ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘კრეატივი’ Category

მწარე სიმართლე

with one comment

Written by linguistuss

November 29, 2010 at 3:54 pm

შრედინგერის ანდროიდი ფისო

with 14 comments

უკანასკნელი ორი კვირაა ახალი გატაცება მაქვს. უფრო სწორად დიდი წარმატებით მიმდინარეობს ჩემი ანდროიდიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში რელიგია შევიცვალე და ვიწამე Google-ის, ერთადერთი და ჭეშმარიტი შემოქმედის. ვინც არ იცის რაზეა საუბარი არა უშავს, რამდენიმე წელიწადში მთელ თბილისს გუგლ–ანდროიდიანი ტელეფონები რომ ეჭირება, მაშინ გაიგებს. მანამდე კი მხოლოდ ის იცოდეს, რომ ანდროიდი კომპანია Google-ის ოპერაციული სისტემაა მობილური ტელეფონებისათვის და დღესდღეობით მთელი მსოფლიო ამ ახალი “სათამაშოთი” მოხიბვლის სტადიაშია. ანდროიდი უბრალოდ ოპერაციული სისტემა არ არის. მასში თავისუფალი ბაზრის და მის გარშემო შემოკრებილი საზოგადოების იდეაა ჩადებული. ისევე, როგორც ვიკიპედიაში, აქაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რაიმე აპლიკაცია შექმნას და შესაბამისად ჩაანაცვლოს თავის ტელეფონში არსებული აპლიკაციები საკუთარი ქმნილებებით. შემდეგ ეს თავისი ნაჯაფარი ავლა–დიდება სხვებს გაუნაწილოს სპეციალურ “ბაზარზე” და ა.შ. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ ანდროიდი ეს არის ჩხირკედელა და თავგადასავლების მოყვარული პროგრამისტების ოპერაციული სისტემა.

ანდროიდი სულ რაღაც 2 წლისაა და მიუხედავად ამისა 13 წიგნი ვიპოვე, სადაც აღწერილია თუ როგორ და რა საშუალებებით დავწეროთ აპლიკაციები საყვარელი ტელეფონისთვის. ჰოდა, ერთ–ერთი ავიღე და კითხვას შევუდექი. მარტივ რაღაცეებს უკვე ვაკეთებ. ცოტა ხანში რთულებზე გადავალ. ყოველ შემთხვევაში პროცესი მომწონს და ესაა მთავარი. წიგნში Beginning Android 2, რომლის ავტორიც მარკ მერფია დეტალურადაა განხილული აპლიკაციის შექმნის პროცესი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანდროიდის აპლიკაცია, რომლებსაც ანდროიდები ექთივითის უწოდებენ განსხვავდება პერსონალური კომპიუტერის პროგრამებისაგან. მთავარი განსხვავება კი იმაშია, რომ მას არ აქვს პროგრამის დახურვის ფუნქცია. თავიდან დიდი ხანი ვეძებდი სასურველ X-ს, ან რამე მსგავს პიქტოგრამას, რომ პროგრამა დამეხურა, თუმცა როგორც გაირკვა მიდგომაა ასეთი: შენ გამოდიხარ პროგრამიდან, ის რჩება ჩართული და ოპერაციული სისტემა როცა საჭიროდ ჩათვლის მას მაშინ დახურავს. შესაბამისად დროის მოცემულ მომენტში, როცა პროგრამიდან გამოვედით ჩვენთვის უცნობია პროგრამა დახურულია თუ კვლავაც გაშვებულია. მარკ მერფის ზემოხსენებულ წიგნში კი თავს, სადაც ანდროიდის აპლიკაციების, ე.წ. ექთივითების შექმნა, მათთან მუშაობა და დახურვაა განხილული შემდეგნაირად ეწოდება – “შრედინგერის ექთივითი”. თურმე კი არა პროგრამირების ერთი შეხედვით მოსაწყენ სახელმძღვანელოებშიც კი ყოფილა შესაძლებელი სათქმელის ხატოვნად და მეტაფორულად გადმოცემა!

P. S. ვინც ვერ მიხვდა რა შუაშია შრედინგერი და მისი ფისო, შეუძლია ვიკიპედიაში სტატიას გაეცნოს (ბმული).

1946 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

with 16 comments

წინასწარმეტყველი რვაფეხას ამბავი ვუვუზელასთან ერთად უკვე გახდა ისტორიის საკუთრება.  თურმე კი არა ჩვენი პაულის (ასე ჰქვია რვაფეხას) წინაპარს 1946 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შედეგიც უწინასწარმეტყველებია…

Written by linguistuss

July 9, 2010 at 3:30 pm

Vuvuzela Concerto in B Flat

with 21 comments


ვუვუზელაზე იმდენი დაიწერა, რომ მე აღარ ვაპირებ ამაზე არაფრის თქმას. უბრალოდ ეს სანოტო ჩანაწერი იმდენად მომეწონა, რომ ჩემში უმალ ქონა–ყოლის ტრიგერები ამოქმედდა და რა შეიძლება იყოს ამ შეგრძნების გამოხატულება, თუ არა შენს პირად ბლოგზე ატვირთული მისი ასლი. ჰო, მართლა ახლა უნდა დამეწერა მისი “კოპია” მეთქი და უმალვე ჭეშმარიტად ქართული შესატყვისით შევცვალე და მერე რა, რომ  الأصل (ალ-’ასლ) არაბულად წარმომავლობას ნიშნავს.

Written by linguistuss

July 1, 2010 at 2:52 pm

ირკოჩერვო, ანუ თხარირემი

with 15 comments

გასული საუკუნის 90–იანებში უმბერტო ეკომ ჟურნალ “ესპრესოს” მკითხველები ერთ, ერთი შეხედვით უწყინარ თამაშში ჩაითრია, რომელსაც მან ირკოჩერვო უწოდა (hircus – ლათინურად თხა და cervus – ირემი). ირკოჩერვო, ანუ თხარირემი გამოგონილი არსებაა, რომელსაც ბორხესმა არ დასდო პატივი და გამოგონილი მონსტრების წიგნში არ მოიხსენია, თუმცა პლატონი მას დიალოგებში “ტრაგოელაფოსის” სახელით იცნობს, რომლის საშუალებითაც მან რეალურ და იდეების სამყაროებს შორის განსხვავებას გაუსვას ხაზი და აჩვენა, თუ რაოდენ მწირია ჩვენი რეალური სამყარო. პლატონმა სოკრატეს პირით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგოელაფოსი რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება მისი იდეა იდეების სამყაროში არსებობს და, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლებაო.

უმბერტო ეკომაც ჩათვალა, რომ სახალისო იქნებოდა არარსებული მწერლების და მათი შესაძლო ნაწარმოებების გამოგონება, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობენ, თუმცა რა უფლება გვაქვს დავუშალოთ ვინმეს ფიქრი მათ შესახებ?! ეკო იმასაც აღნიშნავს, რომ კენტავრი თავიდან მხოლოდ ცარიელი იდეა იყო ცხენკაცის სახით და მას ძველმა ბერძნებმა მთელი რიგი სიმბოლური დატვირთვები მიაწერესო. ამგვარად ჩემი ირკოჩერვო არ დამიჩაგროთ და ბალახი აჭამეთო. ჰოდა, დაიძრა ფიზიკური და ელექტრონული წერილების არმია “ესპრესოს” რედაქციაში, მაგრამ ეს თამაში იმდენად  ზედმეტად აღმოჩნდა მიბმული იტალიურ ენაზე, რომ თითქმის არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება თარგმნას და აი, აქ იწყევლა თავ–ბედი ლინგვისტუსმა…

ბოლო რამდენიმე დღეა ვცდილობდი იტალიური ირკოჩერვოები გამექართულებინა, ან რაც არ გაქართულდებოდა საბოლოოდ დამევიწყებინა და ჩემი თხარირმები მომეფიქრებინა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ათიოდე მათგანს მაინც მოვუყარე თავი ერთ მშვენიერ რემაში და ამ პოსტში გავუშვი საბალახოდ. რამდენად შევძელი უმბერტო ეკოს, თუ სხვა იტალიელი გონებამახვილების იდეების გადმოცემა, თხარირმებისთვის ბალახის ჭმევა და მათი არ გაბრაზება ამისი განსჯა თქვენთვის მომინდვია. მათ, კი ვისაც იტალიური ირკოჩერვოების გაცნობა სურს, შეუძლია შემდეგ ბმულებს (ბმული #1, ბმული #2) ეწვიოს და ზედმეტი შეკითხვები კომენტარებში არ დასვას.

  • მარსელ პროსტი – “ბოქსებში დაკარგული დროის ძიებაში”
  • უმბერტო ეგო – “ჩემი სემიოტიკა”
  • ანკა მორჩილაძე – “ფალიაშვილის ქუჩის ქალები”
  • იგორ სტრავისკი – “პეტრუშკა დენიელსი”
  • ევარისტ გალუაზი – “მწეველები კვდებიან ადრე”
  • ლევ ტოლსტოევსკი – “ანა სადომაზოვი”
  • მარქს პლანკი – “კვანტური მექანიკის მანიფესტი”
  • ართურ ქენონ დოილი – “გაიღიმე უოთსონ, ჩიტი გამოფრინდება”
  • როკო ზიგფრიდი – “ბრუნჰილდა – ნიბელუნგების ბეჭედი”
  • როლან ბარტეზი – “თავზე კოცნის ხელოვნება”
  • ვუდი ელაიენი – “ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ უცხოპლანეტელებზე და კითხვას ვერ ბედავდით”
  • რიჩარდ ნიკონი – “მეც მინდა მონიკა ლევინსკი ობიექტივში გავახედო!”

Written by linguistuss

May 29, 2010 at 12:08 am

პარიზის მეტროს უცნობები

with 29 comments

ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენა მსურთ გაგიზიაროთ. თავდაპირველად იდეამ იმდენად მომხიბლა, რომ ქართული ანალოგის გაკეთებაზეც კი დავიწყე ფიქრი, თუმცა მივხვდი, რომ არ გამომივა, ამიტომ იდეის გაქართულება დროებით დავივიწყოთ და თავად პროექტზე ვისაუბრებ, რასაც პარიზის მეტროს უცნობები ჰქვია. ბლოგიდან ბლოგზე მოგზაურობისას, ერთი უჩვეულო ბლოგი აღმოვაჩინე, რომლის მისამართი – http://linconnudumetro.wordpress.com – ზუსტად ასახავს მის შიგთავსს. ბლოგის აღწერილობაში წერია:

თქვენს თავს ეკითხებით თუ ვინ არის თქვენს წინ მჯდომი უცნობი, რომელიც ფანჯარაში იხედება. ყოველ ჯერზე, როდესაც მისი მიმართულებით აპარებთ მზერას, მის მზერას აწყდებით. შეწუხებული დაბლა ხრით თვალებს. მეტროში თვალებში მიშტერება, ხომ “არ მოსულა”. ზუსტად იგივე შეკითხვა აწუხებს მასაც. ამასთან თქვენ მას კიდევ ვეღარასოდეს იხილავთ. იგი მეტროს უცნობია.

ბლოგის ავტორი პარიზის მეტროში მოგზაურობს და მის წინ მჯდომ უცნობებს ესაუბრება, მათი ცხოვრების შესახებ რამდენიმე შეკითხვას უსვამს, სურათს უღებს და ბოლოს ბლოგზე აქვეყნებს. სულ რაღაც სამი თვეა, რაც ეს პროექტი დაიწყო და ფრანგულ ბლოგოსფეროში უკვე მოვლენად იქცა. თითქოს არაფერია, რა უნდა ამის გაკეთებას?! არადა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითისთვის რამდენიმე უცნობის პორტრეტს მოვიშველიებ და მინაწერს ვთარგმნი.

მუჰამედი

მუჰამედს კინოს კინოს გარეგნობა აქვს, გამოკვეთილი სახე და ძალიან სიმპათიურია. სანამ გამოველაპარაკებოდი, ცოტა ხანი ვაკვირდებოდი. რასაც, როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე. იგი 43 წლისაა და ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მიიჩქარის. 2002 წელს ჩამოვიდა ალჟირიდან და მშენებლობაზე მუშაობდა ერთ დიდ სამშენებლო კომპანიაში. თუმცა ფინანსური კრიზისის გამო უმუშევარი დარჩა და ელოდება, როდის გააგრძელებს კომპანია მშენებლობას. მუჰამედს თავისი ოჯახი, რომელიც ქალაქ ორანში დატოვა, დიდი ხანია არ უნახავს და ისინი ძალიან ენატრება. თუმცა დღესდღეობით არ აქვს საშუალება მათი მონახულების, საჭირო დოკუმენტების არქონის გამო. როდესაც ფოტოს ვუღებდი, წელში გაიმართა და ობიექტივს მიაშტერდა. მიუხედავად იმისა, რომ ორ ფოტოზე მეტს არ ვიღებ ხოლმე, ძალიან გავერთე. მუხლებზე დავდექი და კადრების გადაღება დავიწყე, უკეთესი კადრი რომ დამეჭირა. იმედი მაქვს, რომ ჯეროვანი პატივი მივაგე მის ფოტოგენურობას. დიდი მადლობა, მუჰამედ!

ლიუდივინი

ლიუდივინი სორბონაში სწავლობს ფილოსოფიურზე და მესამე კურსზეა. სანამ გამოველაპარაკებოდი ხვალინდელ სემინარზე ფიქრობდა, რომელიც კარგად არ ჰქონდა მომზადებული და მთელი ღამე უნდა ემეცადინა. ლიუდივინმა მითხრა, რომ როდესაც პროკრასტინაციის ტყვეობაში არ იმყოფება, მაშინ ცეკვავს. მის სათვალეებზეც ჩამოვუგდე სიტყვა, რაზედაც მომიგო, რომ ძალიან კმაყოფილია, ასეთი სათვალეები რომ მოდაშია. ისეთი ახლომხედველისთვის, როგორიც მე ვარ, რაც უფრო დიდია მინები მით უკეთესიო…

პ. ს. საინტერესო იქნება თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე, ასეთი ბლოგის გაკეთება. ან თბილისელ ტაქსისტებზე!!!

მარადისობის დასასრული

with 10 comments


ასეთი რამ, ხომ უნდა მოგაფიქრდეს ადამიანს – შენი მშობლიური ენის ნორმებზე თქვა უარი რომანტიული და ამავე დროს ლოგიკური წინააღმდეგობის გამო. მიუხედავად ექსტრა–უწიპუწი გემოსი ამ მესიჯში არის ის, რასაც ნამდვილი პოეზია ჰქვია, ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი.

Written by linguistuss

May 17, 2010 at 10:50 am

ბიბლიოფილის საოცნებო წიგნების თარო

with 25 comments

აი, ეს წიგნის თარო მინდა. დავალაგებდი ჩემს “ხელშეუხებელ სექციას”, საიდანაც უცხო ან ნაცნობ პირებზე წიგნების თხოვება და გასხვისება მისი უდიდებულესობა, ლინგვისტუსის კანონმდებლობითაა აკრძალული. ჰოდა, ასი წლის შემდეგ ეს ჩინებული კონსტრუქცია, რომელიც იმედი მაქვს რომ მუხისგანაა გაკეთებული, საბოლოო დახმარებას და სამსახურს გამიწევდა. მისი დიზაინი უილიამ უორენმა შექმნა 2005 წელს და მას “Shelves for life” უწოდა. მათ, ვისაც აინტერესებს თუ რაში გამოიხატება ამ წიგნების თაროს უჩვეულოობა და რითი განსხვავდება ის, მისი მსგავსებისაგან, გადავდივართ ამ ბმულზე და ვნახულობთ, თუ რისი მიღება შეიძლება თუკი, თაროს დავშლით და ამ ნახაზებით ვიხელმძღვანელებთ.

Written by linguistuss

May 14, 2010 at 9:43 pm

ბრაზილია vs. არგენტინა

with 11 comments

თსუ–ს ჩემპიონატის ფინალურ პაკეტში რაგბიში არგენტინა–ინგლისის დაპირისპირებაზე იყო შეკითხვა, სადაც ინგლისელებმა მატჩის პოსტერზე არგენტინის დროშაზე არსებულ მზეს მათი მშობლიური ღრუბელი მიახატეს, ამით ხაზი გაუსვეს რა იმას, რომ ინგლისური ღრუბელი არგენტინის მზეს დაჩრდილავდა. ამ შეკითხვას დიდი მითქმა–მოთქმა მოჰყვა, რის გამოც დიზაინერთა კიდევ ერთ ჭიდილს გავეცანი საფეხბურთო ქომაგობის ფონზე. არგენტინა–ბრაზილიის ურთიერთაპირისპირებაზე მაქვს საუბარი, სადაც არგენტინელებმა დაბეჭდეს პოსტერი (იხილეთ ქვემოთ), რაზედაც ბრაზილიელებმა მახვილგონივრული პასუხი გასცეს, მას შემდეგ რაც დაამარცხეს არგენტინელები.

პ. ს. შეიძლება ძველია, მაგრამ მე ძალიან გავერთე…

ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირი

with 23 comments

runner

თითქმის ყველა ქალაქში არის ქანდაკება, რომლითაც მისი მკვიდრნი ამაყობენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც უნდა აღინიშნოს, როგორიც ბრიუსელში განლაგებული Manneken Pis და Jeanneke Pis–ია, რომლებიც მრავალ მილიონ ტურისტს იზიდავს. კაცმა რომ თქვას, რა არის ბრიუსელის მშარდავ ბიჭუნასა და გოგონაში განსაკუთრებული, ან რა მაღალ მატერიას გამოხატავენ ისინი?! ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უმთავრესი თავშესაქცევი კონტექსტია, ე.წ. “Just for fun” ქმედებაა, რაც ამოძრავებთ მათ სანახავად დაძრულ ტურისტებს და რაც ამოძრავებდათ ბრიუსელელი გოგონას და ბიჭუნას შემქმნელ “მამებს”. შეიძლება ვინმე შემომედავოს, მანეკენ პისს ისტორიული ღირებულება გააჩნიაო და გამახსენოს ისტორია გოდფრი III–ის ორი წლის ბიჭუნას შესახებ, მოპაექრე ჯარისკაცებს თავზე რომ დააფსა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მანეკენ პისის ანტიპოდის შექმნის მიზეზი ის თავისშექცევაა, ინგლისელები Fun-ს რომ უწოდებენ და სწორედ ესაა ამ შემთხვევაში არსებითი.

გუშინ ჩვენს სამეგობრო წრეში იშვა იდეა, რომ ჭონქაძის ქუჩის ბოლოში დაიდგას უცნობი გმირის ქანდაკება, რომელიც სტარტზე მყოფი მორბენალის პოზიციაში იქნება ქვაში გამოკვეთილი. შეიძლება ვინმეს დაებადოს შეკითხვა, რატომ მაინცდამაინც ჭონქაძეო, მხრები აიჩეჩოს და თავის გზაზე წავიდეს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განვმარტავ თუ რისი სიმბოლო იქნება ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირი. იგი ჩანაფიქრშივე მარგინალად გვევლინება, რომელიც საზოგადოებამ სიბრაზის ნიადაგზე გარიყა და ჭონქაძის ქუჩაზე გააგზავნა. ამავდროულად ეს ანონიმური ემისარი ერთგვარი ბუმერანგიცაა, რომელმაც ჭონქაძის ქუჩიდან დაშვებულმა, სიჩქარე უნდა აკრიფოს და გამგზავნელისკენ გამოექანოს… გამოქანების მიზეზს შეგნებულად არ დავასახელებ, ჰკითხეთ ვინმეს აუცილებლად დაგაკვალიანებენ!

ჩვენი აზრით თბილისს თავისი გმირი უნდა ჰყავდეს, რომელიც ჭეშმარიტად თბილისურ ენობრივ სივრცეშია შობილი და არა ფრეიდისტული სიმბოლოებით მოაზროვნე რომელიმე ხელოვანის თავში. აღარ გვინდა სახელოვანი მამულიშვილების ქანდაკებები, გავიგეთ რომ გვყავს ისინი, მაგრამ უცნობ გმირებსაც ნუ დავივიწყებთ, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის ნამდვილ ისტორიას. შესაბამისად ჩვენ გვაქვს იდეა თბილისსაც ჰყავდეს თავისი მანეკენ პისი ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირის სახით. თუ იდეა მოგწონთ აიტაცეთ და გაავრცელეთ…

“ოქროს ბუს” ეკრანიზაცია

with 11 comments

არ გასულა დიდი ხანი, რაც მე ეს პოსტი დავწერე: ოქროს ბუ, რომ ნი2ნიუსის შემოქმედებითმა ჯგუფმა მისი ეკრანიზირება და გაშარჟება განიზრახა. შემიძლია ვთქვა, რომ გამოუვიდათ. ბრავო! ისტორია ანტიუტოპიურ სტილშია მოთხრობილი. ყველას გირჩევთ რომ ნახოთ. მაშ ასე, მთავარ როლში საბა ლეკვეიშვილი (aka საბუნია) და მირიან ტორონჯაძე (aka ყვავა). აქა ამბავი იმისა, რა დამემართებოდა მე, ჩემთვის ინტერნეტი რომ გაეთიშათ… თუმცა მეტს არაფერს მოვყვები, გენა ფონოგრამა, წავიდა ვიდეო!

Written by linguistuss

October 21, 2009 at 6:56 pm

ჯორჯ ბუშის და კონდოლიზა რაისის გაბაასება

with 4 comments

Written by linguistuss

October 6, 2009 at 11:23 am

დენიელ პინკის მოტივაციის გამაოგნებელი მეცნიერება

with 5 comments

ძალიან საღ აზრებს აფრქვევს ეს კაცი. სულ ვამბობდი მათრახის და ნამცხვრის თეორია არ მუშაობს მეთქი, ჰოდა დენ პინკის არგუმენტები რომ მოვისმინე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ძალიან მსუბუქად და გასაგებად, ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე, ამბობს კიდეც, მე ამერიკელი ვარ, ფილოსოფია არ მაინტერესებსო, ეს ადამიანი ცდილობს თვალები აუხილოს მექანიკურ იერარქიულ სტრუქტურებს, სადაც გაქსუებული და არასრულფასოვანი ხელმძღვანელები ტალანტებს ახშობენ თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარად.

განსაკუთრებით ენკარტისა და ვიკიპედიის პროექტების შედარება მომეწონა. იყო დრო ენკარტაში ვცხოვრობდი. ყოველ წელს “მაიკროსოფტის” ახალ გამოცემას ველოდებოდი. ახალ სტატიებს ვეცნობოდი. ახლა კი, ვიღას ახსოვს ენკარტა? ვიკიპედიამ ყველაფერი ჩაყლაპა. არადა ენკარტას გაბღენძილი პროფესიონალები წერენ от звонка до звонка, ლანჩზე გადიან საჭირო დროს, სამუშაო დღე რომ დასრულდება დაწყებულ სტატიას შუაში მიაგდებენ და სახლში მიდიან. ვიკიპედიაში კი არის სტატიები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით, შესაშური ენთუზიაზმითაა დაწერილი. ერთი სიტყვით, კომპანია “ატლასიანში” მინდა მუშაობა!!!

პ. ს. მათ, ვისაც ინგლისური არ ესმით, ან ცუდად იციან, შეუძლიათ გაეცნონ ამ ლექციის ტრანსკრიპტს, ან უყურონ ამავე ვიდეოს რუსული სუბტიტრებით.

შავი იუმორი: ტურ დე ფრანსი–1940

with one comment

tour
ვინ თქვა ტურ–დე–ფრანსი მეორე მსოფლიო ომის დროს არ ტარდებოდაო?! ტარდებოდა, ოღონდ მასში ფრანგები მონაწილეობას არ იღებდნენ…

Written by linguistuss

September 7, 2009 at 12:00 pm

გახსოვდეთ აფხაზეთი!

with 6 comments

AFX2

დღეს ჩემს ძველ ფაილებს ვათვალიერებდი და აი, რა აღმოვაჩინე! რა? სად? როდის?–ის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ეს სურათი აზერბაიჯან–საქართველოს საზღვარზე გადავიღე. სურათი 2006 წლის სექტემბრის ბოლოსაა გადაღებული ჩემი ძველი მობილურით. ეს ის ადგილია, აზერბაიჯანი რომ მთავრდება და საქართველო რომ იწყება წითელ ხიდზე. მეტ კომენტარს არ დავურთავ, დანარჩენი თავად განსაჯეთ…

Written by linguistuss

September 6, 2009 at 9:53 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 170 other followers