ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘ფაქტები’ Category

ძველი ბაბილონური ხეოფსის პირამიდა

with 12 comments

1944 წელს იელის უნივერსიტეტმა კერძო კოლექციონერისგან პატარა ქვა შეიძინა, რომელზედაც კვადრატი, დიაგონალები და რიცხვები იყო ამოკაწრული ლურსმნული დამწერლობით. ქვა ჩვ. წ.აღ.-მდე მე-18 საუკუნით თარიღდება და ევფრატისა და ტიგროსის დელტაშია ნაპოვნი, ანუ იქ სადაც ოდესღაც ძვ. ბაბილონელები სახლობდნენ. თანამედროვე მეცნიერებას ძალიან გაუმართლა, რომ ეს ქვა აღმოჩენილი იქნა, ვინაიდან ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ძვ. ბაბილონელთა გონიერების გაქანების შესახებ.

დაუკვირვებელი თვალი უმალ ამჩნევს კვადრატს და დიაგონალებს და იბადება შეკითხვა: ნუთუ პითაგორას თეორემაა გამოსახული?! პასუხი ამ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელია: დიახ, პითაგორამდე თორმეტი საუკუნით ადრე ბაბილონელებმა იცოდნენ, რომ კვადრატის მომიჯნავე ორი გვერდის კვადრატების ჯამი დიაგონალის კვადრატის ტოლია, თუმცა ამით არ ამოიწურება ამ ქვის უნიკალურობა. ქვის უნიკალურობა ნაკაწრშია, რომლის გასაგებადაც სამოცობით სისტემაზე მომიწევს ორიოდე სიტყვის თქმა.

ძველი ბაბილონელები სამოცობითი სისტემის შემქმნელები არიან, რაც დღემდე შემოგვრჩა. დროს და კუთხეებს ჩვენ მათ მსგავსად 60 ნაწილად ვყოფთ. ასე მაგალითად: 1 საათში 60 წუთია, 1 წუთში 60 წამი და ა.შ. ჩვენი შუამდინარეთელი წინაპრები ამ სამოცობითი სისტემით აზროვნებდნენ და შესაბამისად მათი საშუალებით არამხოლოდ დროს და კუთხეებს ითვლიდნენ და ზომავდნენ, მათთვის საათი და 24 წუთი ჩვეულებრივი რიცხვი იყო და აღნიშნავდა ისევე როგორც დროის ინტერვალს, ამავდროულად 1 მთელ 24/60-ს.

ლურსმნული ნაკაწრების გაშიფრვა, როგორც აღმოჩნდა ძნელი არ არის:

კვადრატის გვერდზე 30-ია ამოკაწრული. ზედ დიაგონალზე 1, 24, 51, 10 და ცოტა ქვემოთ 42, 25, 35. ისმის შეკითხვა: კი მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?! – ამაზე პასუხის გასაცემად სამოცობითი სისტემა დაგვეხმარება. ძველი ბაბილონელისათვის 30 აღნინავდა 1/2-ს (30/60), ანუ ჩვენს წინაშეა კვადრატი რომლის გვერდია 1/2. დიაგონალზე ჩანაწერი სამოცობითში რომ გადავიყვანოთ მივიღებთ:

1 + 24/60 + 51/3600 + 10/216000 = 1.4142129…

ეს კი, რა თქმა უნდა, არის ფესვი 2-დან და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ძვ. ბაბილონელებმა მემილიონედის სიზუსტით იცოდნენ ფესვი 2-ის მნიშვნელობა. ქვედა ნაკაწრი რომ გადავიყვანოთ სამოცობითში მივიღებთ:

42/60 + 25/3600 + 35/216000 = 0.7071064…

ეს კი არის ფესვი ერთი მეორედიდან, რაც ასევე მემილიონედის სიზუსტით ემთხვევა!

ხეოფსის პირამიდა არამხოლოდ იმიტომ იწვევს აღფრთოვანებას, რომ დიდია და გრანდიოზული, არამედ იმითაც, რომ მისი ზომები სიზუსტის სტანდარტი იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში. ასევე ეს ქვაც იმითაა საყურადღებო, რომ მემილიონედის სიზუსტით 38 საუკუნის წინ როგორ მოახერხეს ფესვი 2-ის გამოთვლა დღემდე უცნობი და გაუგებარია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

თქვენი არ ვიცი და მე კი მგონია, რომ ერთი ასეთი ქვის არსებობა ამართლებს მთელი კაცობრიობის არსებობას.

Written by linguistuss

May 30, 2011 at 9:02 pm

ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია

with 10 comments

უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში მობილური ტელეფონების შეღწევადობა 75%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ მილიონ ადამიანზე მეტი სარგებლობს მობილური ტელეფონით. მათ შორის ყველაზე დაკვირვებული და (ცრუ)მორწმუნე ნაწილი კი ერთი გარემოებითაა შეშფოთებული: აბონენტის საიდენტიფიკაციო მოდულზე, ე.წ. SIM-ბარათზე მათ ანტიქრისტეს ბეჭედი, სამი ექვსიანი შენიშნეს და ახალ მითქმა-მოთქმას დაუდეს დასაბამი. შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ: ამოიღეთ თქვენი მობილური ტელეფონიდან SIM-ბარათი და დახედეთ. ექვსიანებს თუ ვერ ხედავთ, წაღმა-უკუღმა ატრიალეთ და მხეცის რიცხვს აუცილებლად დაინახავთ! კი მაგრამ, რა არის ამის მიზეზი? ამ თემით შეშფოთებული მორწმუნენი გვიპასუხებენ, რომ საქართველო დაისაჯა ბოლო ჟამს არაეკლესიური და არაქრისტესმიერი ცხოვრების გამო, თუმცა ეს სწორი პასუხი არ გახლავთ. საქმე უბრალო დამთხვევასთან გვაქვს და ამაში მასონები, სიონისტი ბერები და მისთანანი კავშირში არ არიან.

ყოველ SIM-ბარათს გააჩნია ოცნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, ე.წ. ICCID, რომელსაც მობილურ ტექნოლოგიებში ფართო გამოყენება აქვს. პირველი ორი ციფრი ზემოხსენებული ოცნიშნა ნომრიდან ინდუსტრიაზე მიუთითებს, რომელშიც SIM-ბარათი გამოიყენება, შემდეგი სამი კი – ქვეყანაზე, რომლის მცხოვრებლებზეც გაიცემა ის. ინდუსტრიის აღმნიშვნელი ორი ციფრი ჯერჯერობით ყველა SIM-ბარათისთვის “89” არის (ტელეკომუნიკაციის სფერო), შემდეგი სამი ციფრი კი საქართველოს შემთხვევაში არის “995”, ანუ ქვეყნის საერთაშორისო კოდი. ამ ორის შეერთებით კი მიიღება “89995” და შესაბამისად, საქართველოში გაყიდული ყველა სიმბარათი ამ ხუთნიშნა კომბინაციით იწყება. თუკი მას ამოვატრიალებთ, იმ ავადსახსენებელ სამ ექვსიანს დავინახავთ, რომელმაც იმდენად შეაშფოთა ჭეშმარიტი მორწმუნენი, რომ მათ საძულველი სამი ექვსიანი საკუთარ SIM-ბარათებზე წაშალეს.

