ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘სიტყვები’ Category

ჩვენი უბნის თოჯინა

with 2 comments

ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა (სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…

“არუს” არაბულად პატარძალია.

“არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა.

ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….

ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!

* * *

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?!

ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის?

გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

აი, თურმე “არახჩინი” რა ყოფილა

leave a comment »

ნიკო ჩუბინაშვილი ქართულ–რუსულ ლექსიკონში წერს:

არახჩინი – იარაღჩინი, თალფაქი, скуфейка, колпак

არა, ბატონო ნიკო! თურქული ელფერის სიტყვა “იარაღჩინი” აქ არაფერ შუაში, ეს თავად არაბულ–სპარსული კომპოზიტი “არაყ–ჩინ”–ი ყოფილა!

ძალიან საინტერესო სიტყვაა: არაბულ “არაყ”–ს, რაც ნიშნავს “ოფლს” დამატებული აქვს სპარსული ზმნის “ჩიდან”–ის (კრეფა, შეკრება) აწმყო დროის ფორმა “ჩინ”.

გაიხსენეთ სახელი “გულ–ჩინ”–ა, რაც “ყვავილების მკრეფელს” ნიშნავს.

ასე რომ “არაყ–ჩინ” არის ქუდი, რომელიც ოფლს კრებს (ისრუტავს)….

ვახუსტი კოტეტიშვილის ლექსი “რუბია” გამახსენდა:

(ეძღვნება 15 წლის სამარყანდელ გოგონას რუბიას, მკერდმოვერცხლილსა და ორმოცნაწნავიანს, რომელმაც მთხოვა:
თბილისში წამიყვანე, იქ, შენს ჩაიხანაში, ფიალებს დაგირეცხავო).

ჯერ პატარა გოგონაა რუბია,
წარბი წარბზე სურმით გადაუბია,
თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,
ბაგეები მარჯნად გადაუპია.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

February 20, 2011 at 2:50 am

საიდან გაჩნდა იმერეთში “აჯამი”?

with 4 comments

“აჯამ” (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს “არაარაბს” ანუ მას, ვინც არაბი არ არის და არაბულად არ ლაპარაკობს…. ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ….

ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა და ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი… ვინც “ერთხელ რომ შეჯდა ვირზე” იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს….

* * *

ქვემო იმერეთში არის “აჯამეთის ნაკრძალი”, სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული “აჯამ” და ქვემოიმერული “აჯამ” ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – “საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის” – შემდგენლები ნამდვილი “აჯამები” არიან:

* * *

ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ მიზეზს)… ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა მდინარეს.

აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

მართველა (გვ. 66) – მდინარე საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხემა შენაკადი

* * *

რომ გადაატრიალოთ ყველა რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი – ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა…. საინტერესოა, რა მონაცემების საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადიც თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!

* * *

თუ ეს ყველაფერი მე მეშლება და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე “ჯამურა” თავისი შენაკადით, დამიძახეთ “აჯამი” და მაიძულეთ “ჩემი ვირით” მოვიარო მთელი ზემო და ქვემო იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე “ჯამურა”.

* * *

ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის ეს არარსებული მდინარე ყვირილას.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

February 13, 2011 at 1:29 am

2010 წლის სიტყვები და ფრაზები

with 6 comments

ყოველწლიურად ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში… ერთი სიტყვით იმ ენებზე, რომლებზეც ცივილიზებული სამყარო ლაპარაკობს, ქვეყნდება სია სიტყვებისა და ფრაზებისა, ლექსიკონებს მიმდინარე წლის განმავლობაში რომ დაუმატეს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი პრაქტიკა განაპირობებს იმას, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს ლექსიკონი ცოცხალ ენასთან და ამასთან დროულად მოხდეს სარეველა ბარბარიზმებთან ბრძოლა და საჭირო ნეოლოგიზმებთან შეგუება. 2010 წელიც არ განსხვავდებოდა წინა წლებისაგან ამ კუთხით. წელსაც გამოჩნდა ბრენდები, რომლებიც უნიტაზის და ქსეროქსისა არ იყოს, საზოგადო მნიშვნელობით დამკვიდრდა. წელსაც მრავალი მტვერდადებული სიტყვა მოექცა მასების ყურადღების ცენტრში და მრავალი საკუთარი სახელი განზოგადდა.

2010 წელი “ავატარით” დაიწყო, რომლის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში იანვარში გაიმართა. უბრალო მაყურებლებმა პირველად გაიგეს ამ სიტყვის არსებობა. ტექნომანებმა ეს სიტყვა ფორუმებიდან და ჩატებიდან იცოდნენ პატარა ხატულას მნიშვნელობით, თუმცა ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერის ძვ. ინდური წარმომავლობა, ღმერთი ვიშნუს და მისი ათი ავატარის ამბავი, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ და გასაკვირია, თუმცა სწორედ ამ ერთეულებს არ მოეწონათ ფილმი, რომლებმაც მის შემქმნელებს ლურჯი ეკოსისტემა დაუწუნეს და კინოთეატრიდან დაბრუნებულები ჩუმჩუმად ჩაუსხდნენ “ღამეს შორენასთან”.

თებერვალში მრავალ ქართულ ბლოგზე წააწყდებოდით შეკითხვას – “რა არის ბარამბო?”. იმ ერთეულებმა, ზემოთ რომ ვახსენეთ, უმალვე დატოვეს კომენტარი: ბარამბო ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეაო, თუმცა სარეკლამო ისტერიით გაზრდილი ცნობისმოყვარეობა ამ მწირმა ინფორმაციამ ვერავის დაუკმაყოფილა. შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა ამ სიტყვაში შიფრის ძებნა დაიწყეს და დაადგინეს, რომ ბარამბო სამი ქართველი ცნობადი სახის გვარების პირველი ასოების გაერთიანებით მიღებული აბრევიატურააო, მაგათ აქვთ მაგ ბიზნესში წილიო, ესაო, ისაო… ბევრი ილაპარაკეს და შემდეგ ყველანი ერთად დაეწაფნენ ამ სიტყვას ამოფარებულ ტკბილეულს.

თებერვალში საქართველოში ყველა ნიჭიერი გახდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ყველა ქართველს მოანდომა ფარული ტალანტის გამოვლენა ბრიტანული პროექტის, Britain’s Got Talent-ის გადმოქართულებით. ზოგი იწყევლებოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა… იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დიდების 15 წუთი განიცადეს და მთელ ერს საკუთარი სხეულის ავლადიდება გამოუმზეურეს, თუმცა ბოლოს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და გამარჯვებული SMS-ების საშუალებით გამოვლინდა. სუფრულ-პატრიოტული რეპერტუარის მქონე მომღერალმა გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველები ნიჭიერები მხოლოდ სუფრაზე და სამშობლოს სიყვარულში ვართ.

