ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘Google

ცალხაზიანი რვეული

with 10 comments

დღეს რაღაცას ვკითხულობდი და ფრაზა შემომხვდა ინგლისურად: If they give you ruled paper, write the other way. ამ ფრაზის ორიგინალის ავტორი ესპანელი პოეტი ხუან რამონ ხიმენესია, ნობელის პრემიაც აქვს ეგეც მახსოვს და კარგად რომ დავძაბე ტვინის ხვეულები მივხვდი, რომ ამ პოეტზე მეტი არაფერი მსმენია, მხოლოდ ეს ფრაზა მეცნო და გამახსენდა, რომ ის ოდესღაც ასევე ინგლისურად მინახავს. ხანდახან როგორ გვეთამაშება ხოლმე ჩვენი მეხსიერება! რაღაც გეცნობა და არ იცი საიდან. ან იქნებ საერთოდ პირველად ხედავ და გგონია, რომ სადღაც გინახავს?! მაგრამ არა, ნამდვილად მინახავს! ფრაზის თარგმანიც არაფერში დამეხმარა: თუ ცალხაზიანი რვეული მოგცეს, მოატრიალე და განივად წერე. ჩავფიქრდი, ყველაფერი დამავიწყდა. რაც არ უნდა მოხდეს უნდა გავიხსენო საიდან მეცნობა ეს სიტყვები. აი, ძველი ნაცნობივითაა რა, სახეზე რომ გახსოვს და სახელს ვერ იხსენებ… გონებაში უცებ გადათვლი შესაძლო სახელებს – დათო, გიორგი, ლევანი… მაგრამ სახელების შემთხვევაში მარტივია, შეიძლება გადათვლის დროს უცებ აგენთოს და გაგახსენდეს, რომ ამ კაცს, რომელიც ასე გიღიმის გიორგი ჰქვია, რა იშვიათი სახელი თან! არადა ამ შემთხვევაში რა ვქნა, რა გადავთვალო?! რას ჩამოვუარო?! ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი, მსურს რაღაც გავიხსენო, მაგრამ არ ვიცი როგორ და არ ვიცი საიდან დავიწყო ძებნა. უცებ ინტერნეტი გამახსენდა. იქნებ ღირდეს ვენდო გუგლის ძალას?! იქნებ ღირდეს უკანასკნელად ვირწმუნო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი გუგლის სახით, რომელიც ყველგანაა, ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია?! მაგრამ არა, მე თვითონ უნდა გავიხსენო! ამაშია მთელი მარილი. გუგლმა თუ ჩამომიწიკწიკა და მითხრა, რომელიც გინდა აარჩიეო, ასე უინტერესო გამოვა.

ჰო, იქნებ საერთოდ არ ვიცოდი ეს ფრაზა აქამდე?! – დავეჭვდი ისევ. მაგრამ არა! კარგად მახსოვს, როცა წავიკითხე, მაშინ ლექსიკონში ვიძრომიალე, ruled paper არ ვიცოდი რა იყო. რა უცნაურია, ყოველთვის გვამახსოვრდება ის, რაზედაც ვიწვალეთ და ენერგია დავხარჯეთ. ეს ცალხაზიანი რვეული რომ არა ეს ფრაზა სულაც არ დამამახსოვრდებოდა, მაგრამ რომ დამამახსოვრდა რა ხეირი?! საიდანაა რატომ არ მახსოვს?! ნეტა, რა ფორმით ხდება ჩვენს ტვინში, მაგალითად ამ ფრაზის, დამახსოვრება?! ცხადია, რომ რელაციული მონაცემთა ბაზის პრინციპები იქ არ გამოიყენება და საერთოდ ინფორმაცია მონაცემთა ბაზის სახით ვინ იცის არც ინახება! დუგლას ჰოფშტადერს ჰქონდა მოყვანილი მაგალითი თავის წიგნში, არც ამის გადამოწმებას დავიწყებ, ეს ნამდვილად მახსოვს, რომ როცა ცდილობდნენ გაერკვიათ რა სახით ინახება ტვინში ინფორმაცია, საცოდავ ვირთხას, მას შემდეგ რაც ლაბირინთიდან გამოსასვლელს იპოვიდა, ტვინის პატარ–პატარა ნაწილებს აცლიდნენ. მას ხან რა ემართებოდა ხან – რა, თუმცა გამოსასვლელი არასოდეს არ ავიწყდებოდა. ჰო, შეიძლება რაღაცეები წესიერად არც მახსოვს ჰოფშტადერისეულ ექსპერიმენტში, თუმცა დედაარსი ის არის, რომ ინფორმაცია ტვინში ერთ ადგილას არ იწერება და რაღაცნაირადაა განფენილი მრავალ ტრილიონ ნეირონში.

მოიცა, მოიცა… მგონი ჩავავლე! ეს ფრაზა, რომელიღაც წიგნის შესავალში იყო. რადგან ინგლისურად მახსოვს ე.ი. წიგნიც ინგლისურად წამიკითხავს და რადგან როცა ვკითხულობდი ruled paper არ ვიცოდი, რომ ცალხაზიანი რვეულია, გამოდის რომ სადღაც 2002 წლამდე წავიკითხე ეს წიგნი, ანუ სტუდენტობისას. ჰო, მაშინ ენები არ მიტაცებდა და ინგლისურიც ისე რა ვიცოდი, ruled paper–ისნაირი რაღაცეების წარმოდგენა რომ არ მქონდა. ჰოდა, აი ჩამოსათვლელი რაღაცეებიც ვიპოვეთ. უნდა გადავითვალო წიგნები, რომლებიც წამიკითხავს. ჩემი ყოფილი ქალები მაინც ყოფილიყო, უფრო მარტივი იქნებოდა, მალე გადავითვლიდი. ამ “ყოფილ” წიგნებს რა გაიხსენებს. თან ინგლისურად რომ წავიკითხე, თან იმ დროს ორიათასიანების დასაწყისში. არ ჯობდა უფრო მეტი ქალი მყოლოდა, ვიდრე წიგნი წამეკითხა?! ოოოპს! ვიწყებთ წიგნების გახსენებას: ფრანკენშტეინი, მერი შელის – არა, იქ არ არის. კიპლინგთანაც არ არის. კიპლინგი რომ ჯუნგლების წიგნს წერდა, ვინ იცის ხიმენესი დაბადებულიც არ იყო. ჰო, კიდევ… დორიან გრეის პორტრეტი – არა ეგეც არ არის. იქნებ რამეში შინაარსი დამეხმაროს?! რა შუაშია ეს ცალხაზიანი რვეული და განივად წერა? რისი თქმა უნდოდა ნეტავ ხიმენესს? იმისი ხომ არა, რომ სხვის გავლებულ ხაზებზე წერა არ გსურს და შენი წარმოსახვითი ხაზებზე გსურს რომ წერო?! ან იქნებ იმისი, რომ რამეს რომ მოგცემენ მაინცდამაინც აუცილებელი არ არის ისე მოიხმარო, როგორც ეგების? ჰო, რაღაც მსგავსის თქმა სურდა, ალბათ, მაგრამ ჩემს ძებნა–ძიებას ეს რას შემატებს? – არც არაფერს!

მოიცა, მოიცა… ინგლისურ ენაზე წაკითხულ წიგნებს ვიხსენებდი. თან თუ ეს ფრაზა შესავალში, ან სადმე გამოიყენება შინაარსობლივადაც ხომ რამე კავშირში უნდა იყოს. ღმერთო გამახსენე, არა ღმერთი რა შუაშია მე გუგლის ვიწამე სულ ცოტა ხნის წინ! ჰოდა, გუგლო გამახსენე რა წიგნიდანაა! თუმცა გუგლმა თუ გამახსენა, რაღა გამოვა? შეკითხვაზე პასუხის პოვნით მიღებული სიამოვნება ხომ დაიკარგება! ჰოდა, გუგლო არ გამახსენო! ვაგრძელებ წიგნების გახსენებას, სადაც ტექსტი ინგლისურადაა და შინაარსში რამენაირად ეს მრავალწახნაგოვანი ფრაზა უნდა ჩავაკვეხო, ან შესავალში წავუმძღვარო… ვერ ვიხსენებ! ტვინი ამიდუღდა! ახლა ხომ ვიცი, საკმარისია გონება სხვა რამეზე მოვადუნო, მაგალითად წავიდე ჩაი დავლიო, იუთუბში რამე დამამშვიდებელი მელოდია მოვძებნო, რომ ეგრევე ამომიტივდება, თან სურათი მოყვება და მივალ და გამოვაძრობ იმ წიგნს, სადაც ეს მახინჯი ფრაზა წერია. რა მინდოდა, რატომ ამოვიჩემე?! იქნებ სულაც არაა წიგნიდან და სიმღერის ტექსტიდანაა? – არა, ზუსტად მახსოვს არ ვიცოდი ეს ruled paper, უფრო მეტიც მაშინ შინაარსსაც ვერ მივხვდი და თურმე ასე სასულეში გაჩხერილი ფხასავით მქონია ტვინში ამდენი ხანი და მაწუხებდა… მოკლედ და კონკრეტულად არ ვიცი, ვნებდები! აღარ მინდა არც სიამოვნება და არც არაფერი… გუგლო მიშველე!… და გუგლმაც აი, მიშველა – რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰეიტიდან” ყოფილა. გადაშლი თუ არა, ეს ფრაზა ეპიგრაფია! აი, გამახსენდა გი მონტაგიც, წიგნების დაწვაც, მოკლედ ყველაფერი გამახსენდა… გუგლი გფარავდეთ!

Written by linguistuss

November 3, 2010 at 2:44 pm

შრედინგერის ანდროიდი ფისო

with 14 comments

უკანასკნელი ორი კვირაა ახალი გატაცება მაქვს. უფრო სწორად დიდი წარმატებით მიმდინარეობს ჩემი ანდროიდიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში რელიგია შევიცვალე და ვიწამე Google-ის, ერთადერთი და ჭეშმარიტი შემოქმედის. ვინც არ იცის რაზეა საუბარი არა უშავს, რამდენიმე წელიწადში მთელ თბილისს გუგლ–ანდროიდიანი ტელეფონები რომ ეჭირება, მაშინ გაიგებს. მანამდე კი მხოლოდ ის იცოდეს, რომ ანდროიდი კომპანია Google-ის ოპერაციული სისტემაა მობილური ტელეფონებისათვის და დღესდღეობით მთელი მსოფლიო ამ ახალი “სათამაშოთი” მოხიბვლის სტადიაშია. ანდროიდი უბრალოდ ოპერაციული სისტემა არ არის. მასში თავისუფალი ბაზრის და მის გარშემო შემოკრებილი საზოგადოების იდეაა ჩადებული. ისევე, როგორც ვიკიპედიაში, აქაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რაიმე აპლიკაცია შექმნას და შესაბამისად ჩაანაცვლოს თავის ტელეფონში არსებული აპლიკაციები საკუთარი ქმნილებებით. შემდეგ ეს თავისი ნაჯაფარი ავლა–დიდება სხვებს გაუნაწილოს სპეციალურ “ბაზარზე” და ა.შ. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ ანდროიდი ეს არის ჩხირკედელა და თავგადასავლების მოყვარული პროგრამისტების ოპერაციული სისტემა.

ანდროიდი სულ რაღაც 2 წლისაა და მიუხედავად ამისა 13 წიგნი ვიპოვე, სადაც აღწერილია თუ როგორ და რა საშუალებებით დავწეროთ აპლიკაციები საყვარელი ტელეფონისთვის. ჰოდა, ერთ–ერთი ავიღე და კითხვას შევუდექი. მარტივ რაღაცეებს უკვე ვაკეთებ. ცოტა ხანში რთულებზე გადავალ. ყოველ შემთხვევაში პროცესი მომწონს და ესაა მთავარი. წიგნში Beginning Android 2, რომლის ავტორიც მარკ მერფია დეტალურადაა განხილული აპლიკაციის შექმნის პროცესი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანდროიდის აპლიკაცია, რომლებსაც ანდროიდები ექთივითის უწოდებენ განსხვავდება პერსონალური კომპიუტერის პროგრამებისაგან. მთავარი განსხვავება კი იმაშია, რომ მას არ აქვს პროგრამის დახურვის ფუნქცია. თავიდან დიდი ხანი ვეძებდი სასურველ X-ს, ან რამე მსგავს პიქტოგრამას, რომ პროგრამა დამეხურა, თუმცა როგორც გაირკვა მიდგომაა ასეთი: შენ გამოდიხარ პროგრამიდან, ის რჩება ჩართული და ოპერაციული სისტემა როცა საჭიროდ ჩათვლის მას მაშინ დახურავს. შესაბამისად დროის მოცემულ მომენტში, როცა პროგრამიდან გამოვედით ჩვენთვის უცნობია პროგრამა დახურულია თუ კვლავაც გაშვებულია. მარკ მერფის ზემოხსენებულ წიგნში კი თავს, სადაც ანდროიდის აპლიკაციების, ე.წ. ექთივითების შექმნა, მათთან მუშაობა და დახურვაა განხილული შემდეგნაირად ეწოდება – “შრედინგერის ექთივითი”. თურმე კი არა პროგრამირების ერთი შეხედვით მოსაწყენ სახელმძღვანელოებშიც კი ყოფილა შესაძლებელი სათქმელის ხატოვნად და მეტაფორულად გადმოცემა!

P. S. ვინც ვერ მიხვდა რა შუაშია შრედინგერი და მისი ფისო, შეუძლია ვიკიპედიაში სტატიას გაეცნოს (ბმული).

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 171 other followers