საქართველოში სამი ექვსიანის მიმართ განწყობა ერთმნიშვნელოვანია, მორწმუნე მრევლს არაცნობიერად სძაგს ის. ძალიან საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება იყო ამასთან დაკავშირებით საქართველოში მე-18 საუკუნემდე, სანამ არაბული ციფრები ჩვენში მასობრივად გაიდგამდა ფეხს, ანუ მაშინ როცა რიცხვებს ასოების საშუალებით ვწერდით?! მაგალითისთვის ექვსას სამოცდაექვსი ძველ ქართულში გამოიხატებოდა როგორც “ქჲვ” და ეს ტრიადა ყოველგვარი ნუმეროლოგიური ქვეტექსტისგან თავისუფალი იყო. იგივე ითქმის “აპოკალიფსის” ძვ. ბერძნულ ორიგინალზე, სადაც მხეცის რიცხვი სამი ბერძნული ასოს, χξϛ საშუალებითაა ჩაწერილი. აკი მიგვითითებს კიდეც იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში: “ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვიო”, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ საუკუნეში ათასის ფარგლებში ანგარიშის და ამ სამი ბერძნული ასოს გაშიფრვის მცოდნე მას ბევრი არ ეგულებოდა.

სამი ექვსიანის გარშემო ატეხილმა ისტერიკამ ყოფა-ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ასე მაგალითად, საქართველოში არ იყიდება მობილური ტელეფონის ნომრები, რომელშიც “666” ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის სამ ერთნაირ ციფრს შეიცავს და ასეთი კომბინაცია, როგორც წესი, “კარგ” ნომრად ითვლება. სამ ექვსიანს ასევე არ სწყალობენ ქართველი მძღოლები. მას დევნიან საკრედიტო ბარათებზე, საბანკო ანგარიშებში და ქუჩის ნუმერაციებში. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ამხელა ქუჩები ჩვენთან სად არისო, თუმცა მე მაინც მეგულება ერთი ასეთი გრძელი ქუჩა. კარგად მახსოვს თუ როგორი გულმოდგინებით ვეძებდი ერთ ზაფხულს ქობულეთში აღმაშენებლის 666 ნომერ კარიბჭეს, მაგრამ ასეთი ვერ აღმოვაჩინე, არადა სახლების ნუმერაცია რვაასს სცდება. ერთი სიტყვით, ქართველთა უმრავლესობას უწყინარი დაავადება ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია აქვს შეყრილი, რაც სამი ექვსიანის არაცნობიერ ფობიას აღნიშნავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. ისინი, ვინც ასე გაურბიან მხეცის რიცხვს, სინამდვილეში გაურბიან სამ ექვსიანს და არა იმას, რასაც ის მიუთითებს. ადამიანთა დიდ ნაწილს ციფრებსა და რიცხვებს შორის განსხვავების გაკეთება უჭირს. აბსტრაქტული რაობა, რიცხვი, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი წერდა “χξϛ არის მხეცის რიცხვი, იგივე ექვსასსამოცდაექვსიო” და სამი ექვსიანით ჩაწერილი კომბინაცია “666” მრავალთა წარმოდგენაში ერთმანეთის იდენტურია. არადა, “666” ისევე მიუთითებს მხეცის რიცხვზე, როგორც ძვ. რომაული DCLXVI, ბინარული “1010011010” და ჰექსადეციმალური – “29A”. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეში 666 ერთ-ერთი უნიკალური რიცხვია, თავისი გამორჩეული თვისებებით: ის პირველი შვიდი მარტივი რიცხვის კვადრატების ჯამს უდრის (4+9+25+49+121+169+289=666). ასევე პირველი 36 წევრის ჯამიც 666-ია (1 + 2 + 3 + … + 34 + 35 + 36 = 666), რაც ოსტატურად გამოიყენეს კაზინოს და სათამაშო ბიზნესის მოქიშპე მორალისტებმა ე.წ. რულეტკისთვის შავი პიარის ასაგორებლად. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ცალკე აღებულ სამ ექვსიანს არანაირი კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ვინაიდან საკრედიტო ბარათზე, SIM-ბარათსა თუ ქუჩის ფირნიშზე მოთავსებული სამი ექვსიანი მხოლოდ და მხოლოდ ნუმერაციის საშუალებაა და ის არანაირ რიცხვს არ გამოხატავს!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

April 3, 2011 at 4:32 pm

ჰინომარუ ბენტო

with 7 comments

იაპონურ კულტურაში ფართოდაა გავრცელებული შეფუთული ერთპორციიანი საკვები, რომელსაც ბენტოს უწოდებენ. ბენტოს ძირითადი მომხმარებლები სკოლის მოსწავლეები და ქარხნის მუშები არიან და შესაბამისად ბენტოს მომზადების ხელოვნებას იაპონელი დიასახლისების აუცილებელი უნარ–ჩვევების სიაში უმთავრესი ადგილი უკავია, თუმცა ქმრებისა და შვილებისთვის სამსახურში, თუ სკოლაში წასაღები სადილის მომზადება მოსაწყენი რომ არ გამოსულიყო იაპონელი დიასახლისები თვითშემოქმედებით დაკავდნენ და ამგვარად შეიქმნა ე.წ. Bento Art, რომლის მაგალითებიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, ან ამაზე.

ბენტოს გაფორმების ხელოვნებაშიც ხელოვნების სხვა ჟანრების მსგავსად არსებობს სიუჟეტები და თემები, რომლებსაც ძალიან ხშირად მიმართავენ უსაქმური და თვითშემოქმედი იაპონელი დიასახლისები (უსაქმური – ამ შემთხვევაში უღირსი ეპითეტი არ არის). ერთ–ერთი ასეთი ხშირად გამეორებული თემა ჰინომარუს თემაა. ამ ბენტოს შესაქმნელად თუ მოსამზადებლად სულ ორი ინგრედიენტია საჭირო: ბრინჯი და ცენტრში დასკუპებული უმებოში, იაპონელთა ღრმა რწმენით,  დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელი საუკეთესო საშუალება, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ქლიავის ჩირისმაგვარი საჭმელია. ჰოდა როგორ ფიქრობთ რას ეძახიან იაპონელები “ჰინომარუს”?! მართალია, “ჰინომარუ” იაპონიის დროშის მეტსახელია, რომელიც თარგმანში “მზის დისკოს” ნიშნავს.

Written by linguistuss

January 11, 2011 at 12:06 pm

სახლის მონა

with 4 comments

ჩინურ სალიტერატურო ენაში ახალი სიტყვა fángnú (房奴) გაჩნდა, რომელიც ორი იეროგლიფის საშუალებით იწერება. პირველი იეროგლიფი “სახლს” ნიშნავს, მეორე კი – “მონას”, თავად fángnú კი ეწოდება ადამიანს, რომლის თვიური ხელფასის ნახევარზე მეტი სახლის შესაძენად აღებული იპოთეკური სესხის დასაფარად იხარჯება.

თანამედროვე ჩინეთში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც fángnú–ებად მოიხსენიებენ დღითი–დღე იზრდება, რაც თავის მხრივ გამოწვეულია უცნაური გარემოებით: აუცილებელი პირობა რომ ჩინელი ქალი მამაკაცს ცოლად გაყვეს სახლის ქონაა. ჰოდა რაღა დარჩენიათ ცოლის შერთვის მოსურნე ჩინელ “ვორკაჰოლიკებს”… ხდებიან სახლის მონები.

Written by linguistuss

January 10, 2011 at 2:35 pm

აუდი სანომრე ნიშნით IS 5416

with 9 comments

ძმები ვაჩოვსკების ფილმში “The Matrix Reloaded” ფიგურირებს შავი აუდი. შეიძლება თქვენც, ჩემი არ იყოს, სანომრე ნიშნებს IS 5416 ჩაუარეთ და ყურადღება არ მიგიქცევიათ. არადა ძვ. აღთქმაში, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში (ინგლ. Book of Isaiah), 54–ე თავის მე–16 სტრიქონში ვკითხულობთ:

აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს[*].

გითხრათ ვინ მართავს აუდის, თუ თავად გამოიცნობთ?! კარგი, გეტყვით –  აგენტი სმიტი მართავს აუდის… და რა შუაშია ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ციტატა?! ამას როგორმე თავად მიხვდით…

Written by linguistuss

January 9, 2011 at 11:57 am

ვილჰელმის კივილი

with 3 comments

1953 წელს აშშ–ს კინოთეატრებში ვესტერნის ჟანრის ახალი ფილმი “შეტევა მდინარე ფიზერზე” გამოვიდა. ფილმი არაფრით შემორჩა მასკულტურას, გარდა კივილისა, რომელიც მეორეხარისხოვან პერსონაჟს, რიგით ვილჰელმს აღმოხდება დაეცემა რა პირქვე ისარგანგმირული. ამერიკული კინოს ისტორიკოსები ამტკიცებენ ეს ხმა პირველად სხვა ფილმში გაისმაო, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ვილჰელმის კივილი კლიშედ იქცა და ჰოლივუდელი გურუები თავს ვალდებულად თვლიან ეს ხმა დაადონ ყოველ იმ კადრს, სადაც რომელიმე კინოგმირი ისარგარჭობილი უფსკრულში ვარდება, გოძილას მიერ ისრისება, თუ გავარვარებულ ლავაში თავით ეშვება.

ჩემდა გასაკვირად ვილჰელმის კივილად წოდებული ბგერების ერთობლიობა ძალიან ბევრ ფილმში გაისმის, რომელთა მცირე ნაწილი მიყვარს, უმრავლესობა მომწონს და დიდ უმრავლესობას კი ვერ ვიტან. დღეს დილას, როდესაც ახალი წლის ეიფორიით გაბრუებულმა ერმა დაიძინა, რატომღაც მაშინ გამეღვიძა და უსაქმურობის ნიადაგზე, ინტერნეტის სქროლვისას, სწორად ეს ხმა აღმოვაჩინე იუთუბში. ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ აქამდე არ შემიმჩნევია არც “ბეჭდების მბრძანებელში”, არც “ვარსკვლავურ ომებში” თუ “ინდიანა ჯონსში”?!

ადამიანებს დეტალებში ჩაკვირვება რომ არ ეხერხებათ ეს აქამდეც იყო ჩემთვის ცნობილი. აი, თუნდაც გუშინდელი გესთ–პოსტი რომ ავიღოთ, უმრავლესობამ ისე დაიწყო და დაასრულა კითხვა, რომ ვერც კი შენიშნეს, რომ ჩემი არ იყო, თუმცა მე სხვა რამეზე დავფიქრდი. რამდენი ასეთი ვილჰელმის კივილია გარშემო, რომლებიც ელემენტების სახით ჩვენს კულტურას ქმნიან. რიჩარდ დოკინსი მგონი მართალი იყო, როცა მემეტიკის თეორიას ქმნიდა. ვილჰელმის კივილიც ერთგვარი მემია, ინფორმაციის კულტურული ერთეული, თაობიდან თაობას მემკვიდრეობით რომ გადაეცემა.

გუშინდელი ღამეც ერთი ჩვეულებრივი საახალწლო ღამე იყო ჩვენს სახლში. შეიკრიბნენ ოჯახის დიდი და პატარა წევრები და დაიწყეს სამუდამოდ წასული, ანუ გარდაცვლილი და სამუშაოდ წასული, ანუ ემიგრირებული წევრების გახსენება. არასოდეს დამირღვევია ტრადიცია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველი მომდევნო ახალი წელი ერთმანეთს ჰგავს: ისტორიები, ფრაზები და პერსონაჟები (საჭმელებიც კი!) არ იცვლება და ახლა ვხვდები, რომ რამდენიმე ვილჰელმის კივილიც კი გამოერია გუშინ ხელახლა მოსმენილ გარდასულ ამბებში.

კიდევ ერთხელ მოვძებნე იუთუბში კადრების კოლაჟი, სადაც გვარიანად უშრომიათ Jeff–ს, Rob-ს და Chris-ს ფილმებში შესაბამისი ადგილების ჯერ პოვნაზე და შემდეგ დამონტაჟებაზე. ბოლოში გაკეთებული მინაწერიც ერთობ ნიშანდობლივი იყო ამერიკული კულტურისთვის: “Please don’t sue us” (არ გვიჩივლოთო), ჰოდა ამ ვიდეოს თვალის გადავლების შემდეგ შეკითხვა დამებადა: რაში სჭირდებათ ეს კლიშეები ადამიანებს, დავიჯერო ახალი ხმის ჩაწერა და დამონტაჟება ძნელია და ისინი ხმების, ისტორიების თუ ფრაზების სახით იმდენად სჭირდებათ, რომ მათ გარეშე ვერ გაძლებენ, თუ ამ ყველაფრის სათავე სიზარმაცეა?! – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

Written by linguistuss

January 1, 2011 at 7:44 am

რუსული ფილტრი

with 3 comments

ქართველ ლექსიკოგრაფს, მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ მიართვეს დიდ ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი გამოსვლისთანავე. იქვე არნოლდ ჩიქობავას მონათხრობსაც იხსენებს, თუ როგორ გადმოიღო თაროდან სტალინმა სპეციალურად მისთვის ხბოს ტყავში ჩასმული შინდისფერი ტომი, გადაფურცლა და გაკვირვებულმა ჰკითხა ლექსიკონის მთავარ რედაქტორ ჩიქობავას: “აქ წერია, რომ “ბლუზა” ფრანგული სიტყვაა და ქართულში ხომ რუსულიდან შემოვიდაო?!” სტალინის სიკვდილის შემდეგ გამოიცა განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა, სადაც რუსული “ბლუზას” ნაცვლად შესაბამის სტატიაში გაფრანგულებული “ბლუზ”-ი წერია, მაგრამ რუსიფიკაციის პრობლემა ამით არ გადაჭრილა.

ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ერთგვარ კულტურულ მოვლენად იქცა ყოფილ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც უცხო პირთა სახელების ლექსიკონმა და ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ აუბეს მხარი. საინტერესო ის არის, რომ ამ სამ წიგნში, სხვა ლექსიკონებს რომ თავი დავანებოთ, დაცული უცხო სიტყვების ქართულ ენაზე ჩაწერის ნორმები ძირითადად თანმიმდევრულია, სამივეს წითელ ხაზად გასდევს რუსული ენის გავლენა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ყველა უცხო სიტყვა თუ გვარ-სახელი რუსული ენის ფილტრშია გატარებული და შემდეგ ისეა წარმოდგენილი ჩვენს “საამაყო” ლექსიკონებში.

საუბარი “ბრტყელ-ბრტყელი” რომ არ გამოვიდეს, მოდით მაგალითები მოვიშველიოთ: ტაბულას 28-ე ნომერში წარმოდგენილი იყო მიშლანის სამვარსკვლავიანი რესტორნის შეფ-მზარეულის, ალან პასარის ბოსტნეულის სალათის რეცეპტი. ამ კულინარიულ რუბრიკაში ჩემი ყურადღება “მიშლანმა” მიიქცია. საქართველოში კარგად იცნობენ საბურავების მწარმოებელ ამ კომპანიას, რომელიც ასევე კულტურული საქმიანობითაცაა დაკავებული და ყოველწლიურად რჩეული რესტორნებისა და სასტუმროების ალმანახს გამოსცემს, სადაც მოხვედრა ფრანგებისათვის ერთობ პრესტიჟული საქმეა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია საქართველოში უფრო “მიშლენის” სახელწოდებით იყო აქამდე ცნობილი და კაცმა რომ თქვას არც “მიშლენია” სწორი და არც – “მიშლანი”, ასეთი ნაზალური ბგერა ქართულში უბრალოდ არ გვაქვს, შესაბამისად, რომელ ფორმას გამოვიყენებთ, ერთი შეხედვით, თითქოს გემოვნების საკითხი უნდა იყოს.

გრეგორი მენქიუს ფუნდამენტური ნაშრომი, “მაკროეკონომიქსი” გამოიცა რამდენიმე წლის წინ საქართველოში. თარგმანს ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ ამ წიგნის ფურცლვისას მაინც მეუცხოვა აქა-იქ მიმობნეული “თექსასი”, “ვოშინგთონი” და მსგავსი ამერიკანიზმები. კარგად რომ დავფიქრდეთ, მთარგმნელი ერთი მხრივ მართალია, ამერიკელები სწორადაც რომ “თექსასს” და “ვოშინგთონს” გამოთქვამენ და არა ისე, როგორც ჩვენი ყურია მიჩვეული. ეს წიგნი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთარგმნელმა არსებული ნორმების გვერდის ავლით, პირდაპირ ორიგინალიდან გადმოაქართულა ინგლისურენოვანი ნაშრომი, ისევე როგორც მიშლანის შეფ-მზარეულის რეცეპტის მოფრანგულე ავტორმაც ისე ჩაწერა ამ კომპანიის სახელი ტაბულას კულინარიულ რუბრიკაში, როგორც ეს მის ყურს ეამებოდა და არა ისე, როგორც ეს მიღებული იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

მაგალითების ჩამოთვლა რომ გავაგრძელოთ, პეკინის და ბეიძინის წყვილი უნდა ვახსენოთ, პხენიანის და პიონგპიანგის, სიკოკუს და შიკოკუს, ბეერშებას და ბეერშევას (ისრაელის ქალაქია) და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითში ნათლად ჩანს იმ რუსული ფილტრის კვალი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. დავუშვათ მიშლანი უფრო სწორია, ვინაიდან ფრანგულში in-ზე დაბოლოებული სიტყვები წარმოთქმის დროს სადღაც “ან”-ისკენ უფრო იხრება, ვიდრე “ენ”-ისკენ. აქამდე დამკვიდრებული ყველა მსგავსი ფრანგული სიტყვა კი რუსულის გავლენით ასე გამოიყურებოდა: შოპენი, შარდენი, კარდენი. ჰოდა, ისმის შეკითხვა რა ვქნათ, სხვა დამკვიდრებული სიტყვებიც გადავაკეთოთ და ამიერიდან შარდანზე “მოვჯდეთ”, შოპანს მოვუსმინოთ და პიერ კარდანის სამოსი მოვირგოთ?!

პრობლემა კი იმაშია, რომ თავად ენათმეცნიერების ინსტიტუტი ვერ გარკვეულა რომელია სწორი ფორმა “კლინტონი” თუ “ქლინთონი”, “თექსასი” თუ “ტეხასი” და ა.შ. ძველი ნორმებით “ტეხასი” და “კლინტონი” უნდა ვწეროთ, ახალი ნორმები კი ჯერ არავის შეუმუშავებია! ფრანგების მსგავსად არც ორმოცი უკვდავი გვყავს, რომლებიც ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისათვის იბრძოლებენ, წლიდან წლამდე ნორმებს შეიმუშავებენ, არსებული პოლიტიკური ტენდენციებისაგან თავისუფლები იქნებიან და მხოლოდ ენობრივ პროცესებს დააკვირდებიან. ამიტომაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ყოველ ჯერზე ლოკალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუ რომელი დაიწეროს “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუ “მანჩესთერ იუნაითედი”, “მეტიუ ბრაიზა” თუ “მეთიუ ბრაიზა” და ა.შ.

უკვე დიდი ხანია ვაკვირდები Google-ში საძიებო სტატისტიკას. მაგალითად “კლინტონის” ძიებისას 133 ათასი საძიებო ერთეული გამოაქვს, “ქლინთონის” დროს კი – 7 ათასი. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 80 ათასია, “მანჩესთერ იუნაითედი” კი – 55 ათასი… სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია – წლიდან წლამდე რუსული ფილტრის პროცენტული მაჩვენებელი Google-ის დაინდექსებულ გვერდებში იკლებს და ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში სურათი ისე შეიცვალოს, რომ უცხოურ გვარ-სახელთა ჩაწერის უკვე მოძველებული, საბჭოური ნორმები შესაცვლელი გახდეს და აღარ იყოს ასეთი ორაზროვანი კამათის საგანი.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

November 12, 2010 at 5:56 pm

დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

with 10 comments

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის “მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმ-ბერნერს ლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის “მამას” უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა – თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუთმეტ მილიარდ ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისაგან, სადაც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ საკუთარ ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს ინტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამისი ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით “ფეისბუქური” ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში “პირწიგნაკად” წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე – youtube.com, მეოთხეზე – odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსით არაფრით განსხვავდება – აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ფოტოებს წითელ ზოლად გასდევთ წარწერა “მე აქ ვიყავი”. ასეთ ფოტოებს განეკუთვნება სურათები, სადაც მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამ ყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანასკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით – “დედას ბუშტი”. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%-ის და ფრანგების 74%-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი “მე აქ ვიყავი” და “ჩემი ქორწილის” ტიპის ფოტოები განმთავსებლის პირადი საქმეა. “დედას ბუშტის” სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები “ფრენდების” თუ “დრუზიების” წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ. ეს აპლიკაციები იმ სოციალ-მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრონიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: “ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე”, “დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი”, “ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ.

Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს “კედელი” რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ – თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა “დედას ბუშტი” ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

November 6, 2010 at 2:44 am

ჰალალ–ბურგერი vs. სამარხვო შაურმა

with 2 comments

დღევანდელ სვეტსაც შეკითხვით დავიწყებ: თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა განსხვავებაა მოგზაურობასა და ტურიზმს შორის? ამ შეკითხვაზე პასუხი წითელ ავტობუსებში იმალება ევროპის ცენტრალურ ტურისტულ მექებში რომ დაჰქრიან. გადაიხდი დღეში ოც ევროს, ჩაჯდები ამ თავმოხდილ წითელ ავტობუსში და შინ დაბრუნებისას გრჩება ილუზია, რომ ამა და ამ ქალაქში იყავი. მაგალითად რომში ჩაუვლი კოლიზეუმს, პალატინუსის ბორცვს, პიაცა დელ პოპოლოს, ვილა ბორგეზეს, ვატიკანის კედლებს, ტრაიანეს ფორუმის ნანგრევებს… ვია დელ კორსოს გავლისას ექსკურსიამძღოლი თითით მიგანიშნებს, რომ აი, იქ არის ტრევის შადრევანიო… და საღამოს სასტუმროში რომ დაბრუნდები, კმაყოფილებისაგან ტკბილად გეძინება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ტურიზმი მოგზაურობისაგან ერთი მნიშვნელოვანი ელემენტით განსხვავდება. ის არ ითვალისწინებს კულტურულ შოკს. ტურისტი ვერასოდეს შენიშნავს კიოლნის ჰაუპტბანჰოფში მტლაშამტლუშით გართულ ლესბოსელებს (შემდეგ ამიხსნა ჩემმა მეგობარმა, რომ კიოლნი გერმანიის გეი/ლესბოსური დედაქალაქიაო), ვერასოდეს გადააწყდება მილან-გენუის მატარებელში ორ მონაზონს, რომლებმაც ჩემი ორი ბებია გამახსენა და ვერასოდეს შენიშნავს ალმა-ატაში ჯორჯიან ფასტფუდის ქსელს, სადაც შაურმის მაგივრად შეცხელებული ხინკლები, კუპატები და ხაჭაპურები იწონებენ თავს. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტურიზმი მოგზაურობაა პრეზერვატივით, სადაც პრეზერვატივის როლს ექსკურსიამძღოლი ასრულებს, რომელიც ტურისტებს სწორედ კულტურული შოკისგან იცავს და არა – ვენერიული დაავადებებისგან.

