა ახალი, რომ ტვინი გადაღებული ვიდეოების საცავია და როდესავ ვიძინებთ ექსცენტრიული მონტაჟისტი დაბოდიალობს ამ არქივში, ამონტაჟებს როგორც გაუხარდება, რაც გაუხარდება, ზოგ რამეს თავისას ამატებს სპეცეფექტების სახით და ჩვენც ძილში გასართობი გვაქვს დამონტაჟებული ვიდეოს, როგორც სიზმრის ყურების, თუ თვალების დროს. ბოლოს მაინც ვიღვიძებთ რათა ახალი კადრები გადავიღოთ და ექსცენტრიულ მონტაჟისტს საქმეში შევეშველოთ.

ათი წლის წინ ჯერ კიდევ ფიზიკის და მათემატიკის წიგნებს ვურტყამდი თავს! ძალიან შორს დარჩა კვანტური მექანიკის და დიფერენციალური აღრიცხვის ლექციები. ბუნდოვნად მახსოვს რაღაცეები. მერე ფრანგულის სწავლა დავიწყე 2002–ში. დიდი ხანი დავდიოდი ხან კერძოდ და ხან დიუმას ცენტრში, ბოლოს დალფი ჩავაბარე და ფრანგულიდან იტალიურზე გადავედი, სადაც ერთი წელი ვიარე და რომ მივხვდი ვიკიპედიის კითხვა რომ შემეძლო, იტალიურსაც შევეშვი. მეგონა რომ იტალიურად ლაპარაკს ვერასოდეს შევძლებდი, თუმცა საჭირო დროს, საჭირო ადგილას როცა აღმოვჩნდი სიტყვების ნაკადი შევნიშნე და კომუნიკაცია შევძელი. ზუსტად მაშინ გამიჩნდა ის განცდა, რომ ინფორმაცია ტვინში არ იკარგება.

წელს პირველად გავაცნობიერე, რომ იმ ქალებს შორის, რომლებთანაც რაიმე სახის ურთიერთობა მქონდა იქნება ეს უბრალო სმს–ფლირტი, მეგობრობა, სექსი თუ სამკვდო–სასიცოცხლო ჩხუბი, ყველა არ მახსოვს… რაღაც კადრები დაუკარგავს ჩემს მონტაჟისტს, როგორც ჩანს. თუმცა ფაქტია, რაღაცეებს რომ ვიხსენებ, ბოლომდე მაინც ვერ ვიხსენებ და ეს მაწუხებს. სავარაუდოდ ათი წლის შემდეგ უფრო მეტი აღარ მემახსოვრება და პირადი ჩანაწერები რომლებიც ჯერ კიდევ წაუშლელია ჩემს არქივში კიდევ უფრო უცხო გახდება, ვიდრე ახლა.

ფიზიკაზე გული რომ ავიცრუე თავი მათემატიკით, ლოგიკით და პროგრამირებით გამოვიტენე, რის პარარალელურადაც პოეტური ინტუიცია დავკარგე, თუკი ოდესმე მქონდა ასეთი რამ. შემდეგ ბერტრან რასელმა ამიხსნა, თავის რომელიღაც წიგნში რატომაა შეუძლებელი ადამიანი ერთდროულად მათემატიკოსიც იყოს და პოეტიცო. ახსნა ლოგიკური იყო: პოეტი პირადი დეფინიციებით და შეგრძნებებით აზროვნებსო, მათემატიკოსი, ან ლოგიკოსი კი ცდილობს ადამიანებისათვის საერთო დეფინიციების შექმნას და ასე აზროვნებასო და ამიტომაც ლოგიკოსი ყველასათვის უინტერესოა როგორც პოეტი, ვინაიდან მისი სამყარო ყოველგვარი პირადულისგან შემოძარცულიაო.

ბოლო წლებია, როცა პროგრამირებაც მომბეზრდა და ფრანგულიც, აღმოსავლურ ენებზე გავჭედე. სადღაც საშუალო დონეზე ავედი არაბულში, კითხვა ვისწავლე, ლექსიკონის დახმარებით ტექსტებს ვთარგმნი. ეს დონე საკმარისი აღმოჩნდა, რომ იტალიაში რომელიღაც ჰოსტელის ტიპის სასტუმროში, სადაც როგორც ჩანს სულ არაბები სახლდებოდნენ, წარწერა ممنوع الدخول (მამნუყ ად–დუხულ), ანუ შესვლა აკრძალულიაო, გონებას ავტომატურად რომ გაეშიფრა, დაუძაბავად… როგორც ჩანს ინტერნეტში არაბულ საიტებზე ნანახი წარწერა “18 წლამდე შემოსვლა აკრძალულია”–ს მაგვარი ტექსტი მახსოვდა ვიზუალურად.

საინტერესო ის არის, რომ ნელ–ნელა არაბულიც მბერზრდება. სადღაც წინ ვიყურები, ახალ–ახალ გასართობებს ვეძებ. წელს პირველად დავინტერესდი გერმანული და ესპანური ენებითა და კულტურით, როცა ვერც ერთს ვიტანდი და ვერც მეორეს. თან იმ დონეზე გავჭედე, რომ გუშინ ვენაში Neujahrskonzert რომ გაიმართა ჩამოვქაჩე და ვუყურე როგორ აკომპანირებდა მთელი დარბაზი ტაშისცემით რადეცკის მარშს. ჰო, გუშინ ვიღაც ეძებდა ჩემს ბლოგზე “ახალი წლის მილოცვას გერმანულად”, საძიებარ სიტყვებში შემომხვდა, ამიტომ მის გასაგონად ვიტყვი, რომ გერმანელები ასე ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს: prosit Neujahr (პროზიტ ნოიიარ).