მარტში ორმა სიტყვამ დააბნელა გაჯეტების მოყვარულთა გონება. სტივ ჯობსის წარმატებულმა პრეზენტაციებმა უკვალოდ არ ჩაიარა და ტექნომანებმა თქვეს ერთი ტაბლეტური კომპიუტერი ოჯახში უნდა იყოსო, ოჯახი ხრამიაო და iPad-ის საყიდლად ფულის გროვება დაიწყეს. თუმცა მათ, ვისაც i-ის თავზე დასმული წერტილი არ მოსწონს და სულ სხვა რელიგიის წარმომადგენელია, კომპანია Google-ის მწვანე კაცუნებზე აუციმციმდათ თვალები. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ფართო გაყიდვაში Google Phone-ად მონათლული ტელეფონი Nexus One, რომელზეც ოპერაციული სისტემა “ანდროიდი” იყო ჩატვირთული. ამას სხვა მწარმოებლებიც შეუერთდნენ და ანდროიდების ზეობის ხანა დაიწყო.

აპრილში ყველას ცოდვით სავსე ვულკანი ეიაფიალაიეკული, უფრო სწორად ამ სახელწოდების მქონე მყინვარის მახლობლად მდებარე უსახელო ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ევროპაში ფრენები გადაიდო და დაღონებული ევროპელები ისლანდიის ვულკანს შეჩერებისაკენ მოუწოდებდნენ. ელიზა გეირსდოთირ ნიუმანმა ამ ფაქტს სიმღერაც კი მიუძღვნა, სახელწოდებით “დიდი არეულობა”, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ეიაფიალაიეკული” ერთი პატარა მყინვარისათვის ძალიან გრძელი სახელია, მან დიდი არეულობა გამოიწვია და ახლა მხოლოდ ჩიტებს შეუძლიათ ფრენაო, თუმცა ვულკანის სახელი მაინც ვერავინ დაიმახსოვრა.

მაისში თბილისის მერის არჩევნებზე, გიგი უგულავას “პიარშიკებმა” გამოიჩინეს თავი და წლის სლოგანი ისროლეს – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. შემდეგ ეს სლოგანი 1982 წლის 27 თებერვლის გაზეთ “კომუნისტის” პირველ გვერდზეც აღმოაჩინეს გაყვითლებული გაზეთების მოყვარულებმა, მაგრამ ფრაზას მრავალმნიშვნელოვანება ამით არ დაკლებია და ხუმრობებიც უხვად იშვა. მაგალითად, ენამწარე ბლოგერებმა ერთ-ერთ პოსტერზე, სადაც თბილისის მომავალი მერის ფოტო იყო დაბეჭდილი ბავშვების გარემოცვაში, უხამსი კალამბური შენიშნეს და აღნიშნეს, პოსტერი ერს გამრავლებისაკენ მოუწოდებსო, თუმცა მიუხედავად ამისა ეს ფრაზა ფართო მასებში მაინც დამკვიდრდა და კვლავაც აქტიურად გამოიყენება.

ივნის-ივლისში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო ფეხბურთში და ნეტა არ დაწყებულიყო. ვუვუზელების ზუზუნმა კინაღამ ფეხბურთის ყურება ჩააშხამა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. ტელევიზორებიც კი გამოვიდა, რომლებიც სი ბემოლს ახშობს და ვუვუზელას აუტანელი ხმა არ ისმის. ამიერიდან ზულუსების ენიდან ერთი სიტყვა მაინც იქნება შესული მსოფლიოს სხვა ენებში და ის მუდამ გაბმული ზუზუნის სინონიმი იქნება.

აგვისტო-სექტემბერში განათლების სამინისტრომ ინგლისურენოვანი უცხოელები დაპატიჟა საქართველოში, რათა მათ მომავალი თაობისთვის ინგლისური ესწავლებინათ. ისინი თავად პრეზიდენტმა შეადარა ყივჩაღებს და რა გასაკვირია, რომ პროგრამას კოდური სახელწოდებით “TLG” ყივჩაღების ჩამოსახლება დაერქვა. ასევე აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე მართლმადიდებლური ეკლესია ჰიპოთეტურ გეი აღლუმს ებრძოდა და ერთ-ერთ ასეთ საპროტესტო აქციაზე იშვა სიტყვა “გვათქმევინე”. სიტყვა, რომლითაც ქართველი მორწმუნე საზოგადოების კოლექტიური არაცნობიერი გამოიხატა.

ნოემბერში ჟურნალისტებმა ჯორჯ ორუელის “1984” გადაიკითხეს, იქიდან ციტატები რომ ამოეკრიფათ და ცხელ-ცხელი ახალი ამბისთვის დაერთოთ. ჯულიან ასანჟმა და მისმა თანამზრახველებმა ამერიკელი დიპლომატების პირადი მიმოწერა ატვირთეს Wikileaks-ის საიტზე, რაც დიდ ძმას არ მოეწონა და ჯულიან ასანჟი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. დღემდე ვერ შეთანხმდნენ მემარჯვენეები და მემარცხენეები ჯულიან ასანჟი ციფრული ეპოქის მესიაა, თუ ანტიქრისტე, თუმცა ამით ერთი კარგი საქმე გაკეთდა, ყველა დარწმუნდა, რომ ცხონებული მარშალ მაკლუჰანის ფორმულა “მედიუმი არის მესიჯი” კვლავაც აქტუალურია.

დეკემბერში წლის ადამიანად ჟურნალმა Time-მა მარკ ცუკერბერგი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში, ჟურნალის ოფიციალურ ვებსაიტზე გამართულ გამოკითხვაში, იგი მეათე ადგილზე გავიდა. მას სტივ ჯობსმა, ბარაკ ობამამ, ჯულიან ასანჟმა გაასწრეს. არც ერთ ზემოხსენებულ ბატონს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მსოფლიოზე, როგორიც ჯერ კიდევ მეორეკურსელის იერის მქონე ცუკმა მოახერხა. წელს Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი თითქმის ნახევარი მილიარდით გაიზარდა და ლურჯი ისტერია მრავალ ენაში აისახა, მათ შორის ქართულში. გასულ წელს თუ Facebook-ის ტერმინოლოგია ჟარგონად იყო შერაცხული, დღესდღეობით ის ყოველდღიურობაში დამკვიდრდა. უკვე ყველგან გაიგონებთ სიტყვებს: დაფრენდება, დალაიქება, დათაგვა, დალინკვა, დაკომენტება, დაშეარება, ვოლი და ა.შ. ენის სიწმინდის დამცველები წუხან, ენა ბინძურდებაო, თუმცა სოციალური მედიის ლურჯი გიგანტი, ქარავანისა არ იყოს, წინ მიდის და ინტერნეტის უდაბნოში სვლას განაგრძობს. ასე რომ, ასოკირკიტა ლექსიკოგრაფებს მომავალ წელსაც მრავალი სიტყვის ჩანიშვნა მოუწევთ.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

January 15, 2011 at 5:10 pm

სახლის მონა

with 4 comments

ჩინურ სალიტერატურო ენაში ახალი სიტყვა fángnú (房奴) გაჩნდა, რომელიც ორი იეროგლიფის საშუალებით იწერება. პირველი იეროგლიფი “სახლს” ნიშნავს, მეორე კი – “მონას”, თავად fángnú კი ეწოდება ადამიანს, რომლის თვიური ხელფასის ნახევარზე მეტი სახლის შესაძენად აღებული იპოთეკური სესხის დასაფარად იხარჯება.

თანამედროვე ჩინეთში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც fángnú–ებად მოიხსენიებენ დღითი–დღე იზრდება, რაც თავის მხრივ გამოწვეულია უცნაური გარემოებით: აუცილებელი პირობა რომ ჩინელი ქალი მამაკაცს ცოლად გაყვეს სახლის ქონაა. ჰოდა რაღა დარჩენიათ ცოლის შერთვის მოსურნე ჩინელ “ვორკაჰოლიკებს”… ხდებიან სახლის მონები.

Written by linguistuss

January 10, 2011 at 2:35 pm

That’s what she said

with 4 comments

ოდესღაც შექსპირისეულ ბრიტანულ თეატრებში ქალების როლებს მამაკაცები ასრულებდნენ, შემდეგ ინგლისელი ჯენტლმენები მიხვდნენ რომ ასე უინტერესო იყო და დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა და ამიტომაც ქალების როლზე შესაბამისი სქესის მსახიობების ძებნა დაიწყეს, თუმცა კდემამოსილმა და პურიტანმა ქალებმა იუკადრისეს – აბა ეგ რა ჩვენი შესაფერისი საქმიანობააო – და ჯენტლმენებაც სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს ქალების როლზე ყველაზე ზნედაცემული ქალები, იმ ეპოქაშიც ინდ. მეწარმე პროსტიტუტები დაამტკიცეს, რომელთაც ოღონდ ფული ეშოვნათ და სულ ერთი იყო რას გააკეთებდნენ.

დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ბოზები პურიტანებმა სცენაზე მაინც ვერ აიტანეს და თეატრის მეპატრონეებს მათი გამოსწორება მოსთხოვეს, მათაც არც აციეს და არც აცხელეს და ანაფორიანი ემისრები მიუგზავნეს ახალგამომცხვარ აქტრისებს. სულის გადასარჩენი სეანსები დიდი წვალებით მიმდინარეობდა. ჯვაროსნებს ისეთი ისტორიების მოსმენა უწევდათ აღსარებების ჩაბარების დროს, რომ ინგლისურმა ფრაზამ: Said the actress to the bishop (უთხრა აქტრისამ ეპისკოპოსს) ხატოვანი და ეკივოკური შტრიხები შეიძინა, რისი საშუალებითაც დახვეწილი ინგლისელი ლედი და ჯენტლმენები რაიმე სიტუაციის თუ ფრაზის ორაზროვან სექსუალურ სარჩულზე მიუთითებდნენ.

ზემოხსენებულმა ბრიტანულმა ფრაზამ ატლანტის ოკეანე გადაცურა, რელიგიურად ნეიტრალური ჟღერადობა შეიძინა და That’s what she said-ის ფორმით დამკვიდრდა ფართო მოხმარებაში. ეს ფრაზა ქართულად ითარგმნება როგორც “აი, ის, რაც მან თქვა” და ხაზს უსვამს რაიმე სექსუალური მინარევის თუ სარჩულის არსებობას ვიღაცის უწყინარ ფრაზაში. ასე მაგალითად, ჩემს ერთ–ერთ წინა პოსტში მე ვწერდი:

ერთი ისტორია გამახსენა, ჩემი მეგობრის მოყოლილი, თუ როგორ მივიდა ინტელექტბანკში (ხსოვნა იყოს!) ერთი კაცი, რომელსაც ფულის გადარიცხვა სურდა და წარადგინა ინტელექტ–ბანკის მაშინდელი რაღაც ბარათის მსგავსი, სადაც სამი ასო უნდა ყოფილიყო აუცილებლად და შვიდი ციფრი. ზარატუშტრას და აჰურამაზდას გაერთიანებული ძალისხმევით კი ამ ბატონის ბარათზე მხოლოდ ორი ასო აღმოჩნდა, რაც არ გამოეპარა მოლარე–ოპერატორ გოგონას და რომელმაც არ იცოდა როგორ მოქცეულიყო ამ შემთხვევაში. ამიტომ შიდა ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობა ჩაურთავს და მთელი შიდა ოფისის გასაგონად გაისმა თურმე მისი წკრიალა ხმა, რომელიც მენეჯერს ეკითხებოდა – ბატონო გურამ, აქ ერთი კაცია მოსული. ასო აქვს ამოგდებული და მივცე?! – ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, ინტელექტბანკში მუშაობა რამდენიმე საათით შეწყვეტილა.

ბატონი გურამი ამერიკელი რომ ყოფილიყო, უფრო ზუსტად კი სერიალ “The Office”-ის მთავარი პერსონაჟი, იგი პასუხად აუცილებლად იტყოდა მთელი ოფისის გასაგონად That’s what she said–ო, რითაც ხაზს გაუსვამდა მოლარე–ოპერატორის ფრაზის უხეირობას და ამასთან მთელ ოფისსაც გააცინებდა, თუმცა ინტელექტ–ბანკის თანამშრომლებს სიცილ–ხარხარი ამის გარეშეც არ დაუკლიათ, როგორც ამონარიდიდან ირკვევა.

ეს ფრაზა სერიალ “The Office”-ის წყალობით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის შეგხვდებათ ფილმებში, ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთებში და ა.შ. ზოგიერთი ინტერნეტ–გამოცემა უფრო შორს წავიდა და ამ ფრაზას პლანეტის ყველაზე პოპულარული ფრაზა უწოდა. ჯერ–ჯერობით არავის გაუზომავს მისი პოპულარობის ხარისხი, თუმცა აქა–იქ თბილისშიც რომ მოვისმინე და ამასთან არასწორ კონტექსტში თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი დამეწერა… That’s what I said :)

Written by linguistuss

January 3, 2011 at 4:35 pm

ინტიმი – სექსი თუ სიახლოვე?!

with 17 comments

2009 წლის 14 იანვრის პოსტია, ამით ვნერგავ რეპოსტის პრაქტიკას ბლოგზე

2001 წელს პატრის შერომ გადაიღო ფილმი, რომელსაც ფრანგულად Intimité ჰქვია. ეს ფილმი ტიპიური ფრანგული ფილმია, სადაც აქცენტი მთავარი გმირების ურთიერთობებზე და ამბავზეა გადატანილი და უგულებელყოფილია ყოველგვარი სპეცეფექტი. ფილმი ორი წარუმატებელი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის ახლო ურთერთობის შესახებ მოგვითხრობს, ამიტომაც ფრანგულად მას სათაურიც შესაფერისი აქვს –  Intimité – რაც თარგმანში “სიახლოვეს” ნიშნავს. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვი აიღო და ამის შემდგომ განაგრძო სვლა კინოკულტურის ცენტრიდან პერიფერიებისაკენ, თუმცა გზაში თარგმანში დაიკარგა. რუსულ კინობაზარზე ფილმს Интим უწოდეს და ქართველმა ინტერნეტ მოღვაწეებმა, რომლებმაც მხოლოდ რუსული იციან, ფილმის სათაურად “ინტიმი” შეარჩიეს, რის შედეგადაც ფილმმა ქართველი ხელმრუდე ახალი თაობა შეცდომაში შეიყვანა და პატრის შეროს კინოსურათი იმწამსვე გაიყვანეს კატეგორიაში “სექსები”.