შაურმასთან დაკავშირებით ორჯერ განვიცადე კულტურული შოკი. პირველი თურქეთში და აზერბაიჯანში ყოფნისას მივიღე, სადაც ჩემთვის ნაცნობ შაურმას დონერად იხსენიებდნენ. მერე ვიკადრე, ჩავიხედე ლექსიკონში და აღმოჩნდა, რომ თურქულში dönmek და çevirmek – ორივე ტრიალს ნიშნავს და შედეგად მათგან ნაწარმოები döner თურქულში ეწოდა ამ ფენომენს, çevirme კი არაბულის გავლენით shawarma გახდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მეორე კულტურული შოკი პარიზში მეწვია, უცბად წახემსება და შაურმის დაგემოვნება რომ დავაპირე. სანდომიანი სახის არაბმა ფული რომ გამომართვა და რამდენიმე წუთში შაურმას გაახლებო რომ მითხრა. მეც ეს რამდენიმე წუთი რაიმეთი რომ შემევსო, გარშემო აბრებისა და წარწერების კითხვა დავიწყე. საშაურმეში გამოსაჩენ ადგილას რაღაც დოკუმენტი იყო გაკრული თავისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ახლოს რომ მივუახლოვდი თვალები გამიფართოვდა, ასეთი რამ პირველად ვიხილე – დოკუმენტი მყიდველებს არწმუნებდა, რომ ამ საშაურმეში გამოყენებული ხორცი “ჰალალი” იყო, რასაც ევრი-კურკურონის მეჩეთის სასულიერო პირი აწერდა ხელს და შესაბამისი ბეჭდითაც ამოწმებდა.

“ჰალალ”-ი განსხვავებით “ჰარამ”-ისგან არაბულად ნებადართულს ნიშნავს („ჰარამ” – აკრძალულია) და შაურმის შემთხვევაში იმ დიეტოლოგიურ წესზე მიუთითებს, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში საქონლის დაკვლას და მის შემდგომ დამუშავებას ითვალისწინებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიტყვებისგან ქართულში სიტყვები – ალალი და არამი – მივიღეთ და საშაურმეში გაკეთებული განცხადება თითქოს მეუბნებოდა – ალალი იყოს ეს შაურმა შენთვისო, თუმცა ჩემი განცვიფრება სულ სხვა რამემ გამოიწვია, თავად კულტურული შოკი ხომ პარალელურ კულტურებს შორის არათავსებადობის, ან მსგავსების გამოვლენაში მდგომარეობს?! სანამ აზრს გავაგრძელებ მანამდე იმასაც დავამატებ, რომ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ჰალალ-ბურგერების ქსელი გაიხსნა, სადაც თითოეულ ასეთ “ზავეძენიაში” ადგილობრივი მამაოს, უკაცრავად მუფთის ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება, მუსლიმთათვის ჰალალ-ბურგერის საკვებად ვარგისობის შესახებ. ზემოხსენებული კულტურული შოკი კი იმ ფაქტის გააზრებამ გამოიწვია, რომ ჩვენებური “სამარხვო შაურმა”, რომლის სამარხვოობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც ვერ იპოვით თბილისურ საშაურმეებში, თავისი არსით არაფრით განსხვავდება არც ჰალალ-შაურმისაგან და არც ჰალალ-ბურგერისაგან.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

ნესტან–დარეჯანი თუ ნისტან–დარჯიხანი?!

with 17 comments

გურამ ასათიანის ესეს გადავაწყდი ლიბ.გე–ზე, რომლის სათაურია – „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კლასიკური პოეტიკა. ერთმა პასაჟმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომლის შესახებაც სხვაგან არსად წამიკითხავს და არც არავისგან გამიგია. საინტერესო ის არის, რომ თავად ესეს ავტორმაც ვერ გაბედა უფრო შორს წასვლა და უფრო თამამი დასკვნების გაკეთება, თუმცა მის მიერ ნაპოვნი ფაქტი ჩემთვის პირადად საინტერესო იყო:

„ისკანდერ-ნამეში“ ნიზამის ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: მაკედონიის ხელმწიფეს, რომელმაც მრავალი ქვეყანა დაიპყრო, საბოლოოდ „რუსთა“ ჯართან მოუხდა შერკინება. არაერთი სახელოვანი მხედარი ეღუპება მას ამ ბრძოლაში, რადგან მოწინააღმდეგეთ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ბრძოლის ველზე გამოჰყავთ უცნაური არსება, რაღაც ადამიანის მსგავსი ურჩხული, რომელიც თავზარს სცემს და მუსრავს ალექსანდრეს ლაშქარს. დაღონებული მეფე ბრძენკაცებს მოუხმობს რჩევისათვის. ერთი მათგანი ალექსანდრეს უყვება, რომ ასეთი ურჩხულები დედამიწის კიდეზე ცხოვრობენ, ქვესკნელივით ბნელ ადგილას, რომელსაც მზის სხივი არასოდეს ეკარება.

ალექსანდრე მაინც ამარცხებს ამ საზარელ არსებას, მაგრამ არ კლავს მას, პირიქით, ბორკილებს აახსნევინებს და ნადიმზეც მოიპატიჟებს. ასეთი რაინდული სულგრძელობით გაოცებული ურჩხული რამდენიმე წუთით უჩინარდება და შემდეგ ალექსანდრესთან მოჰყავს მშვენიერი ქალი – ნისტან დარჯიხანი, რომელიც მის (ურჩხულის) პატრონებს ჰყავდათ დატყვევებული. მომდევნო თავებში აღწერილია ისკანდერისა და ტყვეობიდან დახსნილი ნისტან დარჯიხანის სიყვარულის ამბავი.

როგორც ცნობილია, ნისტან დარჯიხანი სპარსულ ენაზე ქვეყნად ულამაზეს ნიშნავს. ეს სახელი უცნობი არ არის აღმოსავლური მწერლობისათვის. ნიზამის პოემაში მისი თავგადასავლის დაკავშირება ადამიანის მსგავს ურჩხულთა სამყაროსთან და მოტაცებისა და ტყვეობის მოტივთან აშკარად მიგვანიშნებს საერთო მითოლოგიურ პირველწყაროზე, რომლის შორეული ექო შემონახული იქნა XII საუკუნის ორ პოეტურ ძეგლში.

ეს წავიკითხე თუ არა, იმ წამსვე ნიზამის ტომი მოვძებნე, ისქანდერ–ნამეზე გადავშალე და დავიწყე ძებნა. დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ზემოხსენებული რეალობას შეესაბამებოდა. ალექსანდრე მაკედონელის ქალს მართლაც ნისტან–დარჯიხანი ჰქვია, რომელიც ქვეყნის კიდეში ჰყავთ დატყვევებული გაურკვეველი წარმომავლობის არსებებს. საინტერესო ის არის, რომ ნესტან–დარეჯანი და ნისტან–დარჯიხანი ორივე სპარსული ფრაზის სხვადასხვა ტრანსკრიპტია. ფრაზისა, რომელიც პირდაპირ თარგმანში “არ არის (მისი მსგავსი) ქვეყნად” ნიშნავს, ანუ “ჯაჰან” ქვეყანაა სპარსულად, “დარ” – ში და “ნისთ” – უარყოფა.

ნიზამიმ “ისქანდერ–ნამე” 1203 წელს დაწერა. “ვეფხისტყაოსანიც” სადღაც მაგ დროსაა დაწერილი. შესაბამისად შანსი იმისა, რომ ერთმა მეორისგან, ან მეორემ – პირველისაგან დააკოპიპეისტა რაიმე, არ არსებობს. აქედან გამომდინარე არსებობდა რაღაც ამბავი ქაჯების, ვირეშმაკების თუ მმკ–ელების მიერ შეპყრობილი ულამაზესი ქალის შესახებ, რომელსაც საბოლოოდ დევგმირი დაიხსნის, შემდეგ ცოლად შეირთავს და ყველაფერი კარგად სრულდება.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ვეფხისტყაოსნის” პროლოგში გაკეთებული დისქლეიმერი, სადაც რუსთველი იძახის “ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო”, მართალი ყოფილა და ვახტანგ მეექვსის, თუ მავან ფსევდომეცნიერთა კომენტარები “ესე ამბავი სპარსში არ არისო” კი – სიცრუე! მსურს დავიჯერო, რომ ვახტანგ მეექვსემ, ჩვენმა სახელოვანმა მეფემ, რომელსაც სავარაუდოდ ორიგინალში ჰქონდა წაკითხული ნიზამის “ფანჯ განჯი” და მათ შორის “ისქანდერ–ნამე”, ზემოხსენებულ ამბავს ისე ჩაუარა, რომ ვერანაირი მსგავსება ვერ შენიშნა.  არადა გურამ ასათიანის მაგივრად მას რომ ეპოვა ეს ციტატა, ვინ იცის თანამედროვე რუსთველოლოგები სხვანაირად იჭიკჭიკებდნენ “ვეფხისტყაოსნის” ამბის ზექართულობასთან დაკავშირებით…

ირკოჩერვო, ანუ თხარირემი

with 15 comments

გასული საუკუნის 90–იანებში უმბერტო ეკომ ჟურნალ “ესპრესოს” მკითხველები ერთ, ერთი შეხედვით უწყინარ თამაშში ჩაითრია, რომელსაც მან ირკოჩერვო უწოდა (hircus – ლათინურად თხა და cervus – ირემი). ირკოჩერვო, ანუ თხარირემი გამოგონილი არსებაა, რომელსაც ბორხესმა არ დასდო პატივი და გამოგონილი მონსტრების წიგნში არ მოიხსენია, თუმცა პლატონი მას დიალოგებში “ტრაგოელაფოსის” სახელით იცნობს, რომლის საშუალებითაც მან რეალურ და იდეების სამყაროებს შორის განსხვავებას გაუსვას ხაზი და აჩვენა, თუ რაოდენ მწირია ჩვენი რეალური სამყარო. პლატონმა სოკრატეს პირით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგოელაფოსი რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება მისი იდეა იდეების სამყაროში არსებობს და, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლებაო.

უმბერტო ეკომაც ჩათვალა, რომ სახალისო იქნებოდა არარსებული მწერლების და მათი შესაძლო ნაწარმოებების გამოგონება, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობენ, თუმცა რა უფლება გვაქვს დავუშალოთ ვინმეს ფიქრი მათ შესახებ?! ეკო იმასაც აღნიშნავს, რომ კენტავრი თავიდან მხოლოდ ცარიელი იდეა იყო ცხენკაცის სახით და მას ძველმა ბერძნებმა მთელი რიგი სიმბოლური დატვირთვები მიაწერესო. ამგვარად ჩემი ირკოჩერვო არ დამიჩაგროთ და ბალახი აჭამეთო. ჰოდა, დაიძრა ფიზიკური და ელექტრონული წერილების არმია “ესპრესოს” რედაქციაში, მაგრამ ეს თამაში იმდენად  ზედმეტად აღმოჩნდა მიბმული იტალიურ ენაზე, რომ თითქმის არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება თარგმნას და აი, აქ იწყევლა თავ–ბედი ლინგვისტუსმა…

ბოლო რამდენიმე დღეა ვცდილობდი იტალიური ირკოჩერვოები გამექართულებინა, ან რაც არ გაქართულდებოდა საბოლოოდ დამევიწყებინა და ჩემი თხარირმები მომეფიქრებინა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ათიოდე მათგანს მაინც მოვუყარე თავი ერთ მშვენიერ რემაში და ამ პოსტში გავუშვი საბალახოდ. რამდენად შევძელი უმბერტო ეკოს, თუ სხვა იტალიელი გონებამახვილების იდეების გადმოცემა, თხარირმებისთვის ბალახის ჭმევა და მათი არ გაბრაზება ამისი განსჯა თქვენთვის მომინდვია. მათ, კი ვისაც იტალიური ირკოჩერვოების გაცნობა სურს, შეუძლია შემდეგ ბმულებს (ბმული #1, ბმული #2) ეწვიოს და ზედმეტი შეკითხვები კომენტარებში არ დასვას.

  • მარსელ პროსტი – “ბოქსებში დაკარგული დროის ძიებაში”
  • უმბერტო ეგო – “ჩემი სემიოტიკა”
  • ანკა მორჩილაძე – “ფალიაშვილის ქუჩის ქალები”
  • იგორ სტრავისკი – “პეტრუშკა დენიელსი”
  • ევარისტ გალუაზი – “მწეველები კვდებიან ადრე”
  • ლევ ტოლსტოევსკი – “ანა სადომაზოვი”
  • მარქს პლანკი – “კვანტური მექანიკის მანიფესტი”
  • ართურ ქენონ დოილი – “გაიღიმე უოთსონ, ჩიტი გამოფრინდება”
  • როკო ზიგფრიდი – “ბრუნჰილდა – ნიბელუნგების ბეჭედი”
  • როლან ბარტეზი – “თავზე კოცნის ხელოვნება”
  • ვუდი ელაიენი – “ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ უცხოპლანეტელებზე და კითხვას ვერ ბედავდით”
  • რიჩარდ ნიკონი – “მეც მინდა მონიკა ლევინსკი ობიექტივში გავახედო!”

Written by linguistuss

May 29, 2010 at 12:08 am

ფრენბურთი საზღვრებს გარეშე

with 15 comments


1895 წელს უილიამ მორგანს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰოლიოკში ახალი თამაშის იდეა დაებადა, რომელსაც მინტონეტი უწოდა და ეს თამაში ჩოგბურთის და ხელბურთის უკანონო შვილად შეიძლება მოინათლოს, ვინაიდან ამ ორი სპორტით გატაცებულმა მორგანმა ახალი ჰიბრიდი შექმნა, სადაც ჰარმონიულად იყო შერწყმული ორივე თამაშის წესები.

რას წარმოიდგენდა უილიამ მორგანი, რომ შემდგომში Volleyball–ად წოდებული მისი პირმშო 1979 წელს ამერიკელთა და მექსიკელთა დამეგობრების მიზეზი გახდებოდა. ფოტო 1979 წელსაა გადაღებული და აღებულია კლეიტონ კუბიტის ფოტობლოგიდან (იხ. ბმული). თითქოს არაფერია მასში უჩვეულო, გარდა ერთი დეტალისა: ბადეს აშშ–მექსიკის საზღვარი წარმოადგენს და ორივე მოასპარეზე მხარე – თავის ტერიტორიაზე თამაშობს.

Written by linguistuss

May 18, 2010 at 2:26 pm

გრადუსებზე და წამებზე

with 20 comments

შეიძლება ვინმემ არ იცის, ასეთები დარწმუნებული ვარ მრავლად არიან, თუ საიდან წარმოდგება სამოცად დაყოფის პრაქტიკა დროისა და კუთხეების ათვლისას. ჰოდა, სპეციალურად მათთვისაა ეს ტექსტი, რომელიც ძველი ჟურნალების ფურცლვისას შემომხვდა…

ძველ შუამდინარეთში, ტიგროსისა და ევფრატის აუზში ძველი შუმერები სახლობდნენ, რომელთაც საგრძნობი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ შუმერები ქართველების წინაპრები არიანო, თუმცა ამ თემას მოდით გვერდი ავუაროთ და ძვ. შუმერთა მათემატიკურ მიღწევებზე შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ვაჭრობით იყო განპირობებული.

შუმერებს არამხოლოდ ბორბალი, ირიგაცია და დამწერლობა გამოუგონიათ. მათ ასევე აღებ–მიმცემობის ერთეულის, ე.წ. ფულადი ერთეულის შექმნის პირველობასაც მიაწერენ. მათ ფულად ერთეულს მინა ერქვა და ის ვერცხლის ულუფას წარმოადგენდა, რომელსაც ჩვეულებრივ ორ ნაწილად ყოფდნენ, ვინაიდან 1 მინის მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ მაღალი იყო. თითოეული ნახევარი თავის მხრივ კი სამ ნაწილად იყოფოდა და საბოლოო ჯამში ძვ. შუმერებს შორის მეექვსედი მინის შესაბამისი ვერცხლის ულუფები მიმოიქცეოდა.

შუამდინარეთში შუმერების მახლობლად კიდევ ერთი ხალხი სახლობდა, აქადეველები, რომელთა ფულად ერთეულსაც შეკელი ეწოდებოდა. როგორც ჩანს აქადეველთა “ვალუტა” არც თუ ისე მყარი იყო მინასთან მიმართებაში – მეექვსედი მინა 10 შეკელში იცვლებოდა, რაც ჯამში ჩვენთვის საინტერესო კურსს იძლეოდა: 1 მინა უდრიდა 60 შეკელს. ამასთან 60 ძალიან საინტერესო რიცხვია და გამყოფების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ის უნაშთოდ იყოფა 2 , 3,  4, 5, 6–ზე და შესაბამისად ხურდის მიცემა ერთობ მოსახერხებელი იყო.

ძვ. ბაბილონელებმა რიცხვი 60 თვლის ერთეულად აირჩიეს და შესაბამისად სამოცობით არამხოლოდ აღებ–მიმცემობის დროს აზროვნებდნენ შუამდინარელები. მათ ერთი მინა წრეს შეუსაბამეს და მისი ნაწილები 60 ნაწილად გაყვეს. ასევე პატარა ნაწილები კიდევ სამოცად და ა.შ. შესაბამისად შემთხვევითი არ არის, რომ 1 გრადუსის მესამოცედ ნაწილს მინუტი ჰქვია, 1 მინუტის მესამოცედ ნაწილს კი სეკუნდი.

ძვ. ბერძნების, არაბებისა და დას. ევროპული მათემატიკური სკოლების წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ სამოცობითი სისტემა ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ამავდროულად მოუხერხებელიც. მისი მოხერხებულობა ზემოხსენებული გამყოფების სიმრავლითაა განპირობებული, მოუხერხებლობა კი – პოზიციური ჩანაწერის სირთულით. სამოცობით სისტემაში 60 სიმბოლოა საჭირო რათა პოზიციური ჩანაწერი ვაწარმოოთ.

რადიკალურად მოაზროვნე პირები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ორი განსხვავებული სისტემა ზედმეტია და ერთ–ერთი მათგანი უნდა დარჩესო, თუმცა ჩემს მეზობელ ლამარასთან ახლა ვინმე რომ მივიდეს და უთხრას, რომ ამიერიდან საათში 60 წუთი აღარ არის და 10 ნაწილად იქნება დაყოფილი, ნამდვილად იფიქრებს, რომ ეხუმრებიან და განაგრძობს ღვეზელების ცხობას, ამიტომ სისადმინების პრაქტიკული რჩევა კვლავაც ძალაში რჩება: თუ მუშაობს, ხელი არ ახლო!

ირეჩეკის ხაზი

with 7 comments

ჩეხმა ისტორიკოსმა, კონსტანტინე ირეჩეკმა 1911 წელს დაწერილ წიგნში “სერბთა ისტორია” ერთ საინტერესო მომენტს გაუსვა ხაზი. მან შეამჩნია, რომ არქეოლოგიურ ძეგლებზე არსებული წარწერები ჩრდილოეთისაკენ უპირატესად ლათინური ანბანით იყო შესრულებული, სამხრეთის მიმართულებით კი ლათინურს ბერძნული ენაცვლებოდა. მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტის ანალიზის შემდეგ მან ჰიპოტეთური ხაზი გაავლო, რომელიც ლათინურ და ძვ. ბერძნული ენების გავლენის გამყოფ საზღვარს წარმოადგენდა ჩვ. წ. IV საუკუნემდე. ეს ხაზი თანამედროვეობაში აღარ არის ხაზი და უკვე ვინ იცის როგორი ზიგზაგის ფორმა აქვს, თუმცა აქ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი იმის ხაზგასმაა, რომ მიუხედავად ენებისა და ადამიანების ქაოტური გავრცელებისა მეტადონეზე წესრიგი მაინც არსებობს და დაკვირვებით მიღებული შედეგი ჩვენს გაოცებასაც ახერხებს.

Written by linguistuss

January 22, 2010 at 4:58 am

ძველი ახალი წელი

with 17 comments

ძალიან მიკვირს, როდესაც მასობრივ ობსკურანტულ დამოკიდებულებას ვაწყდები. შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ არ გინდოდეს რომ გაიგო, ეს უკვე ფანატიზმია. როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულება საკრალური ცნებების მიმართ არსებობს, რომელთა შორისაც არც ძველი ახალი წელია გამონაკლისი. კაცმა რომ თქვას, რა სიგიჟეა ახალი წლის ორჯერ აღნიშნვა. თუმცა, რა გინდა, პირდაპირაა მისადაგებული ქართულ მოქეიფე ნატურასთან – ერთით მეტი აღსანიშნი თარიღია, ერთით მეტი დასვენების მიზეზი და რა მნიშვნელობა აქვს ძველი ახალი წელია, თუ მელიორატორის დღე. თან სახელშიც ფუტურამასეული ოქსიმორონია დაფიქსირებული – “ძველი ახალი წელი” – Old New York–ის მსგავსი.

ერთხელ შევეცადე ერთი ჩემი ნაცნობისათვის ამეხსნა, თუ რატომ გვაქვს ახალი ახალი და ძველი ახალი წლები, რომელმაც დინჯად მომისმინა, 14 იანვარს ახალი წლის მილოცვა დაასრულა და შემდეგ იოანე ოქროპირის შრომების წაკითხვა მირჩია. კარგი, მივაშურე იოანე ოქროპირს, თუმცა ორჯერ ორი რომ ოთხია ეს არც იმ წმინდა მამას ეშლება და რა ვქნა?! ერთი სიტყვით, ამ ძველ ახალ წელს, უფრო სწორად ძველით ახალ წელს, ანუ ძველი სტილით ახალ წელს მსურს ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ახალი წლის ორჯერ აღნიშნვა ანაქრონიზმია და არანაირ ლოგიკურ თუ ისტორიულ ჩარჩოებში არ ეწერება, თუმცა სიტყვა გამიგრძელდა და პირდაპირ საქმეზე გადავალ…

ამ ყველაფერში დამნაშავე ალოიზიუს ლილიუსია (იტალიურ წაკითხვაში ლუიჯი ლილიო), რომელმაც შეადგინა გრეგორიანული კალენდარი და რომელსაც რომის პაპმა, გრიგოლ XIII–ემ ბეჭედი დაასვა. ამ ბეჭდის, უფრო სწორად კი ბულის საფუძველზე კი, რომელსაც Inter gravissimas ერქვა, 1582 წლის 24 თებერვალს შეწყვიტა არსებობა იულიანურმა კალენდარმა და დასავლეთ ქრისტიანულ ეკლესიაში გრიგორიანული კალენდარის საპილოტო ვერსია გაეშვა. თარიღი 24 თებერვალი შემთხვევით არ იყო შერჩეული, რომელსაც დავუბრუნდები, მანამდე კი გრიგორიანული და იულიანური კალენდრების დეტალებს ჩავუღრმავდეთ. თუმცა თავდაპირველად ისიც ავღნიშნოთ, რომ დედამიწა მზის გარშემო ერთი წრის შემოვლას 365.24219 დღეს ანდომებს და ამ რიცხვის წილადი ნაწილიდან იღებს სათავეს ყველა ჩვენი პრობლემა, მათ შორის ძველი ახალი წელი…

იულიანური კალენდარი მარტივად იყო მოწყობილი: წელიწადში 365 დღე იყო და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერთ დღეს ამატებდნენ, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევდა იმას, რომ  იულიანური კალენდარი ყოველწლიურად 0.0081 დღით ასწრებდა ათვლის სათავედ შერჩეულ ასტრონომიულ ერთეულს, დედამიწის ერთ სრულ წრებრუნვას მზის გარშემო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: 0.25–ჯერ ოთხი გვაძლევს ერთ დღეს, თუმცა ჩვენ 0.24219 გვაქვს შესაბამისად ნაკიანი წლის დამატებით ყოველწლიურად 0.25 – 0.24219 = 0.0081 დღით, ანუ დაახლ. 11, 5 წუთით ვასწრებთ სასურველ შედეგს. ეს მოცემული 11,5 წუთი კი 1582 წელიწადში 13 დღეს იძლევა განსხვავებას. შესაბამისად 1582 წელს კალენდარი 13 დღით უკან დაწიეს და განაგრძეს ტკბილი და უდრტვინველი ცხოვრება, თუმცა…

აღმოსავლეთ საქრისტიანომ, ანუ მართლმადიდებლებმა დასავლელ ქრისტიანებს, იგივე კათოლიკეებს საუკუნოვანი ქიშპი გაუხსენა და ალოიზიუს ლილიუსის შრომის სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა. შესაბამისად 1054 წელს ორად გახლეჩილი ქრისტიანობა არამხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც გაყოფილი აღმოჩნდა. ამის შედეგად გვაქვს ორი სტილი: ახალი სტილი, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით და ძველი სტილი, იულიანური კალენდრის მიხედვით. შესაბამისად გვაქვს ორი მარიამობა, ორი გიორგობა, ორი შობა, ორი ახალი წელი და, როგორც ერთმა ფორუმელმა იუზერმა შენიშნა, ორი თირკმელი ამ დღესასწაულებზე ალკოჰოლის მიღებული ორმაგი დოზის დასაბალანსებლად.

ახლა 24 თებერვალს მივუბრუნდეთ და დასასრულს ნაკიანი წლების ეტიმოლოგიაც გამოვიკვლიოთ. ფრანგული, იტალიური და ესპანური ენების მცოდნეთათვის გასაკვირი არ არის, რომ ნაკიან წელიწადს ამ ენებში Année bissextile–ის მსგავსი რამ ჰქვია, ანუ ეს ლათინური bissextilis, ანუ “ორი ექვსიანი” ყველგანაა დაფიქსირებული. ერთი შეხედვით გაუგებარია თუ რა შუაშია ეს ორი ექვსიანი, თუმცა ამის ახსნა იულიანურ კალენდარში და ძველ რომაულ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძევს…

ძველ რომში ახალი წელიწადი პირველ მარტს იწყებოდა. ყოველი თვის პირველ რიცხვებს კი, კალენდებს უწოდებდნენ. იულიანური კალენდრის მიხედვით, ზემოხსენებულ ნაკიან წელიწადს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერთ დღეს უმატებდნენ და ჩვენგან განსხვავებით ამას 24 თებერვალს აკეთებდნენ. კაცია და გუნება, რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში… ჰოდა ამ ნაკიან წლებში ძვ. რომში 24 თებერვალი და 24 თებერვალი bis იყო. ამ 24 თებერვალ ბისს კი ასე მოიხსენიებდნენ: ante diem bis sextum Kalendas Martias (მეექვსე დღე ბის–ი პირველ მარტამდე), შემდგომში ამსიგრძე ტექსტი bissextum–მდე შემცირდა…

ასევე საინტერესოა, თუ რატომ ეწოდება ნაკიან წელიწადს “ნაკიანი”, ანუ ნაკლული ჩვენს ენაში. ამაზე პასუხს სულხან–საბას სიტყვის კონა იძლევა, სადაც წერია:

ერთსა წელიწადსა ჰქონან დღენი 365 და ჟამნი 6, ხოლო ოთხისა წლისა რა ოთხჯერ ექვსნი ჟამნი შეჰკრიბო, 24 ჟამი იქნება, რომელ არს ერთი დღე და ღამე. ამისთვის მეოთხესა წელიწადსა 366 დღე მოვალს, რომელსა ნაკად უწოდებენ. მას წელსა ფებერვალისთვე ოცდაცხრით იქნების, ხოლო ამა 6 ჟამთა მრთელსა ჟამობასა 16 წუთი აკლია, ამისთვის ნაკად უწოდებენ, რამეთუ ნაკი ნაკლებსა ჰქვიან.

სულხან–საბამ 16 წუთი საიდან გამოთვალა არ ვიცი, თუმცა ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, გასაგები ხდება თუ რატომ ჰქვია ნაკიან წელიწადს ნაკლული წელიწადი. მე კი დასასრულს ერთ რამეზე ვფიქრდები და შორს ვიხედები. არც გრიგორიანული კალენდარია სრულყოფილი და ყოველ 400 წელიწადში სამი ნაკიანი წლის არდამატება სიზუსტეს კი უმატებს კალენდარს, თუმცა ხურდები მაინც რჩება წუთების სახით და აგერ უკვე 22–ე საუკუნეში კიდევ მოგვიხდება ჩვენი კალენდრის ერთი დღით უკან დაწევა, მე–40 საუკუნეში კი წანაცვლება 28 დღეს შეადგენს, ანუ ოც საუკუნეში ჯამში 15 დღე ჩავარდება…

აქედან მებადება შეკითხვა, რას ვიზამთ 22–ე საუკუნეში, როდესაც დასავლეთ სამყარო კიდევ ერთ დღეს ჩააგდებს და შობის 8 იანვარს, ძველი ახალი წლის 15 იანვარს და ა.შ. აღნიშნვა მოგვიწევს. მგონი ახალი ახალი და ახალი ძველი სტილების შემოღება მოგვიწევს, თუმცა მანამდე კიდევ ერთი საუკუნეა და, რა თქმა უნდა, ასი წლის იქით გახედვა ქართველებს არ გვახასიათებს, ჰოდა დაასხით ძველით ახალ წელს გილოცავთ ყველას!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers