ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘სსრკ

კალგოტკები თუ კოლგოტები?

with 6 comments

kalhoty


ხშირად ისმის ჩვენს გარშემო მსგავსი ტიპის შეკითხვები: “ესა და ეს როგორ არის ქართულად?” – შემდეგ კი მიდის გარჩევა, თუ როგორი მწირია ქართული სხვა ენებთან შედარებით და კიდევ ერთხელ მტკიცდება ძვ. ქართული სიბრძნე, იმასთან დაკავშირებით, რომ ენას ძვალი არ აქვს. დღესაც დამისვეს ერთი ასეთი შეკითხვა: “როგორ არის კალგოტკები ქართულად?” – მე თავდაპირველად შევცბი და ვუპასუხე, რომ მსგავსი ანალოგი ქართულში არ გვაქვს და სიტყვა, მგონი ფრანგულია მეთქი, თუმცა სახლში დაბრუნებულმა დიდ ხანს ამაოდ ვეძებე ფრანგულ ლექსიკონებში colgotte. საბოლოოდ რომ გადამიწყდა იმედი, ამ სიტყვის “ფრანციცულობის” შესახებ, ინტერნეტს მივაშურე და, თურმე კი არა, მსგავსი საკითხით ჩემამდეც დაინტერესებულან. ჰოდა, დღევანდელ პოსტში მოგახსენებთ თუ რა კავშირი აქვს კალგოტკებს, კალოშებს და ძვ. რომის იმპერატორს, კალიგულას.

მოდით შორიდან დავიწყოთ და კალგოტკების, კალოშების და კალსონების წინაპარი სიტყვების შესანდობარი შევსვათ. თავდაპირველად ამ სიტყვების დიდი ბაბუა ლათინური სიტყვა calx (კალქს) მინდა ვახსენო, რომელსაც ლათინურში ორი ძირითადი მნიშვნელობა ჰქონდა: 1) კირქვა, კირი 2) ქუსლი. კალქსის პირველი მნიშვნელობისგან მრავალი სიტყვა წარმოსდგა, მათ შორის ქიმიური ელემენტის, კალციუმის სახელწოდება, თუმცა წინაპრებზე დიდ ხანს რომ არ გავჩერდეთ, ამიტომ ჯობს მთელი ჩვენი ყურადღება ადამიანის სხეულის იმ ნაწილზე გადავიტანოთ, რომელიც აგრე რიგად ჰქონდა სუსტი აქილევსს. დიახ, სწორად მიხვდით ქუსლზე მოგახსენებთ, რომელმაც იმავე ლათინურში ზმნა ligare–სთან ქორწინების შედეგად ძვ. რომაელი ლეგიონერების ჩექმა “კალიგა” წარმოშვა. ძვ. რომის ისტორიის მცოდნეებს ეს სიტყვა არ ეცოდინებოდათ, რომ არა გაიუს იულიუს გერმანიკუსი, ძველი რომის იმპერატორი კალიგულად წოდებული, რომელიც ბავშვობაში სამხედრო ბანაკში იზრდებოდა, სადაც მიუღია კიდეც მისი მეტსახელი “კალიგულა”, ანუ “ჩექმუკა”…

ლათინურში calx-მა სიტყვების მთელი კოჰორტა წარმოშვა: calcator – ყურძნის მჭყლეტი; calcatorium – ყურძნის საჭყლეტი; calceolarius – მეჩექმე, მეწაღე, ხარაზი; calcar – დეზი; calcatus – დაბიჯება და ა.შ. შემდგომში ამ სიტყვების ნაშიერები მიმოიფანტნენ სხვადასხვა ინდოევროპულ ენებში და ხან სად შეხვდებით მათ შთამომავლებს და ხან – სად: იტალიური – კალჩო, ანუ იგივე ფეხბურთი, ფრანგული – კალსონი, კიდევ ერთი ფეხსაცმელი – კალოში და ა.შ. შთამომავლებისა და გარებიძაშვილების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ ერთი უწყინარი პოსტი ვერ დაიტევს, თუმცა საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად, მგონი საკმარისი მაგალითი მოვიყვანე, ამიტომ მთავარ სათქმელზე გადავიდეთ და ვთქვათ, რომ იტალიური კალიგა (სამხედრო ჩექმა) ჩეხურში შესულა და kalhoty-დ ქცეულა, რაც ჩეხურში შარვალს ნიშნავს. რატომ და როგორ იქცა ჩექმა შარვლად გაუგებარია, თუმცა შარვალი ჩეხურად ნამდვილად “kalhoty”–ია.

კალგოტკების შექმნის ისტორია გვამცნობს, რომ არ გასულა დიდი ხანი, რაც მერი კვანტმა მოკლე კაბა გამოიგონა, უმალვე გაყიდვაში რეიტუზისმაგვარი მაღალყელიანი წინდები გამოჩნდა, რომლებმაც მოკლე კაბა, უფრო სწორად ქალის სხეულის ის ნაწილი, რომელსაც ეს კაბა ფარავდა, ერთი ორად მიმზიდველი გახადაო. პირველი კალგოტკები ყოფილ საბჭოეთში გასული საუკუნის 50–60–იანი წლების მიჯნაზე ჩაუტანიათ მაშინდელი ჩეხოსლოვაკიიდან და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო, მამაკაცების მისაზიდ სატყუარაზე საბჭოელი ქალები მაინც გადარეულან. მაშინდელ კალგოტკებს თურმე ორენოვანი წარწერა ჰქონდა რუსულ და ჩეხურ ენებზე, რუსულად «чулковые рейтузы» ეწერა, ჩეხურად კი – «kalhoty». სწორად ამის გამო საბჭოთა ქალების გადამრევ მაღალყელიან რეიტუზებს – კალგოტები, კნინობით ვარიანტში კი – კალგოტკები ეწოდა. საბოლოოდ როგორ და რა ვითარებაში შეეცვალა პირველი ხმოვანი და როგორ გახდა კალგოტი კოლგოტი ამის შესახებ ყველა მკითხაობს, თუმცა ფაქტია დღეს ამ სიტყვის მართლწერის კანონიკური ფორმა რუსულში “Колготки”–ა და ვინმე ღვთისნიერმა რომც მოინდომოს და მოიგონოს კოლგოტკების ქართული შესატყვისი, არაფერი გამოუვა იმიტომ, რომ, როგორც მინიმუმ, 50 წლით დააგვიანდა…

Written by linguistuss

July 3, 2009 at 2:49 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 160 other followers