ჩემს ბავშვობაში, ბნელ 90–იან წლებზე მოგახსენებთ, ქართული ჟურნალ–გაზეთების დახლებზე ეროტიულ–პორნოგრაფიული შინაარსის მოჟურნალე გამოცემა “ინტიმი, ინტიმი” გამოჩნდა. სწორად მაშინ დამაინტერესა პირველად ამ სიტყვის ეტიმოლოგიამ და ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონს მივმართე, სადაც ეს სიტყვა ასეთი ფორმით დაფიქსირებული არ არის. ჭაბაშვილმა მხოლოდ ის იცის, რომ “ინტიმა” სისხლძარღვის კედლის შინაგანი გარსია და ის რომ, “ინტიმური” – უაღრესად პირადულ რაიმეს ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ინგლისური და ფრანგული ვისწავლე, აღმოვაჩინე რომ intimate ინგლისურად და intime – ფრანგულად “პირადულს” ნიშნავს და ამ სიტყვების კონოტატიური მნიშვნელობა საერთოდ არ არის დაკავშირებული არც სექსთან, არც ეროტიკასთან და არც პორნოგრაფიასთან.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სერ ჯერომ ჰორსეი, ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და პოლიტიკოსი, რომელმაც 17 წელი გაატარა რუსეთში 1573–1591 წლებში. დღემდე შემონახულია დღიურები და პირადი ჩანაწერები, რომლებსაც მისი თანხმლები პირი, ვინმე ფლეტჩერი აწარმოებდა. 1583 წლით დათარიღებულ წერილში მოთხრობილია ამბავი იმისა, თუ როგორ ესტუმრნენ სერ ჯერომ ჰორსეი და მისი თანმხლები პირები მოსკოვის აბანოს რუსი ბოიარებისა და მეფისკარის ლამაზმანების თანხლებით. მოგეხსენებათ იმ დროინდელ რუსეთში საერთო აბანოში კაცები და ქალები განცალკევებით არ ბანაობდნენ, რასაც ძალიან გაუკვირვებია ინგლისელი დიდგვაროვანი და გაოცებულს უთქვამს: “It’s incredible, they are making that like in team!” (თარგმანში: დაუჯერებელია ისინი ამას ჯგუფურად აკეთებენო). იქვე მდგომი ბოიარინია არ დაბნეულა და შეპასუხებია: “Кому интим, а кому помыться”, ანუ ვისთვის ინტიმია და ვისთვის კიდე ბანაობაო. ამის შესახებ ყველას გულიანად უცინია და ასე დაბადებულა სიტყვა, რომელიც მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ჩხირკედელაობას აღნიშნავს.

დღესდღეობით უკუპროცესი მიმდინარეობს. ინგლისური ენის ფართო გავრცელების წყალობით, სიტყვა “ინტიმური” უფრო პირადულს ნიშნავს, ვიდრე სექსთან დაკავშირებულს და შესაბამისად, თუკი ოდესმე ჩვენი ინტერნეტმოღვაწეები ინგლისურს ისწავლიან, იქნებ ფილმების სათაურები პირდაპირ ორიგინალიდან თარგმნონ და არა რუსულიდან და მერე დარწმუნებული ვარ ყველას გვეშველება…

ჩარფუზანა

leave a comment »

ეს სიტყვა პირველად სერგო კლდიაშვილის მიერ თაერგმნილ ერთ პოეტურ იგავ–არაკში შემხვდა (ავტორი სერგეი მიხალკოვია): თეატრალური ინსტიტუტის აბიტურიენტებმა ეს იგავი კარგად იციან, რადგან მისაღებ გამოცდებზე ხშირად კითხულობენ მას. 1973 წელს მეც ვიყავი ამ ინსტიტუტის აბიტურიენტი (მადლობა ღმერთს, რომ არ მიმიღეს!) და იმდროიდან მახსოვს “ჩარფუზანა”, თუმცა არ ჩავკვირვებივარ…. დღეს რატომღაც გამახსენდა და ინტერნეტში ასეთი ციტატები მოვძებნე:

1) სანამ არ დავიკიდებთ დასავლეთის, ჩრდილოეთისა თუ სამრეთ-აღმოსავლეთის ინტერესებს და საკუთარ ინტერესებზე არ ვიფიქრებთ, მანამდე ეს ჩარფუზანა არ დასრულდება!

2) რამოდონანი მოქუჩებულხართ??? მაგარი ჩარფუზანა გვექნება პირიქითაში.

3) სკამი ჩამაჯე (ხევსურ) დაჯექი ჩარფუზანა ხმაური კმარა.

რატომღაც “ხევსურული იერი” დაჰკრავს ამ ციტატებს და, როგორც ჩანს, ჩვენთვის საინტერესო სიტყვა იქ შემორჩა, მაგრამ წარმომავლობა, დამიჯერეთ რომ, სპარსული აქვს:

ჩარ – ოთხი, ფა – ფეხი და ზან – “ზადან” სახელზმნის აწმყო დროის ფორმაა და “დამრტყმელს, დამცემს” ნიშნავს – ჩარ–ფა–ზან – ანუ ოთხი ფეხის ცემა ხმაურის და არეულობის აზრითა და მნიშვნელობით.

გაგახსენდათ ხომ – ზარბა–ზან? დიახ, ზარბა (დარბა) – არაბულად “დარტყმაა”….. ესე იგი “დარტყმით დამრტყმელი” (ზარბაზნის შესახებ ერთი მოგონებაც მაქვს და, თუ დრომ და განგებამ მაცალა, გიამბობთ).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

December 11, 2010 at 1:31 am

ცავეტანემ

with 4 comments

ქართველები სომხებთან ურთიერთობისას ხშირად იყენებენ სომხურ სიტყვას “ცავეტანემ”, თუმცა, როგორც ჩანს, არავინ იცის ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა და ისევე ამბობენ, როგორც რუსებს სჩვევიათ ჩვენთან საუბრისას “გინასვალე”–ს თქმა სრულიად უადგილოდ და გაუაზრებლად.

ენებით დაინეტერესებული ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება “ცავეტანემ”–ის ახსნა და თარგმნა.

* * *

ცავ – “ტკივილია” სომხურად.

ცავ’ტ – შენი ტკივილი (აქ აპოსტროფი იმ თანხმოვნის აღსანიშნავად დავსვით, რომელიც ქართლ ენაში არ გვაქვს…. შეიძლება ამას ისეთივე “პაუზა” დავარქვათ, როგორც დ”არტანიან–ში ან კოტ დ”ივუარ–შია).

ტან–ემ – წავიღო მე….. სახელზმნა “ტანელ” – წაღება, “–ემ” პირვველი პირის ნიშანი.

* * *

ასე რომ, ეს ფრაზა ასე წარმოითქმის – ცავ’ტ ტანემ – “შენი ტკივილი წავიღო”

როგორც ხედავთ, ეს არ არის ერთი სიტყვა და თავისი აზრით თითქმის იგივეა, რაც “შენი ჭირიმე”. მნიშვნელობით კი “გენაცვალე”–ს ანალოგიაა.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

December 9, 2010 at 9:31 pm

საქართველოს მანანებო

with 5 comments

საქართველოში მრავალ სხვა ინსტიტუტთან ერთად სუფრის ინსტიტუტიც გვაქვს, ამასთან ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული. მერე რა, რომ “სუფრა” არაბული სიტყვაა და გზაში წაღებულ საგზალს ნიშნავს, ან ქსოვილის ნაჭერს, რომელსაც ბედუინები მზის გულზე გავარვარებულ ქვიშაზე შლიდნენ, წაიხემსებდნენ, შემდეგ აქლემს აჰკიდებდნენ და გზას განაგრძობდნენ ხოლმე თვალუწვდენელ უდაბნოში. ქართული სუფრა სტუმრის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომელიც უნდა მიიპატიჟო, შემდეგ ასვა და აჭამო, სანამ ამ უკანასკნელს გადაადგილების და აზროვნების უნარი არ წაერთმევა და ყველაფერზე იქნება თანახმა, ოღონდ მეტი აღარაფერი შესთავაზონ საჭმლის და სასმელის სახით.

ამას წინათ ზურაბ ქარუმიძის ვიდეოაზრებს ვუსმენდი ინტერნეტში, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ დაატყვევეს გურულებმა შავ ზღვაში სამეკობრეოდ შემოხეტებული ბურგუნდიელი რაინდები, დიდი ხნის განმავლობაში ცივი ნიავი არ მიაკარეს, არაფერი მოაკლეს, ასვეს, აჭამეს და გალოთებულები გაუშვეს უკან შორეულ ბურგუნდიაში. ამ ისტორიის თხრობისას ჩანაწერის ავტორმა მე-15 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსის, ჟან დე ვოვრენის სამტომეული ნაშრომი მოიშველია, სადაც მართლაც დაცულია ეს ერთი მხრივ სახალისო და მეორე მხრივ ნიშანდობლივი ისტორია.

ბურგუნდიელ რაინდებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების დიდი პარტია მივიღეთ, ვინ იცის ისინიც ავიკლეთ პატიჟით, სმა-ჭამითა და სადღეგრძელოებით. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ლაპარაკი. სამწუხაროდ არც ყივჩაღების და არც ბურგუნდიელი რაინდების უშუალო ჩანაწერები არ შემორჩა ისტორიას, განსხვავებით იმ “ნეითივსფიქერებისაგან”, რომლებიც განათლების სამინისტრომ დაპატიჟა საქართველოში ჩვენი ახალი თაობის ინგლისურ ენაში გასავარჯიშებლად. მასწავლებლობის გარდა ისინი სოციალმედიურად აქტიური ხალხი აღმოჩნდნენ და ინტერნეტში ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, რომლებიც უმალვე “ყივჩაღთა ბლოგებად” მოინათლა და აგერ უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ინტერნეტში არ ცხრება დისკუსიები მათ გარშემო.

როგორც მათი ბლოგებიდან ირკვევა, ისინი ოჯახებში გადაანაწილეს და თითო სტუმარს თითო მზრუნველი თვალი და ყური მიუჩინეს, როგორც ისინი უწოდებენ, ჰოსტ-დედის სახით, რომლებმაც უცხო სტუმრებს საუცხოო მასპინძლობა გაუწიეს და ამას კვლავაც ჩვეულ რიტმში აგრძელებენ, თუმცა ვაი რომ ზემოხსენებულმა ჰოსტ-დედებმა ინგლისური არ იციან და მათი ბლოგების წაკითხვა არ შეუძლიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ თითოეული ჩვენი ამერიკელი, თუ ავსტრალიელი სტუმარი იმაზე წუხს თუ რამდენს აჭმევენ მათი ჰოსტ-დედები და რამდენს ასმევენ მათი ჰოსტ-მამები. ერთმა მათგანმა თავს დამტყდარი გასტრონომიული უბედურება განაზოგადა და ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოში ქალები მზარეულები არიან და კაცები კი – მსმელებიო.

ერთ ასეთ მასწავლებელ-ბლოგერს ორმაგად არ გაუმართლა. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ რუსული იცის და მეორედ კი იმიტომ, რომ სახლში ორი ჰოსტ-დედა დახვდა და ორივე სახელად მანანა. ჰოსტ-დედებმა ახალჩამოსული სტუმარი გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს და ტრაპეზობისას ავანჩავანის გამოკითხვა დაუწყეს (სხვა ჰოსტ-დედები ამ “ბედნიერებას” მოკლებულნი არიან, ვინაიდან, როგორც ირკვევა, მათ ინგლისური არ იციან). მანანებმა გამოარკვიეს, რომ ჩვენი სტუმარი უცოლო იყო და სანათესაოში და სამეზობლოში ახალგაზრდა გოგო არ დატოვეს, რომ მისთვის გარიგება არ ეცადათ. საბოლოოდ კი ჩვენს სტუმარს მოსწრებული ენა აღმოაჩნდა და საკუთარ ჰოსტ-დედებზე განაცხადა: I don’t know what it is with these Mananas but they’re driving me bananas! (მოკლე თარგმანი ასეთია: მანანებმა ჭკუიდან გადამიყვანესო). ჰოდა, არ გამიკვირდება სულ მოკლე ხანში ინგლისურ ენაში ახალი სიტყვა – Manana – რომ დამკვიდრდეს ქართველი აბეზარი დიასახლისის აღსანიშნავად.

ძვ. ქართულში, აი იმ დროს, როცა ჩვენ ჯერ ყივჩაღები გვეწვივნენ და შემდეგ ბურგუნდიელი რაინდები, სიტყვა “პატიჟი” ტანჯვა-წამებას ნიშნავდა (სულხან-საბა დამემოწმება), “ვეფხისტყაოსანში” ტარიელი ავთანდილს გამიჯნურების ისტორიას რომ უყვება, ერთ ადგილას ამბობს: “შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად”-ო. როგორც ჩანს, სტუმრის განსაკუთრებული პატივისცემა, ე.წ. “პატიჟი” ჩვენი საიდუმლო იარაღი ყოფილა და არის უცხოებთან საურთიერთოდ: ყივჩაღები მოვინელეთ, ბურგუნდიელი რაინდები გავალოთეთ, ჰოდა ახლა “ნეითივსფიქერი” მასწავლებლების ჯერია!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

December 2, 2010 at 5:10 pm

გრევის მოედანზე გაფიცულნი

with one comment

ამონარიდი ხოსე ორტეგა–ი–გასეტის ესედან “ორი მთავარი მეტაფორა”:

გაფიცვა ფრანგულად se mettre en grève, ან მოკლედ grève არის. დაფიქრებულხართ თუ რატომ ნიშნავს სიტყვა grève გაფიცვას? თვითონ ფრანგულად მოლაპარაკეებმა არ იციან ამის შესახებ და არც კი აღელვებთ ეს საკითხი. მათთვის სიტყვა პირდაპირ მიუთითებს მნიშვნელობაზე. “Grève” ფრანგულად ქვიშიანი ნაპირია. პარიზის რატუშა სენის მახლობლად იყო აგებული, მის წინ კი მდინარის ქვიშიანი სანაპირო იყო გადაჭიმული. ამის გამო რატუშის წინ მდებარე მოედანს place de la grève, ანუ გრევის მოედანი ეწოდა. ამ ადგილას პარიზელი უმუშევრები, ან სამსახურიდან ახლად დათხოვილები იკრიბებოდნენ ხელახალი დასაქმების მოლოდინში. Faire grève იმ დროს უსამსახუროდ დარჩენას ერქვა, დღესდღეობით კი მუშაობაზე ნაბაყოფლობით უარის განცხადებას დაერქვა. ეს ისტორია ფილოლოგებმა აღადგინეს, თუმცა ის ყოველგვარ აზრს მოკლებულია გაფიცული მუშისთვის, რომელიც გაიფიცა და ამბობს je suis en grève-ო.

Written by linguistuss

November 18, 2010 at 3:33 pm

რუსული ფილტრი

with 3 comments

ქართველ ლექსიკოგრაფს, მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ მიართვეს დიდ ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი გამოსვლისთანავე. იქვე არნოლდ ჩიქობავას მონათხრობსაც იხსენებს, თუ როგორ გადმოიღო თაროდან სტალინმა სპეციალურად მისთვის ხბოს ტყავში ჩასმული შინდისფერი ტომი, გადაფურცლა და გაკვირვებულმა ჰკითხა ლექსიკონის მთავარ რედაქტორ ჩიქობავას: “აქ წერია, რომ “ბლუზა” ფრანგული სიტყვაა და ქართულში ხომ რუსულიდან შემოვიდაო?!” სტალინის სიკვდილის შემდეგ გამოიცა განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა, სადაც რუსული “ბლუზას” ნაცვლად შესაბამის სტატიაში გაფრანგულებული “ბლუზ”-ი წერია, მაგრამ რუსიფიკაციის პრობლემა ამით არ გადაჭრილა.

ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ერთგვარ კულტურულ მოვლენად იქცა ყოფილ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც უცხო პირთა სახელების ლექსიკონმა და ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ აუბეს მხარი. საინტერესო ის არის, რომ ამ სამ წიგნში, სხვა ლექსიკონებს რომ თავი დავანებოთ, დაცული უცხო სიტყვების ქართულ ენაზე ჩაწერის ნორმები ძირითადად თანმიმდევრულია, სამივეს წითელ ხაზად გასდევს რუსული ენის გავლენა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ყველა უცხო სიტყვა თუ გვარ-სახელი რუსული ენის ფილტრშია გატარებული და შემდეგ ისეა წარმოდგენილი ჩვენს “საამაყო” ლექსიკონებში.

საუბარი “ბრტყელ-ბრტყელი” რომ არ გამოვიდეს, მოდით მაგალითები მოვიშველიოთ: ტაბულას 28-ე ნომერში წარმოდგენილი იყო მიშლანის სამვარსკვლავიანი რესტორნის შეფ-მზარეულის, ალან პასარის ბოსტნეულის სალათის რეცეპტი. ამ კულინარიულ რუბრიკაში ჩემი ყურადღება “მიშლანმა” მიიქცია. საქართველოში კარგად იცნობენ საბურავების მწარმოებელ ამ კომპანიას, რომელიც ასევე კულტურული საქმიანობითაცაა დაკავებული და ყოველწლიურად რჩეული რესტორნებისა და სასტუმროების ალმანახს გამოსცემს, სადაც მოხვედრა ფრანგებისათვის ერთობ პრესტიჟული საქმეა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია საქართველოში უფრო “მიშლენის” სახელწოდებით იყო აქამდე ცნობილი და კაცმა რომ თქვას არც “მიშლენია” სწორი და არც – “მიშლანი”, ასეთი ნაზალური ბგერა ქართულში უბრალოდ არ გვაქვს, შესაბამისად, რომელ ფორმას გამოვიყენებთ, ერთი შეხედვით, თითქოს გემოვნების საკითხი უნდა იყოს.

გრეგორი მენქიუს ფუნდამენტური ნაშრომი, “მაკროეკონომიქსი” გამოიცა რამდენიმე წლის წინ საქართველოში. თარგმანს ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ ამ წიგნის ფურცლვისას მაინც მეუცხოვა აქა-იქ მიმობნეული “თექსასი”, “ვოშინგთონი” და მსგავსი ამერიკანიზმები. კარგად რომ დავფიქრდეთ, მთარგმნელი ერთი მხრივ მართალია, ამერიკელები სწორადაც რომ “თექსასს” და “ვოშინგთონს” გამოთქვამენ და არა ისე, როგორც ჩვენი ყურია მიჩვეული. ეს წიგნი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთარგმნელმა არსებული ნორმების გვერდის ავლით, პირდაპირ ორიგინალიდან გადმოაქართულა ინგლისურენოვანი ნაშრომი, ისევე როგორც მიშლანის შეფ-მზარეულის რეცეპტის მოფრანგულე ავტორმაც ისე ჩაწერა ამ კომპანიის სახელი ტაბულას კულინარიულ რუბრიკაში, როგორც ეს მის ყურს ეამებოდა და არა ისე, როგორც ეს მიღებული იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

მაგალითების ჩამოთვლა რომ გავაგრძელოთ, პეკინის და ბეიძინის წყვილი უნდა ვახსენოთ, პხენიანის და პიონგპიანგის, სიკოკუს და შიკოკუს, ბეერშებას და ბეერშევას (ისრაელის ქალაქია) და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითში ნათლად ჩანს იმ რუსული ფილტრის კვალი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. დავუშვათ მიშლანი უფრო სწორია, ვინაიდან ფრანგულში in-ზე დაბოლოებული სიტყვები წარმოთქმის დროს სადღაც “ან”-ისკენ უფრო იხრება, ვიდრე “ენ”-ისკენ. აქამდე დამკვიდრებული ყველა მსგავსი ფრანგული სიტყვა კი რუსულის გავლენით ასე გამოიყურებოდა: შოპენი, შარდენი, კარდენი. ჰოდა, ისმის შეკითხვა რა ვქნათ, სხვა დამკვიდრებული სიტყვებიც გადავაკეთოთ და ამიერიდან შარდანზე “მოვჯდეთ”, შოპანს მოვუსმინოთ და პიერ კარდანის სამოსი მოვირგოთ?!

პრობლემა კი იმაშია, რომ თავად ენათმეცნიერების ინსტიტუტი ვერ გარკვეულა რომელია სწორი ფორმა “კლინტონი” თუ “ქლინთონი”, “თექსასი” თუ “ტეხასი” და ა.შ. ძველი ნორმებით “ტეხასი” და “კლინტონი” უნდა ვწეროთ, ახალი ნორმები კი ჯერ არავის შეუმუშავებია! ფრანგების მსგავსად არც ორმოცი უკვდავი გვყავს, რომლებიც ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისათვის იბრძოლებენ, წლიდან წლამდე ნორმებს შეიმუშავებენ, არსებული პოლიტიკური ტენდენციებისაგან თავისუფლები იქნებიან და მხოლოდ ენობრივ პროცესებს დააკვირდებიან. ამიტომაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ყოველ ჯერზე ლოკალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუ რომელი დაიწეროს “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუ “მანჩესთერ იუნაითედი”, “მეტიუ ბრაიზა” თუ “მეთიუ ბრაიზა” და ა.შ.

უკვე დიდი ხანია ვაკვირდები Google-ში საძიებო სტატისტიკას. მაგალითად “კლინტონის” ძიებისას 133 ათასი საძიებო ერთეული გამოაქვს, “ქლინთონის” დროს კი – 7 ათასი. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 80 ათასია, “მანჩესთერ იუნაითედი” კი – 55 ათასი… სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია – წლიდან წლამდე რუსული ფილტრის პროცენტული მაჩვენებელი Google-ის დაინდექსებულ გვერდებში იკლებს და ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში სურათი ისე შეიცვალოს, რომ უცხოურ გვარ-სახელთა ჩაწერის უკვე მოძველებული, საბჭოური ნორმები შესაცვლელი გახდეს და აღარ იყოს ასეთი ორაზროვანი კამათის საგანი.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

November 12, 2010 at 5:56 pm

ბეჭდების მბრძანებელი სპარსულად

with 3 comments

სიტყვა “მურტალი” საკმაოდ არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს და, რომ არა ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”, ეს სიტყვა შეიძლება მხოლოდ ძველი თბილისის უბნებში შემორჩენილიყო და კახეთშიც, ოდნავ სხვა ფორმით – “მურდალო!” – ასე ამბობენ კახელები და საინტერესო ის არის, რომ ამ “ვარიაციით” ნამდვილად ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოს იდგნენ ოდესღაც ირანთან და სპარსულ ენასთან, რადაგან ხსენებულმა სალანძღავად ქცეულმა ლექსიკურმა ერთეულმა კახეთიდან თბილისამდე მგზავრობისას “დონ”–ი შეიცვალა “ტარ”–თი.

სანამ კონკრეტულად ამ “მურდალ–მურტალს” გავშიფრავთ, ერთი ჩვენთვის საინტერესო და ლოგიკური დაკვირვების შესახებ უნდა გითხრათ…. ქართულ ენაში თურმე იმაზე ბევრად მეტი არაბული სიტყვაა შემოსული და დარჩენილი, ვიდრე მეგონა…. და ეს უპირატესად თბილისური დიალექტიდან შეფრენილა სალიტერატურო ენაში. აქამდე იყო ცნობილი, რომ ჩვენი სალიტერატურო ენა ქართლ–კახურ დიალექტზეა დაფუძნებული, მაგრამ, ჩემი აზრით ასე უნდა ითქვას – ქართლ–კახურ–თბილისურზე…. დიახ, არაბთა თითქმის 300–400 წლიანმა ბატონობამ კონკრეტულად თბილისში (თბილისის საამიროზე მოგახსენებთ) განაპირობა ის, რომ, ჩვენს დედაქალაქში ხალხი უფრო არაბული ლექსიკით იყო “განებივრებული”, კახეთი და ქართლი კი, მოგეხსენებათ, სპარსულ–თურქულ ზეგავლენას განიცდიდა ყოველთვის. თბილისურ ლექსიკაში ბევრი “არაბიზმი” ვიპოვეთ(თუნდაც წმინდა არაბული სიტყვა:”მაგიდა”, რომლის შესახებ ადრე წერდნენ, რომ უცნობია მისი წარმომავლობა), ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი “მურტალოს” მივუბრუნდეთ.

ირანის იმპერიაში გადასახადის ამკრეფს “მოჰრ–დარ”–ი ერქვა, ანუ ეს იყო კაცი, ვისაც შაჰის ბეჭედი (მოჰრ) ჰქონდა, ახლანდელი გაგებით ეს რაღაც “ნოტარიუსს” წააგავს; მაშ, “მოჰრ” ბეჭედია, “დარ” კი მქონეს ნიშნავს; გაიხსენეთ: მიზან–დარ, ბინა–დარ, ამაგ–დარ…. მოჰრ–დარ – ბეჭდის მქონე. ჰოდა ეს უკანასკნელი საქართველოს სოფლებში რომ ჩამოივლიდა და გადასახადების აკრეფას რომ იწყებდა, ბუნებრივია, მისი მოსვლა არავის სიამოვნებდა და ასე იქცა თანამდებობრივი სტატუსის გამომხატველი სიტყვა სალანძღავად, უბრალოდ “ჰოე” ამოვარდა და კახელები ერთმანეთის გაკიცხვა ლანძღვას რომ იწყებდნენ, აუცილებლად გამოურევდნენ ხოლმე “საამო ლექსიკაში” სიტყვა მურდალს (მურდარ–საც) ამბობენ…. თბილისამდე ჩამოსვლისად კი, როგორც გითხარით, სიტყვის “შიგთავსი” უფრო მჟღერი გახდა და ასე აღმოჩნდა ვერის უბანში სილამაზით განთქმული ინგას დამღუპველ–დამაქცევარი მურტალო ჩვენი ცნობიერების არეალში.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

მოგზაური სიტყვები: ეგვიპტე

with 5 comments

გადავწყვიტე ამინ მაალუფის ბლოგიდან “მოგზაური სიტყვების” რუბრიკა ვთარგმნო. ამჯერად გთავაზობთ ადაპტირებულ ტექსტს, “გაჯაზებას” ეგვიპტის თემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მათი ქვეყანა სხვა სახელითაა ცნობილი, რომელიც ბერძნული Αίγυπτος–იდან მომდინარეობს, თავად ეგვიპტელები საკუთარ სამშობლოს სხვა სახელით, مصر (მისრ)–ად მოიხსენიებენ, რომელიც ზოგ არაბულ ქვეყანაში მასრ–ადაც კი წარმოითქმის. მისრიდან ნაწარმოები ზედსართავი, “მასრი” კი მთელს არაბულ სამყაროში გავრცელდა როგორც ეგვიპტელთა პატრონიმი. მისრის ვარიაციებს ვხვდებით სპარსულში, ურდუში, ჰინდიზე, თურქულში, აზერბაიჯანულში, მალაურში და ივრითზეც კი ეგვიპტეს რაღაც მსგავსი “მიცრაიმ” ჰქვია. ეს უკანასკნელი კი ბიბლიის “დაბადებაშია” მოხსენიებული. აქ საქმე გვაქვს ამ რეგიონის უსათუოდ უძველეს სახელწოდებასთან, რომელიც თარგმანში “ორ სრუტეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ეს ორი სრუტე ზედა და ქვედა ეგვიპტეს უკავშირდება. არაბულში სიტყვა مصر (მისრ) გამოიყენება როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საერთო სახელი. თავად ეგვიპტელთა მეტყველებაში “მისრ” არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მათ დედაქალაქსაც აღნიშნავს. ხშირად გაიგონებთ ეგვიპტეში ფრაზას من مصر للاسكندريه  (მისრიდან ალექსანდრიამდე), სადაც მისრ–ში სხვა არაფერი იგულისხმება თუ არა კაირო, რომლის არაბული სახელწოდება القاهر (ალ–კაჰირა) მხოლოდ წერილობით და ფორმალურ კონტექსტში გამოიყენება.

ფარაონების დროის ეგვიპტეში მას “ქემეთს” (შავ მიწას) უწოდებდნენ, რაც მის ნაყოფიერებაზე მიუთითებდა, რასაც კოპტურში კვლავაც შევხვდებით kimi–ს ფორმით. ძვ. ბერძნულ ტექსტებში კი მას Kemia–ად მოიხსენიებდნენ. საინტერესოა ისიც, რომ თავად ამ სიტყვამ ჯერ “ქიმია” შვა და შემდეგ “ალქიმიის” ფორმით უკან დაბრუნდა ეგვიპტეში. ფარაონთა ენაზე “ქემეთს”, ანუ შავ მიწას უპირისპირდებოდა “დეშრეთი”, ანუ წითელი მიწა, რომელშიც უდაბნო იგულისხმებოდა. უკვე მოგახსენეთ რომ  Αίγυπτος (აიგიპტოს) ასე უწოდეს მისრს, ძვ. ქართულად მისრეთს და შემდეგ ეს სიტყვა, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. Αίγυπτος კი ქალაქ მემფისში ღმერთი პტას საპატივსაცემოდ აგებული ტაძრის, Hi-ku-Ptah–ას სახელს უკავშირდება. ამ სიტყვით შესაძლოა თავად ქალაქი მემფისი მოიხსენიებოდა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი მეტროპოლია იყო ძვ. ეგვიპტეში. Hi-ku-Ptah–იდან მრავალი სიტყვა იღებს სათავეს, მათ შორის ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანების, კოპტების სახელწოდება. ინგლისურში ბოშების აღმნიშვნელი სიტყვა (gypsy) და ა.შ. ლიბანში مصري (მისრი), ანუ მისრული, რომელიც მუდამ მრავლობით ფორმაში გამოიყენება შინაურულ მეტყველებაში ფულს აღნიშნავს, სიმდიდრის კონოტაციით. ეს სახელწოდება მე–19 საუკუნეში ეგვიპტის მიერ ლიბანის ოკუპაციას უკავშირდება, როდესაც ამინ მაალუფის სამშობლოში არამხოლოდ ეგვიპტური ჯარი, არამედ ეგვიპტური ფულიც დომინირებდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ეგვიპტეში “ხელის ჭუჭყს” სიტყვა فلوس (ფულუს)–ით გამოხატავენ, საიდანაც შემდგომში ქართული “ფული”, სომხური “ფოღ” და ფრანგულ არგოში სიტყვა “ფლუზ”–ი მივიღეთ.

Written by linguistuss

October 31, 2010 at 2:59 am

Какая разница, бичо?!

with 3 comments

ვაგრძელებ მამაჩემის ნოუთების ჩემს ბლოგზე გადმოლაგებას

ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ “ახრჩობენ” დღეს ქართულ ენას ინგლისური თოკით და მართლა რომ ახრჩობენ, ამის მაგალითებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით, თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ (ადრე ბერძნული, სპარსული თუ რუსული იყო, ახლა ინგლისურია…. какая разница, бичо?!). ერთხელ ირანში ერთი სპარსელი მიმტკიცებდა – ქართულში 25% ლექსიკისა სპარსულიაო; ასეთი დასკვნა, ალბათ მან მაშინ გამოიტანა, როცა ყური მიუგდო ქართველთა მეტყველებას, სრულიად ჩეულებრივსა და ყოველდღიურს, სადაც მოისმინა სიტყვები: ჩანგალი, ფანჯარა, ქუჩა. ხეივანი, მატრაბაზი, ჯამბაზი, საღი, ხილაბანდი, ვახშამი და ასე შემდეგ. იმ სპარსელს კი შევუსწორე – 25 კი არა და 10% იქნება–მეთქი, მაგრამ რა შეღავათი? აქ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ჩვენი დამოკიდებულებაა მთავარი ჩვენი ენისადმი. სპარსული (არაბული, თურქული….) ლექსიკის რაოდენობა ქართულ ენაში. მე მგონი, ჯერ არავის აღუნუსხავს, მაგრამ ჩვენი წინაპრებიც ისეთივე მიმბაძველები რომ ყოფილან, როგორც ახლა მათი შთამომავლები არიან (ვართ!), ეს ცხადია… უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ “სტრატეგიული პარტნიორი” მაშინ იყო ირანი, ახლა არის სხვა (ერთხელაც – какая разница, бичо?!).

შაჰ–აბასის ქუჩა მაშინ თბილისში არ არსებობდა (თუმცა ვინ იცის, იქნებ არსებობდა კიდეც), მაგრამ საქართველოს ისეთ ქართულ რეგიონშიც კი, როგორიცაა “მთა” (ზოგადად დავარქვათ), მავანთაგან მავანს “ირანის ლომის” პატივსაცემად სოფლისთვის და მდინარისთვისაც კი გადაურქმევია სახელები. დუშეთის რაიონში….. უკაცრავად – მუნიციპალიტეტში (ადრე მაზრა რომ ერქვა) არის სოფელი “საშაბურო” და იქვე მოედინება მდინარე “საშაბუროსხევი”, აქედან არის გვარი შაბურიშვილი: ახლა გავშიფროთ, რას ნიშნავს “შაბურ” – ეს გახლავთ “შაჰ–ფურ” ანუ შაჰის შვილი, ძე, მემკვიდრე (სხვათა შორის, ეს ამ 20–ოდე წლის წინ თავად ერთმა შაბურიშვილმა მითხრა სიამაყით). აი, დანარჩენი კი თავად გაიაზრეთ – რა სიყვარული უნდა ჰქონოდა მავან ქართველს შაჰისადმი, რომ საკუთარი თავისთვის შაჰის შთამომავალი ეწოდებინა, მშობლიური სამოსახლო “სა–შაჰ–ფურო”–დ მოეხსენიებინა და…. მდინარეს რაღას ერჩოდა ის მამაცხონებული?! ვინ იცის, რა კარგი ქართული სახელი ერქვა!

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

October 27, 2010 at 4:04 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers