Posts Tagged ‘სპარსული’
ჩვენი უბნის თოჯინა

ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა (სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…
“არუს” არაბულად პატარძალია.
“არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა.
ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!
* * *
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?!
ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის?
გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).
პოსტის ავტორი: მამაჩემი
აი, თურმე “არახჩინი” რა ყოფილა
ნიკო ჩუბინაშვილი ქართულ–რუსულ ლექსიკონში წერს:
არახჩინი – იარაღჩინი, თალფაქი, скуфейка, колпак
არა, ბატონო ნიკო! თურქული ელფერის სიტყვა “იარაღჩინი” აქ არაფერ შუაში, ეს თავად არაბულ–სპარსული კომპოზიტი “არაყ–ჩინ”–ი ყოფილა!
ძალიან საინტერესო სიტყვაა: არაბულ “არაყ”–ს, რაც ნიშნავს “ოფლს” დამატებული აქვს სპარსული ზმნის “ჩიდან”–ის (კრეფა, შეკრება) აწმყო დროის ფორმა “ჩინ”.
გაიხსენეთ სახელი “გულ–ჩინ”–ა, რაც “ყვავილების მკრეფელს” ნიშნავს.
ასე რომ “არაყ–ჩინ” არის ქუდი, რომელიც ოფლს კრებს (ისრუტავს)….
ვახუსტი კოტეტიშვილის ლექსი “რუბია” გამახსენდა:
(ეძღვნება 15 წლის სამარყანდელ გოგონას რუბიას, მკერდმოვერცხლილსა და ორმოცნაწნავიანს, რომელმაც მთხოვა:
თბილისში წამიყვანე, იქ, შენს ჩაიხანაში, ფიალებს დაგირეცხავო).ჯერ პატარა გოგონაა რუბია,
წარბი წარბზე სურმით გადაუბია,
თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,
ბაგეები მარჯნად გადაუპია.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
საიდან გაჩნდა იმერეთში “აჯამი”?
“აჯამ” (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს “არაარაბს” ანუ მას, ვინც არაბი არ არის და არაბულად არ ლაპარაკობს…. ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ….
ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა და ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი… ვინც “ერთხელ რომ შეჯდა ვირზე” იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს….
* * *
ქვემო იმერეთში არის “აჯამეთის ნაკრძალი”, სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული “აჯამ” და ქვემოიმერული “აჯამ” ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – “საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის” – შემდგენლები ნამდვილი “აჯამები” არიან:
* * *
ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ მიზეზს)… ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა მდინარეს.
აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
მართველა (გვ. 66) – მდინარე საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხემა შენაკადი
* * *
რომ გადაატრიალოთ ყველა რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი – ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა…. საინტერესოა, რა მონაცემების საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადიც თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!
* * *
თუ ეს ყველაფერი მე მეშლება და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე “ჯამურა” თავისი შენაკადით, დამიძახეთ “აჯამი” და მაიძულეთ “ჩემი ვირით” მოვიარო მთელი ზემო და ქვემო იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე “ჯამურა”.
* * *
ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის ეს არარსებული მდინარე ყვირილას.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
ბეჭდების მბრძანებელი სპარსულად
სიტყვა “მურტალი” საკმაოდ არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს და, რომ არა ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”, ეს სიტყვა შეიძლება მხოლოდ ძველი თბილისის უბნებში შემორჩენილიყო და კახეთშიც, ოდნავ სხვა ფორმით – “მურდალო!” – ასე ამბობენ კახელები და საინტერესო ის არის, რომ ამ “ვარიაციით” ნამდვილად ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოს იდგნენ ოდესღაც ირანთან და სპარსულ ენასთან, რადაგან ხსენებულმა სალანძღავად ქცეულმა ლექსიკურმა ერთეულმა კახეთიდან თბილისამდე მგზავრობისას “დონ”–ი შეიცვალა “ტარ”–თი.
სანამ კონკრეტულად ამ “მურდალ–მურტალს” გავშიფრავთ, ერთი ჩვენთვის საინტერესო და ლოგიკური დაკვირვების შესახებ უნდა გითხრათ…. ქართულ ენაში თურმე იმაზე ბევრად მეტი არაბული სიტყვაა შემოსული და დარჩენილი, ვიდრე მეგონა…. და ეს უპირატესად თბილისური დიალექტიდან შეფრენილა სალიტერატურო ენაში. აქამდე იყო ცნობილი, რომ ჩვენი სალიტერატურო ენა ქართლ–კახურ დიალექტზეა დაფუძნებული, მაგრამ, ჩემი აზრით ასე უნდა ითქვას – ქართლ–კახურ–თბილისურზე…. დიახ, არაბთა თითქმის 300–400 წლიანმა ბატონობამ კონკრეტულად თბილისში (თბილისის საამიროზე მოგახსენებთ) განაპირობა ის, რომ, ჩვენს დედაქალაქში ხალხი უფრო არაბული ლექსიკით იყო “განებივრებული”, კახეთი და ქართლი კი, მოგეხსენებათ, სპარსულ–თურქულ ზეგავლენას განიცდიდა ყოველთვის. თბილისურ ლექსიკაში ბევრი “არაბიზმი” ვიპოვეთ(თუნდაც წმინდა არაბული სიტყვა:”მაგიდა”, რომლის შესახებ ადრე წერდნენ, რომ უცნობია მისი წარმომავლობა), ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი “მურტალოს” მივუბრუნდეთ.
ირანის იმპერიაში გადასახადის ამკრეფს “მოჰრ–დარ”–ი ერქვა, ანუ ეს იყო კაცი, ვისაც შაჰის ბეჭედი (მოჰრ) ჰქონდა, ახლანდელი გაგებით ეს რაღაც “ნოტარიუსს” წააგავს; მაშ, “მოჰრ” ბეჭედია, “დარ” კი მქონეს ნიშნავს; გაიხსენეთ: მიზან–დარ, ბინა–დარ, ამაგ–დარ…. მოჰრ–დარ – ბეჭდის მქონე. ჰოდა ეს უკანასკნელი საქართველოს სოფლებში რომ ჩამოივლიდა და გადასახადების აკრეფას რომ იწყებდა, ბუნებრივია, მისი მოსვლა არავის სიამოვნებდა და ასე იქცა თანამდებობრივი სტატუსის გამომხატველი სიტყვა სალანძღავად, უბრალოდ “ჰოე” ამოვარდა და კახელები ერთმანეთის გაკიცხვა ლანძღვას რომ იწყებდნენ, აუცილებლად გამოურევდნენ ხოლმე “საამო ლექსიკაში” სიტყვა მურდალს (მურდარ–საც) ამბობენ…. თბილისამდე ჩამოსვლისად კი, როგორც გითხარით, სიტყვის “შიგთავსი” უფრო მჟღერი გახდა და ასე აღმოჩნდა ვერის უბანში სილამაზით განთქმული ინგას დამღუპველ–დამაქცევარი მურტალო ჩვენი ცნობიერების არეალში.
პოსტის ავტორი: მამაჩემი
ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს
მამაჩემმა ბოლო დროს ფეისბუქზე ნოუთების წერას მიჰყო ხელი, ჰოდა სანამ საკუთარი ბლოგი გაუკეთებია, მის რჩეულ ნოუთებს, რომლებიც აქაურობის თემატიკას შეესაბამება, ნელ–ნელა შემოგთავაზებთ.
როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, “ვეფხისტყაოსანი” არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან “მოყვარე, მოყვრობა” გვხვდება…. ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით “მეგობრობა ვეფხისტყაოსანში” გაუმართლებელია (კინაღამ ვთქვია “არაადეკვატურია”–მეთქი), რადგან ამ პოემაში “მეგობრობა” არ არის!
….სამაგიეროდა არის “ამხანაგი, ამხანაგობა” და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:
- სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17)
- ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
- ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.
ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში: – همخانه (ჰამხანე) – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი “თანამოსახლე” (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც “ჰამ”–ის ნარჩენი “ამ” ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან “პოეტური” სიტყვაა სპარსულში “მეზობელი”, მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც “საიე” არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს…. (შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ “გამაზეს” ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!)
ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა “ამხანაგი” ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა “გააბანძეს” და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ (“მოკლეს” ჩასწორდა “შემოაკვდათ”–ი პოლემიკის შემდეგ).
პოსტის ავტორი: მამაჩემი
ალბათ

მამაჩემის wall-ზე არსებულ განხილვას ვაკოპირებ:
შეცდომაა – ალბად
სწორია – ალბათ
შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ალბ–ად არის ვითარებითი ბრუნვის ფორმა…. და თუ ასეა, უნდა გვქონდეს:
- სახ. ალბა
- მოთხ. ალბა–მ
- მიც. ალბა–ს
- ნათ. ალბ–ის
- მოქ. ალბ–ით
- ვით. ალბ–ად
- წოდ. ალბ–ავ
გინახავთ სადმე ასეთი სიტყვები? მიხვდით რაშიცაა საქმე?!
“ალბათ” არაბული წარმოშობის სიტყვაა და თუ ჩვენთან ვარაუდს გამოხატავს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – თავის “სამშობლოში” უთუობა–უეჭველობის აზრით გახლავთ შემოსილი.
ამის შემდეგ არაბულში ბევრი ვეძებე თუ ცოტა Andras Rajki–ის არაბული სიტყვების ეტიმოლოგიური ლექსიკონი ვიპოვე, სადაც წერია:
al-bata : certainly, surely, of course [al + bata] Aze elbette, Kyr alvette, Per albate, Taj albatta, Tur elbette borrowed from Ar
ბოლოს ლექსიკონშიც ვიპოვე და ამით “ალბათ”–ის ეტიმოლოგიის კვლევა დასრულებულად გამოვაცხადე :)

ფანჯარა იგივე ხუთკუნჭულა!

დღევანდელ შესავალს მარტივი შეკითხვით დავიწყებ, თუ იცით თვლა სპარსულად ერთიდან ექვსამდე? რა თქმა უნდა, იცით! – იექ, დუ, სე, ჩაჰარ, ფანჯ, შეშ… და შემდეგ როგორ გრძელდება გაინტერესებთ? – მართალია, მეც არ მაინტერესებს, ამიტომ ყურადღება მოცემულ ექვსეულზე, უფრო სწორად კი ერთ–ერთ მათგანზე ხუთიან “ფანჯ”–ზე შევაჩეროთ. ეს სიტყვა ისეთ დამალულ ადგილებში აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამიკვირდა, რასაც ეხება ჩემი ქვემორე მონათხრობი…
ჩვენს დროებაში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნით რომ ვეღარავის გააკვირვებ, ყველამ იცის რას ნიშნავს სიტყვა Punch (მუშტის დარტყმა), რომელსაც ფესვები ლათინურ ენაში აქვს, სადაც punctum იმავეს აღნიშნავდა, რასაც არაბული ტაყანა (იხილეთ ჩემი ძველი პოსტი). “ფანჩ”–ს ინგლისურ ენაში ასევე ალკოჰოლურ სასმელსაც უწოდებენ. თურმე კი არა მისი სახელწოდება სპარსული “ფანჯ”–იდან მომდინარეობს. მის დასამზადებლად ხუთი განსხვავებული ტიპის ინგრედიენტია საჭირო: ალკოჰოლი, შაქარი, ლიმონი, წყალი და ჩაის ფოთლები, ამიტომაც ამ სასმელს ინდოეთში მოიხსენიებდნენ, როგორც “ფანჯ” (ან “პანჩან” – სანსკრიტზე), შემდეგ ინგლისელებს მოსწონებიათ და თავის ენაზე რომ ჩაუწერიათ Punch გამოსულა. ფრანგებს ეს “ფანჩ” წაუკითხავთ როგორც “პუნშ” და ფრანგულენოვანი ლიტერატურის წყალობით რუსულის გავლით ეს სიტყვა ჩვენთან პუნშის სახით დამკვიდრდა, სადაც პირველწყარო “ფანჯ” მთლიანადაა დაკარგული.
მეორე ისტორია სურათს ეხება, რომელზეც ირანის ქალაქ ქაშანშია გადაღებული. სურათზე ტრადიციული სპარსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ხუთკუთხა ფანჯარას ვხედავთ. ჯერ ვერაფერს მიხვდით? მგონია, რომ კი! ფანჯარა ქართულში სპარსულიდანაა შემოსული. არ ვიცი ჩვენი წინაპრები მანამდე ფანჯარას სარკმელს უწოდებდნენ, თუ რამე სხვა სიტყვა ჰქონდათ. აი, სპარსულში კი “ფანჯარე” “ხუთკუთხას” ნიშნავს, ანუ იმას რასაც ვხედავთ სურათზე. საინტერესო ის არის, რომ სიტყვები: “ფანჯარა”, “ხუთკუნჭულა” და “პენტაგონი” თარგმანში დაახლოებით იდენტურად ჟღერს და აბსოლუტურად განსხვავებულ ცნებებს აღნიშნავს.
შაყირი და არშიყი
შარშან უნივერსიადის ფინალში ერთი ასეთი შეკითხვა დავსვი: ძველ თბილისში, როდესაც უპატრონო ყარაჩოღელი გარდაიცვლებოდა ხოლმე, შეიკრიბებოდა იქსი, ჰყიდდა გარდაცვლილის კუთვნილ იგრეკს და ამით ისტუმრებდა დასაფლავების ხარჯებს. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ. პასუხი: ამქარი და ქამარი. ყველა ყარაჩოღელს თავისი საკუბოე ქამარ–ხანჯალი ჰქონდა, რომელსაც არ იშორებდა სიკვდილამდე. წარმოგიდგენიათ, ალბათ, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მოლაპლაპე ქამარ–ხანჯალი. ჰოდა, როცა ყარაჩოღელს დამმარხავი არავინ ჰყავდა, ამქარი შეიკრიბებოდა, ამ უბედურის ავლა–დიდებას გაჰყიდდნენ, რასაც ქამარი და ხანჯალი შეადგენდა და ამით იხდიდნენ ხოლმე ქელეხს, ყიდულობდნენ კუბოს, სვამდნენ შესანდობარს, აკნავლებდნენ არღანს და იყო ერთი ფუსფუსი…
დღეს მსგავსი შეკითხვის დაწერა მოვინდომე, ოღონდ ამჯერად შაყირზე და არშიყზე, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა სიტყვა შაყირი ვერც სულხან–საბასთან რომ ვერ ვიპოვე და ვერც განმარტებით ლექსიკონში. შემდეგ მძიმე არტილერია მოვიშველიე: ვერც თურქულ ლექსიკონში დავლანდე მსგავსი სიტყვა და ვერც სპარსულში. არადა ჟღერადობით რატომღაც თურქული მეგონა. ერთი სიტყვით ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ბოლოს არაბულ ლექსიკონში ვიპოვე “შ,ყ,რ” ძირი და ძალიან გავერთე. განსაკუთრებულად მართობს ანალოგიების გატარება, რომლებიც შეიძლება მართალი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ რაღაცეები ემთხვევა, ესეც ნიშანდობლივია. არადა ყოველთვის მაშინებს ხოლმე ძალიან მცირე ალბათობის მქონე ხდომილობები, თუმცა ეს შიში სხვადასხვა ენებში შემთხვევით დამთხვევებზე არ ვრცელდება. მაგალითისთვის აი ასეთ დამთხვევებზე მაქვს საუბარი იაპონურად ელექტროენერგია “დენ” რომ არის, როცა იაპონიას და საქართველოს არანაირი კულტურული თანაკვეთა არ ჰქონიათ, მაგრამ არსებობს სიტყვები (მე ერთი ვიპოვე ჯერ–ჯერობით), რომლებიც ემთხვევა…
არაბულში “შ,ყ,რ” ძირში ყველა ის სიტყვაა გაერთიანებული, რომლებიც ღია ფერის თმებიან ადამიანებს უკავშირდებათ, ანუ ქერა თმიანებს და წითურებს. ამავე ძირისგანაა ნაწარმოები სიტყვა “გართობა”. საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებსაც წითურთმებიანი ადამიანი გამრთობის როლში ჰყავთ წარმოდგენილი, სწორად ამას უკავშირდება სიტყვა “რიჟიკა”, რომელიც рыжий клоун–იდანაა მიღებული. ამ სიტყვამ ბავშვობა გამახსენა, ცირკში რომ დავყავდი მშობლებს, ბუფეტში ძეხვის ბუტერბროდებს, რომ ვჭამდი და მერე “რიჟიკების” გამოსვლას რომ ველოდებოდი მოუთმენლად, თუმცა ისევ შაყირს დავუბრუნდეთ!
ჩემს ლინგვისტურ გამოძიებაში რომ ვიყავი ჩართული თავზე მამაჩემი დამადგა და მკითხა რას აკეთებო. მეც ვუთხარი სიტყვა შაყირის ეტიმოლოგიას ვეძებ მეთქი. სპარსულში არ მოძებნო ეგეთი სიტყვა არ არისო ეგრევე განმიცხადა. მეც ვუთხარი აქამდე სად იყავი რუბინჩიკის ლექსიკონს რომ ვაქოთქოთებდითქო. ჰოდა, ამ მამაშვილურ სიამტკბილობაში ვიყავით ჩაძირულები, მამაჩემს რომ გაეხსნა და სადაც კი რამე вокруг да около ჟღერადობის სიტყვა იცოდა ყველაფერი გადმოალაგა… ამ ლოგორეის შედეგი კი სასარგებლო აღმოჩნდა. შაირი სპარსულიდან მოდისო დაასრულა თავისი მოხსენება მშობელმა მამამ და გაუჩინარდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არაბული “შ,ყ’,რ” (ყ’ – ღებინების ბგერა) – გრძნობას, აღქმას შეცნობას გამოხატავს. აქედანაა ნაწარმოები “შააყ’ირ”, რომელიც პოეტს ნიშნავს (სიტყვასიტყვით “აღმქმელი, მგრძნობელი”). “შიყ’რ” – პოეზიას. ეს სიტყვა შემდეგ სპარსულში შესულა და ამავე ჟღერადობის სიტყვები უწარმოებია პოეზიასთან დაკავშირებული.
ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ გასაგები ხდება, რომ გართობა და ისეთი სერიოზული დარგი, როგორიც პოეზიაა ერთად ვერ მოძოვდნენ. შესაბამისად რატომღაც მგონია, რომ სიტყვა “შაყირი” არაბული “წითურთმიანიდან” უნდა იყოს ნაწარმოები. გამოდის რომ სიტყვა “შაყირი” და ისეთი მარგალიტი გამოთქმა ქართულში, როგორიცაა “რიჟა ბაზარი” მსგავსი სტრუქტურალური შიგთავსის მატარებლები არიან, ანუ ყველაფერი არასერიოზული წითურთმიანებთანაა დაკავშირებული… და რას ერჩიან ამ წითურებს ნეტა ვიცოდე, რატომ არიან ასეთი არასერიოზულები?!
ბოლოს ქართულ ფორუმებს ვესტუმრე, ადგილებს სადაც მადლიანი და ძარღვიანი ქართული ფრაზებით იწონებენ თავს სნობებიც, გოიმებიც, გიაურებიც, გრინგოებიც და აჯამებიც… იქ დახვავებული ფრაზებიდან აღმოვაჩინე, რომ ქალს რომელსაც ეარშიყები ამავდროულად შეუძლებელია რომ ეშაყირო და პირიქით. ამასთან არშიყი მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანთან შეიძლება და შაყირი კი უსქესო სიტყვაა. ძალიან საინტერესოა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თუ ეარშიყებიან ერთმანეთს, ანუ მათი ურთიერთვნებები თუ შეიძლება აღვწეროთ სიტყვა “არშიყობით”?! ასევე ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ქართულ გასართობ ვებ–სივრცეში რუსულენოვან სიტყვა “პრიკოლს” არაბული წარმომავლობის “შაყირი” უწევს კონკურენციას. ყველგან, სადაც “ანეკდოტები და პრიკოლები” წერია თემების სახით, ალტერნატიულ საიტებზე “ანეკდოტებს და შაყირებს” შეხვდებით…
ერთი სიტყვით საერთოდ არ მსურდა არც შაყირი და არც არშიყი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად ვიარშიყე კიდეც და ვიშაყირე კიდეც… ვინ თქვა ერთდროულად შაყირი და არშიყი არ შეიძლებაო?! აგერ ბატონო, შეგიძლიათ ზემოთქმული კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ და თავად დარწმუნდეთ…
გიშერი და ლეილა
ქართლ–კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა, როგორც მოგეხსენებათ თავი ლიტერატურული საქმიანობითაც დაგვამახსოვრა. შოთა რუსთაველთან გაბაასებაც სცადა, ვარდის და ბულბულის სიყვარულის ისტორიაც მოგვითხრო და ნიზამი განჯელის “ლეილმაჯნუნიანის” თარგმნაც კი სცადა. ნიზამის პოემის მისეულ თარგმანში, სადაც აღწერილია ლეილის გაუხარელი სიკვდილის ამბავი ვკითხულობთ:
რა ბრალია წასახდენლად თმა–გიშერი, შავნი ხშირად!
ამბარ–ზილფი დაფანჩული, მიგრეხილი მოგრეხილად.
იგ უებრო დახატული, ცხვირი სოთი ბროლის სტვირად,
ფერად პირი ზამბახისა, შავი ხალი ზე დაყრილად.
ნიზამი განჯელის პოეზია დატვირთულია სიმბოლოებით, მისი პოემების მთავარი პერსონაჟი ქალები კი სხვადასხვა პოეტური მეტაფორის მატარებლები არიან. პოემაში “ლეილი და მაჯნუნი” მთავარი პერსონაჟების სახელებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. “ლეილა” ღამეს ნიშნავს არაბულად, “მაჯნუნი” კი – გიჟს, შმაგს სპარსულად, ანუ პოემაში მოთხრობილია სიყვარულისგან გაგიჟებული მაჯნუნის ამბავი, რომელსაც გონება და თვალები შავგრემანმა ლეილამ დაუბინდა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ლეილას “შავგვრემანობის” ხაზგასასმელად პოეტები სხვადასხვა მეტაფორას იყენებენ, მათ შორის ერთ–ერთი “გიშერია”, რომელიც თავის მხრივ სომხურად არის “ღამე”. თემა რომ განვავრცოთ, აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ არაბულად ათას ერთი ღამის ზღაპრებს “ალფ ლაილა ვა ლაილა” ჰქვია, სომხურად ღამე მშვიდობისა კი – “ბარი გიშერ” გახლავთ და ვინ იცის, ამ შუაღამისას, როცა ამ ყველაფერს მოვუყარე თავი, რამდენ გიშრისთმიან ლეილას სძინავს უდარდელად…
ბროლის ბაიყუში
აქეთ – ნუში, იქით – ნუში, შუაში ზის ბაიყუში
საქართველო სპარსეთმა და ოსმალეთმა 1555 წელს, ამასიის ზავის შედეგად, ფორმალურად შუაზე რომ გაიყვეს, ეს ისტორიიდან ცნობილი ფაქტია. ისიც ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში თბილისი ერთ–ერთ იმ მცირერიცხოვან ქალაქთა რიცხვს განეკუთვნებოდა, სადაც სუნიტური მეჩეთიც იყო და შიიტურიც. ახლა კი ორი არსებული მეჩეთიდან, ერთის დანგრევის შემდეგ, თბილისის ერთადერთი მეჩეთი სუნიტებსაც ემსახურება და შიიტებსაც, ანუ იმის თქმა მსურს რომ თურქულ–სპარსული შუაწერტილი, სადღაც ჩვენს ქალაქზე გადიოდა ისტორიულად და შეიძლება ითქვას, რომ დღემდე გადის.
ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ სიტყვა თუთიყუშის ნახევარი სპარსულია და ნახევარი თურქული. “თუთი” – სპარსულად თუთიყუშია, “ყუშ” – თურქულად ჩიტი. საინტერესოა, რომ თავად თურქები თუთიყუშს “პაპაღან”–ს უწოდებენ, ანუ მისდევენ ევროპულ ტრადიციას, რომელიც იტალიური ენიდან მოდის. იტალიურში თუთიყუშს “პაპაგალო” ჰქვია და სიტყვასიტყვით “პაპის მამალს” ნიშნავს. არ ვიცი როგორ და რატომ, თუმცა არ არის გასაკვირი, რომ რომის პაპები თუთიყუშების დიდი საშენის პატრონები ყოფილიყვნენ, თუთიყუშები ხომ შუა საუკუნეების ეკზოტიკური “ხილი” იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ძველ რომში მიაქციეს ყურადღება, სადაც მოლაპარაკე თუთიყუში ერთ კარგ ჯიშიან მონაზე ძვირი ღირდა. ზოგიერთი წყარო თუთიყუშების ევროპაში პირველ ჩამომყვანად ალექსანდრე მაკედონელს ასახელებს, თუმცა ისევ პაპებს და მათ მამლებს დავუბრუნდეთ და ისიც ვთქვათ, რომ იტალიურიდან ეს სიტყვა გერმანულში შევიდა და “პაპაგაი” გახდა, შემდეგ კი, როგორც ჩანს თურქულში და რუსულში…
საინტერესოა ისიც, რომ სიტყვა “თუთიყუშს” არ იცნობს სულხან–საბა. ე.ი. უნდა ვივარაუდოთ რომ ეს სიტყვა ქართულში სულ რაღაც ორასი წლისაა და მეტის – არა. ლექსიკონებში სანამ თუთიყუშს ვეძებდი გამახსენდა მეორე სიტყვა “ყუშ”–ზე დამთავრებული და აღმოვაჩინე, რომ “ბაიყუშ” თურქულად “ბუ” ყოფილა. თურქულში ეს სიტყვა “k”-თი წერია, თუმცა მათ ფონეტიკურ თავისებურებებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გასაკვირი ეს ბგერა “ყ”–ში გარდამავალი რომ არის. ამასთან ფერიდე ხანუმზე სერიალიც გამახსენდა, რომელსაც თურქულად “ჩალიკუშუ” ჰქვია, ანუ “ნარჩიტა”.
ამ ბაიყუშ–თუთიყუშურ წიაღსვლებში ჩაფლულს, დღეს ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა რას აკეთებო და ბროლის ბაიყუშზე პოსტს ვწერ მეთქი ვუთხარი, რაზედაც მან მომიგო, რომ – უი, შენს თავზე წერო?!… :D ჰოდა, ამან კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ “ბროლის ბუ” რაღაც ვერ ჟღერს კარგად, აშკარად “ბროლის ბაიყუში” უფრო კარგი თარგმანია, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ქართულ განმარტებითში ბაიყუშს “დიდი ბუს” მნიშვნელობაც აქვს, სულ თავისუფლად შეიძლებოდა ამ ნივთისთვის “ბროლის ბაიყუშის” დარქმევა და მერე რა, რომ ბროლის ბაიყუშის მაძიებელთა, ანუ მოაზროვნეთა შორის თუკი ერთი ბაიყუში გამოერევა?! თან თუ ფინალში გავედით, არის რაღაც შანსი (ჯერ კიდევ), რომ “ბროლის ბაიყუში” ბაიყუშს ერგოს ამ სეზონზე :)
მუღამის მუღამი
სიტყვა “მუღამი” უკვე დიდი ხანია იბრძვის ქართულ სალიტერატურო ენაში დასამკვიდრებლად. თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამ და ხალხურმა ფოლკლორმა უკვე დიდი ხანია მას ფართოდ გაუღო კარი. თუმცა ე.წ. აკადემიურ საზოგადოებაში ეს სიტყვა კვლავაც გარიყული და შეჩვენებულია. ვერავინ იტყვის, თუ როდის და რა ფორმით გაჩნდა ის ქართულში, თუმცა ფაქტია რომ დღესდღეობით “მუღამი” ადგება ენის წვერზე ყველას, ვისაც კი არსის და დედააზრის გამოთქმა სურს. ისევე, როგორც მრავალი ჟარგონსა და სალიტერატურო ენის ზღვარზე მყოფი სიტყვა, “მუღამის” წარმოშობაც ფართო მასისათვის ბურუსითაა მოცული და ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება მის შესახებ საშუალო სტატისტიკური ქართველისაგან მოისმინო ისაა, რომ მუღამი აღმოსავლური წარმოშობის სიტყვაა.
ზუსტად ამ საშუალო–სტატისტიკური ქართველების სიაში ვიყავი მეც, ვიცოდი რა რომ მუღამი აღმოსავლურია და რომ აზერბაიჯანში ასეთი მუსიკალური ჟანრი არსებობს. დღეს კი ერთმა სატელეფონო ზარმა მაიძულა მუღამის მუღამს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი. რეკავს ჩვენი თანაკლუბელი და მეკითხება მუღამი ხომ არ იცი საიდან მოდისო. ჩემმა საშუალოსტატისტიკურმა განმარტებამ რომ არ დააკმაყოფილა, ვუთხარი მოიცადე ზუსტად ცოტა ხანში გაგიგებ მეთქი: გადავშალე თურქული ლექსიკონი და ვერაფერი ვიპოვე, თუმცა იქვე გვერდით აღმოვაჩინე არაბული წარმოშობის სიტყვა Muhanat, რომელიც ნაძირალას და მშიშარას ნიშნავს თურმე თურქულში (ჩვენი მუხანათი!). მივადექი მამაჩემს და ვეკითხები მუღამი სადაურია სიტყვაა მეთქი. მან მომიგო, რომ საიდანღაც მახსოვს რომ სპარსულად “საიდუმლოს” ნიშნავს და შეიძლება მეშლებაო. გადმოვიღეთ სპარსულის ორტომეული ლექსიკონი და დავიწყეთ ძებნა. ვინაიდან მე ამ სპარსულ–არაბული “კარაკულების” კითხვა ჯერ–ჯერობით არ ვიცი (ჯერ–ჯერობით მეთქი!), მე მხოლოდ გულშემატკივრის ფუნქცია მეკისრა ლექსიკონში “მუღამის” ძებნის პროცესში.
ვერც იქ ვიპოვეთ, თუმცა იქვე მახლობლად, სადაც მუღამს ვეძებდით სპარსული სიტყვა “მოუღალათე” აღმოვაჩინეთ, რომელიც ერთმანეთის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, ამის გამო “ღალათ”–ის ზუსტი მნიშვნელობაც მოვაძებნინე მშობელ მამას, ვინაიდან დამაინტერესა და აღმოჩნდა რომ “ღალათ” სპარსულად (ამასაც არაბული სუნი ასდის) – შეცდომას, დანაშაულს, გაკიცხვისა და დასჯის შესაფერის ქმედებას და შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. ანუ მთელი ეს პროცესი მე რომ მიყვარს ისე წარიმართა, როცა რაღაცას ვეძებ და ამ ქექვა–ქექვაში იმდენ ჩენთვის საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენ გზადაგზა რომ ის, რასაც ვეძებდი მავიწყდება ხოლმე…
ბოლოს და ბოლოს ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ისევ ინტერნეტს მივაშურე და აზერბაიჯანული მუღამის ეტიმოლოგიის ძებნა დავიწყე და როგორც იქნა ვიპოვე, ის რასაც ვეძებდი. კერძოდ: მუღამი აღმოსავლურ სამყაროში აზერბაიჯანული კულტურული მონაპოვარი ყოფილა. მისი შექმნის ისტორია წინაისლამისტურ ხანას უკავშირდება და ზუსტად დღემდე უცნობია, თუ საიდან მომდინარეობს ეს სიტყვა. ერთი ვერსიით მუღამი არაბული “მაკამ”–იდან მოდის. “მაკამ”–ის უმთავრესი მნიშვნელობა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში “ადგილი” ყოფილა. “მაკამ” ასევე ადგილთან აზრობრივად დაახლოებულ ცნებებსაც ეწოდება, როგორებიცაა: პოსტი, თანამდებობა, გაჩერება და ა.შ. ამ ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ “მაკამ” თურქულში მუსიკალურ კილოსაც აღნიშნავს და იმის გათვალისწინებით, რომ თავად “მუღამი” აზერბაიჯანულ მუსიკალურ კულტურაში შვიდი სხვადასხვა ტიპის მუსიკალური კილოა და სხვა არაფერი, უნდა ვივარაუდოთ რომ აზერბაიჯანული “მუღამ” სახეცვლილი არაბული “მაკამ”–ია.
არსებობს უფრო პოეტური დასაბუთებაც. შუა საუკუნეებში “მაკამ”, ანუ “გაჩერება” ასე ეწოდებოდა მისტიკურ–ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც ტრანსში მყოფი მბრუნავი დერვიშები, თუ სუფი პოეტები იმყოფებოდნენ ჭეშმარიტების კიბეებზე მიმავალ გზაზე, რომელიც საბოლოოდ ღმერთთან შერწყმის მისტიური აქტით გვირგვინდებოდა. აზერბაიჯანული მუღამის შესრულების დროსაც ზუსტად აი, ამ ჰიპოტეტურ კიბეებს ადის და ჩადის შემსრულებელი, ნელ–ნელა ინაცვლებს რა უფრო ზედა მუსიკალურ კილოზე, აღწევს მაქსიმალურ დონეს, ისევ დაბლა ეშვება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას. როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში ღმერთის და ჭეშმარიტების მაძიებელ მბრუნავ დერვიშებს ლოცვის ასეთი ხერხისათვის მიუგნიათ და სწორად ამდაგვარი საშუალებით ვარდებოდნენ ტრანსში. ლოცვაზე გამახსენდა და კლასიკური აზერბაიჯანული მუღამი ძალიან წააგავს მინარეთიდან გადმომდგარ მოლას მიერ გამოცემულ ბგერათა ნაკადს, სადაც არ გვაქვს ე.წ. ევროპული დიატონიკური სისტემა და მკვეთრი ინტერვალები, სადაც ბგერები და ტონები ერთიან, მასიურ ნაკადს წარმოადგენენ, როგორც ჩანს სწორად ამაშია მუღამის მუღამი, ვინ იცის…
მეორე ვერსიით მუღამი ძველფინიკიურ ასოს, გიმელს უკავშირდება, რომელიც ძველბერძნულში “გამას” სახელითაა ცნობილი. მუსიკაში გამა ბგერების სიმაღლის მიხედვით განლაგებაა მუსიკალურ კილოში ზრდადი თანმიმდევრობით. ზოგიერთ მკვლევარი “მუღამ”–ის და “გამა”–ს საერთო კონოტატიურ მსგავსებებზე საუბრობს და კვლავ სუფისტურ მოძღვრებამდე მიდის, სადაც ღმერთი სინათლეა და ბგერის არსებობის უმაღლესი ფორმა, შესაბამისად “მუღამი” კი თავად ამ ბგერების კიბეები, რომელიც გასხივოსნებულ ღმერთამდე მიდის…
იუ–თიუბში კლასიკური აზერბაიჯანული მუღამების მოსმენა ვცადე, რამდენიმეს მოვუსმინე და მივხვდი რომ ჩემი დასავლური მუსიკით გაუპატიურებული ყურისათვის ძალიან მძიმე მოსასმენია. იქ, სადაც მკვეთრ ცალკეულ ბგერებს ვარ ჩვეული – განურჩევადი, გაწელილი ბგერების მასიური ნაკადი დამხვდა, ანუ მუღამებსაც დამუღამება სდომებია და ხშირად მოსმენის შემდეგ, ბოლოში, შეიძლება ის ნანატრი მუღამიც დავიჭიროთ, სვანი რომ ეძებდა ზოოპარკში, ვინ იცის…
ფერეიდნული ქართული
უკანასკნელი ორი დღის აღმოჩენა ჩემთვის საიტი – fereidani.ge–ა. ჯერ ყველაფერი არ წამიკითხავს და, ალბათ, ვერც წავიკითხავ, თუმცა ქვემოთ მოტანილი ტექსტის ხილვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ეს არის ამონარიდი ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან “ფერეიდნელი გურჯები”, რომელიც 1979 წელსაა გამოცემული. თავად ტექსტი კი, 1968 წელს ფირზე ჩაწერილი ფერეიდნელი გურჯების საუბარია…
“მე ვარ მუხტარა… სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით… შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)… მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო… შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)”.
“ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი… ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი… დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ… ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო… გუნდა… მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში… ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში… დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა…”
რამდენიმეჯერ წავიკითხე. ვცდილობდი მათ უბრალო, დამახინჯებულ ქართულში კანონზომიერებები დამეჭირა. ასე მაგალითად პირველი ფერეიდნელის ნაამბობში ბოლოსართი “ში” ჩანაცვლებულია “ჩი”–თ (თბილიჩი, სოფელჩი, თეირანჩი). ჯერ ვიფიქრე ეს ის “ჩი” წარმომავლობას რომ აღნიშნავს სპარსულში მეთქი: ნეფთჩი – მენავთობე, თულუხჩი – მეთულუხე, თოფჩი – მეთოფე და ა.შ. თუმცა ჩემი ოჯახის წევრი ირანისტები ამბობენ “ჩი” თურქული წარმომავლობის ბოლოსართია, სპარსულშიც აქა–იქ გვხვდება და ეს უბრალო ფონეტიკური სახეცვლილებაა და არანაირ კანონზომიერებებს აქ ადგილი არ აქვსო – ჩემი თეორია 3 წამში გამიქარწყლეს…
ორივე ფერეიდნელის ტექსტში კიდევ ერთი თავისებურება შეინიშნება: აქა–იქ დამატებულია ბოლოსართი “ყე”, ქართულში ყოველგვარ აზრს მოკლებული. ეს “ყე” თანამედროვე სპარსულში საუბრის დროს, ზმნებს ემატება აზრის გასამძაფრებლად და ხაზგასასმელად, ისევე როგორც ფრანგულში donc-ს ხმარობენ და რუსულში “же”–ს. ამ “ყე”–ს შესატყვისი ქართულში ნაწილაკი “რა” არის, აი მაგალითებიც: “წავედით რა”, “მოდი რა”, “გააკეთე რა” და ა.შ. თურმე კი არა გარეკახეთში დღემდე შემორჩენილია ამ “ყეს” შაჰ–აბასის ნაჩუქარი გადმონაშთი “კე”–ს სახით, ვინმემ თუ რამე იცით ამასთან დაკავშირებით შემატყობინეთ…
დარდუბალა და ბასტი–ბუბუ
ახლაც კარგად მახსოვს შორეულ 90–იანებში ბასტი–ბუბუს პირველი გადაცემა რომ გავიდა პირველ არხზე, ამ სიტყვის არსებობის შესახებ პირველად მაშინ გავიგე. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართულ მედიასივრცეში, როდესაც ობდადებული ქართული სიტყვა, რომელიც საერთოდ აღარ იხმარებოდა საუბარში, გახსენებულ იქნა და სრულებით ახალ რაკურსში იქნა წარდგენილი საზოგადოებისათვის.
ამასწინათ დავინტერესდი თუ საიდან შეიძლება წარმომდგარიყო ეს საოცრად კეთილხმოვანი სიტყვა–ჰიბრიდი. სულხან–საბას “სიტყვის კონა”–ში დავიწყე ძებნა და ამ სიტყვის წარმოშობის ჩემი თეორიაც უცებ გამოცხვა. სულხან–საბა განმარტავს რომ “ბასტი როკვაჲ არის ფერჴის ცემითა”–ო, ბუბუნი კი “ყურის გამოჴმიანობაჲ”–აო. ჰოდა, აქედან გამომდინარე ამ ორის შეერთებით, საბოლოო ჯამში, ცეკვისას ფეხის ცემით გამოწვეული გამაყრუებელი ხმაური “დიდი ჟრიამულის” სინონიმი გამხდარა, თუმცა დროებით, ვინაიდან XX საუკუნის მეორე ნახევარში “ბასტი–ბუბუ” ყველას დაავიწყდა და არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა ის ზემოაღნიშნული ტელეგადაცემის პირველი ეთერი…
“დარდუბალას” რაც შეეხება, ეს იყო ძველმოდური და მივიწყებული სიტყვის გაცოცხლების მეორე მცდელობა ქართულ მედიასივრცეში. სანამ ყველასათვის ცნობილი მულტსერიალი გავიდოდა 202–ის ეკრანებზე, მანამდე დარდუბალას მშვიდად ეძინა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში და ის “დიდ უბედურებას ნიშნავდა”. წარმომავლობით კი ეს სიტყვა–ჰიბრიდი სპარსულია. სპარსულად “დარდ” – ტკივილია, “ბალა” – კი უბედურება, შესაბამისად ამ ორი სიტყვის გაერთიანებით, შესაძლოა, ერთ რომელიმე თბილისელ აღას თავში ხელების წაშენით დაუმკვიდრებია ეს სიტყვა სალაპარაკო ქართულში და ეს ნეგატიური მუხტი თან სდევდა ამ სიტყვა დიდი ხნის განმავლობაში საყოველთაო დავიწყებამდე… მას შემდეგ კი, რაც თეთრქოჩორმოლივლივე პერსონაჟი გამოჩნდა ქართულ ტელეეკრანებზე, იმის მერე დარდუბალა ნეგატიურ კონტექსტში აღარავის უხსენებია… დარდუბალა ბავშვების საყვარელ პერსონაჟად იქცა და მის გაგონებაზე ყველას ღიმილი ჰგონდა აღბეჭდილი სახეზე ამ ათიოდე წლის წინ, ესეც კარგად მახსოვს :)
კიდევ რამდენი აბლაბუდაშემოხვეული სიტყვა დაიბადება ხელახლა ჩვენს გარშემო ეს, რა თქმა უნდა, არავინ იცის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძველი სიტყვების გაახლება ჯობს ახალი ნეოლოგიზმებით ენის დაბინძურებას, ვინაიდან ბასტი–ბუბუსთვის შორეულ 90–იანებში “მერი გოუ რაუნდი”, ანდა დარდუბალასთვის – “ქვიზიქალ ეფიარენსი” რომ დაერქმიათ, დარწმუნებული ვარ არც ერთი მედიაპროექტი ისეთ წარმატებას არ იქონიებდა, როგორსაც შევესწარით და კვლავაც ვადევნებთ თვალს ნაწილობრივ სცენაზე, ტელევიზიით თუ ინტერნეტში (ეს დარდუბალას ეხება)…
ტაბაკა, თეფში და ლაპარაკი
ზოგს ჰგონია, რომ ეს რუსული სიტყვაა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისაგან ხშირად გვსმენია ფრაზა – “Цыплёнек-табака”; თუმცა (უფრო მეტად თბილისში) ბევრმა იცის – “ტაბაკა” – წიწილას კი არა, ბრტყლად დაჭრილ კარტოფილს გულისხმობს. ასე რომ, რუსული ენა არაფერ შუაშია. საქმე ეხება არაბულ სიტყვა “ტაბაკა”–ს, რაც ფენას ნიშნავს, შემდეგ ეს სიტყვა გადაბარგდა სპარსულში და “თეფშს” დაერქვა; იქიდან ჩვენთან (და რუსებთან) შემოვიდა ბრტყლად მომზადებული საკვების აღსანიშნავად, სომხურში კი “ტაფაკ” სხვა არაფერია თუ არა “ბრტყელი” და ამგვარი ფორმის შეიძლება იყოს წიწილაც, კარტოფილიც, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაპარაკიც; ანუ ჩვენი ბრტყელ–ბრტყელი ლაპარაკი სომხისათვის “ტაფაკ–ტაფაკ” მეტყველება გახლავთ…