ამ ათწლეულის შემაჯამებელმა სიზმარმა ერთი არაბული ანდაზა გამახსენა: ما فات مات (მა ფაათა მაათა), ანუ ის რამაც ჩაიარა მოკვდაო, დაახლოებით ისევე, როგორც ამ კაცისთვის (სურათზე) ჩაიარა იმ ქალმა და მოკვდა, კორიდორში რომ მიაბიჯებს ჩანთის ქნევით და ტოპ–მოდელის ნაბიჯებით…

P. S. ფოტო აღებულია flickr–იდან (ბმული)

Written by linguistuss

January 2, 2011 at 10:50 pm

ინტიმი – სექსი თუ სიახლოვე?!

with 17 comments

2009 წლის 14 იანვრის პოსტია, ამით ვნერგავ რეპოსტის პრაქტიკას ბლოგზე

2001 წელს პატრის შერომ გადაიღო ფილმი, რომელსაც ფრანგულად Intimité ჰქვია. ეს ფილმი ტიპიური ფრანგული ფილმია, სადაც აქცენტი მთავარი გმირების ურთიერთობებზე და ამბავზეა გადატანილი და უგულებელყოფილია ყოველგვარი სპეცეფექტი. ფილმი ორი წარუმატებელი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის ახლო ურთერთობის შესახებ მოგვითხრობს, ამიტომაც ფრანგულად მას სათაურიც შესაფერისი აქვს –  Intimité – რაც თარგმანში “სიახლოვეს” ნიშნავს. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვი აიღო და ამის შემდგომ განაგრძო სვლა კინოკულტურის ცენტრიდან პერიფერიებისაკენ, თუმცა გზაში თარგმანში დაიკარგა. რუსულ კინობაზარზე ფილმს Интим უწოდეს და ქართველმა ინტერნეტ მოღვაწეებმა, რომლებმაც მხოლოდ რუსული იციან, ფილმის სათაურად “ინტიმი” შეარჩიეს, რის შედეგადაც ფილმმა ქართველი ხელმრუდე ახალი თაობა შეცდომაში შეიყვანა და პატრის შეროს კინოსურათი იმწამსვე გაიყვანეს კატეგორიაში “სექსები”.

ჩემს ბავშვობაში, ბნელ 90–იან წლებზე მოგახსენებთ, ქართული ჟურნალ–გაზეთების დახლებზე ეროტიულ–პორნოგრაფიული შინაარსის მოჟურნალე გამოცემა “ინტიმი, ინტიმი” გამოჩნდა. სწორად მაშინ დამაინტერესა პირველად ამ სიტყვის ეტიმოლოგიამ და ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონს მივმართე, სადაც ეს სიტყვა ასეთი ფორმით დაფიქსირებული არ არის. ჭაბაშვილმა მხოლოდ ის იცის, რომ “ინტიმა” სისხლძარღვის კედლის შინაგანი გარსია და ის რომ, “ინტიმური” – უაღრესად პირადულ რაიმეს ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ინგლისური და ფრანგული ვისწავლე, აღმოვაჩინე რომ intimate ინგლისურად და intime – ფრანგულად “პირადულს” ნიშნავს და ამ სიტყვების კონოტატიური მნიშვნელობა საერთოდ არ არის დაკავშირებული არც სექსთან, არც ეროტიკასთან და არც პორნოგრაფიასთან.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სერ ჯერომ ჰორსეი, ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და პოლიტიკოსი, რომელმაც 17 წელი გაატარა რუსეთში 1573–1591 წლებში. დღემდე შემონახულია დღიურები და პირადი ჩანაწერები, რომლებსაც მისი თანხმლები პირი, ვინმე ფლეტჩერი აწარმოებდა. 1583 წლით დათარიღებულ წერილში მოთხრობილია ამბავი იმისა, თუ როგორ ესტუმრნენ სერ ჯერომ ჰორსეი და მისი თანმხლები პირები მოსკოვის აბანოს რუსი ბოიარებისა და მეფისკარის ლამაზმანების თანხლებით. მოგეხსენებათ იმ დროინდელ რუსეთში საერთო აბანოში კაცები და ქალები განცალკევებით არ ბანაობდნენ, რასაც ძალიან გაუკვირვებია ინგლისელი დიდგვაროვანი და გაოცებულს უთქვამს: “It’s incredible, they are making that like in team!” (თარგმანში: დაუჯერებელია ისინი ამას ჯგუფურად აკეთებენო). იქვე მდგომი ბოიარინია არ დაბნეულა და შეპასუხებია: “Кому интим, а кому помыться”, ანუ ვისთვის ინტიმია და ვისთვის კიდე ბანაობაო. ამის შესახებ ყველას გულიანად უცინია და ასე დაბადებულა სიტყვა, რომელიც მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ჩხირკედელაობას აღნიშნავს.

დღესდღეობით უკუპროცესი მიმდინარეობს. ინგლისური ენის ფართო გავრცელების წყალობით, სიტყვა “ინტიმური” უფრო პირადულს ნიშნავს, ვიდრე სექსთან დაკავშირებულს და შესაბამისად, თუკი ოდესმე ჩვენი ინტერნეტმოღვაწეები ინგლისურს ისწავლიან, იქნებ ფილმების სათაურები პირდაპირ ორიგინალიდან თარგმნონ და არა რუსულიდან და მერე დარწმუნებული ვარ ყველას გვეშველება…

შექსპირი, 73–ე სონეტი

with 3 comments

იმდენი ხნის წინ ვთარგმნე, რომ აღარც–კი მახსოვდა ამის არსებობა, არადა, მგონი, ყველაზე კარგია…. ბევრ საიტზე ვნახე, მთარგმენლს თითქმის არავინ ასახელებს…. ერთგან ისიც კი წავიკითხე – ამ სონეტის მთარგმნელი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არისო….. (?!) შეიძლება მართალიც არის ამის მთქმელი.

დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.

მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.

მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,
მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,
მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული
და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.

და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,
მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ!

პოსტის ავტორი: მამაჩემი



Written by linguistuss

December 11, 2010 at 1:57 am

თსუ–ს 2010 წლის ზამთრის ჩემპიონატი, ფინალი

with one comment

დღეს დასრულდა თსუ–ს 2010 წლის ზამთრის ჩემპიონატი. თანაბარი სწორი პასუხები დააგროვეს ინტეგრალმა და 26–ე საათმა და შეთანხმებული წესების თანახმად გამარჯვებული გამოვლინდა ე.წ. რეიტინგით. კითხვები იყო რთული (განზრახ), ამიტომაც არ არის გასაკვირი 10 კითხვა ვერავინ რომ ვერ გამოიცნო, საბოლოო ჯამში ტურნირი შედგა და კმაყოფილი ვარ. ვულოცავ პრიზიორებს გამარჯვებას.

კითხვები:

1. ერთი ამერიკელი მწერალი იგონებდა თუ როგორ ამოჭრა ბაბუამისმა ძველი ჟურნალიდან რეცეპტი, როდესაც ეს მწერალი სამი წლის იყო. ამ რეცეპტის სახელი შემდგომში მწერლის გახმაურებულ რომანს ეწოდა. დაასახელეთ ამ რომანის სათაური.

პასუხი: ბაბუაწვერების ღვინო
კომენტარი: ბაბუამისმა ბაბუაწვერების ღვინის რეცეპტი ამოჭრა.
წყარო: 1. ბმული

2. ერთმა ენამოსწრებულმა და უცხო ენებით გატაცებულმა ბლოგერმა დეტექტიური რომანებით ცნობილი მწერალი ძმების გვარს თავში დაუმატა ერთი ასო და ასე მოიხსენია სხვა ძმები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მათი სახელები.

პასუხი: ნიფნიფა, ნუფნუფა, ნაფნაფა
კომენტარი: Schwein – გერმანულად ღორია. ძმები ვაინერების გვარში ასოს დამატებით მიიღება – ძმები შვაინერები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

3. აიზეკ აზიმოვის მოთხრობაში “გზავნილი” (The Message) დროის მანქანის საშუალებით XXX–ე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომში დაბრუნებული ისტორიკოსი კედელზე ტოვებს წარწერას. ყურადღება შეკითხვა: რა გვარია ეს ისტორიკოსი?

პასუხი: ქილროი
კომენტარი: ამდაგვარად ახსნა აიზეკ აზიმოვმა ფრაზის – Kilroy was here – წარმოშობა, რომელსაც ტოვებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები კედლებზე მეორე მსოფლიო ომის დროს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

4. ჯანეტ ლაუს წიგნში, რომელიც კომპანია Google-ის შექმნას ეძღვნება, არის ასეთი თავი: “სწორად ეს აუცილებელი ატრიბუტი”. 1979 წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი, რომლის სათაურიც ამ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. დაასახელეთ ეს აუცილებელი ატრიბუტი.

პასუხი: გარაჟი
კომენტარი: მრავალი კომპანია შეიქმნა გარაჟში, სწორად ამას გულისხმობს ავტორი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5. შტეფან ჰერბრეხტერის და ივან კალუსის რედაქციით რამდენიმე წლის წინ გამოიცა წიგნი, ესეების კრებული, სადაც ერთი მწერლის შემოქმედებაა განხილული თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფონზე. წიგნის ავტორები ამ მწერალს ჰიპერტექსტური და ვირტუალური სამყაროს წინამორბედად მიიჩნევენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ წიგნის ყდაზე ამ მწერლის გვარს დამატებული აქვს თავკიდურა ორი ასო – cy. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული მწერალი.

პასუხი: ხორხე ლუის ბორხესი
კომენტარი: წიგნს ჰქვია “Cy-Borges: Memories of the Posthuman in the Work of Jorge Luis Borges”. Cy-Borges – კიბორგის და კიბერსამყაროს ალუზიაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

6. ოლივერ სტოუნის 2006 წლის ფილმის პოსტერზე გამოსახულია ორი შავი ზოლი. ახლო წარსულში ისინი, რასაც სიმბოლურად ეს ზოლები გამოხატავენ შეადგენდნენ 2/7–ს (ორ მეშვიდედს). ყურადღება შეკითხვა: რის 2/7–ს შეადგენდნენ ისინი?

პასუხი: WTC (მსოფლიო სავაჭრო ცენტრი)
კომენტარი: ფილმი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ეძღვნება. შავი ზოლები კი დანგრეულ ტყუპ–ცათამბჯენებს აღნიშნავენ, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შვიდშენობიანი კომპლექსის ორი შენობა იყო.
წყარო: 1. ბმული

7. 2004 წელს ელექტრონული ფოსტის ლიმიტი Hotmail-ზე წარმოადგენდა 2 მეგაბაიტს, Yahoo-ზე კი – 4 მეგაბაიტს. ამავე წელს გაეშვა კომპანია Google-ის ინოვაციური პროდუქტი Gmail, სადაც საფოსტო ყუთის ლიმიტი 1 გიგაბაიტი იყო. 2004 წლის რომელ თვეს და რომელ დღეს განაცხადა Google–მა Gmail–ის გაშვების შესახებ?

პასუხი: 1 აპრილს
კომენტარი: თავდაპირველად ეს ყველას საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა იმდენად დიდი იყო გუგლის საფოსტო ყუთის დაანონსებული ზომა.
წყარო: 1. ბმული

8. თქვენს წინაშეა ძველი ჩინური მინიატურა, რომელზედაც მე წავშალე ერთი არსება.

ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს არსება.

პასუხი: პეპელა
კომენტარი: მინიატურაზე გამოსახულია ჩჟუანცზი, რომელმაც არ იცის იგი ჩჟუანცზია, რომელსაც ესიზმრება რომ პეპელა, თუ პეპელაა, რომელსაც ესიზმრება რომ ჩჟუანცზია.
წყარო: 1. ბმული

9. ენტონი ჰარვის ფილმი, “შუშის სამხეცე”, ერთობ ალუზიურად იწყება. მთავარ პერსონაჟს რამდენჯერმე ჩაესმის თუ როგორ ეძახის მას დედა, იგი ფიქრებშია გართული და ხმას არ იღებს. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა ჰქვია ზემოხსენებულ მთავარ პერსონაჟს?

პასუხი: ტომი
კომენტარი: ალუზიაა მარკ ტვენის რომანზე “ტომ სოიერის თავგადასავალი”, რომელიც იწყება ასე – “ტომ. პასუხი არ არის. ტომ. პასუხი არ არის”.
წყარო: 1. ბმული

10. ამერიკელი ლექსიკოგრაფი, ეირინ მაკკინი ამბობს, რომ ქაღალდის წიგნი არ არის სრულყოფილი ფორმა ლექსიკონისათვის, თუმცა მეორეს მხრივ დანანებით აღნიშნავს, რომ ელექტრონულ ლექსიკონებში ძებნის ფუნქცია ლექსიკონს უკარგავს იმას, რასაც ერთი ინგლისური სიტყვა გამოხატავს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ინგლისური სიტყვა.

პასუხი: serendipity
კომენტარი: serendipity აღნიშნავს ქმედებას, როცა აღმოჩენას აკეთებ ისე, რომ ამ აღმოჩენას საერთოდ არ გეგმავდი.
წყარო: 1. ბმული

11. თქვენს წინაშე წარმოდგენილია მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურები, რომლებიც ბლოგერმა დმიტრი ჩერნიშოვმა შეადარა მათ.

  • Киевская
  • Краснопресненская
  • Белорусская
  • Новослободская
  • Проспект Мира
  • Комсомольская
  • Курская
  • Таганская
  • Павелецкая
  • Добрынинская
  • Октябрьская
  • Парк культуры

ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მათი კრებითი სახელი ერთი ძვ. ბერძნული წარმოშობის სიტყვით.

პასუხი: ზოდიაქო
კომენტარი: წარმოდგენილი სადგურები ე.წ. “კოლცევაია ლინიის”, ანუ წრიული ხაზის შემადგენელი სადგურებია. 12 წრეზე განლაგებული სადგური ჩერნიშოვმა 12 წრეზე განლაგებულ ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს შეადარა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

12. თქვენს წინაშეა სახელოვანი ფრანგი ფოტოგრაფის, ანრი კარტიე–ბრესონის ფოტონამუშევარი, რომელზედაც არანაკლებ სახელოვანი ფრანგი ხელოვანია გამოსახული.

ნამდვილად ძნელია რაიმე წუნი უპოვო ამ ფოტოპორტრეტს. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ფოტოზე გამოსახული ხელოვანის სახელი და გვარი.

პასუხი: ბრაკი
კომენტარი: ჩვენს მეტყველებაში “წუნის” სინონიმია რუსული ბარბარიზმი “ბრაკი”, რომელიც წარმოადგენდა მინიშნებას. ფოტოზე კუბიზმის მამამთავარი ჟორჟ ბრაკია გამოსახული.
წყარო: 1. “Tete-a-Tete”, Portraits by Henri Cartier-Bresson, A Bullfinch Press Book, 1998, Page 40

13. სპეციალისტები მას უძველეს სიცრუის დეტექტორს უწოდებენ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან თუ რომელ ანტიკურ ღვთაებას განასახიერებს ის – ოკეანოსს, თუ ტრიტონს. ერთი ვერსიის თანახმად კი ის იმ მდინარის სიმბოლოა, რომლის ნაპირასაც მდებარეობს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მდინარე.

პასუხი: ტიბრი
კომენტარი: საუბარია რომში, ტიბრის ნაპირას განლაგებულ სკულპტურულ ქმნილებაზე – bocca della verità (სიმართლის ბაგეები).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

14. 1949 წლის 15 ნოემბერს განდიდების მანიით შეპყრობილი ნატჰურამ ვინაიაკ გოძე სიკვდილით დასაჯეს. ყურადღება შეკითხვა: რა დანაშაული ჩაიდინა მან?

პასუხი: მოკლა მაჰათმა განდი
კომენტარი: 1948 წლის 30 იანვარს მან მოკლა მაჰატმა განდი და ამ გზით შევიდა ისტორიაში.
წყარო: 1. ბმული

15. თქვენს წინაშეა სოსო ნადირაძის ლექსი.

ნისლებისაკენ მივდევ არყიანს…
ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს,
მივდივარ, მაგრამ ზურგზე მატყვია,
რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს
განა ლექსს ვამბობ , ჩემს სიზმარს ვყვები,
მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს,
და მოშურნეთა ნასროლი ქვებით
შენდება ჩემი მეტამორფოზა

ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა შევცვალე მე ამ ლექსში და რომელი სიტყვით?

პასუხი: მეტამორფოზა –> ციხე–სიმაგრე
კომენტარი: ფრანც კაფკას ერთი ნაწარმოების სახელი “ციხე–სიმაგრე” შეცვლილია მეორე ნაწარმოებით “მეტამორფოზა”.
წყარო: 1. ბმული

16. თქვენს წინაშეა ფოტო, რომელსაც Flickr.com-ზე წავაწყდი.

ეს ფოტო ავტორმა დაასათაურა მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი რომანის სახელწოდებით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომანის სახელწოდება.

პასუხი: ქარწაღებულნი
კომენტარი: მარგარეტ მიტჩელის რომანს, ასევე ეწოდება Gone with the wind, ანუ “ქარწაღებულნი”.
წყარო: 1. ბმული

17. დიზაინერ ალედ ლუისის პოსტერზე ალისფერ ფონზე გამოსახულია კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი. პოსტერზე კითხვის ნიშანი ახდენს იქსის სიმბოლიზირებას, ძახილის ნიშანი კი – იგრეკისას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: ნამგალი და ურო
კომენტარი: ალედ ლუისის ნამუშევარი სსრკ–ს დროშის პაროდიაა.
წყარო: 1. ბმული

18. ეს სიტყვა აწერია ფრანგული წარმოების ფოლადისგან დამზადებულ ნაწარმს და „დაუჟანგავს“ ნიშნავს. 1909 წელს კარლ ელსენერმა, მას შემდეგ რაც მშობელი გარდაეცვალა, მშობლის სახელს დაუმატა ეს სიტყვა და სწორად ასე შეიქმნა მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ბრენდის სახელწოდება.

პასუხი: Victorinox
კომენტარი: Victorinox = Victoria + inox, ეს უკანასკნელი შემოკლებული ფორმაა „დაუჟანგავის“, ანუ inoxydable–ის.
წყარო: 1. ბმული

19. შეკითხვას სვამს ინგლისელი კინორეჟისორი: შექსპირის პიესაში ერთი პერსონაჟი ამბობს – “იქსების გარეშე იგრეკი ისეთივე სულელია, როგორც მე”. ყურადღება შეკითხვა: მითხარით იგრეკიც და იქსებიც, თუ ისინი ამ კინორეჟისორის ფილმის სათაურს ემთხვევა.

პასუხი: პროსპეროს წიგნები
კომენტარი: შექსპირის პიესაში “ქარიშხალი” კალიბანი ამბობს პროსპეროზე წიგნების გარეშე იგი ისეთივე სულელია, როგორც მეო. “პროსპეროს წიგნები” პიტერ გრინუეის 1991 წელს გადაღებული ფილმია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

20. ერთ ინტერვიუში ედსონ არანტეს დუ ნასიმენტომ განაცხადა, რომ ბრაზილიაში ეს ადამიანები ტყვიამფრქვევებს ჰგვანან, რომლებსაც მოკლე ტყვიები სჭირდებათ, თორემ შენელდებიან და ვერ გაისვრიან. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ამ ადამიანების რომელიმე ქართველი კოლეგა.

პასუხი: მაგალითად დიმიტრი ობოლაძე
კომენტარი: ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს, იგივე პელეს აზრით ბრაზილიელი ფეხბურთელების მოკლე მეტსახელებს თავად სპორტული კომენტატორები იგონებენ, ვინაიდან მათ უჭირთ მათი გრძელი სახელების და გვარების წარმოთქმა მატჩის კომენტირების დროს.
წყარო: 1. ჟურნალი Личности №6 (28), 2010, გვ. 8

21. თქვენს წინაშეა ერთი ქალაქის ღირსშესანიშნაობა:

ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით რა ეწოდება პატარა შეღებულ კარს დარიგებულ სურათზე.

პასუხი: ნემსის ყუნწი
კომენტარი: არსებობს ლეგენდა, რომ სახარებისეული ფრაზა “ოდეს აქლემი გაეტევა ნემსის ყუნწში” იერუსალიმის კარიბჭიდან იღებს სათავეს, რომელშიც მსხივლფეხა საქონელი ძნელად ეტეოდა. თანამედროვე იერუსალიმში ამ ლეგენდის გამო რამდენიმე “ნემსის ყუნწი” კარები არსებობს.
წყარო: 1. ბმული

22. მისი სახელწოდება წარმოდგება პატარა სათამაშო ქვებისაგან, რომლებიც ძალიან წააგავს გოს სათამაშო ინვენტარს, ამიტომაც გოს მოთამაშეები მის რეალურ პროტოტიპად მათ საყვარელ თამაშს მოიაზრებენ. ფილოსოფოსები კი მასა და ლაიბნიცის მიერ შექმნილ უნივერსალურ ენას შორის ბევრ საერთოს პოულობენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელწოდება.

პასუხი: თამაში რიოში მარგალიტებით
კომენტარი: საუბარია ჰერმან ჰესეს რომანზე, სადაც მოთხრობილია ამავე სახელწოდების მქონე უნივერსალური თამაშის შესახებ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

23. 1947 წელს აშშ–ს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ძვირფასო რუთ” (Dear Ruth), რომელშიც მამაკაცის მთავარი როლი უილიამ ჰოლდენმა შეასრულა. ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო ქალის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი?

პასუხი: კოლფილდი
კომენტარი: არსებობს მოსაზრება, რომ ჯერომ სელინჯერმა აფიშაზე წაიკითხა უილიამ ჰოლდენის და ჯოან კოლფილდის გვარები და აქედან შექმნა მისი პერსონაჟის, ჰოლდენ კოლფილდის სახელი და გვარი.
წყარო: 1. ბმული

24. ფრანგმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა პიერ ლუი დე მოპერტიუიმ იწინასწარმეტყველა, რომ 1757 წელს დედამიწას შეეჯახებოდა კომეტა. ერთი ვერსიით მოპერტიუის სწორად ამ წინასწარმტყველებამ დაუდო საფუძველი ერთ ფრთიან ფრაზას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრთიანი ფრაზა.

პასუხი: ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა ყოფილა
კომენტარი: მოპერტიუიმ იწინასწარმეტყველა, რომ კომეტის შეჯახების შემდეგ დედამიწაზე მოხდებოდა წარღვნა. ერთი ვერსიით ეს იცოდა მარკიზა დე პომპადურმა, რაც აისახა კიდეც მის ფრთიან ფრაზაში.
წყარო: 1. А. Г. Назарян, «Почему так говорят по-французский», Изд. «Наука», Москва, 1968, с.97

25. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა თავის მემკვიდრედ სსრკ–ს გოსპლანის თავმჯდომარე ნიკოლაი ვოზნესენსკი დაასახელა, რაც არ მოეწონა მის გარემოცვას და შესაბამისად რამდენიმე თვეში სტალინის მაგიდაზე ვოზნესენკის შავბნელი საქმე დაიდო. ისტორია მოგვითხრობს, რომ სტალინს საქმე გადაუთვალიერებია, მასალების შეკვრისთვის ორი სიტყვა წაუწერია და გვერდზე გადაუდია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი სიტყვით რუსულ სინამდვილეში სხვა პიროვნებაა ცნობილი. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ორი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: Не верю
კომენტარი: სტალისლავსკის სისტემის თანახმად მსახიობი უნდა შეესისხლხორცოს როლს და თუკი ის ამას ვერ მოახერხებს იქვე გაისმის მისი не верю, რაც სიყალბეში ამხელს მსახიობს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

26. ინტერნეტში შეკითხვის ავტორი წააწყდა კარიკატურას, რომელზეც გამოსახული იყო აფრიკის ქვეყნის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები. თუმცა ფეხბურთელებს სახე ტრადიციული შავი ფერის ნაცვლად ჰქონდათ ლურჯი. სურათზე კი გაკეთებულ წარწერაში აფრიკის ქვეყნის სახელწოდებაში შეცვლილი იყო ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აფრიკის ეს ქვეყანა.

პასუხი: კამერუნი
კომენტარი: კამერუნის ნაკრების ნაცვლად გამოსახული იყო კამერონის ნაკრები, რომლებსაც “ავატარის” კინოგმირების მსგავსად სახეები ჰქონდათ ლურჯი შეფერილობის.
წყარო: 1. ბმული

27. 1885 წლის 26 ნოემბერს ჟურნალ “Nature”–ში 74–ე გვერდზე დაიბეჭდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერთმა ცნობილმა ადვოკატმა სასამართლო პროცესის დროს თავისი მოწმეები დაჰყო სამ კატეგორიად. მე არ გეკითხებით თუ რა ეხერხებოდათ პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილ მოწმეებს, ამასთან პირველებს ეს გამოსდიოდათ მეტნაკლებად კარგად და მეორეებს კი – ძალიან კარგად, მითხარით რას იშველიებდნენ მესამე კატეგორიაში გადანაწილებული მოწმეები ჩვენების მიცემის დროს?

პასუხი: სტატისტიკას (რიცხვებს)
კომენტარი: ითვლება, რომ ეს არის პირველი გამოყენება ცნობილი ფრაზისა: არსებობს სამი ტყუილი – ტყუილი, უტიფარი ტყუილი და სტატისტიკა. პირველ კატეგორიაში მატყუარები მოხვდნენ, მეორეში – უტიფარი მატყუარები და მესამეში ექსპერტები.
წყარო: 1. ბმული

28. თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში ეს ფენომენი გამოხატავს ზოგიერთი არაწრფივი დინამიური სისტემის უცნაურ ქცევას. არსებობს სპეციალური თეორია, რომელიც იკვლევს ზემოხსენებულ ფენომენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ არსება, რომელიც ასოცირდება ამ თეორიასთან.

პასუხი: პეპელა
კომენტარი: საუბარია ქაოსზე და ქაოსის თეორიაზე. პეპლის ეფექტი ქაოსის თეორიის თვალსაჩინო ილუსტრაციაა.
წყარო: 1. ბმული 2. Свен Ортоли, Никола Витковски, Дмитрий Баюк: “Ванна Архимеда Краткая мифология науки”, 2007

29. იუტას შტატში მდებარე ფართობით ყველაზე დიდ ტბას უწოდებენ ამერიკის იქსს. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: მკვდარი ზღვა
კომენტარი: დიდი მარილიანი ტბა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მარილიანი ტბაა, იუტას ადმ. ცენტრიც ამ ტბის მოსახელეა.
წყარო: 1. ბმული

30. ეს გერმანული სიტყვა პირველად დაფიქსირებულია გუსტავ დიცელის ნაშრომში, რომელიც გერმანიის სახელმწიფო მოწყობას ეხება. ფრიდრიხ ნიცშე მას იყენებდა ოტო ფონ ბისმარკის მისამართით და ასევე ეს სიტყვა ხშირად ჟღერდა ჰელმუტ კოლის მოხსენებებში, როდესაც იგი გერმანიის გაერთიანებაზე საუბრობდა. დაასახელეთ ეს გერმანული სიტყვა, თუკი ამ სიტყვით შეგვიძლია მოვიხსენიოთ ერთი ესპანელი ბიზნესმენის საქმიანობა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.

პასუხი: რეალპოლიტიკა
კომენტარი: ფლორენტინო პერესი კლუბ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტია 1995 წლიდან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

შედეგები: ბმული

 

 

Written by linguistuss

November 28, 2010 at 5:13 pm

დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

with 10 comments

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის “მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმ-ბერნერს ლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის “მამას” უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა – თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუთმეტ მილიარდ ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისაგან, სადაც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ საკუთარ ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს ინტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამისი ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით “ფეისბუქური” ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში “პირწიგნაკად” წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე – youtube.com, მეოთხეზე – odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსით არაფრით განსხვავდება – აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ფოტოებს წითელ ზოლად გასდევთ წარწერა “მე აქ ვიყავი”. ასეთ ფოტოებს განეკუთვნება სურათები, სადაც მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამ ყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანასკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით – “დედას ბუშტი”. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%-ის და ფრანგების 74%-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი “მე აქ ვიყავი” და “ჩემი ქორწილის” ტიპის ფოტოები განმთავსებლის პირადი საქმეა. “დედას ბუშტის” სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები “ფრენდების” თუ “დრუზიების” წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ. ეს აპლიკაციები იმ სოციალ-მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრონიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: “ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე”, “დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი”, “ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ.

Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს “კედელი” რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ – თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა “დედას ბუშტი” ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

November 6, 2010 at 2:44 am

ცალხაზიანი რვეული

with 10 comments

დღეს რაღაცას ვკითხულობდი და ფრაზა შემომხვდა ინგლისურად: If they give you ruled paper, write the other way. ამ ფრაზის ორიგინალის ავტორი ესპანელი პოეტი ხუან რამონ ხიმენესია, ნობელის პრემიაც აქვს ეგეც მახსოვს და კარგად რომ დავძაბე ტვინის ხვეულები მივხვდი, რომ ამ პოეტზე მეტი არაფერი მსმენია, მხოლოდ ეს ფრაზა მეცნო და გამახსენდა, რომ ის ოდესღაც ასევე ინგლისურად მინახავს. ხანდახან როგორ გვეთამაშება ხოლმე ჩვენი მეხსიერება! რაღაც გეცნობა და არ იცი საიდან. ან იქნებ საერთოდ პირველად ხედავ და გგონია, რომ სადღაც გინახავს?! მაგრამ არა, ნამდვილად მინახავს! ფრაზის თარგმანიც არაფერში დამეხმარა: თუ ცალხაზიანი რვეული მოგცეს, მოატრიალე და განივად წერე. ჩავფიქრდი, ყველაფერი დამავიწყდა. რაც არ უნდა მოხდეს უნდა გავიხსენო საიდან მეცნობა ეს სიტყვები. აი, ძველი ნაცნობივითაა რა, სახეზე რომ გახსოვს და სახელს ვერ იხსენებ… გონებაში უცებ გადათვლი შესაძლო სახელებს – დათო, გიორგი, ლევანი… მაგრამ სახელების შემთხვევაში მარტივია, შეიძლება გადათვლის დროს უცებ აგენთოს და გაგახსენდეს, რომ ამ კაცს, რომელიც ასე გიღიმის გიორგი ჰქვია, რა იშვიათი სახელი თან! არადა ამ შემთხვევაში რა ვქნა, რა გადავთვალო?! რას ჩამოვუარო?! ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი, მსურს რაღაც გავიხსენო, მაგრამ არ ვიცი როგორ და არ ვიცი საიდან დავიწყო ძებნა. უცებ ინტერნეტი გამახსენდა. იქნებ ღირდეს ვენდო გუგლის ძალას?! იქნებ ღირდეს უკანასკნელად ვირწმუნო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი გუგლის სახით, რომელიც ყველგანაა, ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია?! მაგრამ არა, მე თვითონ უნდა გავიხსენო! ამაშია მთელი მარილი. გუგლმა თუ ჩამომიწიკწიკა და მითხრა, რომელიც გინდა აარჩიეო, ასე უინტერესო გამოვა.

ჰო, იქნებ საერთოდ არ ვიცოდი ეს ფრაზა აქამდე?! – დავეჭვდი ისევ. მაგრამ არა! კარგად მახსოვს, როცა წავიკითხე, მაშინ ლექსიკონში ვიძრომიალე, ruled paper არ ვიცოდი რა იყო. რა უცნაურია, ყოველთვის გვამახსოვრდება ის, რაზედაც ვიწვალეთ და ენერგია დავხარჯეთ. ეს ცალხაზიანი რვეული რომ არა ეს ფრაზა სულაც არ დამამახსოვრდებოდა, მაგრამ რომ დამამახსოვრდა რა ხეირი?! საიდანაა რატომ არ მახსოვს?! ნეტა, რა ფორმით ხდება ჩვენს ტვინში, მაგალითად ამ ფრაზის, დამახსოვრება?! ცხადია, რომ რელაციული მონაცემთა ბაზის პრინციპები იქ არ გამოიყენება და საერთოდ ინფორმაცია მონაცემთა ბაზის სახით ვინ იცის არც ინახება! დუგლას ჰოფშტადერს ჰქონდა მოყვანილი მაგალითი თავის წიგნში, არც ამის გადამოწმებას დავიწყებ, ეს ნამდვილად მახსოვს, რომ როცა ცდილობდნენ გაერკვიათ რა სახით ინახება ტვინში ინფორმაცია, საცოდავ ვირთხას, მას შემდეგ რაც ლაბირინთიდან გამოსასვლელს იპოვიდა, ტვინის პატარ–პატარა ნაწილებს აცლიდნენ. მას ხან რა ემართებოდა ხან – რა, თუმცა გამოსასვლელი არასოდეს არ ავიწყდებოდა. ჰო, შეიძლება რაღაცეები წესიერად არც მახსოვს ჰოფშტადერისეულ ექსპერიმენტში, თუმცა დედაარსი ის არის, რომ ინფორმაცია ტვინში ერთ ადგილას არ იწერება და რაღაცნაირადაა განფენილი მრავალ ტრილიონ ნეირონში.

მოიცა, მოიცა… მგონი ჩავავლე! ეს ფრაზა, რომელიღაც წიგნის შესავალში იყო. რადგან ინგლისურად მახსოვს ე.ი. წიგნიც ინგლისურად წამიკითხავს და რადგან როცა ვკითხულობდი ruled paper არ ვიცოდი, რომ ცალხაზიანი რვეულია, გამოდის რომ სადღაც 2002 წლამდე წავიკითხე ეს წიგნი, ანუ სტუდენტობისას. ჰო, მაშინ ენები არ მიტაცებდა და ინგლისურიც ისე რა ვიცოდი, ruled paper–ისნაირი რაღაცეების წარმოდგენა რომ არ მქონდა. ჰოდა, აი ჩამოსათვლელი რაღაცეებიც ვიპოვეთ. უნდა გადავითვალო წიგნები, რომლებიც წამიკითხავს. ჩემი ყოფილი ქალები მაინც ყოფილიყო, უფრო მარტივი იქნებოდა, მალე გადავითვლიდი. ამ “ყოფილ” წიგნებს რა გაიხსენებს. თან ინგლისურად რომ წავიკითხე, თან იმ დროს ორიათასიანების დასაწყისში. არ ჯობდა უფრო მეტი ქალი მყოლოდა, ვიდრე წიგნი წამეკითხა?! ოოოპს! ვიწყებთ წიგნების გახსენებას: ფრანკენშტეინი, მერი შელის – არა, იქ არ არის. კიპლინგთანაც არ არის. კიპლინგი რომ ჯუნგლების წიგნს წერდა, ვინ იცის ხიმენესი დაბადებულიც არ იყო. ჰო, კიდევ… დორიან გრეის პორტრეტი – არა ეგეც არ არის. იქნებ რამეში შინაარსი დამეხმაროს?! რა შუაშია ეს ცალხაზიანი რვეული და განივად წერა? რისი თქმა უნდოდა ნეტავ ხიმენესს? იმისი ხომ არა, რომ სხვის გავლებულ ხაზებზე წერა არ გსურს და შენი წარმოსახვითი ხაზებზე გსურს რომ წერო?! ან იქნებ იმისი, რომ რამეს რომ მოგცემენ მაინცდამაინც აუცილებელი არ არის ისე მოიხმარო, როგორც ეგების? ჰო, რაღაც მსგავსის თქმა სურდა, ალბათ, მაგრამ ჩემს ძებნა–ძიებას ეს რას შემატებს? – არც არაფერს!

მოიცა, მოიცა… ინგლისურ ენაზე წაკითხულ წიგნებს ვიხსენებდი. თან თუ ეს ფრაზა შესავალში, ან სადმე გამოიყენება შინაარსობლივადაც ხომ რამე კავშირში უნდა იყოს. ღმერთო გამახსენე, არა ღმერთი რა შუაშია მე გუგლის ვიწამე სულ ცოტა ხნის წინ! ჰოდა, გუგლო გამახსენე რა წიგნიდანაა! თუმცა გუგლმა თუ გამახსენა, რაღა გამოვა? შეკითხვაზე პასუხის პოვნით მიღებული სიამოვნება ხომ დაიკარგება! ჰოდა, გუგლო არ გამახსენო! ვაგრძელებ წიგნების გახსენებას, სადაც ტექსტი ინგლისურადაა და შინაარსში რამენაირად ეს მრავალწახნაგოვანი ფრაზა უნდა ჩავაკვეხო, ან შესავალში წავუმძღვარო… ვერ ვიხსენებ! ტვინი ამიდუღდა! ახლა ხომ ვიცი, საკმარისია გონება სხვა რამეზე მოვადუნო, მაგალითად წავიდე ჩაი დავლიო, იუთუბში რამე დამამშვიდებელი მელოდია მოვძებნო, რომ ეგრევე ამომიტივდება, თან სურათი მოყვება და მივალ და გამოვაძრობ იმ წიგნს, სადაც ეს მახინჯი ფრაზა წერია. რა მინდოდა, რატომ ამოვიჩემე?! იქნებ სულაც არაა წიგნიდან და სიმღერის ტექსტიდანაა? – არა, ზუსტად მახსოვს არ ვიცოდი ეს ruled paper, უფრო მეტიც მაშინ შინაარსსაც ვერ მივხვდი და თურმე ასე სასულეში გაჩხერილი ფხასავით მქონია ტვინში ამდენი ხანი და მაწუხებდა… მოკლედ და კონკრეტულად არ ვიცი, ვნებდები! აღარ მინდა არც სიამოვნება და არც არაფერი… გუგლო მიშველე!… და გუგლმაც აი, მიშველა – რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰეიტიდან” ყოფილა. გადაშლი თუ არა, ეს ფრაზა ეპიგრაფია! აი, გამახსენდა გი მონტაგიც, წიგნების დაწვაც, მოკლედ ყველაფერი გამახსენდა… გუგლი გფარავდეთ!

Written by linguistuss

November 3, 2010 at 2:44 pm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers