Posts Tagged ‘არაბული’
ჩვენი უბნის თოჯინა

ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა (სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…
“არუს” არაბულად პატარძალია.
“არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა.
ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!
* * *
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?!
ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის?
გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).
პოსტის ავტორი: მამაჩემი
აი, თურმე “არახჩინი” რა ყოფილა
ნიკო ჩუბინაშვილი ქართულ–რუსულ ლექსიკონში წერს:
არახჩინი – იარაღჩინი, თალფაქი, скуфейка, колпак
არა, ბატონო ნიკო! თურქული ელფერის სიტყვა “იარაღჩინი” აქ არაფერ შუაში, ეს თავად არაბულ–სპარსული კომპოზიტი “არაყ–ჩინ”–ი ყოფილა!
ძალიან საინტერესო სიტყვაა: არაბულ “არაყ”–ს, რაც ნიშნავს “ოფლს” დამატებული აქვს სპარსული ზმნის “ჩიდან”–ის (კრეფა, შეკრება) აწმყო დროის ფორმა “ჩინ”.
გაიხსენეთ სახელი “გულ–ჩინ”–ა, რაც “ყვავილების მკრეფელს” ნიშნავს.
ასე რომ “არაყ–ჩინ” არის ქუდი, რომელიც ოფლს კრებს (ისრუტავს)….
ვახუსტი კოტეტიშვილის ლექსი “რუბია” გამახსენდა:
(ეძღვნება 15 წლის სამარყანდელ გოგონას რუბიას, მკერდმოვერცხლილსა და ორმოცნაწნავიანს, რომელმაც მთხოვა:
თბილისში წამიყვანე, იქ, შენს ჩაიხანაში, ფიალებს დაგირეცხავო).ჯერ პატარა გოგონაა რუბია,
წარბი წარბზე სურმით გადაუბია,
თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,
ბაგეები მარჯნად გადაუპია.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
საიდან გაჩნდა იმერეთში “აჯამი”?
“აჯამ” (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს “არაარაბს” ანუ მას, ვინც არაბი არ არის და არაბულად არ ლაპარაკობს…. ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ….
ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა და ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი… ვინც “ერთხელ რომ შეჯდა ვირზე” იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს….
* * *
ქვემო იმერეთში არის “აჯამეთის ნაკრძალი”, სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული “აჯამ” და ქვემოიმერული “აჯამ” ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – “საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის” – შემდგენლები ნამდვილი “აჯამები” არიან:
* * *
ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ მიზეზს)… ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა მდინარეს.
აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
მართველა (გვ. 66) – მდინარე საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხემა შენაკადი
* * *
რომ გადაატრიალოთ ყველა რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი – ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა…. საინტერესოა, რა მონაცემების საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადიც თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!
* * *
თუ ეს ყველაფერი მე მეშლება და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე “ჯამურა” თავისი შენაკადით, დამიძახეთ “აჯამი” და მაიძულეთ “ჩემი ვირით” მოვიარო მთელი ზემო და ქვემო იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე “ჯამურა”.
* * *
ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის ეს არარსებული მდინარე ყვირილას.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
ბეჭდების მბრძანებელი სპარსულად
სიტყვა “მურტალი” საკმაოდ არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს და, რომ არა ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”, ეს სიტყვა შეიძლება მხოლოდ ძველი თბილისის უბნებში შემორჩენილიყო და კახეთშიც, ოდნავ სხვა ფორმით – “მურდალო!” – ასე ამბობენ კახელები და საინტერესო ის არის, რომ ამ “ვარიაციით” ნამდვილად ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოს იდგნენ ოდესღაც ირანთან და სპარსულ ენასთან, რადაგან ხსენებულმა სალანძღავად ქცეულმა ლექსიკურმა ერთეულმა კახეთიდან თბილისამდე მგზავრობისას “დონ”–ი შეიცვალა “ტარ”–თი.
სანამ კონკრეტულად ამ “მურდალ–მურტალს” გავშიფრავთ, ერთი ჩვენთვის საინტერესო და ლოგიკური დაკვირვების შესახებ უნდა გითხრათ…. ქართულ ენაში თურმე იმაზე ბევრად მეტი არაბული სიტყვაა შემოსული და დარჩენილი, ვიდრე მეგონა…. და ეს უპირატესად თბილისური დიალექტიდან შეფრენილა სალიტერატურო ენაში. აქამდე იყო ცნობილი, რომ ჩვენი სალიტერატურო ენა ქართლ–კახურ დიალექტზეა დაფუძნებული, მაგრამ, ჩემი აზრით ასე უნდა ითქვას – ქართლ–კახურ–თბილისურზე…. დიახ, არაბთა თითქმის 300–400 წლიანმა ბატონობამ კონკრეტულად თბილისში (თბილისის საამიროზე მოგახსენებთ) განაპირობა ის, რომ, ჩვენს დედაქალაქში ხალხი უფრო არაბული ლექსიკით იყო “განებივრებული”, კახეთი და ქართლი კი, მოგეხსენებათ, სპარსულ–თურქულ ზეგავლენას განიცდიდა ყოველთვის. თბილისურ ლექსიკაში ბევრი “არაბიზმი” ვიპოვეთ(თუნდაც წმინდა არაბული სიტყვა:”მაგიდა”, რომლის შესახებ ადრე წერდნენ, რომ უცნობია მისი წარმომავლობა), ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი “მურტალოს” მივუბრუნდეთ.
ირანის იმპერიაში გადასახადის ამკრეფს “მოჰრ–დარ”–ი ერქვა, ანუ ეს იყო კაცი, ვისაც შაჰის ბეჭედი (მოჰრ) ჰქონდა, ახლანდელი გაგებით ეს რაღაც “ნოტარიუსს” წააგავს; მაშ, “მოჰრ” ბეჭედია, “დარ” კი მქონეს ნიშნავს; გაიხსენეთ: მიზან–დარ, ბინა–დარ, ამაგ–დარ…. მოჰრ–დარ – ბეჭდის მქონე. ჰოდა ეს უკანასკნელი საქართველოს სოფლებში რომ ჩამოივლიდა და გადასახადების აკრეფას რომ იწყებდა, ბუნებრივია, მისი მოსვლა არავის სიამოვნებდა და ასე იქცა თანამდებობრივი სტატუსის გამომხატველი სიტყვა სალანძღავად, უბრალოდ “ჰოე” ამოვარდა და კახელები ერთმანეთის გაკიცხვა ლანძღვას რომ იწყებდნენ, აუცილებლად გამოურევდნენ ხოლმე “საამო ლექსიკაში” სიტყვა მურდალს (მურდარ–საც) ამბობენ…. თბილისამდე ჩამოსვლისად კი, როგორც გითხარით, სიტყვის “შიგთავსი” უფრო მჟღერი გახდა და ასე აღმოჩნდა ვერის უბანში სილამაზით განთქმული ინგას დამღუპველ–დამაქცევარი მურტალო ჩვენი ცნობიერების არეალში.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
მოგზაური სიტყვები: ეგვიპტე

გადავწყვიტე ამინ მაალუფის ბლოგიდან “მოგზაური სიტყვების” რუბრიკა ვთარგმნო. ამჯერად გთავაზობთ ადაპტირებულ ტექსტს, “გაჯაზებას” ეგვიპტის თემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მათი ქვეყანა სხვა სახელითაა ცნობილი, რომელიც ბერძნული Αίγυπτος–იდან მომდინარეობს, თავად ეგვიპტელები საკუთარ სამშობლოს სხვა სახელით, مصر (მისრ)–ად მოიხსენიებენ, რომელიც ზოგ არაბულ ქვეყანაში მასრ–ადაც კი წარმოითქმის. მისრიდან ნაწარმოები ზედსართავი, “მასრი” კი მთელს არაბულ სამყაროში გავრცელდა როგორც ეგვიპტელთა პატრონიმი. მისრის ვარიაციებს ვხვდებით სპარსულში, ურდუში, ჰინდიზე, თურქულში, აზერბაიჯანულში, მალაურში და ივრითზეც კი ეგვიპტეს რაღაც მსგავსი “მიცრაიმ” ჰქვია. ეს უკანასკნელი კი ბიბლიის “დაბადებაშია” მოხსენიებული. აქ საქმე გვაქვს ამ რეგიონის უსათუოდ უძველეს სახელწოდებასთან, რომელიც თარგმანში “ორ სრუტეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ეს ორი სრუტე ზედა და ქვედა ეგვიპტეს უკავშირდება. არაბულში სიტყვა مصر (მისრ) გამოიყენება როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საერთო სახელი. თავად ეგვიპტელთა მეტყველებაში “მისრ” არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მათ დედაქალაქსაც აღნიშნავს. ხშირად გაიგონებთ ეგვიპტეში ფრაზას من مصر للاسكندريه (მისრიდან ალექსანდრიამდე), სადაც მისრ–ში სხვა არაფერი იგულისხმება თუ არა კაირო, რომლის არაბული სახელწოდება القاهر (ალ–კაჰირა) მხოლოდ წერილობით და ფორმალურ კონტექსტში გამოიყენება.
ფარაონების დროის ეგვიპტეში მას “ქემეთს” (შავ მიწას) უწოდებდნენ, რაც მის ნაყოფიერებაზე მიუთითებდა, რასაც კოპტურში კვლავაც შევხვდებით kimi–ს ფორმით. ძვ. ბერძნულ ტექსტებში კი მას Kemia–ად მოიხსენიებდნენ. საინტერესოა ისიც, რომ თავად ამ სიტყვამ ჯერ “ქიმია” შვა და შემდეგ “ალქიმიის” ფორმით უკან დაბრუნდა ეგვიპტეში. ფარაონთა ენაზე “ქემეთს”, ანუ შავ მიწას უპირისპირდებოდა “დეშრეთი”, ანუ წითელი მიწა, რომელშიც უდაბნო იგულისხმებოდა. უკვე მოგახსენეთ რომ Αίγυπτος (აიგიპტოს) ასე უწოდეს მისრს, ძვ. ქართულად მისრეთს და შემდეგ ეს სიტყვა, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. Αίγυπτος კი ქალაქ მემფისში ღმერთი პტას საპატივსაცემოდ აგებული ტაძრის, Hi-ku-Ptah–ას სახელს უკავშირდება. ამ სიტყვით შესაძლოა თავად ქალაქი მემფისი მოიხსენიებოდა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი მეტროპოლია იყო ძვ. ეგვიპტეში. Hi-ku-Ptah–იდან მრავალი სიტყვა იღებს სათავეს, მათ შორის ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანების, კოპტების სახელწოდება. ინგლისურში ბოშების აღმნიშვნელი სიტყვა (gypsy) და ა.შ. ლიბანში مصري (მისრი), ანუ მისრული, რომელიც მუდამ მრავლობით ფორმაში გამოიყენება შინაურულ მეტყველებაში ფულს აღნიშნავს, სიმდიდრის კონოტაციით. ეს სახელწოდება მე–19 საუკუნეში ეგვიპტის მიერ ლიბანის ოკუპაციას უკავშირდება, როდესაც ამინ მაალუფის სამშობლოში არამხოლოდ ეგვიპტური ჯარი, არამედ ეგვიპტური ფულიც დომინირებდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ეგვიპტეში “ხელის ჭუჭყს” სიტყვა فلوس (ფულუს)–ით გამოხატავენ, საიდანაც შემდგომში ქართული “ფული”, სომხური “ფოღ” და ფრანგულ არგოში სიტყვა “ფლუზ”–ი მივიღეთ.
პატრიოტული სიმღერა ბანჯგვლიან ბოზებზე
გუშინ ეკა კვესიტაძის “აქცენტებს” ვუყურე. შეკრებილი ბატონები ცდილობდნენ ერთმანეთი დაეწმუნებინათ, რომელი სჯობს, ჩვენს შვილებს ინგლისური ვასწავლოთ, რუსული, თუ საერთოდ სუაჰილი, ან არაბული. ამ პრობლემატიკაში ვიყავი ჩაძირული, რომ ერთი სიმღერა ამეკვიატა. თქვენც გექნებათ მოსმენილი. ბავშვები რომ დგანან ერთ მწკრივად და მხოლოდ “бляди, бляди, бляди” რომ ისმის და მეტი არაფერი. ჰოდა, ძალიან მოსაწყენი საუბარი რაიმე სახალისოთი რომ დამებალანსებინა ამ სიმღერის პირველწყაროს ძებნა დავიწყე. ასეთ სეანსებს გუგლთან ჭიდილს ვეძახი. თან თუ საძიებო მასალა არატრივიალურია, პროცესი ერთ სიამოვნებად იქცევა ხოლმე.
გამახსენდა, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ეჭვი მაქვს არაბულად მღერიანო, თუმცა რაღაც ჩემთვის უცნობ დიალექტზეო, მაგრამ ფაქტია, რომ მისამღერი არის بلادي بلادي يا بلادي (ბილადი, ბილადი, ია ბილადი), რაც არაბულიდან ითარგმნება, როგორც “ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ”. ამ თეორიის შემოწმება დავიწყე და როგორც მინიმუმ ათი სიმღერა ვიპოვე, რომელიც ასე იწყება, მათ შორის ერთ–ერთი ეგვიპტის ამჟამინდელი ჰიმნია. ბოლოს, როცა მივხვდი რომ ევროპულ ენებზე ძებნა უშედეგო იყო. ბრმად დავიწყე არაბულენოვან ინტერნეტში ხელის ცეცება.
ძებნა–ძიება წარმატებით დასრულდა და ისრაელის სუპერ–მეგა–პუპერ შოუ “არავიზია” ვიპოვე, რომელიც სინამდვილეში პოლიტკორექტულობისათვისაა შექმნილი და თელ–ავივის, ჰაიფას, ბეერშევას და კიდევ სხვა ქალაქების არაბულენოვანი მოსახლეობის წასახალისებლად გადის ეთერში. შოუში მონაწილეები ერთმანეთს არაბულად (ისრაელის ორიდან ერთ–ერთ სახელმწიფო ენაზე) ეჯიბრებიან, გადაცემას კი სუბტიტრები ახლავს თან ივრითზე. ერთი სიტყვით ვერც ერთი ინგლისურენოვანი საიტი ვერ ვიპოვე ამ შოუსი.
გუგლ–თრანსლეითისა და ჩემი მწირი არაბულის არცთუ სახარბიელო ცოდნის საშუალებით შემდეგი რამ გავარკვიე: პატრიოტული სიმღერის (بلادي – ბილადი) ტექსტი დიდ პალესტინელ პოეტს იბრაჰიმ ტუკანს დაუწერია, სადაც არაბული პოეზიისათვის დამახასიათებელი მეტაფორულობით ხოტბაა შესხმული პოეტის მშობლიური თვალწარმტაცი სანახებისადმი. ეს სიმღერა ჩვენებური “ჩემო კარგო ქვეყანის” არაბული ვარიანტია, რომელიც ზემოხსენებულ არავიზიაზე წარუდგენია მუსიკალურ კოლექტივს, “ფერასს”.
ვინ იფიქრებდა, რომ ეს ქმნილება ინტერნეტს დაიპყრობდა. მსგავსი კლიპები არასოდეს ხდება ხოლმე მილიონიანი პუბლიკის განსჯის საგანი. აი, ხომ წარმოუდგენელია ზუკაკო ამყოლაძის “დნნ–დშნ” მსოფლიო მეგა–ჰიტად რომ ქცეულიყო და youtube-ში რამდენიმემილიონიანი რეიტინგი რომ ჰქონოდა?! თუმცა, ჩვენი ჩრდილოელი “ძმები” უსაქმოდ არ დარჩნენ და ამ “бляди, бляди”–ის შესაბამისი ტექსტიც დაადეს. სწორად აქედან დაიწყო მსვლელობა რუსულენოვან ინტერნეტში კლიპმა “ბანჯგვლიანი ბოზების” (Мохнатые бляди) შესახებ.
თქვენ იკითხავთ კვესიტაძის “აქცენტები” რა შუაშიაო! – გიპასუხებთ. მანამ სანამ რიგით ქართველს ამ სიმღერის მოსმენისას “Мохнатые бляди” ჩაესმის, ამაოა ლაპარაკი ინგლისური ენის დომინანტობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არაბულს ვეჭიდავები წელიწადზე მეტია და ვიცი, რომ بلد (ბალად) ქვეყანაა და بلاد (ბილად) მისი მრავლობითი და ბოლოკიდურა ي (ი) კი პირველი პირის კუთვნილებითი ნაწილაკი, მაინც ეს “ბანჯგვლიანი ბოზები” ჩამესმის და ჩემდაუნებურად მეცინება. ჯერ–ჯერობით ვერ ვიპოვე ქართველი, რომელსაც ამ სიმღერის მოსმენისას სახეზე ღიმილი არ ეფინება, როცა ვიპოვი დავიჯერებ რომ ინგლისურმა ჩვენს თავებში რუსული დაამარცხა, მანამდე არა!
ალბათ

მამაჩემის wall-ზე არსებულ განხილვას ვაკოპირებ:
შეცდომაა – ალბად
სწორია – ალბათ
შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ალბ–ად არის ვითარებითი ბრუნვის ფორმა…. და თუ ასეა, უნდა გვქონდეს:
- სახ. ალბა
- მოთხ. ალბა–მ
- მიც. ალბა–ს
- ნათ. ალბ–ის
- მოქ. ალბ–ით
- ვით. ალბ–ად
- წოდ. ალბ–ავ
გინახავთ სადმე ასეთი სიტყვები? მიხვდით რაშიცაა საქმე?!
“ალბათ” არაბული წარმოშობის სიტყვაა და თუ ჩვენთან ვარაუდს გამოხატავს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – თავის “სამშობლოში” უთუობა–უეჭველობის აზრით გახლავთ შემოსილი.
ამის შემდეგ არაბულში ბევრი ვეძებე თუ ცოტა Andras Rajki–ის არაბული სიტყვების ეტიმოლოგიური ლექსიკონი ვიპოვე, სადაც წერია:
al-bata : certainly, surely, of course [al + bata] Aze elbette, Kyr alvette, Per albate, Taj albatta, Tur elbette borrowed from Ar
ბოლოს ლექსიკონშიც ვიპოვე და ამით “ალბათ”–ის ეტიმოლოგიის კვლევა დასრულებულად გამოვაცხადე :)

@rrobase – უნივერსალური სიმბოლო

2002 წელს ფრანგულის შესწავლა რომ დავიწყე, რამდენიმე თვეში Radio France Internationale, ანუ RFI აღმოვაჩინე და დიდი ენთუზიაზმით ჩავუჯექი. თავიდან ჯერ ნაცნობ სიტყვებს ვიჭერდი, მერე ფრაზებს, ბოლოს კი, მოსმენილი სიუჟეტებიდან ნელ–ნელა შინაარსის გამოტანა დავიწყე. ეს პროცესი რამდენიმე გრძელ წელიწადს გაგრძელდა. თავიდან მიზანი ფრანგული ენისთვის ყურის მიჩვევა იყო, ბოლოს კი ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდა, ჩვევაში რომელიც დღემდე მომყვება…
რადიო სეანსების დროს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემს თავში დიდი კითხვის ნიშანი იყო დაბუდებული ფრანგული სიტყვის “აღობაზ”–ის (arrobase) სახით. ამ სიტყვას ყველა, სტუმარი იქნებოდა თუ წამყვანი, რადიოს პირდაპირ ეთერში წაღმა უკუღმა ატრიალებდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რას აღნიშნავდა ის. ბოლოს ინტუიციით მივხვდი, რომ საუბარი ელექტრონული ფოსტის მისამართში არსებულ სიმბოლოზე იყო, რომელსაც ფრანგები ამ ენიგმატური სიტყვით მოიხსენიებდნენ. პრინციპში ფრანგების თავისებურება უცხო არ იყო ჩემთვის, სადაც ელექტრონულ ფოსტას courriel დაარქვეს, კომპიუტერს – ordinateur, სოფტვერს – logiciel და ჰარდვერს – materiel, არაფრით გამკვირვებია ი–მეილის ნიშანს ასე რომ ეძახდნენ.
ამასწინათ რეი ტომლინსონზე, ელექტრონული ფოსტის შემქმნელზე ვეძებდი ინფორმაციას და მის პერსონალურ გვერდზე მოვხვდი. რეი დიდი გზნებითა და ენთუზიაზმით იხსენებს ყოველივე დეტალს, თუ რატომ და სად შეიქმნა ელექტრონული ფოსტა და როდის გაგზავნა პირველი ელექტრონული წერილი. იგი იმასაც ყვება, თუ როგორ დადგა დღის წესრიგში შორეულ 1972 წელს ე.წ. გამყოფი სიმბოლოს საჭიროება, რომელსაც ი–მეილის მფლობელის მისამართი უნდა განეცალკევებინა ე.წ. ჰოსტის, ანუ “მასპინძელი” სერვერის მისამართისგან. სწორად მაშინ შეურჩევია მას სიმბოლო – @, რომლის გარეშეც დღევანდელი ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები არ მოიაზრება. რეი ტომლინსონი ასევე იმასაც ამბობს, რომ ეს ძველი წონის ერთეულის აღმნიშვნელი სიმბოლოაო და ამით, როგორც ჩანს თვლის, რომ ამ სიმბოლოს შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა მისი პირადი ვებ–გვერდის სტუმრებს, თუმცა ვაი, რომ მას ძალიან პროგრამისტულ ფერებში, მშრალად და უინტერესოდ გამოუვიდა ამ ინფორმაციის შეფუთვა.
მოდით, თავიდან დავიწყოთ, უფრო სწორად იმ ეპოქაში გადავინაცვლოთ, როცა არაბული სამყარო ბნელი ევროპისგან განსხვავებით ზუსტ მეცნიერებებს ძალიან წყალობდა. ზუსტი მეცნიერებების ამდაგვარი დაფასება კი ვაჭრობის განვითარების შედეგი იყო. არაბები ცდილობდნენ მაქსიმალურად ზუსტები ყოფილიყვნენ, ამიტომაც ისეთ ბოდვა საზომ ერთეულებს, როგორებიც მტკაველი, ნაბიჯი, ახტომა, სულის შეგუბება და მსგავებია, არ მიმართავდნენ, ვინაიდან მტკაველი ყველა ადამიანს ერთი ზომის არ აქვს და სულის შეგუბებაც ყველას ერთი და იმავე დროის განმავლობაში არ შეუძლია. ერთი სიტყვით, არაბები მაქსიმალურ სიზუსტეს იცავდნენ მეთქი, ავღნიშნე და, ამიტომაც, ერთეულებიც შესაბამისად ევროპელებთან შედარებით ზუსტი და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანური ფაქტორისგან დამოუკიდებელი ჰქონდათ.
ერთ–ერთ ასეთ ზუსტ ერთეულს, მარცვლეულის საწყაო ერთეულს, არაბები “არ–რუბყ”–ს უწოდებდნენ, რაც მათი გათვლებით 8,25 ლიტრს უდრიდა. თავის მხრივ “არ–რუბყ”–ი წარმოებული ერთეული გახლდათ და ოთხი “ალ–ყადაჰ”–ის ტოლი იყო. ეს ოთხი კი თავად “არ–რუბყ”–ის ფუძეში ფიგურირებს და სიტყვასიტყვით “მეოთხედს” აღნიშნავს, განსხვავებით სპარსული პოეზიის სალექსო ფორმისაგან, “რობაი”–საგან, რომელიც არაბულად ითარგმნება, როგორც “ოთხეული”.
პირენეის, იგივე იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, მთელი არაბული სამყარო ესპანურ სარკეში აისახა, ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ საწყაო, ტევადობის, მანძილისა თუ მოცულობის საზომი ერთეულებიც ესპანეთში არაბებს შეეტანათ! კულტურების მიჯნაზე წარმოშობილი ერთ–ერთი ასეთი ერთეული “არობა” გახდა, რომელიც არაბული “რუბყ”–ისგან განსხვავებით, უკვე წონის ერთეული იყო და ესპანეთში 25 გირვანქას უდრიდა. “არობა” არაბული “არ–რუბყ”–იდან იყო მიღებული და მას შემოკლებით ჩვენი ნაცნობი ი–მეილის სიმბოლოს სახით წერდნენ.
გაზეთ გარდიანში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც 2001 წლის 31 მაისით თარიღდება, ლა საპიენცას უნივერსიტეტის იტალიელი პროფესორი ჯორჯო სტაბილე ამტკიცებს, რომ მან ი–მეილის ნიშნის ყველაზე ძველი წერილობით დოკუმენტი იპოვა. მის მიერ აღმოჩენილ 1536 წლის 4 მაისს დაწერილ წერილში, რომელიც სევილიიდან რომში ფრანჩესკო ლაპის მიერაა გაგზავნილი, ვკითხულობთ:
აქ არის, ერთი ამფორა @ ღვინო, რომელსაც ბარელის ერთი ოცდამეათედი უკავია და 70 ან 80 დუკატი ღირს.
ინტერნეტში მრავლად მოიძიება მე–18 საუკუნეში ესპანეთში შექმნილი წერილების ფოტოასლები, სადაც @ წონის ერთეულს აღნიშნავს, თუმცა არობას პარპაში თავადვე ესპანელებს აღუკვეთავთ 1849 წლის 19 ივლისს გამოცემულ კანონით, რომელიც ესპანეთის მაცხოვრებლებს, კომერციულ გარიგებებში მეტრული სისტემის ერთეულების გამოყენებას ავალდებულებდა. არობასგან დასვენება ერთი საუკუნე გაგრძელდა, უფრო ზუსტად 123 წელი, როცა რეი ტომლინსონმა ელექტრონული ფორსტა შექმნა, არობამ ახალი სამოსელი მოირგო და ელექტრონული ფოსტის მისამართებში განაგრძო არსებობა. უფრო მეტიც, ISO/IEC 10646–ად წოდებულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელშიც უნივერსალური კოდირების, ე.წ. “უნიკოდის” ყოველი სიმბოლოა გაწერილი, ამ სიმბოლოს ოფიციალური სახელწოდება ჟღერს როგორც “aroba sign”, ანუ “არობას ნიშანი”. სწორად აქედან აღმოჩნდა ფრანგულში “აღობაზ” – სიტყვა, რომელიც მაჯადოებდა ამდენი წლის განმავლობაში.
პ. ს. დღესდღეობით საქართველოში პროგრესული თაობა კვლავაც ვერ შეთანხმდა ი–მეილის ნიშანს “ძაღლუკა” უწოდოს, “ჭიაყელა” თუ უფრო გულისამრევი სახელი – “საბაჩკა”. ფაქტია, რომ ეს საკითხი უნიფიკაციას საჭიროებს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ახალი სიტყვების კანონიკური ფორმების დამტკიცება იმ ორგანოების მიერ, რომლებსაც ეს ევალებათ…
ჯანჯაფილის მურაბა

ბავშვობიდან მიყვარს ჩაი. ახლაც ამ სიტყვების წერისას ერთადერთი თანამგზავრი მყავს ამ შუაღამისას ჩაის ჭიქის სახით. არა, ვერ გამოიცანით ისეთ ვრცელ თემას, როგორიც ჩაია, ნამდვილად არ შევეხები, არც იმის გარჩევას დავიწყებ, თუ როგორ მოიგლიჯა ბოდჰიდჰარმამ ქუთუთოები, სიფხიზლე რომ შეენარჩუნებინა, შემდეგ ქუთუთოების დავარდნის ადგილას ბუჩქი რომ ამოვიდა და დღემდე რომ გვინარჩუნებს სიფხიზლეს ამ ბუჩქის ფოთლებისაგან დამზადებული ნაყენი. არც იმაზე შევჩერდები, თუ რატომაა ჩაის სახელწოდება ნახევარ ენებში “ტ”–თი ნაწარმოები და მეორე ნახევარში კი – “ჩ”–თი. ამ საკრალურ თემას ერთი პოსტი არ ეყოფა. ვისაც უფრო ვრცლად გაინტერესებთ ეს საკითხი, შეგიძლიათ კაკუძო ოკაკურას “ჩაის წიგნი” წაიკითხოთ, მე კი დღევანდელ ჩემს პოსტში ჩაის სუროგატ მცენარეებზე შევჩერდები.
ჩაი მიყვარს ინგლისური, ან ინდური ყოველგვარი მინარევების გარეშე. თუ ვინმეს სურს ნერვები მომიშალოს და მთელი ერთი კვირით გამიფუჭოს ხასიათი მინარევებიანი, როგორც დედაჩემი ამბობს, “გაუპატიურებული ჩაი” უნდა შემომთავაზოს. ზუსტად ამ მინარევებზე მექნება დღეს საუბარი. განსაკუთრებით ვერ ვიტან “ერლ გრეის”, ე.წ. ბერგამოტის ჩაის. ამ მცენარის სუნზე მფოთლავს, ელეთ–მელეთი მემართება. იმდენად დიდია ქალაქ ბერგამოს მოსახელე ციტრუსის სიძულვილი ჩემში, რომ დიდი ხნის მანძილზე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ბერგამოტად წოდებული ორი სხვადასხვა ტიპის მცენარე არსებობს: ერთი ციტრუსი და მეორე – მსხლის ჯიში. ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი დავნაძლევდით კიდეც, მიმტკიცებდა ბერგამოტი მსხლის ჯიშიაო, მე კიდევ, ჩაის ექსპერტი, ვამტკიცებდი ციტრუსია, აი ის, ერლ გრეის გულისამრევი ჩაი რისგანაცაა გაკეთებული მეთქი. საბოლოო ჯამში სახინკლე ვერავინ მოიგო, ვინაიდან ორივე მართლები ვიყავით…
მეორე მინარევი, რომლის ატანა არ მაქვს ჯანჯაფილად წოდებული ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარეა. სწორად ამ ჯანჯაფილის წყალობით გადავეშვი ბოლო სამი დღეა მოგზაურობაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ჯაჭვივითაა გადაბმული ენები და სიტყვები ერთმანეთზე, ერთს მოქაჩავ და ათი მოჰყვება, სიტყვებს ლეგენდად ქცეული ისტორიის სქელი ქერქი აკრავს და ერთი სიტყვით ძალიან გავერთე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სადღაც ამოვიკითხე, არაბები აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ბანტუს ტომებს “ზინჯს” უწოდებენო. მერე გამახსენდა “ზინჯ”–ს არაბები მონის აღსანიშნავად რომ გამოიყენებენ და აქედანაა ნაწარმოები ქართულში “ზანგი”. შემდეგ ისის აღმოვაჩინე, რომ აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთში მდებარე კუნძულ ზანზიბარს, არაბები დღემდე “ზინჯიბარს” უწოდებენ და იქვე გზად შემომხვდა მცენარე “ზინჯაბილ”, რომელიც არაბებს ინდოეთიდან ზღვით აფრიკის აღმოსავლეთში ჩაჰქონდათ, შემდეგ კი თავისთან ეზიდებოდნენ ვირებით…
“ზინჯაბილ” ქართულში, შემდეგ კეთილხმოვნების გამო როგორც ჯანს ჯანჯაფილი გამხდარა, რომლის მეორე სახელწოდებად ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი “კოჭა”–ს ასახელებს, თუმცა აქ ეს არ არის საინტერესო. წიკიპედიაში ამოვიკითხე ginger-ისგან (ჯანჯაფილი ინგლისურად) სამხრეთ ინდოეთში ტკბილეულის, ინჯი–მურაპპას ამზადებენო. ხომ არაფერი გეცნოთ? – მე მეცნო, სიტყვა “მურაპპა” მეხამუშა ძალიან. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მურაბაც არ იყო ქართული. საბოლოო ჯამში ეს სიტყვაც ვიპოცე არაბულ და თურქულ ლექსიკონებში, არაბულში “მურაბბათ” – მურაბაა, შემდეგ თურქულში “მურაბბა” – მარმელადს დარქმევია. ვერ ვიტყვი ჯანჯაფილის მურაბაზე პირზე ნერწყვი მომადგა მეთქი, თუმცა როგორც ფაქტმა დამაინტერესა…
შაყირი და არშიყი
შარშან უნივერსიადის ფინალში ერთი ასეთი შეკითხვა დავსვი: ძველ თბილისში, როდესაც უპატრონო ყარაჩოღელი გარდაიცვლებოდა ხოლმე, შეიკრიბებოდა იქსი, ჰყიდდა გარდაცვლილის კუთვნილ იგრეკს და ამით ისტუმრებდა დასაფლავების ხარჯებს. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ. პასუხი: ამქარი და ქამარი. ყველა ყარაჩოღელს თავისი საკუბოე ქამარ–ხანჯალი ჰქონდა, რომელსაც არ იშორებდა სიკვდილამდე. წარმოგიდგენიათ, ალბათ, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მოლაპლაპე ქამარ–ხანჯალი. ჰოდა, როცა ყარაჩოღელს დამმარხავი არავინ ჰყავდა, ამქარი შეიკრიბებოდა, ამ უბედურის ავლა–დიდებას გაჰყიდდნენ, რასაც ქამარი და ხანჯალი შეადგენდა და ამით იხდიდნენ ხოლმე ქელეხს, ყიდულობდნენ კუბოს, სვამდნენ შესანდობარს, აკნავლებდნენ არღანს და იყო ერთი ფუსფუსი…
დღეს მსგავსი შეკითხვის დაწერა მოვინდომე, ოღონდ ამჯერად შაყირზე და არშიყზე, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა სიტყვა შაყირი ვერც სულხან–საბასთან რომ ვერ ვიპოვე და ვერც განმარტებით ლექსიკონში. შემდეგ მძიმე არტილერია მოვიშველიე: ვერც თურქულ ლექსიკონში დავლანდე მსგავსი სიტყვა და ვერც სპარსულში. არადა ჟღერადობით რატომღაც თურქული მეგონა. ერთი სიტყვით ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ბოლოს არაბულ ლექსიკონში ვიპოვე “შ,ყ,რ” ძირი და ძალიან გავერთე. განსაკუთრებულად მართობს ანალოგიების გატარება, რომლებიც შეიძლება მართალი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ რაღაცეები ემთხვევა, ესეც ნიშანდობლივია. არადა ყოველთვის მაშინებს ხოლმე ძალიან მცირე ალბათობის მქონე ხდომილობები, თუმცა ეს შიში სხვადასხვა ენებში შემთხვევით დამთხვევებზე არ ვრცელდება. მაგალითისთვის აი ასეთ დამთხვევებზე მაქვს საუბარი იაპონურად ელექტროენერგია “დენ” რომ არის, როცა იაპონიას და საქართველოს არანაირი კულტურული თანაკვეთა არ ჰქონიათ, მაგრამ არსებობს სიტყვები (მე ერთი ვიპოვე ჯერ–ჯერობით), რომლებიც ემთხვევა…
არაბულში “შ,ყ,რ” ძირში ყველა ის სიტყვაა გაერთიანებული, რომლებიც ღია ფერის თმებიან ადამიანებს უკავშირდებათ, ანუ ქერა თმიანებს და წითურებს. ამავე ძირისგანაა ნაწარმოები სიტყვა “გართობა”. საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებსაც წითურთმებიანი ადამიანი გამრთობის როლში ჰყავთ წარმოდგენილი, სწორად ამას უკავშირდება სიტყვა “რიჟიკა”, რომელიც рыжий клоун–იდანაა მიღებული. ამ სიტყვამ ბავშვობა გამახსენა, ცირკში რომ დავყავდი მშობლებს, ბუფეტში ძეხვის ბუტერბროდებს, რომ ვჭამდი და მერე “რიჟიკების” გამოსვლას რომ ველოდებოდი მოუთმენლად, თუმცა ისევ შაყირს დავუბრუნდეთ!
ჩემს ლინგვისტურ გამოძიებაში რომ ვიყავი ჩართული თავზე მამაჩემი დამადგა და მკითხა რას აკეთებო. მეც ვუთხარი სიტყვა შაყირის ეტიმოლოგიას ვეძებ მეთქი. სპარსულში არ მოძებნო ეგეთი სიტყვა არ არისო ეგრევე განმიცხადა. მეც ვუთხარი აქამდე სად იყავი რუბინჩიკის ლექსიკონს რომ ვაქოთქოთებდითქო. ჰოდა, ამ მამაშვილურ სიამტკბილობაში ვიყავით ჩაძირულები, მამაჩემს რომ გაეხსნა და სადაც კი რამე вокруг да около ჟღერადობის სიტყვა იცოდა ყველაფერი გადმოალაგა… ამ ლოგორეის შედეგი კი სასარგებლო აღმოჩნდა. შაირი სპარსულიდან მოდისო დაასრულა თავისი მოხსენება მშობელმა მამამ და გაუჩინარდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არაბული “შ,ყ’,რ” (ყ’ – ღებინების ბგერა) – გრძნობას, აღქმას შეცნობას გამოხატავს. აქედანაა ნაწარმოები “შააყ’ირ”, რომელიც პოეტს ნიშნავს (სიტყვასიტყვით “აღმქმელი, მგრძნობელი”). “შიყ’რ” – პოეზიას. ეს სიტყვა შემდეგ სპარსულში შესულა და ამავე ჟღერადობის სიტყვები უწარმოებია პოეზიასთან დაკავშირებული.
ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ გასაგები ხდება, რომ გართობა და ისეთი სერიოზული დარგი, როგორიც პოეზიაა ერთად ვერ მოძოვდნენ. შესაბამისად რატომღაც მგონია, რომ სიტყვა “შაყირი” არაბული “წითურთმიანიდან” უნდა იყოს ნაწარმოები. გამოდის რომ სიტყვა “შაყირი” და ისეთი მარგალიტი გამოთქმა ქართულში, როგორიცაა “რიჟა ბაზარი” მსგავსი სტრუქტურალური შიგთავსის მატარებლები არიან, ანუ ყველაფერი არასერიოზული წითურთმიანებთანაა დაკავშირებული… და რას ერჩიან ამ წითურებს ნეტა ვიცოდე, რატომ არიან ასეთი არასერიოზულები?!
ბოლოს ქართულ ფორუმებს ვესტუმრე, ადგილებს სადაც მადლიანი და ძარღვიანი ქართული ფრაზებით იწონებენ თავს სნობებიც, გოიმებიც, გიაურებიც, გრინგოებიც და აჯამებიც… იქ დახვავებული ფრაზებიდან აღმოვაჩინე, რომ ქალს რომელსაც ეარშიყები ამავდროულად შეუძლებელია რომ ეშაყირო და პირიქით. ამასთან არშიყი მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანთან შეიძლება და შაყირი კი უსქესო სიტყვაა. ძალიან საინტერესოა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თუ ეარშიყებიან ერთმანეთს, ანუ მათი ურთიერთვნებები თუ შეიძლება აღვწეროთ სიტყვა “არშიყობით”?! ასევე ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ქართულ გასართობ ვებ–სივრცეში რუსულენოვან სიტყვა “პრიკოლს” არაბული წარმომავლობის “შაყირი” უწევს კონკურენციას. ყველგან, სადაც “ანეკდოტები და პრიკოლები” წერია თემების სახით, ალტერნატიულ საიტებზე “ანეკდოტებს და შაყირებს” შეხვდებით…
ერთი სიტყვით საერთოდ არ მსურდა არც შაყირი და არც არშიყი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად ვიარშიყე კიდეც და ვიშაყირე კიდეც… ვინ თქვა ერთდროულად შაყირი და არშიყი არ შეიძლებაო?! აგერ ბატონო, შეგიძლიათ ზემოთქმული კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ და თავად დარწმუნდეთ…
არაბულად გარჭობილი
ამ რამდენიმე წლის წინ ჩემმა აწ უკვე არაფრისტმა და მაშინ ჯერ კიდევ არაბისტმა მეგობარმა, გიორგი ლაშხმა მომიყვა ისტორია არაბთა შუბით ნადირობის რიტუალის შესახებ. უფრო სწორად ამ ისტორიას ლინგვისტური ელფერი დაჰკრავდა და სწორად მაშინ გავიგე ლეგენდის სახით თუ რა არის “ტაყანა” არაბულად. ლაშხი ამტკიცებდა რომ არაბულ ენაზე “ტაყანა” შუბით ნადირობას ნიშნავსო. ეს ფაქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკიდა ჩემს თავში კითვის ნიშნის სახით, ვინაიდან გადამოწმების უუნარობის გამო ვერც ვასაბუთებდი და ვერც ვუარყოფდი მას.
ამ რამდენიმე დღის წინ, აკი დავწერე კიდეც, დიდი არაბულ–რუსული ლექსიკონი ვიყიდე და შიგნით დავიკარგე. თან კითხვაში ვვარჯიშობდი და თან ჩემთვის ნაცნობ სიტყვებს ვეძებდი. მაგალითისთვის აღმოვაჩინე, რომ “შ–რ–ბ” სამეული სმასთანაა დაკავშირებული და შესაბამისად აქედან მომდინარეობს სიტყვა “შარაფი” თურქულის გავლით (თურქულში შარაფ “ღვინოა”) და შარბათი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ტკბილი სასმელია. “ჯ–რ–მ” სამეული დანაშაულის ჩადენასთანაა დაკავშირებული, აქედან წარმოდგება ჩვენი სიტყვა “ჯარიმა”. “ხ–ბ–ზ” პურის გამოცხობასთანაა დაკავშირებული და შედეგად ქართულში პურის მცხობელი “ხაბაზი” დამკვიდრდა… მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ამ ფურცვლა–ფურცვლაში გუშინ შემომათენდა თავზე და დასაძინებლად გავეშურე. ლოგინში არ ვიყავი ჩაწოლილი, რომ ჩემი მეგობრის მიერ მოყოლილი ისტორია გამახსენდა შუბით ნადირობაზე და კვლავ ამეშალა საღერღელი. ახლა ყველანაირი საშუალება მქონდა, რომ გადამემოწმებინა ოდესღაც მოსმენილი ლეგენდა. გადავშალე “ტ” ასოზე და დავიწყე “ტ–ყ–ნ” სამეულის ძებნა. მოგეხსენებათ არაბულში ორგვარი “ყ” აქვთ. ერთი ჩვენებური “ყ” და მეორე ის, გულისრევისას გამოცემულ ბგერას რომ წააგავს. ჰოდა,”ტ–ყ–ნ” სამეული აღმოვაჩინე შუაში გულისამრევი “ყ” ბგერით და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. შევეცდები ამონარიდი შემოგთავაზოთ ლექსიკონიდან:

თურმე კი არა “ტ–ყ–ნ” სამეული გარჭობა, შერჭობას აღნიშნავს არაბულ ენაზე. აი, მაგალითისთვის “ტააყინ” იქნება შემრჭობი. “იატყუნუ” – ურჭობს. “ტაყანა” – შეურჭო. “ტაყანთუ” – შევურჭე, “ტაყანნაა” – შევურჭეთ და ა.შ.
ამ ყველაფერზე ერთი იტალიური კერძი გამახსენდა La piccata milanese, რომელიც სიტყვასიტყვით “მილანურად გარჭობილს” ნიშნავს. რამდენჯერაც შევეცადე იტალიურიდან მისი თარგმნა ჩემი მეგობრებისათვის, იმდენჯერ დამცინეს, რა სისულელეებს როშავო, “მილანურად გარჭობილი” კერძს როგორ ერქმევაო. ზუსტად ასევე დავცინეთ ოდესღაც გიორგი ლაშხს, შუბით ნადირობის ისტორია რომ მოგვიყვა. არადა ქართული სიტყვები “გაურჭო” და “შესცა” (პარდონ!) არაბულად ითარგმნება, როგორც “ტაყანა”, ანუ ლაშხი მართალი იყო!
გიშერი და ლეილა
ქართლ–კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა, როგორც მოგეხსენებათ თავი ლიტერატურული საქმიანობითაც დაგვამახსოვრა. შოთა რუსთაველთან გაბაასებაც სცადა, ვარდის და ბულბულის სიყვარულის ისტორიაც მოგვითხრო და ნიზამი განჯელის “ლეილმაჯნუნიანის” თარგმნაც კი სცადა. ნიზამის პოემის მისეულ თარგმანში, სადაც აღწერილია ლეილის გაუხარელი სიკვდილის ამბავი ვკითხულობთ:
რა ბრალია წასახდენლად თმა–გიშერი, შავნი ხშირად!
ამბარ–ზილფი დაფანჩული, მიგრეხილი მოგრეხილად.
იგ უებრო დახატული, ცხვირი სოთი ბროლის სტვირად,
ფერად პირი ზამბახისა, შავი ხალი ზე დაყრილად.
ნიზამი განჯელის პოეზია დატვირთულია სიმბოლოებით, მისი პოემების მთავარი პერსონაჟი ქალები კი სხვადასხვა პოეტური მეტაფორის მატარებლები არიან. პოემაში “ლეილი და მაჯნუნი” მთავარი პერსონაჟების სახელებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. “ლეილა” ღამეს ნიშნავს არაბულად, “მაჯნუნი” კი – გიჟს, შმაგს სპარსულად, ანუ პოემაში მოთხრობილია სიყვარულისგან გაგიჟებული მაჯნუნის ამბავი, რომელსაც გონება და თვალები შავგრემანმა ლეილამ დაუბინდა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ლეილას “შავგვრემანობის” ხაზგასასმელად პოეტები სხვადასხვა მეტაფორას იყენებენ, მათ შორის ერთ–ერთი “გიშერია”, რომელიც თავის მხრივ სომხურად არის “ღამე”. თემა რომ განვავრცოთ, აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ არაბულად ათას ერთი ღამის ზღაპრებს “ალფ ლაილა ვა ლაილა” ჰქვია, სომხურად ღამე მშვიდობისა კი – “ბარი გიშერ” გახლავთ და ვინ იცის, ამ შუაღამისას, როცა ამ ყველაფერს მოვუყარე თავი, რამდენ გიშრისთმიან ლეილას სძინავს უდარდელად…
დროშა, ალამი, ბაირაღი
დღეს ძალიან დატვირთული დღე იყო ინფორმატიულადაც და ემოციურადაც. დილას რომ გავიღვიძე BBC-ის დოკუმენტური ფილმის მესამე ნაწილს ვუყურე. ფილმს “მეცნიერება და ისლამი” ერქვა, სადაც მთელი სიგრძე–სიგანით იყო განხილული თუ როგორ მომზადდა პლატფორმა არაბეთის უზარმაზარ იმპერიაში, რომელმაც შედეგად გალილეი, კეპლერი, კოპერნიკი, ნიუტონი და სხვა მრავალი ევროპელი მეცნიერი შვა. საინტერესო კი ის იყო, რომ ამ სამ–სერიან დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი მეცნიერებიდან მე სულ ორი ვიცოდი: ავიცენა და ალ–ბირუნი.
ნამდვილად არ მეგონა ალამუთის ციხეში, სადაც ასასინები ბუდობდნენ, ვინმე ალ–ტუსი პტოლემეუსის ალმაგესტის კომენტარებს თუ წერდა და აკეთებდა საქმეს, რომელმაც შემდგომში ნიუტონს და კეპლერს მსოფლიო მიზიდულობისა და პლანეტების მოძრაობის კანონები აღმოაჩენინა. აღმოვაჩინე კიდევ ალჰაზენი, იგივე ალ–ჰაიზემი, თანამედროვე ოპტიკის მამამთავარი და პიროვნება, რომელმაც მეცნიერულ მეთოდს დაუდო სათავე იმ ფორმით, რომლითაც ის ჩვენთვის ცნობილია. კიდევ მრავალი “ალ”–ზე დაწყებული მეცნიერი იყო წარმოდგენილი ფილმში, რომელთა ჩამოთვლას აქ არ მოვყვები…
ფილმის ყურების შემდეგ ტრადიციულად წიკიპედიას ვესტუმრე და ალჰაზენზე და ალ–ტუსიზე დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ამასობაში როგორ შემომეკითხა სტატიები ბასმალაზე, თაქბირზე და შაჰადაზე ვერ მივხვდი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე მანამდე ვიტყვი, რომ ჩამოთვლილი სიტყვები არაბულ ენაში გაქვავებულ ფრაზებს აღნიშნავს, რომლებიც ალაჰთანაა დაკავშირებული და რომლებსაც სხვადასხვა ისლამური სახელმწიფოების დროშებზე შეხვდებით, თუმცა საინტერესო აქ იყო სიტყვა, რომელიც ამ სტატიებში შემომხვდა, კერძოდ “ალამ”, რომელიც არაბულად დროშას ნიშნავს. შემდეგ ისიც გამახსენდა რომ დროშის და ალამის კიდევ ერთი სინონიმი, ბაირაღი თურქული bayrak-ია. ამასთან თურმე კი არა დროშაც არ ყოფილა ჩვენი. სპარსული “დერაფშ” შესულა სომხურში, სადაც ის “დროშაკ”–ად ქცეულა და შემდგომ ქართულში ასე დამკვიდრებულა “დროშის” სახით, ჰოდა შეკითხვა დამებადა, ნუთუ ამ ტრიადის, დროშა–ალამი–ბაირაღის გარდა სხვა სინონიმი არ მოგვეპოვება ქართულში, ჩვენი საკუთარი წარმოების?! – მე ვერ ვიპოვე კი არადა გავიხსენე და თუ ვინმეს რამე გაგახსენდათ მითხარით, დამავალებთ.
ამ სამდროშობანას ლინგვისტურ თამაშს რომ მოვრჩი წავედი ჩაწერებზე, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მთლად შედეგით კმაყოფილი ვერ დავრჩი, თუმცა სიტყვა “ჯანდაბის” წარმოშობის ერთი ვერსია მოვისმინე, გავიგე რას ნიშნავს სიტყვა “ძობანი” და გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ იოანე ბატონიშვილს თავის “კალმასობაში” ბრაზილია, ჩილე და პერუ რომ ჰყავს ნახსენები. ერთი სიტყვით უყურეთ და ნახეთ, ძლივს თამაში წამივიდა, როგორც იქნა :)
მუღამის მუღამი
სიტყვა “მუღამი” უკვე დიდი ხანია იბრძვის ქართულ სალიტერატურო ენაში დასამკვიდრებლად. თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამ და ხალხურმა ფოლკლორმა უკვე დიდი ხანია მას ფართოდ გაუღო კარი. თუმცა ე.წ. აკადემიურ საზოგადოებაში ეს სიტყვა კვლავაც გარიყული და შეჩვენებულია. ვერავინ იტყვის, თუ როდის და რა ფორმით გაჩნდა ის ქართულში, თუმცა ფაქტია რომ დღესდღეობით “მუღამი” ადგება ენის წვერზე ყველას, ვისაც კი არსის და დედააზრის გამოთქმა სურს. ისევე, როგორც მრავალი ჟარგონსა და სალიტერატურო ენის ზღვარზე მყოფი სიტყვა, “მუღამის” წარმოშობაც ფართო მასისათვის ბურუსითაა მოცული და ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება მის შესახებ საშუალო სტატისტიკური ქართველისაგან მოისმინო ისაა, რომ მუღამი აღმოსავლური წარმოშობის სიტყვაა.
ზუსტად ამ საშუალო–სტატისტიკური ქართველების სიაში ვიყავი მეც, ვიცოდი რა რომ მუღამი აღმოსავლურია და რომ აზერბაიჯანში ასეთი მუსიკალური ჟანრი არსებობს. დღეს კი ერთმა სატელეფონო ზარმა მაიძულა მუღამის მუღამს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი. რეკავს ჩვენი თანაკლუბელი და მეკითხება მუღამი ხომ არ იცი საიდან მოდისო. ჩემმა საშუალოსტატისტიკურმა განმარტებამ რომ არ დააკმაყოფილა, ვუთხარი მოიცადე ზუსტად ცოტა ხანში გაგიგებ მეთქი: გადავშალე თურქული ლექსიკონი და ვერაფერი ვიპოვე, თუმცა იქვე გვერდით აღმოვაჩინე არაბული წარმოშობის სიტყვა Muhanat, რომელიც ნაძირალას და მშიშარას ნიშნავს თურმე თურქულში (ჩვენი მუხანათი!). მივადექი მამაჩემს და ვეკითხები მუღამი სადაურია სიტყვაა მეთქი. მან მომიგო, რომ საიდანღაც მახსოვს რომ სპარსულად “საიდუმლოს” ნიშნავს და შეიძლება მეშლებაო. გადმოვიღეთ სპარსულის ორტომეული ლექსიკონი და დავიწყეთ ძებნა. ვინაიდან მე ამ სპარსულ–არაბული “კარაკულების” კითხვა ჯერ–ჯერობით არ ვიცი (ჯერ–ჯერობით მეთქი!), მე მხოლოდ გულშემატკივრის ფუნქცია მეკისრა ლექსიკონში “მუღამის” ძებნის პროცესში.
ვერც იქ ვიპოვეთ, თუმცა იქვე მახლობლად, სადაც მუღამს ვეძებდით სპარსული სიტყვა “მოუღალათე” აღმოვაჩინეთ, რომელიც ერთმანეთის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, ამის გამო “ღალათ”–ის ზუსტი მნიშვნელობაც მოვაძებნინე მშობელ მამას, ვინაიდან დამაინტერესა და აღმოჩნდა რომ “ღალათ” სპარსულად (ამასაც არაბული სუნი ასდის) – შეცდომას, დანაშაულს, გაკიცხვისა და დასჯის შესაფერის ქმედებას და შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. ანუ მთელი ეს პროცესი მე რომ მიყვარს ისე წარიმართა, როცა რაღაცას ვეძებ და ამ ქექვა–ქექვაში იმდენ ჩენთვის საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენ გზადაგზა რომ ის, რასაც ვეძებდი მავიწყდება ხოლმე…
ბოლოს და ბოლოს ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ისევ ინტერნეტს მივაშურე და აზერბაიჯანული მუღამის ეტიმოლოგიის ძებნა დავიწყე და როგორც იქნა ვიპოვე, ის რასაც ვეძებდი. კერძოდ: მუღამი აღმოსავლურ სამყაროში აზერბაიჯანული კულტურული მონაპოვარი ყოფილა. მისი შექმნის ისტორია წინაისლამისტურ ხანას უკავშირდება და ზუსტად დღემდე უცნობია, თუ საიდან მომდინარეობს ეს სიტყვა. ერთი ვერსიით მუღამი არაბული “მაკამ”–იდან მოდის. “მაკამ”–ის უმთავრესი მნიშვნელობა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში “ადგილი” ყოფილა. “მაკამ” ასევე ადგილთან აზრობრივად დაახლოებულ ცნებებსაც ეწოდება, როგორებიცაა: პოსტი, თანამდებობა, გაჩერება და ა.შ. ამ ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ “მაკამ” თურქულში მუსიკალურ კილოსაც აღნიშნავს და იმის გათვალისწინებით, რომ თავად “მუღამი” აზერბაიჯანულ მუსიკალურ კულტურაში შვიდი სხვადასხვა ტიპის მუსიკალური კილოა და სხვა არაფერი, უნდა ვივარაუდოთ რომ აზერბაიჯანული “მუღამ” სახეცვლილი არაბული “მაკამ”–ია.
არსებობს უფრო პოეტური დასაბუთებაც. შუა საუკუნეებში “მაკამ”, ანუ “გაჩერება” ასე ეწოდებოდა მისტიკურ–ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც ტრანსში მყოფი მბრუნავი დერვიშები, თუ სუფი პოეტები იმყოფებოდნენ ჭეშმარიტების კიბეებზე მიმავალ გზაზე, რომელიც საბოლოოდ ღმერთთან შერწყმის მისტიური აქტით გვირგვინდებოდა. აზერბაიჯანული მუღამის შესრულების დროსაც ზუსტად აი, ამ ჰიპოტეტურ კიბეებს ადის და ჩადის შემსრულებელი, ნელ–ნელა ინაცვლებს რა უფრო ზედა მუსიკალურ კილოზე, აღწევს მაქსიმალურ დონეს, ისევ დაბლა ეშვება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას. როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში ღმერთის და ჭეშმარიტების მაძიებელ მბრუნავ დერვიშებს ლოცვის ასეთი ხერხისათვის მიუგნიათ და სწორად ამდაგვარი საშუალებით ვარდებოდნენ ტრანსში. ლოცვაზე გამახსენდა და კლასიკური აზერბაიჯანული მუღამი ძალიან წააგავს მინარეთიდან გადმომდგარ მოლას მიერ გამოცემულ ბგერათა ნაკადს, სადაც არ გვაქვს ე.წ. ევროპული დიატონიკური სისტემა და მკვეთრი ინტერვალები, სადაც ბგერები და ტონები ერთიან, მასიურ ნაკადს წარმოადგენენ, როგორც ჩანს სწორად ამაშია მუღამის მუღამი, ვინ იცის…
მეორე ვერსიით მუღამი ძველფინიკიურ ასოს, გიმელს უკავშირდება, რომელიც ძველბერძნულში “გამას” სახელითაა ცნობილი. მუსიკაში გამა ბგერების სიმაღლის მიხედვით განლაგებაა მუსიკალურ კილოში ზრდადი თანმიმდევრობით. ზოგიერთ მკვლევარი “მუღამ”–ის და “გამა”–ს საერთო კონოტატიურ მსგავსებებზე საუბრობს და კვლავ სუფისტურ მოძღვრებამდე მიდის, სადაც ღმერთი სინათლეა და ბგერის არსებობის უმაღლესი ფორმა, შესაბამისად “მუღამი” კი თავად ამ ბგერების კიბეები, რომელიც გასხივოსნებულ ღმერთამდე მიდის…
იუ–თიუბში კლასიკური აზერბაიჯანული მუღამების მოსმენა ვცადე, რამდენიმეს მოვუსმინე და მივხვდი რომ ჩემი დასავლური მუსიკით გაუპატიურებული ყურისათვის ძალიან მძიმე მოსასმენია. იქ, სადაც მკვეთრ ცალკეულ ბგერებს ვარ ჩვეული – განურჩევადი, გაწელილი ბგერების მასიური ნაკადი დამხვდა, ანუ მუღამებსაც დამუღამება სდომებია და ხშირად მოსმენის შემდეგ, ბოლოში, შეიძლება ის ნანატრი მუღამიც დავიჭიროთ, სვანი რომ ეძებდა ზოოპარკში, ვინ იცის…
ოდალისკა და ოთახი
სანამ ლინგვისტურ წიაღსვლებში გადავეშვებოდე, კინაღამ ჩემს წინასწარ განზრახვას ვუღალატე, რაც ამ ბლოგზე ფოტო და ვიდეო მასალის განუთავსებლობას, ანუ არარსებობას ითვალისწინებს და კინაღამ ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის “ოდალისკას” რეპროდუქცია დავდე აქ, თუმცა მოვიკრიბე პრინციპულობა და ვაგრძელებ იმავე რეჟიმში…
Odalisque თურქული სიტყვა odaliq–ის გაფრანგებული ვარიანტია და ჰარამხანის მონა ქალს, მხევალს ნიშნავს. თავად თურქულში კი ეს სიტყვა, “ოდალიქ” თავის მხრივ “ოდა”–ს უკავშირდება (“ლიქ” თურქული სუფიქსია; შესადარებლათ: “ბირ” – ერთი, “ბირლიქ” – ერთობა). თავად “ოდა” კი არაბული სიტყვა “ოთაყ”–ის ერთ–ერთი განშტოებაა, რომლის მეორე შტო ჩვენს ენაში “ოთახად” იქცა. ასე რომ, ანტუან გალანის “ათასი და ერთ ღამისეულ” გვერდებს ქართულად თუ გადმოვთარგმნით, აუცილებლად მივადგებით პასაჟს, სადაც ნათქვამია: “ოთახში ოდალისკა შემოვიდა”… ეს პასაჟი კი დაახლოებით იმავე ფრაზას ითხოვს რეზიუმედ, საჰარის უდაბნოში დახოცილ ხვიჩაზე და გოჩაზე რომ ათქმევინა უიარაღოს.

